top of page

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი მესამედ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

505989776_1024706279845394_7059690965210109663_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი მესამედ

სახალხო თეატრების სიღნაღის ფესტივალი ახალი წამოწყებაა, იგი მხოლოდ თავისი არსებობის სამ წელიწადს ითვლი, მაგრამ უკვე ტოლს არ უდებს „ხანდაზმულ“ ფესტივალებს - მონაწილე დასებით, საკონკურსო პროგრამით, სტუმართა რაოდენობით, მათი დახვედრით და მასპინძლობით, ღონისძიებათა ორგანიზების მაღალი კულტურით. ეს ნამდვილი თეატრალური ფორუმია ქართველი და უცხოელი სცენისმოყვარეთათვის, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ერთად იკრიბებიან მასპინძლებიც - სიღნაღის თეატრის მოყვარულები, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ჟიურის წევრებიც, თეატრმცოდნეებიც და თეატრის სხვადასხვა დარგის მოწვეული საუკეთესო სპეციალისტები. დღის განმავლობაში ფესტივალის გახსნის მეორე დღიდან იმართება მასტერ-კლასები (რომლებიც ჩაატარეს თეატრმცოდნეებმა მაკა ვასაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, რეჟისორებმა ნიკა საბაშვილმა და ავთანდილ ვარსიმაშვილმა, მანანა ბერიკაშვილმა - მეტყველების კულტურის შესახებ, სანდრო ნიკოლაძემ - მუსიკა თეატრში და ლაშა რობაქიძემ - შეგრძნებადობის ქორეოგრაფია), შეხვედრები, ინტერვიუები და რაც მთავარია სპექტაკლები, რომელსაც ესწრება ყველა ზემოთ ჩამოთვლილნი და ჩამოსულები, არამედ სიღნაღის მოსახლეობა.

 

ქალაქის მესვეურებმა მთავარ მოედანზე დიდი ეკრანიც კი დაამონტაჟეს, სადაც პირდაპირ გადაიცემოდა სპექტაკლები, იმდენად დიდი იყო მაყურებელთა რაოდენობა, რომელსაც ეს პატარა თეატრალური შენობა ვერ იტევდა. წლევანდელ ფესტივალიც ტრადიციულად დატვირთული იყო წარმოდგენათა რაოდენობით და უცხოელ დასებთან ერთად გაიმართა 11 სპექტაკლი და კინოჩვენება (ამაზე ოდნავ მოგვიანებით). უნდა ითქვას რომ, ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა, მაგრამ საორგანიზაციო ჯგუფმა (სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი და გენერალური მენეჯერი, თეატრმცოდნე ნუცა კობაიძე) შერჩევის წესით იმ კოლექტივებს მიანიჭეს უპირატესობა (ჟანრობრივი სხვაობის ჩათვლი), რომელთა უკეთესად წარმოაჩენდნენ თითოეული კოლექტივის სახეს. იყვნენ კოლექტივები, რომლებიც უკვე რამდენჯერმე მონაწილეობდნენ ამ ფესტივალზე. მაგ.: საჩხერის, მესტიის, „არტ დრონის“, გურჯაანის კულტურის ცენტრის, „მოდი ნახეს“ თეატრები, ასევე იყვნენ დებიუტანტების: თეატრი „ლიბრა“ (თურქეთი), დასი „ბასირა“ (არაბთა გაერთიანებული ემირატები), „თეატრი ერა“ პირველი კერძო აზერბაიჯანულ- ენოვანი თეატრი საქართველოში, „ATELIERYL REACT“ რუმინეთიდან, თეატრი „ანარეკლი“ (საქართველო).

