შტამპი

ავტორები: ქეთევან სამხარაძე, დავით თარბა

 

ეპილოგი

[მსმენელების შემოსვლისას, კითხვების დასმისას, მუსიკასთან ერთად უნდა ისმოდეს  სიტყვები:]

ჩვენ - ადამიანები, ყოველთვის ვსვამთ კითხვებს, კითხვებს, რომელიც იმისთვის იბადება, რომ ჩვენი არსებობის არსი გავიგოთ. პარადოქსულია, რომ ამ მიზნით დასმული კითხვები ჩვენს არსებობას უფრო ბუნდოვანს ხდის; არსებობას  სამყაროში, რომელიც ისეთივე ისეთივე პირობითია, როგორც თავად კითხვის დასმის აქტი. კითხვების დასმის მთავარი არსი უპასუხობაა. ეს ის კითხვებია, რომლებიც თავადვე მოიცავენ პასუხებს; სწორად დასნული კითხვები ჩვენში მანამდე არსებული, თუმცა დაფარული სურვილების, ფიქრების, აზრების, შეგრძნებების ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა.

ზოგჯერ კითხვები მეტ რამეს ამბობენ, ვიდრე პასუხები.

 

[მსმენელები სხდებიან. მუსიკა და ტექსტი სრულდება.]

[პაუზა]

 

ვპოსტავ, მაშასადამე ვარსებობ

თანამედროვე არტისტი

 

[სრულ სიჩუმეში] წარმოიდგინეთ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ. ეს ჯგუფი სამყაროს დასალიერში დგას, წინ დიდი უფსკრულია, არავინ იცის მის სიღრმეში რა ხდება, იქ ან დასასრულია ან დასაწყისი. ორივე რაღაც ახალს ნიშნავს, ახალს კი ყოველთვის სიფრთხილე სჭირდება. რა მოხდება მაშინ, როდესაც ჯგუფიდან ერთი ნაბიჯს წინ გადადგამს და უფსკრულში გადაეშვება?! გაჰყვებიან თუ არა მას სხვები?!

 

 

 

 

 

I ეპიზოდი

როცა პირველად ფასბინდერს შევხვდი

  • [უეცარი ყვირილი, თითქოს ვულკანმა ამოხეთქა] მერამდენედ უნდა ჩამჭრან ეს კარგმოტყნული?!!!

  • დიქტორის ხმა: 1966 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბერლინში გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემია გაიხსნა.

  • რამდენი ორასი ევრო უნდა დავხარჯო მომზადებაში?!

  • დიქტორის ხმა: სადაც ოცდათორმეტმა ბიჭმა და სამმა გოგომ სწავლა დაიწყო.

  • ამჯერად რა ხარვეზი მქონდა: მეტყველება, პლასტიკა, რიტმი?!

  • დიქტორის ხმა: რაინერ ვერნერ ფასბინდერი მათ შორის არ ყოფილა.

  • და თქვენ, დიახ, თქვენ, აკადემიაში მერამდენე ცდით მოხვდით?!

  • დიქტორის ხმა: 1966 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბერლინში გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემია გაიხსნა, სადაც ოცდათორმეტმა ბიჭმა და სამმა გოგომ სწავლა დაიწყო. რაინერ ვერნერი მათ შორის არ ყოფილა,  რადგან მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა.

  • მიუღებლობა... უარყოფა... ზიზღი... ეს განცდები არასდროს გტოვებენ, [შესაძლოა მუსიკის შესვლა] მუდმივად შენთან არიან, მუდმივად გახსენებენ, რომ შენ არავის სჭირდები, რომ შენ მიუღებელი ხარ, რომ შენ გაქვს მეტყველების, სმენის, რიტმის შეგრძნების და გადამდებლობის არ ქონის პრობლემა, რომ შენ ხარ არავინ, არავინ, არაფერი, არაფერი, არსაიდან, არსაიდან, არავისთან, არავისთან, არავისგან, არავისგან, არავის შვილი, არავის შვილის შვილი, არავის და, არც არავის ბიძაშვილი, რომ იქნებ ასე მაინც გადარჩე, გამორჩე, გამოირჩე, იქნებ ასე მაინც შეძვრე, შეაღწიო, შეტოპო და მერე შენ იცი... ახლა მთავარია, რომ არ  უარგყონ, აღარ უარგყონ, აღარ გაგაძევონ სამგზის პეტრესგან უარყოფილი ქრისტე! აღარ გინდა მოისმინო, იგრძნო, იფიქრო, გაფიქრებინონ, რომ ხარ უნიჭო, უშნო, უქონელი, უუნარო, უბიწო, დაბალი, ჯმუხი გარეგნობის, რიიიიიჩიიიიი!!! რომ ძაღლნიც კი გყეფენ და არასდროს, არასდროს, არავის, არავის არ მოუნდები და არ მოუნდება შენთან მუშაობა, რიიჩიიიი!!!! არც თეატრში, არც კინოში, არც მითუმეტეს თეატრში, რიჩიიიიიი!!!! და შენც სამი წლის განმავლობაში დაგროვებული იმედგაცრუებით ცოცხლობ (იმედი, რომელიც საკუთარ თავმა გაგიცრუა ხომ  ყველაზე მტკივნეულია). სამი წლის განმავლობაში გადაყრილი 7891 ევრო და 7891 ცრემლი, 7891 მცდელობა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ შეგრყეოდა, 7891 იმედი, რომ ამ წელს მაინც გაგიმართლებდა, 7891 დაკარგული წამი, 7891-ჯერ გატეხილი ღამე და 7891-ჯერ წაკითხული ჰამლეტის მონოლოგი ,,ყოფნა არ ყოფნა’’ ამის დედაც მოვტყან... მე დევნილი ბიჭი ვარ წლებია ვაბარებ. მდევნიან და რადგან მდევნიან ჩემი უნივერსიტეტი ხომ არ უნდა გავხსნა?! არა, ეს არ გამოვა. ღმერთოოოო, მთელი ცხოვრება ლუზერი იმიტომ უნდა ვიყო, რომ არტისტი ბებიები არ მყავს? ეს განცდა, ეს ტოტალური უიმედობის, ამ ტკივილის, ამ სევდის, ოჰ, ეს ბანალური გაუცხოება, რომელიც ახლა ამ ყველაფერზე ასე მალაპარაკებს და ეს, აი, ეს, ეს ვიღაც უცხო, ჩემი მექანიკური ორეული, რომელი სცენაზე დგას და ჩემს როლს თამაშობს ,,სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს? და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა?!!!’’

