top of page

შილერის „ყაჩაღების“ უახლესი ინტერპრეტაცია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

5A85E31E-E690-4E20-B22B-063C01B98D56.png

10.01.2026

ანი ცხვედაძე

შილერის „ყაჩაღების“ უახლესი ინტერპრეტაცია
 

“ყაჩაღები“ ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე და მთელ სამყაროში.
მსოფლიო მეორედ მოსვლის ზღვარზეა, ჩვენ კი გვინდა რომ ვისაუბროთ თანამედროვე გმირზე, ამ გმირის აუცილებლობაზე, თანამედროვე ლიდერზე, რომელიც ნებისმიერ წინაღობას, დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს, სიმართლისთვის, სიყვარულისთვის.“

ასეთია ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ ახალი სცენური ვერსიის მოკლე განმარტება, რომლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 2025 წლის 14-15 ნოემბერს შედგა.

პიესის ადაპტაცია - მანანა ანთაძის;
რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი;                                                                                                                     ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე;
მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი;                                                                                                                       კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მოხუცი მოორი - ვალერი კორშია;
კარლ მოორი - პაატა ინაური;
ფრანც მოორი - შაკო მირიანაშვილი;
ამალია - ანუკა გრიგოლია;
შპილბერგი - ბაჩო ჩაჩიბაია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი);                                       რაცმანი - ჯაბა კილაძე;
გრიმი - ირაკლი ჩხიკვაძე;
როლერი - როლანდ ოქროპირიძე;
შვარცი - ნოდარ ძოწენიძე.


რამდენად შეიძლება აღიქმებოდეს პაატა ინაურის კარლ მოორი, როგორც “თანამედროვე ლიდერი“, ან რა ტიპის „გმირის აუცილებლობაზეა“ სპექტაკლის ანოტაციაში ხაზგასმული, ამას თითოეული მაყურებელი, ე.ი. აღმქმელ-რეციპიენტი თავისებურ დასკვნას მოუძებნის.
ცალსახად აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის მთლიანი მასტრუქტურირებელი ნიუანსები ოჯახური წიაღიდან ამოზრდილი კოლიზიის ჰიპერბოლიზულ მასშტაბში გადატანის ჩვენებას ემსახურება.


უნდობლობა, ნიჰილიზმი, უსიყვარულობა და ღალატი, როგორ გადაიზრდება მცირე სტრუქტურიდან კოლექტიურ, ან ზოგადსაკაცობრიო პრობლემამდე, რომელიც მწვავდება და ლოგიკურ დესტრუქციულ აკორდს ელოდება საბოლოოდ.

სრულიად შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ოჯახურ სუბორდინაციულ სქემაში არსებობდეს მსგავსი ტიპის დისტანცირება, შური, უნდობლობა, ღალატი და ფლეგმატურობაც.


ასლამაზიშვილის ინტერპრეტაციაში შილერის „ყაჩაღების“ პროტოტიპები - ჩაჩიბაიას შპილბერგი, კილაძის რაცმანი, ჩხიკვაძის გრიმი და ძოწენიძის შვარცი თითქოს გარკვეული კონვენციით მიღწეული ღირებულებებისთვის მებრძოლ ‘ფილისტერებად’ აღიქმებიან, საბოლოოდ რომ მართლაც კარგავენ საკუთარ თავს, ნაცნობ მორალს და მაიდენტიფიცირებელ იდენტობებს;


როგორც მოგეხსენებათ, ამგვარი სახის კარდინალური უკიდურესობანი, როცა ბალანსის ღერძი მორღვეულია, ძირითადად ფატალიზმისთვისაა განწირული.
დიახ, შილერის <ყაჩაღების> უმრავლესობა თვითლიკვიდაციით - სუიციდით ათავისუფლებს საკუთარ თავს, ისე, როგორც შვარცი, გნებავთ შაკო მირიანაშვილის ცენტრალური ანტიგმირი - ფრანცი ამთავრებს თავის ნეგატიურ მოქმედებას სუიციდის აქტით.


<ყაჩაღების> პროტოტიპები, რომლებიც მთავარი გმირის, კარლ მოორისგან მაორიენტირებელი, ერთგვარი დირექტივის შემსრულებელ ინსტრუმენტებად მოსჩანან სცენიდან, ერთნაირი ენერგიითა და არც ისე ნიშანდობლივი ექსპრესიულობით იკვეთებიან მთლიან სქემაში, იქნება ეს ჯაბა კილაძის მიერ შესრულებული რაცმანი, ოქროპირიძის როლერი, თუ ძოწენიძის შვარცი.


ვალერი კორშიას მოხუცი მოორი, შაკო მირიანაშვილის გმირისთვის მარტივად მოსაშორებელი <ბარიკადი> აღმოჩნდა, რომელსაც სპექტაკლის პირველივე მეოთხედში თავიდან იცილებს,.


ფრანც მოორის მანიპულაციური, არაგულწრფელი და თვალთმაქცურად თავბრუდამხვევი მიდგომა ანუკა გრიგოლიას ამალიასადმი ფრუსტრაციით სრულდება, ვინაიდან მის მიერ ნათქვამი - „მიყვარხარ“ და ალერსიანი ჩახუტების აქტი, ამალიას წარმოდგენაში მაინცდამაინც ემპათიის გამომწვევად ვერ აღიქმება.


