top of page

უბრალო ადამიანთა ისტორიები

2421178.jpg

მაკა ვასაძე

უბრალო ადამიანთა ისტორიები

ალვის ჰერმანესის წარმოდგენას „შუკშინის მოთხრობები“, რომელიც მან „ხალხთა სახელმწიფო თეატრში“ (რუსეთი) განახორციელა, ადამიანების მიმართ სიყვარულით შექმნილი სპექტაკლი შეიძლება ვუწოდოთ. სამსაათნახევარი გვიყვებოდნენ და წარმოადგენდნენ რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი ვასილი შუკშინის 9 მოთხრობას. ამ მოთხრობებში მწერალმა თავის მშობლიური მხარის ალტაის სოფელ სროსტკის მცხოვრებთა ტიპაჟები ასახა, მათი ისტორიები, ზოგჯერ მხიარული სასაცილო და ზოგჯერ კი სევდისმომგვრელი. რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა შუკშინის მოთხრობებში არსებული მთავარი მოტივი - უბრალო ადამიანებისადმი განუსაზღვრელი სიყვარულის გრძნობის გადმოცემა შეძლეს.

სპექტაკლის სცენოგრაფია ძალიან უბრალო და მარტივია. სცენა გადანათებულია, დგას ერთი გრძელი ხის სკამი, მის უკან იცვლება დიდი ბილბორდების მსგავსი ფოტოები, ყოველ ახალი ამბის თხრობა, ბილბორდის შეცვლით იწყება. ფოტოები მონიკა პორმალეს ეკუთვნის. შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლზე მუშაობისას შუკშინის მშობლიურ ალტაის მხარეში მოგზაურობდა. სწორედ იქ არის გადაღებული ფოტოები, რომლებიც სპექტაკლს სინათლეს და სითბოს მატაბენ. მაყურებელი ხან მზესუმზირის ულამაზეს მდელოს უცქერს, ხან მდინარის ხეობას, ხან სოფლის პეიზაჟს ტრაქტორებითა და სახლებით, ხან კი ქალაქურ ე. წ. „ხრუშჩოვკებს“, ფინალში კი დამჭკნარ მზესუმრის ყვავილებს.

რეჟისორის გადაწყვეტით მსახიობები არ გარდაიქმნებიან ამა თუ იმ პესონაჟად, ისინი გვიყვებიან მათ შესახებ და თამაშობენ ტიპაჟებს. უბრალო, ამაღელვებელი ადამიანური ისტორიების ცქერისას მაყურეელი ხან გულიანად იცინის, ხან  ცრემლმომდგარი ადავნებს თვალს სცენას. სპექტაკლი ორმოქმედებიანია. პირველი უფრო მხიარულია, მეორე სევდიანი. ჰერმანესმა და მსახიობებმა შექმნეს ძალიან თბილი, სიყვარულით და განცდებით აღსავსე სამყარო.

სახელგანთქმულ რეჟისორს ალვის ჰერმანესს თანამედროვე მსოფლიო თეატრის „ახალ ჰუმანისტს“ უწოდებენ. სწორედ რომ ჰუმანისტს შეეძლო ასეთი სითბოთი აღვსილი სპექტაკლის დადგმა.  შუკშინის და ჰერმანესის შემოქმედების გამაერთიანებელი და მამაძორავებელი ძალა ადამიანის სიყვარულია.

შუკშინისა და ჰერმანესის ტიპაჟებს თამაშობენ: ევგენი მირონოვი, ჩულპან ხამატოვა, იულია სვეჟაკოვა, იულია პერესილდი, ნატალია ნოზდრინა, მარინა ვოროჟიშევა, ალექსანდრე გრიშინი, პაველ აკიმკინი, ალექსანდრს ნოვინი, დიმიტრი ჟურავლიოვი. ისინი ხან ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგონებს, ხან შუახნის ადამიანებს, ხან მოხუცებს და ხან ბავშვებს წარმოადგენენ. მსახიობებს  ისეთ რიტმში მიყავთ სპექტაკლი, რომ მაყურებელს ერთი წუთითაც კი არ აძლევენ მოდუნების საშუალებას, სამსაათნახევარი თითქოს ერთი ამოსუნთქვით ჩაივლის.

bottom of page