  • დიქტორის ხმა: წლების შემდეგ, როდესაც ფასბინდერი პირველი აკადემიური წლის დამთავრებულთა შორის ყველაზე ცნობილი გახდა, მისი წარუმატებლობა გამომცდელებს დაჰბრალდათ. ჩაიჭრა კომისია და არა კანდიდატი.

  • არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, - მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს!

  • აჰ, თქვენ ყველას აკრიტიკებთ და თავად აკადემიაზე რას იტყვით?!

  • დიპლომს ავიღებ და მერე გეტყვით.

 

II ეპიზოდი

გელა კარგი ბიჭია

  • გელა ძალიან კარგი ბიჭია.

  • კეთილი, ზრდილობიანი...

  • მორცხვი და უმანკო...

  • გელას არასდროს არაფერი შეშლია...

  • გელა უპრობლემოა და თავმდაბალი...

  • გელა გამოდგება...

  • გელა ნამდვილად გამოდგება...

  •  და თუ ვერაფერს დადგამს?

  • ეგ არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია...

  • მთავარია, რომ კარგი ბიჭია...

  • უპრობლემო...

  • დიახ, უპრობლემო....

  • თავმდაბალი...

  • დიახ, თავმდაბალი...

  •  ვინ უნდა დადგას ეს სპექტაკლები თუ არა იმან, ვინც სისტემაში თავი გამოიჩინა, არ იკითხავთ რით?!

  • მორჩილებით, სიტყვა ძუნწობით და მუდმივად ამ მაგიური "დიახ",  "დიახ" ძახილით.

  • რა ჯობია იყო კარგი ბიჭი და ცუდი რეჟისორი თუ?

  • თუ ცუდი ბიჭი და კარგი რეჟისორი?

  • მე მაინც მგონია, რომ

  • რომ სჯობს უბრალოდ არ იყო

  • და რატომ?

  • სამყაროში ხომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში იმაზე უფრო დიდი ვნებაც არსებობს, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში იმაზე უფრო დიდი ვნებაც არსებობს, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე სურვილი  იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში იმაზე უფრო დიდი ვნებაც არსებობს, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

  • სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი...

[ერთი და იმავე ფრაზების განმეორებისას უნდა იცვლებოდეს მათი ფორმა, დამოკიდებულებები, ინტონაციები და ამოცანები]

  • და მაინც რა არის ეს სურვილი?

  • მაგალითად ის, რომ ჩაუჯდე რომელიმე მაგარი სპექტაკლის ჩანაწერს.

  • ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ხელოვანი, ყველასთვის ხელოვანი, ხელოვანი ყველასთვის, საყვარელი ხელოვანი ყველასთვის!!! და თქვენ ამას ფორმას ეძახით?! ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ხელოვანი, ყველასთვის ხელოვანი, ხელოვანი ყველასთვის, საყვარელი ხელოვანი ყველასთვის!!! მიპასუხეთ, და თქვენ ამას ფორმას ეძახით? ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის საყვარელი, ხელოვანი, ყველასთვის ხელოვანი, ხელოვანი ყველასთვის, საყვარელი ხელოვანი ყველასთვის!!! და თქვენ ამას ხელოვნებას უწოდებთ? ყველასთვის ხელოვანი, ხელოვანი ყველასთვის, საყვარელი ხელოვანი ყველასთვის!!!

 

III ეპიზოდი

რეცენზენტის მეტამორფოზა

 

  • რეცენზენტი პირად საუბრებში!