 

არ შევუდგები ყოველი სპექტაკლის განხილვას, ვინაიდან ბლოგერები - ახალგაზრდა თეატრმცოდნეები ანასტასია ჩერნეცოვა და სოფო ნიადიბაიძე ყოველი სპექტაკლის შემდეგ ფესტივალის გვერდზე აქვეყნებდნენ ნანახი სპექტაკლების ღრმა ანალიზს. მე მხოლოდ შევეცდები გამოვთქვა ჩემი აზრი ზოგიერთ წარმოდგენილ ნამუშევრებზე. ფესტივალი გაიხსნა ბორჯომის თეატრის წარმოდგენით მიხეილ სევასტიანის „უსახელო ვარსკვლავით“ - რეჟისორი ლუკა ინწკირველი. მიხეილ კოზაკოვის იმ შესანიშნავი ფილმის შემდეგ, რომელიც ჩვენი თაობის კინომოყვარულთ ახსოვთ სპექტაკლმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება: სასცენო ვერსიაში თავისთავად შემცირდა პერსონაჟთა რაოდენობა და მიუხედავად იმის, რომ მასში პროფესიული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ სპექტაკლი უფრო ყოფით „სიტკომს“ დაემსგავსა, სადაც ერთმანეთს შორის ურთიერთობას არკვევდნენ ქალბატონი კუკუ (სალომე მიქელაშვილი), პროფესორი მარინი (ამირან ქაჩიბაია), მონა (თამარ გელაშვილი), კომპოზიტორი უდრის (გიორგი ჩოჩნიძე) და გრიგი (ბაქარ ლომიძე). მაყურებელი ვერ მიხვდა, რატომ იყო მიუღებელი ამ ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი მონას დარჩენა, ან რატომ იყო აკრძალული მეცნიერული კვლევები ამ ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციის გამოქვეყნება. პიესის მთავარი სათქმელი, რომ ეს ხდებოდა ჩაკეტილ სამყაროში, სადაც ცხოვრება და არსებობა მხოლოდ იქ არსებული მკაცრი კანონებით იყო ნებადართული სადღაც გაქრა და დაიკარგა.

 

ლუკა მეგრელიძის ავტორობით, მხატვრული (ანა ტაბატაძესთან ერთად) და მუსიკალური გაფორმებით (თეკლა კიკნაძესთან ერთად) წარმოდგენილმა ქორეოდრამამ „იცეკვე, დამძიმდა ფრთები“ გააჟღერა (ჟღერადობა მაინც ხმასთანაა დაკავშირებული, ეს სპექტაკლი კი არავერბალურია) ალბათ უფრო „გააცეკვა“ თუ შეიძლება ასე ითქვას დღისთვის მთელ მსოფლიოში პრობლემად ქცეული ქალთა ძალადობის თემამ - მათი უფლებების დარღვევა და შეზღუდვა, სწრაფვა თავისუფლებისკენ, როდესაც სრულ უფლებას იტოვებენ საკუთარ სხეულზე, საკუთარ საარჩევნო ხმაზე, საკუთარ მომავალზე, საკუთარ ადგილზე იმ საზოგადოებაში, სადაც უწევთ ცხოვრება - ევროპა იქნება ეს, აზია, ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკის კონტინენტი (ანა ტაბატაძე, მარიამ ბერუაშვილი, სოფიო ტორაძე, თეკლა კიკნაძე, ეკა ბიწაძე, ფოტინე ჩილაჩავა, სამირა კახითაევა, მერი კიკაძე, გიორგი კაკალაძე).

 

ძალიან საინტერესო ნამუშევარი გვიჩვენა თურქმა მსახიობმა კადრი ოზკანმა - ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ მიხედვით. (რამდენჯერმე წარმოდგენილი ქართულ თეატრში - ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინური, კოკო როინიშვილის მარჯანიშვილის სახ., ავთო ვარსიმაშვილი გრიბოედოვის სახ. თეატრებში). თურქი მსახიობის მიერ წარმოდგენილი აკაკი აკაკიევიჩი სულაც არაა საწყალი ჩინოვნიკი, რომლისთვისაც თვით შინელიც კი აღარ არის მისი არსებისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

 

პირიქით, მსახიობი იუმორით, ოდნავი ცინიზმით გვიხატავს ნაწარმოების ამ პერსონაჟის ბუნებას - ხან დასცინის, ხან ეფერება, ხან ეჩხუბება და ხან თანაუგრძნობს მას. პერსონაჟის მიმართ ასეთი მრავალსახეობრივი დამოკიდებულების ჩვენება არც თუ ადვილია, კადრი აზაკმა ეს ნამდვილად შეძლო.

