top of page

სიცრუის ჭეშმარიტებად შეფუთვა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.KKurWPqeyITLqTYLV9GYZ9CXiD66LwN4MrO2VwRgmro.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

სიცრუის ჭეშმარიტებად შეფუთვა

 

ნიკოლო მაკიაველის 1518 წელს დაწერილი სატირული თხზულება „მანდრაგორა“, რომელიც აღორძინების ეპოქის მორალსა და მენტალურ სიბნელეს აღწერს, დღესაც აქტუალურია. პირველად „მანდრაგორა“ ლევან წულაძის სტუდენტმა მამუკა ბაბილოძემ ოზურგეთის თეატრის სცენაზე, 2018 წელს დადგა. სარკაზმითა და ირონიით სავსე პიესას კვლავ მიუბრუნდა ქართული თეატრი. ამჯერად, ანდრო ენუქიძის სტუდენტმა, ტარიელ კუბლაშვილმა საკმაოდ საინტერესო ვერსია (ფორმისა და მასში წამოჭრილი პრობლემების გააზრების თვალსაზრისით) შეთხზა (შექმნა) თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენიდან სცენაზე, რომელშიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

 

სტუდენტმა რეჟისორმა ტარიელ კუბლაშვილმა გამოავლინა რეჟისორული უნარები, იუმორის გრძნობა, კლასიკური ნაწარმოების თანამედროვედ წაკითხვის და მსახიობთა მართვის, სათეატრო საქმის ორგანიზების უნარები. მაკიაველის „მანდრაგორა“ ტატო კუბლაშვილმა ხალასი იუმორით, მწარე ირონიითა და უკიდურესი ცინიზმით გააცოცხლა. მართალია, ლიტერატურულ პირველწყაროში ეს ყველაფერი ძევს, მაგრამ დებიუტანტი რეჟისორის წარმატებაც სწორედ ისაა, რომ მან შეძლო ნაწარმოების იდეურ შრეებში არსებულის პრობლემების არა მარტო მაყურებლამდე მოტანა, არამედ მისი თანამედროვედ აჟღერება.

 

ტარიელ კუბლაშვილი  (რეჟისორის ასისტენტი თაკო ლეკიშვილი, ტექნიკური რეჟისორი ირინა მეტონიძე) მოგვითხრობს ადამიანურ სიხარბესა და ორგულობაზე, რელიგიური ინსტიტუციის ფარისევლობასა და თვალთმაქცობაზე, მოჩვენებით მორალისტებზე და ფსევდო მორალისტობაზე და რაც მთავარია, გონიერების ძალის უპირატესობაზე. დასცინის სიყალბესა დ პათეტიკურობას. ამავდროულად, ახალბედა რეჟისორი ახდენს „თამაშის ხელოვნების“ ირონიზებას, დასცინის თანამედროვე ქართულ თეატრში, სამსახიობო ხელოვნებაში გაბატონებულ სტილს.

 

ახალგაზრდა რეჟისორი თამამად და გულწრფელად მოგვითხრობს მორალისტთა ორმაგ სტანდარტზე, ხაზს უსვამს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების მოჩვენებით მორალზე, ასევე ამხელს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ეკლესიის ავტორიტეტს და ღმერთის სახელს პირადი გამორჩენისთვის იყენებენ. მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟისორი არ აკრიტიკებს რწმენას, არამედ სისტემას, რომელიც ბიზნესად იქცა. რეჟისორი აგრეთვე ხაზს უსვამს უსიყვარულო ქორწინებას, მოჩვენებით ოჯახებს, რომელიც თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ სპექტაკლში ყველა პერსონაჟი იტყუება, ან თავს იტყუებს, არავინაა გულწრფელი და მართალი, რადგან ამ საზოგადოებაში მთავარია მიზანი და შედეგი. 