შაკო მირიანაშვილი მართლაც არის იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც უკომპრომისოდ შეუძლია მთლიანი ენერგია ჩადოს მთელი სისავსით სრულიად არაერთგვაროვან სამსახიობო ნამუშევრებში; მონოდრამა იქნება, ანუ სრულიად მარტო მოქმედი გმირი სცენაზე თუ შექსპირის პიესის რომელიმე პერსონაჟი, ან გნებავთ, ეპატაჟური ექსპერიმენტული გამოცდილება. ცალსახად აღსანიშნავია, რომ ყველასთვის მოსაწონია თუ არა მის მიერ შესრულებული გმირები ეს ფუნდამენტურად უმნიშვნელოა მაშინ, როცა მის ხელწერას არცერთ ნამუშევარში არ აკლია ენერგია.


ბაჩო ჩაჩიბაიას შპილბერგი ყაჩაღებს შორის ყველაზე დინამიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის ომახიანი და სხვებისგან მარტივად გამოსარჩევი მიმზიდველი არტიკულაცია და დროებითი ‘ლიდერის’ ამპლუა მომენტალურად ლიკვიდაციით სრულდება.


ნიშანდობლივია, ბაჩო ჩაჩიბაიას ისეთივე მაგნეტური დიქციით ნათქვამი მონოლოგი, როგორც თუნდაც მისივე შექსპირის <მაკბეტის> შთამბეჭდავი ალერსით წარმოთქმული ძახილი ლედი მაკბეტისადმი (ნინო ჭოლაძე) – „უსაყვარლესო, უსაყვარლესო...“
(ქართულ სცენაზე ბოლო პერიოდებში განხორციელებული შექსპირის ტრაგედიის გამორჩეულ ინტერპრეტაციაში - ვანო ხუციშვილის რეჟისურით დადგმულ „მაკბეტში“).


უნდა აღინიშნოს, რომ შპილბერგის მიერ გაჟღერებული მონოლოგის სიმწვავე, გარკვეულწილად სკაბრეზულობა, თუ შაკო მირიანაშვილის, ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ანტიგმირის ექსპოზიციურ, გარდამავალ და კულმინაციურ ეპიზოდებში არტიკულირებული უარყოფითი აზრების კორიანტელი, მისი მიზანსცენების ქრონოლოგია არ ბადებს ცალსახა და ერთმნიშვნელოვან ანტაგონიზმს.

არც ანუკა გრიგოლიას ამალიაა ეგზალტირებულად ბასრი და თვითმკვლელობამდე უკომპრომისო-შეუვალი, პირიქით, ზედმიწევნით მყარი და მონოლითურია იმისთვის, რომ ეგზალტირებამ არ შთანთქას.


ანუკა გრიგოლიას ნატიფი სხეულის ნარნარი, თან მყარი ნაბიჯები და ქორეოგრაფიული პასაჟების სინქრონი ერთგვარად <უწონადობის ველს> ქმნის;
პაატა ინაურის კარლ მოორზე ბოლო წამამდე შეყვარებული, ჰუმანისტურად ერთგული გმირის <უწონადობის ზმანებაში> გახვეული.


ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავია სცენოგრაფიული ნარატივის როლი სპექტაკლის კულმინაციურ/დასკვნით ეპიზოდებში; პაატა ინაურისა და ანუკა გრიგოლიას ესთეტურ-ქორეო მიზანსცენას ცალკე <მინი დრამის> საბურველში რომ ხვევს, სადაც უსიტყვოდ, ნატიფი მიმიკებითა და ჟესტიკულაციური თამაშით, არავერბალურად ირკვევა ურთიერთობა შეყვარებულებს შორის(...).


შილერის პიესის, ცენტრალურად ჰეროიკული გმირის პროტოტიპი პაატა ინაურის კარლ მოორია, რომელსაც ფარისევლური გარემო სიცრუეში აცხოვრებს, ამის ფონზე მის ხმასა და მოქმედების კარდიოგრამაში მკაფიოდ იკვეთება უკომპრომისო ხასიათი, სიმტკიცე და ბრძოლის უნარი.


მას მწარედ ღალატობენ, თუმცა ის რჩება დაბრკოლებებისა და ბარიკადების გადამლახველ ეპიგონად და ამავე დროს სიყვარულისთვის სევდიან მებრძოლად.


პაატა ინაურსა და ანუკა გრიგოლიას ამალიას შორის არსებული რომანტიკული მაგნეტიზმით სავსე სინერგია - შეყვარებულების ქორეოგრაფიულ მიზანსცენაში სუბლიმირებული, ერთმნიშვნელოვნად ეფექტური ფრაგმენტია მთლიანი სტრუქტურის; რომლის საბა ასლამაზიშვილისეული ინტერპრეტაციული რაკურსი - სიყვარულის ერთგულებისა და რაობის ირგვლივ სხვადასხვაგვარ რემინისცენციებს წარმოშობს(!).
 

 

ფოტო: ბექა ცირეკიძე

bottom of page