სიახლოვე-კაცობრიობის გზა და გზავნილი ადამიანს

ლაშა ჩხარტიშვილი

 

„სიახლოვე“ - კაცობრიობის გზა და გზავნილი ადამიანს

დაუგავპილსის თეატრის არავერბალური ნაწარმოები „სიახლოვე“ იმაზე მეტია, ვიდრე ერთი უსიტყვო და ლამაზი წარმოდგენა, რომელიც სხეულის ენით გვიჩვენებს ადამიანთა სამყაროს გზას არა დასაბამიდან აპოკალიფსამდე, არამედ პირიქით. წარმოდგენის რეჟისორული გადაწყვეტის ორიგინალობა მხოლოდ ამბის თხრობის შებრუნებულ რეტროსპექტულ ფორმაში არ გამოიხატება. სპექტაკლში, რომელშიც უსიტყვო ნოველები მძივებივით არის აწყობილი, მოგვითხრობს განსხვავებულ ისტორიებს, რომლებშიც თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც კი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. როგორც ბედისწერა ანტიკურ თეატრში, არავერბალურ ნოველებს ისე გასდევს რეფრენა-მიზანსცენად მთავარი გმირი, რომელიც სამყაროს შემქნელივით ყველგანაა და ყოველთვის ადამიანის გვერდითაა.

წარმოდგენა წარღვნით, ერთგვარი აპოკალიფსით იწყება და პირველი ადამიანების, ადამისა და ევას გაცნობით სრულება. ეს ასოციაცია პირობითია და ინდივიდუალური. „სიახლოვე“ მრავალ ასოციაციას აღძრავს მაყურებელში და ის დამოუკიდებელ, სუბიექტურ ისტორიას თხზავს თავის წარმოსახვაში. 90 წუთის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი გვიჩვენებს კაცობრიობის განვითარების გზას, პერიპეტიებს, თავგადასავლებს. მოგვითხრობს ადამიანთა სიყვარულსა და განშორებაზე, ემოციებსა და განცდებზე, სტიქიებსა და ბუნების (ცივილიზაციის) სიკეთეებზე...

სპექტაკლში მთავარი ადამიანია და არა მოვლენები. დადგმის ავტორებისთვის (იდეის ავტორი და ქორეოგრაფი: ირინა ბოგერუკი, მხატვრული ხელმძღვანელი და რეჟისორი: ოლეგ შაპოშნიკოვი) ადამიანი და მისი ემოცია, სულიერი სამყარო, ადამიანთა ურთიერთობები და დამოკიდებულებებია მნიშვნელოვანი მოვლენაში და არა პირიქით.

წარმოდგენა ერთგვარი პროლოგით იწყება, რომელიც სინამდვილეში სპექტაკლის რეზიუმეა, რომელიც მაყურებელთან ინტერაქტივსაც მოიცავს. პროლოგი-რეზიუმე ფაქტობრივად, პაუზების და მუსიკალური თანხლების გარეშე მიმდინარეობს. თითქმის სტატიკურ მიზანსცენაში ვხედავთ მსახიობთა მეტყველ სახეებს, რომელშიც მათი დამოკიდებულებები იკვეთება დანარჩენი სამყაროს მიმართ, რომელიც პარტერშია განთავსებული მაყურებლის სახით. აქედან იწყება კულმინაცია,  რომელიც მშვიდი საექსპოზიციო ნაწილისკენ მიდის. ნოველები ერთმანეთს ენაცვლება, მათ შორის, კი გარდამავალი ხიდები ის სემიოტიკური ნიშნებია, რომელიც თითოეულ ნოველაში გვხვდება ხან ხილული რეკვიზიტის, ხანაც კი უხილავი იდეის სახით.

სრულყოფილი სხეულების მქონე დაუგავპილსის თეატრის მსახიობები მონაცვლეობით, დახვეწილი და აზრობრივად დატვირთული მოძრაობებით გადმოგვცემენ სიახლოვის სიტკბოსა და სიმწარეს. მსახიობების გამომსახველობითი საშუალებების მთავარი ინსტრუმენტები სხეული და მიმიკაა, რომლებიც ბევრად მეტყველია და მულტიფუნქციური. მათი პროფესიონალიზმის წყალობით, წარმოდგენის მთავარი ვიზუალური ეფექტი სწორედ მსახიობია, რომლებიც ჰარმონიულ და სინქრონულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს ქმნიან.

სპექტაკლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მულტიფუნქციური მულტიმედია და ჰიბრიდული მუსიკა, რომლებიც მსახიობებთან ერთად ამბის მთხრობელები და წარმოდგენის თანაბარი მონაწილეები, პერსონაჟები არიან. მულტიმედია (სცენოგრაფია და კოსტიუმები: ეგილს ვილიუმოვსი) ხან ატმოსფეროს შემქმნელი ფონია, ხან მსახიობის პარტნიორი, ხან პერსონაჟის სულიერი სამყაროს სარკე და ანარეკლი, ხანაც ვირტუალური რეკვიზიტი... სწორედ იგივე როლი შეითავსა მხატვრულმა განათებამაც სპექტაკლში (შუქის მხატვარი: სერგეი ვასილევი), რომელიც დინამიკურია, კონცეპტუალური და მრავალფუნქციური. რაც შეეხება მუსიკას ის პოლისტილისტურია - კლასიკური მუსიკიდან დაწყებული ელექტრონულით დამთავრებული, რომელიც ხან მელოდიის, ხანაც ხმების სახით გვხვდება წარმოდგენაში, მაგრამ ჩნდება ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას, სადაც ის საჭიროა და აუცილებელი.

წარმოდგენა კონტრასტების პრინციპზეა აგებული. ეს კონტრასტი არა მხოლოდ სიუჟეტურ თხრობაში, არამედ წარმოდგენის ფორმასა და ჟანრობრივ გადაწყვეტაში იკვეთება. ვირტუალური და რეალური სამყარო მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს, როგორც სიახლოვე და სიშორე ადამიანთა შორის. მთლიანობაში, შემოქმედებითი ჯგუფი ლამაზ, სინთეზურ, ჰარმონიულ, ესთეტურ და ნატიფ სამყაროს ხატავს, ისეთს როგორიც ის არის, გააჩნია როგორი თვალით და რომელი კუთხიდან შევხედავთ.