top of page

სიყვარულდაკარგული ოჯახის დრამა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ADA3C13C-AD91-4342-8940-8A72413FBD5D.png

მაკა (მარინე) ვასაძე

სიყვარულდაკარგული ოჯახის დრამა

(იუჯინ ო’ ნილის „გრძელი დღის შემოღება“ თუმანიშვილის თეატრში)

ამერიკული თეატრის მამად წოდებული, ნობელის პრემიის ლაურეატი იუჯინ ო’ნილის დრამატურგიულ ნაწარმოებებს საქართველოში კარგად იცნობენ. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მის პიესებს[1]  ახორციელებდნენ ქართულ სცენაზე და იღებდნენ მუნჯ ფილმებს,[2] ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს - „გრძელი დღის შემოღამება“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და პულიცერის პრემია მიიღო, მკვლევრები ო’ნილის ერთ-ერთ საუკეთესო დრამად მიიჩნევენ. გამოქვეყნებიდან დღემდე პიესა ხშირად იდგმება მსოფლიო სათეატრო ფიცარნაგებზე და რამდენიმე ფილმს უდევს საფუძვლად.[3]  

საქართველოში, წელს პირველად,  თუმანიშვილის თეატრში, ო’ნილის  „გრძელი დღის შემოღამება“, აშშ-ში მოღვაწე უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ[4] დადგა. რეჟისორმა პიესის საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, დრამატურგიული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნისას, გამოიყენა მონტაჟის პრინციპი, ოთხმოქმედებიანი პიესა შეკვეცა, ზოგი რამ გადააადგილა, მოახლის პერსონაჟი ამოიღო, ამისდა მიუხედავად ნაწარმოების ო’ნილისეული კონცეფციის ერთგული დარჩა.

ტროიანოვსკის სპექტაკლი სამსახიობო ანსამბლზე დაფუძნებული ნამუშევარია. რეჟისორმა და მსახიობებმა სკრუპულოზური სამუშაო ჩაატარეს პერსონაჟთა ხასიათების ამოსახსნელად და ხორცშესასხმელად. ნინელი ჭანკვეტაძე - მერი ტაირონი, პაატა ბარათაშვილი - ჯეიმს ტაირონი, ბექა ჯუმუტია - ჯეიმი ტაირონი და ლუკა ჩუბუხია - ედმუნდ ტაირონი, ერთმოქმედებად გაკეთებულ, თითქმის 2 საათიან სპექტაკლში, ერთი ოჯახის ტრაგიკულობამდე აყვანილ დრამატულ ამბავს ქმედითად გადმოსცემენ. სპექტაკლი დრამატურგიული ნაწარმოებიდან გამომდინარე, იკვლევს და სვამას კითხვებს, რატომ იქცნენ ერთ დროს თითქოსდა ბედნიერი ოჯახის წევრები, ერთმანეთთან გაუცხოებულ ადამიანებად? რა არის მიზეზი ამ ოჯახის დაშლის და გაუბედურების? ვინ არის ამაში დამნაშავე? განარკომანებული დედა, გალოთებული ძუნწი მამა, გალოთებული შურით აღვსილი უფროსი ძმა, თუ გალოთებული, ჭლექით დაავადებული უმცროსი ვაჟი? შემოქმედებითი ჯგუფი, პიესიდან გამომდინარე,  არ გვაძლევს ერთ კონკრეტულ პასუხს. მაყურებელმა თავად უნდა უპასუხოს გაჩენილ კითხვებს. პიესაშიც და სპექტაკლშიც არ არიან მკვეთრად გაყოფილი დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟები, აქ არ არის სიკეთესა და ბოროტებას შორის ჭიდილი და არც მხოლოდ ნათლისა და ბნელის დაპირისპირებაა.

