შთამბეჭდავი მინიმალიზმი

ელენე შალუტაშვილი

შთამბეჭდავი მინიმალიზმი

ბერტოლტ ბრეხტისა და მისი ცოლის, ჰელენე ვაიგელის მიერ შექმნილ თეატრში, ,,ბერლინერ ანსამბლში“ დაფუძნებული ემოციური მინიმალიზმი და აზრის მაქსიმალიზმი, დასის თანამედროვე რეპერტუარშიც იჩენს თავს.  ვფიქრობ, რეჟისორმა ოლივერ რისმა თავისი ,,თუნუქის დოლი“ ბრეხტთან ერთად დადგა. საინტერესო და საკმარისი აღმოჩნდა ნაწარმოების მონოპიესად ქცევა. წარმოდგენის შემდეგ თავად რეჟისორმა ისაუბრა გადაწყვეტაზე, ერთ ადამიანში მოექცია ჩახლართული მხატვრული სახეები. რეალურად მსახიობი ნიკო ჰოლონიკსი არამცთუ გარდაისახება, არამედ ოსტატურად გვიჩვენებს მთავარი პერსონაჟის, ოსკარის მიერ დანახულ ამ ადამიანებს. მსახიობი ვირტუოზულად იყენებს თავის მიმიკებსა და სხეულის მოძრაობას. იგი არა რაიმე მაღალფილოსოფიური თუ ემოციური ჯაჭვით არის დაკავშირებული თავის პერსონაჟთან, არამედ უბრალოდ ოსკარ მაცერატია. პირადად მე, იმდენად მომხიბლა მსახიობის ნამუშევარმა, რომ სპექტაკლის ყურებისას გამიჩნდა განცდა, თითქოს იგი ამ ორი საათის განმავლობაში თავისი, ოსკარ მაცერატის ცხოვრებას იქ და იმ წამს გადიოდა. ეს მსახიობის ძალიან დახვეწილი და გააზრებული ნამუშევარია.


სპექტაკლში დეკორაცია მინიმალურია: დიდი სკამი, საბავშვო მოედანთან ასოცირებული ქვიშიანი სცენა და თუნუქის დოლი, რომელსაც მკვდარ ფერებში სიცოცხლის ნიშანწყალი შემოაქვს. ამ ფერებში თუნუქის დოლი ბავშვობაში დარჩენის გულუბრყვილო სურვილივით ანათებს.
 

სპექტაკლი თანამედროვე ელემენტებით თავიდან ბოლომდე ამართლებს ბრეხტისა და გამომსახველობითი თეატრის იდეას. პირადად ჩემთვის, როგორც ქართველი მაყურებლისთვის ეს რაღაც ახალი იყო ვინაიდან გამომსახველობითი თეატრის განმარტება ჩვენ თეატრალურ რეალობაში დადგმისა და შესრულების პრიმიტულობაა, მაშინ როდესაც იგი დამაფიქრებელი უნდა იყოს და აზროვნების ფართო არეალს აძლევდეს მაყურებელს, სწორედ ისე როგორც ,,თუნუქის დოლი“.
 

სპექტაკლში არ ჩანს არავითარი დრამატურგიული პრობლემა, რასაც არა ერთი რეჟისორისთვის მიუცია უკუსვლის საბაბი, ვინაიდან კარგი სიუჟეტი თავისით ადგმევინებს ბევრ რეჟისორს სპექტაკლს, რის შედეგადაც პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს. გუშინ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ,,თუნუქის დოლი“ 98-ედ შესრულდა. ოლივერ რისე არ დასჯერდა მხოლოდ და მხოლოდ გიუნტერ გრასის მიერ მოცემულ სიუჟეტს და მაყურებელს მისი თვალით დანახული, სიღრმისეულად აღქმული ,,თუნუქის დოლი“ უჩვენა. მან სრულიად შემოატრიალა ნაწარმოების ფორმატი, მხოლოდ თუნუქის დოლი დატოვა უცვლელი. სადო-მაზოხისტური სცენები, რომელიც ფოლკერ შლონდორფის ფილმში ძალიან უხეშად ჩანს, რეჟისორმა გერმანული იუმორითა და ოსკარის ბავშვური ვნებებით აღავსო, რამაც მაყურებელში არც ზიზღი და არც რაიმე უხერხული გრძნობა გააჩინა. ვფიქრობ, ეს რეჟისორის ერთ-ერთი უპირატესობაა, როდესაც პრიმიტიული, ყოველდღიური ცხოვრებისეული დეტალით არამცთუ მანიპულირებს მაყურებელზე და მას ყოველდღიური ვნებებით აღაგზნებს (რაც ძალიან მარტივია) არამედ პირიქით, მის სიმარტივესა და გულის კუნჭულში არსებულ მსგავსი საკითხების მიმართ გაჩენილ სარკაზმს გამოხატავს.
 

ჩემთვის ,,თუნუქის დოლი“ ერთ-ერთ საყვარელ სპექტაკლად იქცა, თავისი ღრმა ინტელექტუალური იდეის, მაყურებელთან უშუალო კავშირის, შთამბეჭდავი მინიმალიზმისა და შემოქმედებითი ჯგუფის თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე.