top of page

შობა, რომელიც აკრძალეს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

502497036_1168331581761714_6763810241935123523_n.jpg

ვალერი ოთხოზორია

შობა, რომელიც აკრძალეს

 

უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, საკუთარი ინსცენირებით, ზესტაფონის თეატრის სამსახიობო  დასთან (მოწვეული მსახიობით - სესილი ფუტკარაძე) ერთად, 2025 წლის 31 მაისს, საპრემიერო სპექტაკლი - „შობა რომელიც აკრძალეს“, წარმოადგინა. სპექტაკლის მხატვარია ხატია დავითაშვილი, ქორეოგრაფია ეკუთვნის სოფიო ნებიერიძეს, ვოკალი - ეკატერინე ბარბაქაძეს.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ნაწარმოები შთაგონებულია ქართული მხატვრული ლიტერატურის შედევრებით“, მაგრამ მაყურებელი იოლად მიხვდება, ვის შედევრებსაც ეხება საქმე - გენიალურ რეზო გაბრიაძეს. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საავტორო უფლებებზე შეთანხმება გაჭირდა ბატონი რეზოს ვაჟთან - ლეოსთან, რომელიც ცნობილია თავისი გადამეტებული სიმკაცრით ამ საკითხში. ერთი სიტყვით, სპექტაკლის სათაური ორმაგად გამართლდა: არა მხოლოდ ნაწარმოებში აკრძალეს შობა, არამედ სპექტაკლის შობაც ლამის აკრძალეს, და მაყურებლები სპექტაკლთან ერთად, ფაქტობრივად, მაიევტიკის პროცესსაც დაესწრო (ანაც შეესწრო)...

რეზო გაბრიაძის შემოქმედებას (მოთხრობების ჩათვლით) „მარადიულ ნოსტალგიას“ ვუწოდებდი, ესე იგი ნოსტლაგიას, რომელიც მოურჩენელია, ერთხელ განცდილსაც შეიცავს და ამ განცდილში მიუღწეველის განცდასაც; ესაა წარსული, რომელიც თითქოს იყო, მაგრამ წარსულ აწმყოზე მეტად მომავლის წარსულში რომაა; ნებისმიერი დაბრუნება წარსულის ადგილებთან, მარცხისთვისაა განწირული; მხოლოდ შემოქმედებით ფანტაზიაში შეიძლება მისი (დაკარგულის, მიუწვდომლის) მოპოვება და განცდა. ამ აზრით, გაბრიაძე „დაკარგული დროის“ მაძებარია, ერთგვარი მარსელ პრუსტია, ოღონდ ძალიან ლაკონური და გროტესკული; და იმერული...

რეზო გაბრიაძესთან სახელებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრუსტთან. ერთ-ერთი ასეთი სახელია „ქუთაისი“, რომელიც აღნიშნავს ცხოვრების უწყვეტ ზღაპარს, ადამიანთა ეფემერულ და ფეერიულ თავგადასავალს. რეზო გაბრიაძის პერსონაჟების დაგემოვნება მადლენის ორცხობილასავით შეიძლება, მაგრამ ამ პერსონაჟთა გემო ზოგიერთი ქართული კერძივით ინტენსიურია და სწორედ ეს „გემო“ ამტკიცებს მათ ნამდვილობას, მათ პრეზენსს.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ პერსონაჟებს დაეყრდნო რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი, რამდენიმე მოთხრობიდან ამოკრეფილ რამდენიმე პერსონაჟს ერთ სივრცეში მოუყარა თავი, ერთ სიტუაციაში, და სპექტაკლს სუბსტიტუციური დინამიკა მისცა, როცა პერსონაჟთა ერთი ჯგუფის თავგადასავლის შემადგენელ ნაწილს ენაცვლება სხვა პერსონაჟთა ჯგუფის თავგადასავლის შემადგენელი ნაწილი, როგორც ერთი საერთო საცხოვრებელი ადგილის პარალელური ცხოვრებისეული სცენები, და საბოლოოდ, სპექტაკლის მთლიანი კომპოზიცია იქმნება, როგორც შობის ღამის ქალაქის ერთი სურათი.