  • და თქვენ ამას დრამატურგიას უწოდებთ?! ეს ლიტერატურაც არაა, ეს ტექსტიც არაა, ეს ფეისბუქ პოსტადაც არ გამოდგება. არადა, ამისმა ავტორმა ,,კულოს’’ უმაღლესი ჯილდო აიღო და ქვეყნის სამ სხვადასხვა სცენაზე დაიდგა, უნივერსიტეტში სტუდენტებიც ამას თამაშობენ, ერთდროულად რთული და თან მარტივად დასაძლევი მასალააო; გამაგებინეთ, როგორ შეიძლება რაღაც ერთდროულად რთულიც იყოს და მარტივიც?!  არა, კი არ მშურს, უბრალოდ მიკვირს, საოცარია, როდესაც უნიჭო პროდუქტი დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე და შემფასებელზე. თუმცა არა, ახლა დავფიქრდი, რა მიკვირს?! რაც მკითხველია, ისაა პროდუქტი და რაც პროდუქტია, ისაა მკითხველი; შემკვეთი ადგენს სტანდარტს! არა, შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ, უბრალოდ პირადად ჩემთვის, ჰო, ჩემთვის, ყოვლად წარმოუდგენელი უვიცობაა, ხაზგასმით ვიმეორებ, ჩემი ძალიან კონკრეტული, მიკერძოებული, მოკრძალებული, სუბიექტური აზრით, უვიცობაა ნამდვილად. ნუ, ვიღაც კი იტყვის, რომ ყველაზე არა მოკრძალებული აზრი ისაა, რომლიც იწყება წინადადებით ,,ჩემი მოკრძალებული აზრით’’, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით მე ჩემი მოკრძალებული აზრის გამოთქმა ამ წინადადებით არ დამიწყია. რას ვამბობდი? იმას, რომ ასეთი უვიცობის ატანა უკვე შეუძლებელია, ეს არაფერი არაა, არც ტექსტია, ფეისბუქ პოსტადაც კი არ გამოდგება, არადა ,,კულოს’’ უმაღლესი ჯილდო აიღო და ქვეყნის სამ სხვადასხვა დიდ სცენაზე ითამაშეს და უნივერსიტეტში სტუდენტებიც კი ამას თამაშობენ, ეს ყოვლად უმსგავსობაა, არა ვინმეს კი არ ვაკნინებ, ვაძაგებ, ვლანძღავ, ვკიცხავ, უბრალოდ  მიკვირს და ვწუხვარ, ვუხვარ, ვწუხვარ, ვწუხვარ, ვწუხვარ, ვუხვარ, ვწუხვარ, ვწუხვარ.... [სუსტი კარდიოგრამასავით ხმა ნელ-ნელა წყდება.]

  • რეცენზენტი საჯარო საუბრებში!

  • ეს მართლაც რომ ფანტასტიკური ნამუშევარი, თავისი მაღალმხატვრული ღირებულებით იმ მიზეზთა გამო ხასიათდება, რომელიც ორი ერთმანეთთან თითქოს შორს და ამავდროულად კი ძალზედ ახლოს მდგომი ინტელექტუალური სფეროების გადაკვეთას მოიაზრებს. ჩემი ობიექტური აზრით, ის დამსახურებულად დაიდგა ქვეყნის წამყვანი თეატრების დიდ სცენებზე და ასევე, სრულიად დამსახურებულად თამაშობენ უნივერსიტეტში ნორჩი დამწყები არტისტები, რომელთაც ამ მართლაც ფანტასტიკური დრამატურგიული ნაწარმოების საშუალებით აქვთ ულევი შესაძლებლობა საკუთარი ნიჭი, ხედვა, ტექნიკა განავითარონ. მინდა გავკადნიერდე და ყოველგვარი თავმდაბალი ადამიანის როლის თამაშის გარეშე აღვნიშნო, რომ ამ დრამატურგიული ტექსტის ,,კულოს’’ უმაღლესი ჯილდოს აღების ერთ-ერთი მოსურნე თავადაც გახლდით და მე ჩემის მხრივ, არ დამიზოგავს დრო, ენერგია, სურვილი, რათა მას ეს მართლაც დამსახურებული ჯილდო აეღო, ეს ხომ ძალიან დიდი მიღწევაა, ტრამპლინია ჩვენი ქვეყნის დრამატურგიის, ლიტერატურის, თეატრის ისტორიაში. მსგავსი სათეატრო ტექსტები პარადიგმულ მიმართებაში ურთიერთმოქმედებენ და საოცარ ბალანსს ქმნიან სამყაროსა და ადამიანს, ადამიანსა და ხელოვნებას შორის. ყოჩაღ, გენიალურ ახალგაზრდა ავტორს, მართალია ის ორმოცდაათი წლისაა და აღარ ითვლება ახალგაზრდად, მაგრამ ის ჩვენთვის მაინც სულ ახალგაზრდად დარჩება, რადგან, მეგობრებო, მოგეხსენებათ გული, გული, გული არასდროს ბერდება.  ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გულწრფელად გეტყვით, რომ ძალზედ ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ, ვხარობ. [ლოცვასავით. ხმა ნელ-ნელა წყდება.]

 

 

I ნაწილის დასასრული

 

[საოპერო ანტრაქტი]

 

 

 

 

 

 

IV ეპიზოდი

 

  • კრიტიკა მოკვდა!

  • კრიტიკა მოკვდა ქართულ თეატრალურ სივრცეში.

  • ამასობაში, ჩნდებიან პერსონები, რომლებიც მზად არიან გააკრიტიკონ ყველა და ყოველივე, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი რამ - კრიტიკა  არასდროს  იქნება ჯანსაღი თუ კრიტიკის ობიექტის გეშინია

  • ან არ გაგაჩნია კეთილშობილური მიზნები მთელი სახელოვნებო სივრცის მიმართ.

  • პარადოქსია, რომ  ძირითად შემთხვევაში, კრიტიკის ობიექტი მძლავრი ელიტარულ ჯგუფის წევრია, მაგრამ მასზე არასდროს არავინ საუბრობს, მით უფრო უარყოფითს.

  •  კრიტიკოსი,  რომელიც ელიტარულ ჯგუფს აკრიტიკებს, ამას მეტწილად ეპატაჟისთვის აკეთებს  და მიღწეული ყურადღების დამსახურებით, იმავე ელიტარული ჯგუფისგან საკენკს ელოდება.

  • არსებობს შემთხვევები, როდესაც კრიტიკოსი კრიტიკას თავს არიდებს.

  •   კრიტიკოსი, რომელიც კრიტიკას თავს არიდებს - მავნებელია, რადგან განვითარების იდეით არ არის განმსჭვალული.

  • თეატრის მუშაკნი თეატრალური სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ არასდროს საუბრობენ ვიწრო და მეტად ქმედითი რგოლების მნიშვნელობაზე.

  • მაგალითად, დამწყები ხელოვანების  ნამუშევრებზე...

  • ნამდვილად დამწყები ხელოვანების და არა უკვე დაბერებული ხელოვანების.