 

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული ემირატებს სტუდენტურის „დასი ბასირას“ წარმოდგენას „ტრიო: სტუმარი“ (ავტორი მოჰამედ ელჰადარი, რეჟისორი მოჰამედ აბდულა) ეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და გულში ჩამწვდომი დრამა, გათამაშებული ახალგაზრდა მსახიობების მიერ დიდი ოსტატობითა და გამბედაობით. ესაა პაექრობა ომში გარდაცვლილ ორ ჯარისკაცს და „ომის ქალღმერთსა“ ამ ომის დამანგრებელ ძალას შორის. ეს ტრაგიკული ისტორიაა, როდესაც გარდაცვლილი ჯარისკაცები სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს, რასაც თან სდევს დიდი მონოლოგი ომის საშინელებაზე, სროლის და ჭურვების აფეთქების და უეცრად სცენაზე ჩნდებიან ჯამბაზი, თითქოს ცირკის არენიდან გადმოსული, ფერადი ჩემოდნით უამრავ კანფეტებს მაყურებელს რომ ურიგებს და მისი პუდელი (მსახიობის შესრულებით). რეჟისორ მოჰამედ აბდულას მიერ თამაშის ამ სტილმა „შეამსუბუქა“ ის ტრაგედია რაც სცენაზე ხდებოდა, სცენაზე ამოიყვანა და ქმედებაში ჩართა მაყურებელი, რათა უფრო მეტად შეეგრძნო ის, რასაც მსახიობები განიცდიდნენ. ედუარდ ოლბის „ზოოპარკის ამბავი“ კარგი დრამატული მასალაა ისეთი თეატრებისთვის სადაც დასი პატარაა, ვინაიდან აქ მხოლოდ ორი მსახიობია დაკავებული, თუმცა ამ ტექსტის სირთულე სულაც არაა ადვილი - აბსურდის თეატრის ეს ნიმუში ყოველთვის იწვევს ინტერესს თუ როგორ განახორციელებს მას რეჟისორი - რაზე კეთდება აქცენტები და რისი თქმა უნდოდა მას ან წარმოების სცენაზე გადატანით. ანარ გუმბათოვი მსახიობია და ეს სპექტაკლი რეჟისორული მცდელობაა, სადაც იგი ერთდროულად გვევლინება სპექტაკლის მხატვრადაც და მუსიკალურ გამფორმებლადაც. სცენაზეც ის სკამია, რაზეც ძირითადად მოქმედება უნდა მოხდეს (ავტორისეული რემარკის შესაბამისად). ჯერი - იდრის რუსტამოვი და პიტერი - ელნურ ვალიევი არ თამაშობენ ამერიკელებს, თანამედროვე კოსტიუმებში გამოწყობილნი ცდილობენ მაყურებელს უჩვენონ მათი პერსონაჟების არსებობის აბსურდულობას, მარტოსულობა, კომუნიკაციის უუნარობა, თუმცა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობდნენ რაღაც საერთო ეპოვათ ერთმანეთში. გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ნიკო“ არავერბალური წარმოდგენაა, სადაც რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ სცენაზე გადაიტანა დიდი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება. განსაკუთრებით შთაბეჭდილებას ტოვებ და დიდი პანო, რომელზედაც თითქოს მხატვრის შედევრები იყო, გამოსახული, თუმცა არც ერთი მათგანი იქ არ ეკიდა - რეჟისორისა და მხატვრის შოთა ბაგალიშვილის ეს ჩანაფიქრი იმდენად ეფექტური იყო, რომ თვალწინ გადაგეშლებოდა ამ გენიალური მხატვრის შემოქმედება, მით უმეტეს რომ აქვე თეატრიდან ორ ნაბიჯში სიღნაღის მუზეუმსა და უფრო შორს მირზაანში ფიროსმანიშვილის მრავალი ნამუშევრები ინახება. გურჯაანის კულტურის ცენტრის მსახიობებმა (გიორგი გელაშვილი,დათა გორგიშვილი, გიორგი ქადაგიშვილი, კახა ოდიშელაშვილი, ლუკა შაკიაშვილი, გიორგი ბერიკაშვილი, სალომე მუსხელიშვილი, ჟანა მაისურაძე, გიორგი ბეროშვილი, მარიამ მაისურაძე, ნინო დვალიშვილი) კომპოზიტორ ალექსანდრე კორძაიას მუსიკის ფონზე წარმოაჩინეს ნიკო ფიროსმანის მთელი ტრაგიკული და უმძიმესი ცხოვრება პატარა ასაკიდან მის აღსასრულამდე.