 

წარმოდგენას ქორო იწყებს, რომლებიც კანცონებს ასრულებენ მუსიკალურად. ქორო ნინუცა ცაგარეიშვილი, ელენე ჭავჭავაძე, ნინი მაჭავარიანი, გიო სირბილაძე და დაჩი მუჯირიშვილი ერთნაირ, სტილიზებულ, აბსტრაქტული ეპოქის კოსტიუმებში არიან გამოწყობილები (მხატვარი ნუცა კერესელიძე), ზოგადად კოსტიუმები წარმოდგენაში სტილისტური თვალსაზრისით ეპოქებს შორისაა გაჩხერილი. მაკიაველის ნაწარმოები აღორძინების ეპოქის საზოგადოებაზე მოგვითხრობს, რეჟისორი კი დღევანდელობაზე, პერსონაჟების უმრავლესობას კი გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი კოსტიუმები აცვიათ. თავად კოსტიუმები კი მსახიობებმა კარგად მოირგეს და პერსონაჟების ხასიათს დაუქვემდებარეს. 

 

ქოროს მსახიობებმა ხან კონფერანსიეს ფუნქციას იტვირთეს, ხანაც სიუჟეტს მოგვითხრობენ და ზოგჯერ სცენაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. ამ ყველაფერს ისინი ხან რეჩიტატივით, ხანაც სიმღერით გადმოსცემენ, რომელიც ეფუძნება „პაპსად“ ქცეულ, საერთო სახალხო, საყოველთაო სიმღერებს. კანცონა შუასაუკუნეების ხალხური (და არა მარტო) ლირიკული პოეზიის ერთგვარი ფორმაა, რომელსაც მუსიკალური ხასიათი აქვს და იმ ეპოქის დრამატულ ნაწარმოებებში (წარმოდგენებში) იყო ინტეგრირებული. კანცონების ქართული ვერსიები განსაკუთრებულ ფერს სძენს ტარიელ კუბლაშვილის სპექტაკლს, მაგრამ პოპულარული უცხოური სიმღერები, რომელზედაც ტექსტია დაფუძნებული ცალსახადა აკნინებს წარმოდგენის მხატვრულ ხარისხს და ანგრევს სპექტაკლის სტილისტიკას. გემოვნებიანი იუმორის გვერდით, მდარე და სხვადასხვა დროის, სტილისა და ჟანრის სიმღერების გამოყენება ერთიან კონცეფციას და წარმოდგენის კონტექსტს ემიჯნება, რაც აშკარად ანგრევს წარმოდგენის ერთიან სტილს.

 

სამაგიეროდ, ტარიელ კუბლაშვილმა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა: დაჩი ცაავამ, ნანა ბიბილაშვილმა, ლაშა მორჩილაძემ, ანა თოგოშვილმა, რაჟდენ ლაღაძემ, თამარ ქადაგიძემ, ნიკა გუგუნავამ და სანდრო ფოლადაშვილმა ბოლომდე შეინარჩუნეს კომედი დე ლ’არტეს, ბერიკაობის, იმპროვიზაციული, ინტერაქციული თეატრის სტილისტიკა და შექმნეს ატმოსფერო, რომელიც საშუალებას არ გაძლევს მოდუნდე და გამოეთიშო მოვლენებს, რომელიც ძირითადად სცენაზე, მაგრამ პარტერშიც ვითარდება. შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას, მუდმივად კომუნიკაციაშია მათთან და წარმოდგენის დასრულებამდე არ იკარგება/ქრება ინტრიგა, რომელიც პირველივე სცენიდანვე დაიბადა სცენაზე.