  • ორმოცდაათი წლის ხელოვანი ახალგაზრდა ხელოვანი აღარაა.

  • სხვა შემთხვევაა, როდესაც კრიტიკოსმა არ იცის უშუალოდ კრიტიკის საგანი, რადგან ის ახალი ფენომენია, შესაბამისად რთულ ამოცანად ესახება მისი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;

  •  ამ შემთხვევაში ხომ მუდმივი კვლევაა საჭირო.

  •  და თუ არ იცი კრიტიკის საგანი, არ უნდა შეგეშინდეს ამის აღიარების, მეტიც - ერთ საიდუმლოს გაგანდობთ,

  • კრიტიკოსის მთავარი იარაღი - აღიარებაა.

  • დღეს კრიტიკას სხვა მიზნების განსახორციელებლად მიმართავენ, რაც ვიწრო ინტერესების და ამბიციების დაკმაყოფილებას არასდროს სცილდება,

  •  როგორიცაა საკუთარი მფარველობის ქვეშ მყოფი და იმ ელიტური დაჯგუფების წევრ პერსონებთან კეკლუცად ლაციცი,

  • რომლებიც ნანოლიავებ რეპუტაციას, თბილად შეინახავენ.

  • ეს მოკლე პერსპექტივაში, თორემ ისტორიაში თავის დროს რეპუტაციის არ მქონე კრიტიკოსები რჩებიან.

 

V ეპიზოდი

ქალთა სახეები თეატრის რეჟისურაში

(ეფუძნება რეალურ ფაქტებს)

 [სასურველია, რომ მონოლოგებს კაცის ხმა კითხულობდეს]

  • არაა რეჟისურა ქალის საქმე.

  • რას ბოდავ, რას ბოდავ?

  • არაა რეჟისურა ქალის საქმე და მომკალი თუ გინდა.

  • ჩუმად იყავი, ნუ ხარ ბნელი.

  • მე ასე ვფიქრობ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს არ ვაძლევ შანსს სცადოს ბედი რეჟისურაში.

  • ეგ ჩუმადაც აღარ გაიმეორო. ჩუ. ჩუ.

  • რატომ? ეს ჩემი უფლებაა.

  • ჩუ-მეთქი.

  • პირიქით, კარგს ვამბობ, ადამიანო.

  • რა არის აქ კარგი?!

  •  მე კი არ ვზღუდავ მაგათ, არამედ პირიქით,  ვამბობ, რომ უნდა დადგან, რაც შეიძლება ბევრი, ბევრი უნდა დადგან და ბევრმა უნდა დადგას, ნუ, ძალიანაც ბევრმა არა,  რომ თავად დაინახონ ის, რაც ჭეშმარიტებაა.

  • და რა არის ჭეშმარიტება?

  •  რომ არაა რეჟისურა ქალის საქმე...

  • რაზე დაფუძნებით ამბობ მაგას, რა ფილოსოფიაზე, რა ლოგიკაზე?

  • უმარტივესზე,  ხომ იცი, ყველაფერი გენიალური მარტივია; როგორ აგიხსნა, ხომ იცი ბრეხტისლავკის მაგალითი, რომ თეატრის კეთება ესაა ერთგვარი განაყოფიერების პროცესი, სადაც რეჟისორი არის კაცი და მსახიობი არის ქალი და ქალმა კაცი უნდა დააორსულოს კი არადა კაცმა ქალი უნდა დააორსულოს, რომ  ბავშვი ანუ სპექტაკლი გაჩნდეს,  დაიბადოს, ნამდვილი თეატრი დაიბადოს და არა უშნო, ყალბი, ჰოდა, რეალურ ცხოვრებაში ხომ ქალი არ აორსულებს კაცს, პირიქითაა, კაცი ანაყოფიერებს ქალს  და თეატრში რანაირად უზამს მაგას რეჟისორი ქალი მსახიობ კაცს, როცა რეალურ ცხოვრებაში პირიქითაა?!

 

I მონოლოგი:  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნო, თორემ - დაიღუპები, სამუდამოდ გახდები სტერეოტიპების მსხვერპლი. უკვე ვარ, უკვე ვარ, უკვე ვარ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დინჯი იყო. პირი მოკუმე, ფეხები ეგრე არ დააწყო, უფრო მკაცრი მზერაა საჭირო, ხმა ძალიან ხომ არ მიწრიპინებს?! ჯანდაბა, სერიოზულად არ აღმიქვამენ, ასე არავინ მომისმენს, სად გაქრა ჩემი თავდაჯერებულობა?! დამშვიდდი, დამშვიდდი, უბრალოდ, უბრალოდ უკვე ვარ, უკვე ვარ, უკვე ვარ, ვარ, ვარ ამ სტერეოტიპების მსხვერპლი, რომ მეშინია ქალი არ ვიყო სარეპეტიციოში, მაშინ, როცა, ქალი ვარ და ნამდვილად, გულწრფელად, გულახდილად ვამბობ, რომ ეს სულაც არ მესირცხვილება, მაშინ, მაშინ შეწყვიტე ეს ფარსი, შეწყვიტე ქალმა კაცი რეჟისორის პაროდიის თამაში და იყავი ის ვინც ხარ, რა იყო ქალური ისტერიკით დადგმული სპექტაკლები არავის უნახავს?! დაე, ახლა ნახონ, ან რას ნიშნავს ეს ისტერიკა, კაცური ისტერიკა როგორია, უფრო ბოხი?! ისტერიკა ისტერიკაა, მეგობარო და მეტი არაფერი.

 

  • ვინმეს რომ გავეღვიძებინე  და ეკითხა მჯერა თუ არა ქალი რეჟისურის, ვუპასუხებდი რომ არა...