 

მესტიის და საჩხერის თეატრები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მათთვის ტრადიციული და დამახასიათებელი მანერით: „ლეშნუ“ მუსიკალურ დრამატული კომპოზიციაა სვანურ ტრადიციებზე დაყრდნობი, სადაც შემსრულებლები (გეგი ფალიანი, მარიამ ნავარიანი, გიორგი ნავარიანი, ბაქარ ფალიანი) ანსამბლების „რიჰო“ (ხელმძღვანელი ვახტანგ ფალიანი) და „ბანგურიანი“ (ბექა ჩართოლანი) მუსიკალური შესრულების ფონზე (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი ხოსიტაშვილი) გვიყვებიან სვანეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მათ წეს-ჩვეულებაზე, მთის ხალხის ვაჟკაცობაზე და გაუტეხელ სულზე, დაუმორჩილებლობაზე და თავისუფლების სიყვარულზე.

 

საჩხერის სახალხო თეატრმა კი ამჯერად რეზო გაბრიაძის „შერეკილები“ აირჩია წარმოსადგენად და ერთაოზის (გია ჩხეიძე) ამბავი მოგვიყვა, რომელიც ქალაქში აღმოჩნდება და ქრისტეფორეს (გიორგი მეტონიძე) გაიცნობს. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორიც გიორგი მეტონიძეა, ქორეოგრაფი ლიკა დარბაიძე და მსახიობებმა: ცოტნე ჭუმბურიძე, ბადრი ბერიძე, დარეჯან ჯოხაძე, მარიამ პანაიოდი, ბუბა სავანელი, გურამ შუკაკიძე და ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად გაგვახსენეს რეზო გაბრიაძის იუმორი, მისი უშრეტი ფანტაზია და თავისუფლებისკენ სწრაფვა - შერეკილები, ისევე როგორც ამავე სახელწოდების ფილმში, ისინიც სურვილს აისრულებენ და ცაში აფრინდებიან.

 