 

ტარიელ კუბლაშვილი იუმორითა და ირონიით ეხმიანება ჩვენს დროს. სპექტაკლში გვესმის ფრაზები, რომელსაც მაკიაველის ტექსტში ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ განცდა რჩება, რომ ეს ფრაზები, რომელიც გულიანად გვახარხარებს და პირდაპირ თანადროულობასთან ბადებს ასოციაციებს, ავთენტურია. ტარიელ კუბლაშვილი მსახიობებთან ერთად ქმნის კარიკატურულ, მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს, ტიპაჟებს, რომლებიც ნახატი, ანიმაციური ფილმების ეპიზოდებსა და პერსონაჟებს მოგაგონებთ. ასეთი მიდგომა სტილისტურად თავსებადია სპექტაკლის საერთო სარეჟისორო გადაწყვეტასთან. მართალია ეს შემართება ზოგჯერ იკარგება, მაგრამ მცირედიც იმდენად ეფექტურია, რომ არ გავიწყდება და განწყობას აძლიერებს.

 

სტუდენტ-მსახიობებს მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა მოუწიათ. მათ შეძლეს კომედიის ჟანრში დაეცვათ ზომიერება, მიემართათ იმპროვიზაციისთვის, რომელიც საკმაოდ სახიფათოა გამოცდილი არტისტებისთვისაც კი. აქ ეს ბალანსი დაცულია. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ავლენენ მახვილგონიერებას და ინტუიციის უნარს.

 

ნანა ბიბილაშვილის ლუკრეცია ერთი შეხედვით წესიერი, ქმრის ერთგული, ღვთის მოსავი ქალია, თუმცა შექმნილ სიტუაციაში ის ვერ უძლებს ცდუნებას და ტყუილსა და ვნებას ემორჩილება. ტიპაჟურად ის ჟუჟუნას პერსონაჟს მოგაგონებთ რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრიდან“, სახასიათო ტიპაჟს ქმნის თამარ ქადაგიძე (ქალი მრევლიდან), რომელიც იმ საზოგადოებას განასახიერებს, რომელიც ეკლესიიდან გამორჩენას ლამობს. მისი სცენები ფრა ტიმოტეოსთან (ნიკა გუგუნავა) არის სასაცილო, ირონიითა და სოციალური პათოსით გაჯერებული. „მანდრაგორას“ ქალ პერსონაჟთა გალერეაში ეპიზოდური როლია სოსტრატა (ანა თოგოშვილი). მიუხედავად რამდენიმე გაელვებისა მსახიობი ახერხებს პერსონაჟის ხასიათის გამოკვეთას, მსახიობი იყენებს ისეთ გამომსახველობით საშუალებებს, რომ მაყურებელს შეუძლია სოსტრატას სრული ხასიათის გამოცნობა, მსახიობი ახერხებს პერსონაჟის სრული პორტრეტის დახატვას.

 

რაჟდენ ლაღიძე (ლიგურიო) ქმნის ახალგაზრდა გონებამახვილი კაცის მხატვრულ სახეს, ის მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხრიკს მიმართავს - სიცრუეს და მანიპულაციებს. ლაშა მორჩილაძე (მესერე ნიჩა) წარმოგვიდგენს მდიდარ, მაგრამ სულელ კაცს, რომლის გაბითურება იოლია. ის სატირული ფიგურაა, რადგან განასახიერებს უუნარო და უთავმოყვარეო ელიტას. საკმაოდ ეფექტურია დაჩი ცაავას (კალიმაქო) ყოველი გამოჩენა სცენაზე. მსახიობის ჰაბიტუსი, მოხდენილი კოსტიუმი და სცენური მომხიბლელობა კარგად მოერგო გაიძვერა, ვნებით გაჟღენთილი კალიმაქოს ტიპაჟს. დაჩი ცაავა ფაქტობრივად განასახიერებს იმ „პროფესიონალს“, რომელიც კარგად ფუთავს მის არაპროფესიონალიზმს და რომელსაც მარტივად შეუძლია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