  • დიახ, მეც მაგას ვუპასუხებდი.

  • მაგრამ დრო იცვლება...

  • მაგრამ არ იცვლება შეხედულებები?!

  • დიახ, შეხედულებები არ იცვლება,

  • დრო კი, დრო, ეს მურტალი, მუხთალი დრო ნამდვილად იცვლება...

  • რას წარმოვიდგენდი, რომ

  • რას წარმოვიდგენდით, რომ...

  •  რომ ახლა სარეჟისოროზე მეტი ქალი სტუდენტი იქნებოდა, ვიდრე კაცი.

  • ასეთი დრო მოვიდა.

  • თუმცა მე რომ ვინმეს გავეღვიძებინე და ჩემთვის ეკითხა მჯერა თუ არა ქალის რეჟისურისო, არა-მეთქი ვუპასუხებდი.

  • მეც მაგას ვუპასუხებდი.

  •  მოკლედ, თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო სტუდენტებო, ბიჭებო კარგი რეჟისორები და კარგი ადამიანები დამდგარიყავით, სასახელოები, სამშობლოს, ერის, ბერის, უფლის წინაშე.

  • გმადლობთ, გმადლობთ...

  •  გოგოებო,  ლამაზებო, საყვარლებო, თქვენ გენაცვალეთ, ჩემი სტუდენტები ხართ, მიყვარხართ, კარგ გათხოვებას გისურვებთ, ქალისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. გკოცნით, გეხვევით. დრო იცვლება, დრო, ეპოქა, პერიოდი, მაგრამ არა შეხედულებები, შეხედულებები ჭეშმარიტებაა, მე კი ვასწავლი, მაგრამ ვერ დავიჯერებ, არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა არ მინდა ვიწამო ღმერთი.

 

II მონოლოგი: მიეცით ქალს საკუთარი ოთახი, 500 გირვანქა წლიური შემოსავალი, მიეცით საშუალება ტვინი ხშირად გაანძრიოს და სულ მალე ის უკეთეს ნაწარმოებს შექმნის, სულ მალე ის საკუთარზე უკეთეს ნაწარმოებს შექმნის, სულ მალე ის ყველაზე უკეთეს ნაწარმოებს შექმნის. ოჰ, ვირჯინია, ნეტავ შემეძლოს ვიყო შენს მსგავსად ძლიერი, ვიყო შენს მსგავსად მტკიცე, შენს მსგავსად დაუდგრომელი და უკომპრომისო, შეუპოვარი სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე, წამამდე, ტკივილამდე. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუყვეთ ცალკეული წარმატების მაგალითები, მაგრამ ყოველი ასეთი ბედნიერი შემთხვევის უკან, უამრავი დაკარგული ნიჭი და ცხოვრებაა. დიდი ტვირთია ქალად ყოფნა, შეზღუდული თავისუფლების  და ვერ ახდენილი ოცნებების კასკადს აერთიანებს. ბევრად მეტი ფული, ჭკუა, შრომა, გარეგნობა გჭირდება იმისთვის, რომ დამკვიდრდე და იმ საზოგადოებაში სრულფასოვნად წარსდგე, რომელმაც გაიძულა გაგეღო ,,ბევრად მეტი", რადგან სხვაგვარად შენი ადგილი ვერ მოიძებნებოდა. ვინ იყო ჯორჯ ელიოტი?! რატომ იდგა ელენე დარიანი კაცის ჩრდილს უკან?! რატომ იყო ჯორჯ ელიოტი ჯორჯ ელიოტი და რატომ არ გვჯერა  ელენეს რეალურობის?! ეს მირაჟია თუ ფანტაზია, ეს გამონაგონია თუ წარმოსახვა?! სად არიან ეს ადამიანები?! რატომ შთანთქა მანკიერმა დროებამ?! რატომ არავინ კითხულობს თუ რატომ არ ახსოვს ისტორიას ქალის სახელი, მითუმეტეს ხელოვანი ქალის სახელები?! რატომ არ ისმის ქალის ხმა?! ჩემი ხმა სად არის?! ჩემს ხმას რატომ ვერ ვისმენ. ოჰ, ვირჯინია, მე თუ არა სხვას ვის, ვის, ვის ესმის შენი?! ნეტავ  შემეძლოს, ნეტავ მეც შემეძლოს ვიყო შენსავით მტკიცე, დაუდგრომელი.

 

  • რამდენი ქალი რეჟისორი იცით?

  • რამდენი ქალი რეჟისორი ვიცი?

  • დიახ.

  • ახლა არცერთი არ მახსენდება.

  • რამდენი ქალი თეატრის რეჟისორის ჩამოთვლა შეგიძლიათ?

  • რამდენი ქალი თეატრის რეჟისორის ჩამოთვლა შემიძლია?

  • დიახ.

  • არცერთის.

  • და რა გგონიათ ამის მიზეზი?

  • არ ვიცი და თუ ასე ძალიან გაინტერესებთ დაგუგლეთ! გუგლში ყველაფერია. აი, შეხედეთ, ის ამბობს, რომ ბევრნი არიან? საკმარისად არიან და რატომ ყვირით ვერ გამიგია, ვინმემ რამე დაგიშალათ?

  • ეს კვლევაა.

  • ქეიტ მიტჩელი! როგორ არ  გამახსენდა. ის ხომ ქალია, ხომ რეჟისორია, ხომ არსებობს, ესე იგი არიან ქალი რეჟისორები.

  • დიახ, არიან, ჩვენ უბრალოდ მათი აღნიშვნა გთხოვეთ.

  • არიან, ნუ ამ ქალებს კაცის ტვინი აქვთ, მაგრამ მაინც ხომ არიან?