მოქმედებათა ატმოსფერო ქუთაისური შობის თოვლიანი ღამეა (თოვს). მოქმედებათა დრო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდია. შობა აკრძალულია, რადგან საბჭოთა ხელისუფლება ღმერთს არ ცნობს, ადამიანები, მაშასადამე, ჩუმად აღნიშნავენ შობას... იგრძნობა ზოგადი მატერიალური სიღარიბე, და ღარიბი  ადამიანების ე.წ. „მარგინალური ყოფა“, რომელიც ამავე დროს უტოპიური, ზღაპრული, პოეტური და ტრაგიკულია; და ძალიან სასაცილო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე ავტორის თვალით.

სპექტაკლი დადგმულია „თეატრი თეატრში“ პრინციპით, რაც ნაკარნახევია ბატონი რეზოს მოთხრობითაც, მაგრამ არც იმდენად აუცილებელი ჩანს. ზოგჯერ, მსახიობ-პერსონაჟის მიმართვა (მაგალითად, შუა სპექტაკლიდან) ხმის რეჟისორისადმი, რომ ხმა ჩართოს (!), უფრო „ამოვარდნილად“ და „ამომგდებად“ მეჩვენა, ვიდრე მოსახდენ მხატვრულ ქარაგმად. თუმცა, რეჟისორის ჩანაფიქრი გასაგებია.

სპექტაკლი მიჰყავს ერმონიას (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი), ის სპექტაკლსა და მაყურებელს შორის მყოფი პერსონაჟია, რომელიც სპექტაკლშიც არის და მის ზღვარზედაც. ესაა ერთგვარი ბარდი, თანამგრძნობი, რომელიც იმდენად ახლოა ყოველივე ქმნადთან, რომ შეუძლია, უცებ, თითქმის ძაღლადაც იქცეს.

ბატონი იაკობი, ექიმი (მსახიობი ბადრი ტაბატაძე, იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), პაციენტებთან ვიზიტით დაღლილი, სახლში ბრუნდება, რომ შობის ღამეს ხახვის სუნი მაინც დააყენოს (ხახვს ჭრის) ოთახში... მაგრამ დასვენებას ვინ აცლის - ბავშვი შეიძლება მოკვდეს! ჩიტო (ზურა აბესაძე) მოვარდება თავის მიერ წარმოსახული მანქანით, და ექიმს სასწრაფოდ წამოსვლას სთხოვს!... ექიმს, ცხადია, სხვა გზა არ დარჩენია - ბავშვის სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა! და მიჰყვება... აქედან იწყება ჩიტოს და მისი „მანქანის“ დრამა...

ესაა სპექტაკლი, რომელმაც გალაკტიონის რამდენიმე ლექსი ხელახლა წამაკითხა: „ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი...“ (ი. ა.), „ვინ არის ეს ქალი, ასეთი ცისფერი?“ (სასაფლაოს სცენა, ნუნუს და ექიმის ტანგო...) ვფიქრობ, მსახიობებმა და რეჟისორმა შეძლეს მაყურებლის მიყვანა პოეზიამდე, და რაც მთავარია, ყოფითის პოეტური მისტერიის ახსნა. სპექტაკლი ასხივებს ოპტიმიზმსა და სიცოცხლის სიხარულს, სევდისა და აბსურდის დამათროველი, მომწარო არომატით...