სპექტაკლიდან ახალგაზრდა მსახიობების მიერ განსახიერებული ბევრი პერსონაჟი გამახსოვრდება, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკა გუგუნავას (ფრა ტიმოთეო) და სანდრო ფოლადაშვილის (შ(ს)ირო) შექმნილი ტიპაჟური პერსონაჟები. გარდა იმისა, რომ მსახიობები ახერხებენ პერსონაჟთა ხასიათის თითქმის სრულყოფილად გამოვლენას, ხშირად მიმართავენ იმპროვიზაციას, ამყარებენ კომუნიკაციას მაყურებელთან და სპექტაკლის სხვა მონაწილე მსახიობებთან, როგორც მსახიობები და არა პერსონაჟები. ამ რთულ ამოცანას დამწყები მსახიობები წარმატებით ართმევენ თავს. ნიკა გუგუნავა ერთი კათოლიკე ბერის მაგალითზე ქმნის ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის სურათს, რომელიც დაფუძნებულია ფარისევლობაზე, ტყუილსა და პირადი სარგებლის მოპოვებაზე. სანდრო ფოლადაშვილი ერთი მხრივ მსახურს წარმოადგენს, მაგრამ მეორე მხრივ მას დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ მის ბატონზე, არამედ საზოგადოებაზეც. მსახიობი ქმნის მულტიპლიკაციურ ტიპს, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ მოძრაობასა და მოქმედებაში, არამედ ინტონაციებში.

 

საინტერესოდ იმუშავა ქორეოგრაფმა ნანა ბიბილაშვილმა, რომელმაც ისე დადგა ცეკვა, რომ ქმნის განწყობას, ხატავს პერსონაჟის ხასიათს და შინაგან ბუნებას. რაც შეეხება სცენოგრაფიას: ის მარტივია, სადა, უფრო სწორად პრიმიტიული. სცენაზე იტალიური სახლის ფასადს ვხედავთ. სცენა ბრუნავს და მეორე მხარეს ხან ეკლესიაა, ხანაც ამათუ იმ პერსონაჟის სახლი. მხატვარმა ნუცა კერესელიძემ მანდრაგორას ფესვებით „შეამკო“ სასწავლო თეატრის სცენის რამპის კუთხეები, რომელიც უფუნქციო დანამატია სპექტაკლის.

 

მაკიაველის „მანდრაგორას“ თანამედროვე დადგმა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად უცვლელია ადამიანის ბუნება — ეპოქა შეიცვალა, კოსტიუმები და დეკორაციები განახლდა, მაგრამ კალიმაქოები, მესერე ნიჩები და ფრა ტიმოთეოები კვლავ ჩვენს ირგვლივ თანაარსებობენ. ტარიელ კუბლაშვილმა ირონიით და მსუბუქი გროტესკით გათამაშებული რეალობა არა მარტო სიცილის, არამედ უხერხული ნაცნობი სიტუაციის სარკედ აქცია. ეს არაა კომედია მხოლოდ სიყვარულზე, ცოლქმრობაზე ან უშვილობაზე — ესაა ჩვენზე, ჩვენს ორმაგ სტანდარტებზე, ჩვენივე მოხერხებულ სიბეცეზე და იმაზეც, როგორ ვხვდებით სისულელეში და მერე კომფორტულად ვეწყობით მასში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტარიელ კუბლაშვილის სპექტაკლს ბევრი ლაფსუსი, გამოუცდელობა და დაუღვინებლობა გასდევს რეფრენად, დადგმის წარმატება სწორედ იმაშია, რომ მაყურებელს აიძულებს, სიცილის ფონზეც კი დაფიქრდეს იმ სისტემურ მანკიერებებზე, რომლებიც მაკიაველის დროიდან დღემდე გვდევს.  სიცრუის ჭეშმარიტებად შეფუთვა, სოციალური როლების თამაში, პირადი სარგებლისკენ გადახრილი მორალი ის თემებია, რომელზედაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ფიქრობ. ახალგაზრდა რეჟისორმა კი საკუთარი მდგომარეობის დასანახად სარკეში ჩახედვა გვაიძულა.

bottom of page