  • რას გულისხმობთ?

  • მოდი, ვაღიაროთ, რომ თუნდაც აქ ჩამოთვლილ ქალთაგან ნახევარზე მეტის შემოქმედება უბრალოდ არაფრად ვარგა.

 

III მონოლოგი: მკითხა შენი აზრით რატომ არ არიან თეატრში ქალი რეჟისორები, ეს შემთხვევითი რომ არ არის ხომ ხვდებიო და ისიც დააყოლა, რომ ზოგმა მხოლოდ იმიტომ შეიძლება არ აიყვანოს ჯგუფში აბიტურიენტი, რადგან ის ქალიაო. ალბათ, ეს უკანასკნელი ანუ ქალი, ეს მამაკაცისკენ მიმავალ გზაზე განუვითარებელი ადამიანური ფორმა, მამაკაცის, რომელიც კულტურის მპყრობელია, მოგეხსენებათ, ვერ გაუძლებს, ვერ მოერგება სიტუაციას, ვერ დამკვიდრდება, რადგან თეატრში, როგორც ვხვდები მათი ნათქვამიდან, მხოლოდ ყვერებია საჭირო და ვინც ქალი იყო, ალბათ ყველას ყვერები თუ არ ამოუვიდა - ამოუყვანეს. ბევრი რამ მოხდა და ბევრი წელიც გავიდა მას შემდეგ და მართლა წამითაც არ გაჩერებულა ფიქრი ამ ,,კაცურ" პროფესიაზე და არც არასდროს გაჩერდება, რადგან ღრმად მწამს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ზუსტად მეცოდინება:  ამ ,,კაცურ" ჯუნგლებში, რომელიც ჩვენში ასეთი ხილულია და რატომღაც გაუპროტესტებელი, ქალები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან, იტყვიან ხმამაღლა, მტკიცედ, გამოთქმით. და მერწმუნეთ, მერწმუნეთ, ეს არასდროს, არასდროს, ეს არასდროს არ იქნება შემთხვევითი.

 