რუმინულმა „ATELIERYL REACT“ წარმოსადგენად აირჩია ლეონიდ ზორინის „ვარშავის ისტორია“, საბჭოური დრამატურგიის ერთ-ერთი გავრცელებული პიესა და ამბავი, რომელიც კარგად გამოხატავდა სტალინური ეპოქისთვის დამახასიათებელ დესპოტიზმსა და ადამიანის უფლებების დარღვევის მაგალითებს. სპექტაკლში მხოლოდ სამი პერსონაჟია: ჰელენა მოდლევსკა (ანდრეა ბოშნეაგი), ვიტეკი (ვალენტინ ანდრიესი) და ჯარისკაცი (მიჰაი მირიან იონესკუ). მსახიობებმა და რეჟისორმა მირჩა როტარუმ მუსიკალურ გამფორმებელ მარიუს დობრესთან ერთად შეძლეს ეჩვენებინათ იმ მძიმე ეპოქის სურათი - მეორე მსოფლიო ომის დასასრული და ორი შეყვარებული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ტრაგედია, რომელთაც ერთად ყოფნა არ ეწერათ სტალინური სასტიკი რეჟიმის დროს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდინახე“ გამოცდილი კოლექტივია რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობის და მეორედ მონაწილეობს ამ ფესტივალზე. წელს მათ წარმოადგინეს რეჟისორ-მაგისტრან (ავთანდილ ვარსიმაშვილის ჯგუფი) გიორგი ჭანტურია სპექტაკლი, მიხო მოსულიშვილის „უკანასკნელი თოლია“ - ეროვნული გმირის ჟიული შარტავს ტრაგიკული ისტორია და სიკვდილი სოხუმის დაცემისას. სპექტაკლი ფესტივალის დასასრულისკენ იყო ნაჩვენები და თავისი სრულყოფილები, საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტით და მსახიობთა შესრულებით მაშინვე აღმოჩნდა ლიდერთა ჯგუფში და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილიც. უნდა ითქვას, რომ აქაც როგორც რამდენიმე სხვა წარმოდგენაში გიორგი ჭანტურია გვევლინება მუსიკალურ გამფორმებლად და მხატვრადაც. ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს სულაც არ აკნინებს სპექტაკლის გარეგან გაფორმებას, მაგრამ მაინც მგონია, რომ წარმოდგენა და ზოგადად თეატრალური ნამუშევარი მაინც კოლექტიური შრომის შედეგია და რაც უფრო მეტი პროფესიონალი ხელოვანი მონაწილეობს პროდუქციის შექმნაში მით უფრო ხატოვანი და მიმზიდველი ხდება იგი. ლაშა შარაშენიძე - ჟიული შარტავა, ჩინდიკოვი -მინდია ქიტიაშვილი, ირმელა შეუტცე - ნატა მეშველიანი, გურამ გაბესკირია - ზუკა ბერუაშვილი, რაულ ეშბა - შოთა კაჭარავა, ჯუმბერ ბეთაშვილი - გიორგი ონიანი, გურამ ჯანიაშვილი - ნიკოლოზ მღებრიშვილი, ვალმერ ბუტბა - ლუკა აკობია, ჯოკერი - გიორგი ანთიძე, მელტიკი - ნიკოლოზ კალმახელიძე, კორესპონდენტი - ანანო გოგია, რუსი, კაზახი და აფხაზი ჯარისკაცები; გიორგი კუტელია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათო ტატულიშვილი ქმნიან დაუვიწყარ სახეებს, ისტორიულ პერსონაჟებს და ოსტატურად გადმოსცემენ იმ ეპოქასა და კატაკლიზმებს რაც იმდროინდელ სოხუმში ხდებოდა.

 

და ბოლოს კიდევ ერთი გამარჯვებული თეატრ „არტ დრონთან“ ერთად არავერბალური წარმოდგენა პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასულის“ მიხედვით გიგი ლორიას მიერ თეატრ „ანარეკლში“ დადგმული „ასული“. ესაა ქორეოდრამა დაკარგულ სიყვარულზე, მიტოვებულ, სასოწარკვეთილ, მარტო დარჩენილ ქალზე და თავდაუზოგავი ბრძოლა სულიერად გადარჩენისთვის. სამი ასული (ნინო აფციაური, ბარბარე შერმაზანაშვილი, სალომე ფალიშვილი) და ერთი ვაჟკაცი (ლუკა კაპანაძე) - დაკარგული სიყვარული, მსახიობ-მოცეკვავეები, პლასტიკით, ქორეოგრაფიით და სხეულის ენით (ქორეოგრაფი სალომე ფილიშვილი, მუსიკა - სანდრო ნიკოლაძე) წარმოგვიდგენენ პოლიკარპე კაკაბაძის დრამატულ ტექსტს და მის სულიერ განწყობას, იმ მთავარსა და არსებითს რაც დრამატურგმა ამ ნაწარმოებში ასახა.

 

კიდევ ერთი სიახლე რაც ამ ფესტივალს ახლდა ეს იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ რეჟისორზე, ჩვენს კარგ მეგობარზე, საქართველოს თეატრალური ფესტივალების მონაწილეზე ეიმუნტას ნეკროშუსზე, რომლის სპექტაკლები კარგად ახსოვს ქართველ თეატრალებს. აუდროს ლიუგასი წლების განმავლობაში ამ რეჟისორის პროდიუსერი იყო და ამ ფილმში შესულია დოკუმენტური კადრები არა მხოლოდ სხვადასხვა სპექტაკლებზე მუშაობის დროს არამედ მისი მოკლე ინტერვიუც, მისი მხატვრული აზროვნების ასპარეზი და მსოფლმხედველობა.

 

ფესტივალი დასრულდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ გადაეცათ ფულადი პრემიები, რაც ამ კოლექტივების შემდგომი განვითარებისათვისაა გამიზნული.

bottom of page