„ჩიტოს დრამის“ პარალელურად ვითარდება მხიარული „სასიყვარულო თრილერი“ ადრახნიასა (თემურ კიკნაველიძე) და მარგალიტას (ნინო აბესაძე) შორის. ეს ორი პერსონაჟი რეზო გაბრიაძიდან რეჟისორამდე სერიოზულ მოდიფიკაციას განიცდის. ორივე პერსონაჟისგან ჩამოშორებულია „მძიმე ატრიბუტიკა“ და დატოვებულია „მინიმალური კოლორიტი“. თუკი ადრახნია დასახიჩრებული სახისა და სხეულის, მძიმე ხასიათის გმირია ავტორთან, ნიკოლოზ ლუარსაბიშვილთან ის გაცილებით მსუბუქ, ანც და „ფერ-ხორციან“ კაცად იქცევა, რომელსაც დაარბენინებს ძლიერი ვნება და გატაცება; ხოლო მარგალიტა უკიდურესად ღრმა ფიზიკური და სულიერი გარეგნობის გაბრიაძისეული ქვრივიდან, რომელიც მეუღლის აგურებზე შეყენებულ მანქანას მთელი დღე ფანჯრიდან მწუხარედ დასცქერის, ბალს ნემსის ჩარჭობით იღებს და მიირთმევს, მერე ნემსს წმენდს და ცხვირთან მიაქვს საკუთარი სევდის გამოსახატად, იქცევა დამსმენად, ცოტა ანჩხლ, ცოტა ბოროტ, მაგრამ მაინც საყვარელ და მიმზიდველ ქალად, რომელიც შობის ღამესაც კი ქუჩა-ქუჩა დასდევს ადამიანებს, რომ მათი „დარღვევების“ შესახებ, ალბათ, ინფორმაცია ადრესატს გადასცეს... ერთი სიტყვით, გაბრიაძისეული ნატიფი გროტესკის 2/3 გადაყრილია, მაგრამ „ახალი გმირებისგან“, მართალია უფრო ბრტყელი, მაგრამ მაინც საკმაოდ დასამახსოვრებელი მოქმედებათა ჯაჭვი ჩნდება სცენაზე. აღსანიშნავია ხატია დავითაშვილის კოსტიუმები (დეკორაციასთან ერთად), რომლებში ადრახნია და მარგალიტა უფრო ენერგიულები, საყვარლები და ცოცხლები არიან; მათი „რომანტიკა“ ამ კოსტიუმებიდან კიდევ უფრო გასაგებად გამოსჭვივის.

ნანა ისიანის ცისანა (ჩიტოს ცოლი) და ბოვში - სესილი ფუტკარაძე სასიამოვნოდ საქცერ, დახვეწილ აქტიორულ სცენას გვთავაზობენ. სოფიო ნებიერიძის უსიტყვო ნუნუსთან (ექიმის გარდაცვლილი ცოლი-მოჩვენება) დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ხატია დავითაშვილის მომნუსხველი კოსტუმის ეფექტი. თუმცა, მომეჩვენა, რომ ამ პერსონაჟის შემოყვანა ექიმის სიმარტოვის ინტიმურ სიცარიელეს ზედმეტად ავსებდა. ისედაც, უნდა ითქვას, სასაფლაოს სცენის შესრულება ერთობ ემოციურად ჩავარდნილია მთელს სპექტაკლში, არადა სწორედ, რომ შუაგულის სცენაა (ჩემი აზრით, ტანგოც იყო ერთობ უხეში...). მსახიობი ბადრი ტაბატაძე, განსხვავებით სხვა სცენებისგან, სასაფლაოს სცენაში რატომღაც ვერ პოულობს მწუხარე რომანტიზმის შესატყვის სტილს. ეს სცენა, ვფიქრობ, მომავალ წარმოდგენამდე დამუშავებას საჭიროებს მიზანსცენის კუთხითაც.

მთელი სპექტაკლი მსახიობებზე დგას და ისინიც მონდომებით იხარჯებიან. ჟესტიკულაცია, მიმიკა და ემოცია ავსებს მთელს სპექტაკლს. სპექტაკლი გამოდის დინამიკური, სასაცილო და თვალწარმტაცი (მიუხედავად გამარტივებისა). ცხადია, რეზო გაბრიაძის ნატურალური სახით გადმოტანა სცენაზე შეუძლებელია, თუკი თავად რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან არ გვაქვს საქმე. მიზანი აქ არა ნატურალისტური გადმოტანა, არამედ მთავარის - ჰუმანური სულისკვეთების შენარჩუნება იყო, რაც, ჩემი აზრით, შესრულდა. ზესტაფონის თეატრს შეემატა თბილი და კოლორიტული კომედია, რომელიც ზღაპრიდან ცხოვრებამდე ნაქსოვ ბადეში გულების ფეთქვას აღწერს. მსახიობებისთვისაც, ვფიქრობ, ეს სპექტაკლი შესანიშნავი სამუშაო მასალა გამოდგა. საბოლოო ჯამში, მათ შესანიშნავად გაართვეს თავი და სასიამოვნო სანახაობა აჩუქეს მაყურებელს.

„შობა რომელი აკრძალეს“ ერთობ „ანგელოზური შოუ“ გამოდგა, ვიგრძენით, რომ თეატრიდან „ანგელოზებამდე“ სულ ერთი ნაბიჯია...

bottom of page