VI ეპიზოდი

გენიალოგიური ხე

აღსარება

უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბებიებით სიამაყეს ეთმობა, მავანი იტყვის ეს გარკვეულწილად დიდი ტვირთიცააო და მართალიც იქნება, ეს ნამდვილად დიდი ტვირთია, თუმცა მას უფრო საჩუქარს ვუწოდებდი, ვიდრე სასჯელს. ბუნებრივია, მან დამიტოვა გარკვეული კომპლექსები, ვაკონკრეტებ - გარკვეული კომპლექსები და არა გაურკვეველი ტრავმები, მე იმაზე უფრო გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე ჩემი წარმომავლობის გამო სირცხვილის გრძნობით ცხოვრებაა. აზრი იმაზე, რომ რახან ელიტას ვეკუთვნი და საავტორო კინო მიყვარს და საშუალოდ ვიცი ინგლისური და საშუალოზე უარესად კომპიუტერი და ვარ უგზო-უკვლოდ განათლებული არტისტი, ამიტომ უნდა დავიჩაგრო, მცდარია. ამიტომ, ეს მოსაზრებანი ჩანასახშივე მოვსპე და ვსპობ, მაგრამ ამას თავისი სქემა სჭირდება, მთავარია სისტემურობა და ვაღიარებ, რომ მე ეს სიტემა გამაჩნია,  დამალული აგენტების საცეცებით სავსე სისტემა... ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს... ჩუმად მაქვს და ამავდროულად ხილულად, რომ დაე! ყველამ იცოდეს, ყველამ გაიგოს,  რომ ეშინოდეთ ჩვენი, რომ ძრწოდნენ ჩვენს წინაშე, რომ იცოდნენ თუ ვინ ადგენს აქ სტანდარტს, ვინ არის ტრენდი და გაიშხლართონ ჩვენი, როგორც ინტელექტუალი კიბერბულინგიტატორების წინაშე. რა ლამაზი პოეზიაა, არა?!   მე ვარ სისტემის შემოქმედი, მე მასშიც ვარ და მის გარეთაც, რომ არ შემეტყოს სისტემურობა. მე მას ვებრძვი, მაგრამ ეს ბრძოლა - ვაღიარებ, რომ ხელოვნური, ნაძალადევი და ყალბია, არაფრად ვარგა, ოდესმე, ალბათ გამომიჭერენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაცადეთ, გვაცადეთ უფრო ჭკვიან ადამიანებს საქმის კეთება! კარგი, ჩუმად იყავი და დამშვიდდი, ყველას გაუღიმე, ზრდილობიანი, ზრდილობიანი იყავი... შენ კარგი ხააარ... შენ დიდებული ხააააარ..... შენ ხარ მზეეეეე.... ლუი მეთოთხმეტეეეეეეე...... ნა-ნა, ნა-ნა .... მე ვარ მზეეეეე, ლუი მეთოთხმეტეეეეეე... მე ვარ კეთილი, მე უნდა ვიყო სანდომიანი....ფუ, რა ბანძ სპექტაკლებს დგამენ, ნაფტალინის სუნი მომივიდა! ძალიან მეშინია, რომ ჩემებიც ასეთი არ იყოს და მიტომაც გიჟივით ვიპარავ, ვიპარავ, ვიპარავ, ვძარცვავ დასავლურ თავისუფლებას, რადგან მე ეს შემიძლია, მე ეს გამივა, გამდის, გამივა, გამდის და გამივა კიდეც! მეც მინდა ვიყო პროტესტანტი და მეც მინდა ვიყო კაი ტიპი! რატომ არასდროს არ მღირსებია ეს?! სულ დიდების გარემოცვაში, სულ კულისებში, სულ წვეულებებზე და სკანდალებში ვიყავი და ჩვეულებრივი ბავშვები ჩვეულებრივ ჩემთან არ თამაშობდნენ, არასდროს არავის ვაინტერესებდი, როგორც პიროვნება და იქნებ სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომაც არ გამაჩნია იგი. როგორ მძულს ეს ყველაფერი, დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ ჩემი განდიდების მანია, ჩემი უზარმაზარი, ულამაზესი, უნიჭიერესი, მშვენიერი ეგო ამის საშუალებას არ მაძლევს, არ მომცემს და მეც უკიდეგანოდ ვიძირები საკუთარი თავის წამების ამ დაუდგრომელ სიამოვნებაში. არა, არა, ჩუმად იყავი, იყავი ზრდილობიანი, ყველას გაუღიმე, არ გაიყიდო, არ გაიყიდო. ღმერთო დამიცავი, ღმერთო დამიცავი, რომ გადავრჩე და მუდამ, მუდამ აქტუალური ვიყო, ვიყო მუდამ აქტუალური, რომ ვიყო მუდამ აქტუალური, მე ეს ისე მჭირდება, როგორც ზეციური მანანა, როგორ მწყურვალს წყალი, როგორც უპოვარს პური, როგორც უბინაოს ყოფნა ბინაში, არა გალაკტიონი არ გამოდგება, მე რაიმე უფრო ძლიერი და მასშტაბური მჭირდება, სუპერ ინტელექტუალური, მაგალითად  - გოეთე, მაგალითად შილერი, მაგალითად გოცი, ვინმე სხვა უცხო ქვეყნიდან, ჯერ არ  ნახული, არ გაგონილი, უცხო, ამათთვის უცხო, ამათთვის გაუგონარი, ამ გოიმებისთვის, ამ საცოდავებისთვის, ამ ჩემი ყურ-მოჭრილი მონებისთვის და რატომ არ შეიძლება გამოვიყენო ჩემი წარმომავლობა იმისთვის, რომ ვიყო დიდი და მივიღო ის, რაც სულ მაკლდა?! მიპასუხეთ, რატომ არ შეიძლება?! ვინ თქვა, ვინ დააწესა, ვინ განაგებს, ვინ ავრცელებს ამ საცოდავ აზრებს?! მე მინდა, დიახ, მინდა პირადი პონტი და კაი ტიპის სტატუსი! მე ხომ ყოველთვის ერთი ჩრჩილიანი, ფერმკრთალი, უშნო და უჩინარი ვიყავი და ახლა მინდა და  გავხდები ღმერთი დიონისე, მე გავხდები ღმერთი ახლაგაზრდების, მძლავრი მბრძანებელი დალაი-ლამა. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმას დაამტკიცებს, არა უკაცრვადა, რომელმაც ის უკვე დაამტკიცა, რომ შესაძლებელია იყო მდიდარი და ღარიბებზე ნერვიულობდე, რომ შესაძლებელია იყო ელიტის პირმშო და გულწრფელად გაღელვებდეს გამოუსვლელი უვიცების ბედი, ბოლოს და ბოლოს, თვალები გაახილეთ! მე ერთი-ორი ეგეთი, ყოველი შემთხვევისთვის, გვერდში ამოვიყენე, რომ რა იცი რა ხდება, რა იცი რა ხდება, ყოველი შემთხვევისთვის, შეიძლება დამჭირდეს და თუ ესეც არა, ის ჩემს იმიჯს უფრო წაადგება, ვიდრე ავნებს. მე არ უნდა დავიჩაგრო და რაც ბედმა მარგუნა ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, შევითავსო, გავითავისო, მე არ ვარ ოიდიპოს, რომ  ჩემს ბედისწერას გავექცე და ჩემსავეს შევხვდე, მე ვარ  დიდებულ, აწ და მარადის და არ მინდა ჩემს დიდებას ჩრდილი მოადგეს. მაგრამ.... ხანდახან.... ღამით.... იმ გარდამავალ წამს, ჩაძინებამდე, როდესაც ყველაზე ნამდვილი, გულწრფელი, მტკივნეული, მწარე ფიქრი მომევლინება, მემი დემონები თავს მახსენებენ, როგორც ბერგმანს და მეც ვძრწი ხოლმე შიშით, რომ ოდესმე ჩემს ნანოლიავებ რეპუტაციას ვერ შევინარჩუნებ ან უარესი - უკვე გვიანია და ის გაქრა და ყველგან ეს ხე, ეს ფესვებგადგმული, ტოტებგაშლილი ხე მელანდება. ხე, რომელიც საამაყო ბებიებისა და ბაბუების, ბიძებისა და მამიდების, დედებისა და მამების, ბიძაშვილების, გერების, ძმისშვილების, დების, ცოლების, მეორე და მესამე ცოლების, ცოლის შვილების, ქმრის შვილების, ქმრის მეორე ცოლების სახეებითაა სავსე და მე ლამისაა გავგიჟდე ტკივილისგან და ვიყვირო, რომ ახლა, რაღაც ძალიან არანორმალურად მომინდა ვუყურო ვისკონტის რომელიმე ფილმს. მაგრამ, ყოველ დილით, სანამ ლოგინიდან ავდგები, ვაცნობიერებ, რომ მე შევძელი ჩემი დემონების გამოყენება, რომ მათი გამოყენებით, საკუთარ თავს ისეთი იმიჯი შევუქმენი, რომელიც მეხმარება სწრაფი, ეფექტური და ამავდროულად გრძელვადიანი შედეგის მოტანაში, შედეგის, რომელიც მუდამ ტრენდში მამყოფებს!!! მთავარია არ დავბერდე.

  • ელიტის შვილებს მეამბოხე ბუნება არ აქვთ.

  • ამ შემთხვევაში ეს რომანტიკის სფერო უფროა, ვიდრე ბუნების.

  • ამბოხი პრივილეგიას არ ცნობს, ის შიმშილისგან გამოწვეულ ბრაზში იბადება. 

  • გადავხედოთ კულტურის შემოქმედ ხალხს, ვინც ამბოხს გვაწვდის, როგორც მოდალურ ტენდენციას...

  •  განა ეს გულწრფელია?

  •  და განა ეს ამბოხია?!

 

  1. I ნაწილის დასასრული

 

[საოპერო ანტრაქტი]

 

ოდა თეატრს

[სრულ სიჩუმეში]

 

***

,,ვისაც თეატრი თავის თავში კი არ უყვარს,

არამედ თავისი თავი თეატრში - განდევნეთ’’ - სტანისლავსკი

***

ყველაფერი დაკარგულია,

თუ არ ხარ მსხვერპლი!

გერმანიიდან ჩამოტანილი ხელოვნება კონტრაბანდაა,

პოლონეთიდან - ნაკლებად საზიანო სტიმულატორი,

რომელშიც მთელი ევროპის გულისცემა  იმალება

და რომელიც

საქართველოში არასდროს ძგერს...

(ხალხი ნებით არასდროს გადაიხდის

ელიტისგან დაკისრებულ ხარკს;)

როცა ბრმა პოეტი სიმღერებს წერდა,

მაშინ სულ არ ფიქრობდა ევროპის ბედზე,

მის ბედზე ვდარდობდით ჩვენ,

და ვჯობდით სიმღერის აწყობის ხელოვნებაში;

და რადგან ევრიპიდე უფრო დიდია,

ვიდრე ბუღაძე,

ჩვენ არასდროს გავრისკავდით ნავიგაციის გამოყენებას,

როგორც არტისტული ორიენტირის,

და ასე, მუდამ ტექსტების მოლოდინში,

დაგვეზარება ჩვენი ოთახიდან ნაგვის გატანა -

და პოსტებს დავწერთ,

და იმაზე უფრო მეტ მოწონებას დავიმსახურებთ,

ვიდრე ჩვენი დადგმული სპექტაკლები,

ეს პიესაა თუ ფეისბუქ პოსტი?

ეს ხელოვნებაა თუ ილუზია?

არასდროს იყო კატეგორიული,

რადგან შენ ვერასდროს იქნება ბედისწერაზე ირონიული.

***

,,გიყვარდეს ხელოვნება შენს ვინაობაში და არა შენი ვინაობა ხელოვნებაში’’ -სტანისლავსკი

ამ სიტყვების რეალურ სიცხადეს მაშინ გავიაზრებთ,

როდესაც საკუთარ ვინაობაში ხელოვნებას აღმოვაჩენთ

და ხელოვნებაში შევქმნით ჩვენს ვინაობას.

სხვა დანარჩენი უბრალოდ ერთი დიდი შტამპია.

 

***

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,

ოთახი ხომ ახლობელი პენსეა,

ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს,

რადგან ტიციანი შეცდა,

თქვენ კი არა,

ჩვენ გვჭირდება ოყნა,

მით უფრო მაშინ,

როცა ჩვენს იქით,

არც შაუბიუნეა,

არც ნაციონალური თეატრი,

ჩვენს იქით არის კულტურული სანაგვე.

და სანამ ჩვენ ვეღარ დავდგამთ პერფორმანსებს,

და ვეღარ გავაკეთებთ თეატრს,

შვედური ოჯახი უარგვყოფს

და Art-s ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მოვიპარავთ,

ნაცვლად სკანდინავიისა.

ამასობაში, ოსტენმაიერი რიჩის კრემებით შეთითხნის,

და ჰამლეტი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდება ბორატთან.

სანამ დილის ყავაზე კოკაინის მაგივრად სცენის მტვერს გავყნოსავთ,

ახალგაზრდა პოტენციალებს ,,ელიტა’’ პიტნის ჩაიში ჩაახრჩობს,

და ,,ლინვილის’’ კარებს აატალახებს.

აღარ გამოხვიდე ოთახიდან,

ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები,

რომ უნდა იყო იდიოტი,

რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს,

და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი,

თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია,

ისეთი ფუნქციური გახდები

და მიხვდები, რომ

უნდა იყო იდიოტი,

რომ სადმე დადგმა კიდევ მოგინდეს,

როცა ერთადერთი თეატრალური სიახლე ცარცის კავკასიური წრეა,

როცა ვისკონტის გაგების უნარი მემკვიდრეობით გადადის,

როცა არტისტები კულტურული შიმშილით იღუპებიან,

ჩვეულებრივები  - პურის შიმშილით.

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,

რადგან თეატრი მოკვდა.

და კითხვა თუ რას აკეთებს სახელმწიფო თეატრისთვის - არასწორია,

კითხვაა ის თუ რას აკეთებს თეატრი სახელმწიფოსთვის.

***

ჩვენ კი,

ნამდვილად ახალგაზრდები,

ნამდვილ პერსპექტივაში

აღარ გამოვდივართ ოთახიდან,

რადგან თქვენი მოსაქმებულის მოწმენდა არ გვინდა,

აღარ გამოვდივართ ოთახიდან,

რადგან გვამის სუნმა გონება არ დაგვიხშოს;

ჩვენ, ნამდვილი ახალგაზრდები,

ახლო პერსპექტივიდან

ვზივართ ოთახში,

და პერსონალურ ვირუსებს ვებრძვით,

და თუ რეჟისორი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს,

ოღონდაც ნუ გალოთდები,

ოღონდაც ნუ გლოთდები,

რადგან კლიშეა.

 

ფარდა თეატრს