პიესის მიხედვით და სპექტაკლშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ხდება - დილიდან გვიან საღამომდე და ამ ერთ დღეში აისახება ოჯახის დაშლის, შეიძლება ითქვას გაცამტვერების დრამატული ამბავი. რეჟისორის მიერ აგებული მოვლენათა რიგი,   ერთიმეორიდან გამომდინარეა და „ჯაჭვური რეაქციით“ მთავარ მოვლენამდე, ზეამოცანამდე მივყავართ. ვფიქრობ სპექტაკლის მთავარი სათქმელი - ადამიანებს შორის სიყვარულის არ არსებობა, უფრო სწორად ადამიანთა მიერ სიყვარულის დაკარგვაა. სწორედ სიყვარულის დეფიციტია მთავარი მიზეზი ტაირონების ოჯახის გაუბედურების და თუ რატომ მოხდა ასე, სწორედ ამას იკვლევს სპექტაკლი.

მსახიობები რუდუნებით ძერწავენ თავიანთ პერსონაჟთა ხასიათებს და ფსიქოლოგიური ნიუანსებით აღსავსე სახეებს ქმნიან. ნინელი ჭანკვეტაძე განარკომანებულ, ნევრასთენიკ ქალს, დედას თამაშობს, რომელსაც მორფინის დოზის მიღება-გაკეთება ცხოვრების საზრისად ექცა. ნინელი ჭანკვეტაძე სამსახიობო ოსტატობით აგებს ნარკომანი ქალის სახეს. მისი მერი ტაირონის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა გამოიკვეთება მეტყველების მანერაში, პლასტიკაში, მიმიკასა და ჟესტიკულაციაში. მსახიობი მინიშნებითი ნიუანსებით ქმნის თავის მერის. მაგალითად, დასაწყისში პერსონაჟის სიმშვიდის მოჩვენებითობაზე სხვადასხვა დეტალით  მიგვანიშნებს, იქნება ეს, სახეზე ასახული მიმიკა, ორაზროვანი ღიმილი, ხელების ნერვული ჟესტიკულაცია-პლასტიკა, სამეტყველო ინტონაციები თუ სხვა. ნინელი ჭანკვეტაძის მერი ტრაგიკული პიროვნებაა, მისი განვლილი ცხოვრების  შესახებ, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრების, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიგებთ. როდესაც მსახიობი ბედნიერ ბავშვობას, მოზარდობის პერიოდს, ოცნებებს, შეყვარებულობის ხანას იხსენებს, მის თვალებში სხივი ჩნდება, მისი მზერა ნათელია. მსახიობს გამომეტყველება ეცვლება, სინათლის სხივი უკრთება, მზერა ჩამქრალი, ან, რისხვით სავსე უხდება, როდესაც ერთ დროს უსაყვარლეს მეუღლესთან - ჯეიმს ტაირონთან, ედმუნდამდე გაჩენილი ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდგომ  ბინძურ სასტუმროებში გატარებული ცხოვრება აგონდება. ნარკომან ადამიანს გრძნობები უჩლუნგდებდა, ეგოისტდება, მისაღები წამლის დოზა მთავარი საზრუნავი ხდება. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ნინელი ჭანკვეტაძის მერიმ, მართალია მშვენივრად იცის, მაგრამ არ უნდა, რომ ოჯახის სხვა წევრთაგან გაიგოს ედმუნდის მძიმე ავადმყოფობის შესახებ. რა თქმა უნდა, აქ დედის ინსტინქტიც ერთვება და ყოველ ჯერზე, როდესაც უფროსი ვაჟი ჯეიმი, ან მეუღლე ჯეიმსი, ან, თავად ედმუნდი ეუბნებიან, რომ ის მძიმედაა ავად, ჭლექი ჭირს, მსახიობი ყურებზე ხელებს იფარებს ან გარბის ოთახიდან. თავიდან, ოჯახის წევრები უფრთხილდებიან, ნარკომანიისგან განსაკურნებლად სანატორიუმიდან დაბრუნებულ დედას, მაგრამ როდესაც ისინი ისევ შეამჩნევენ ნარკოტიკულ თრობას, ყველა თავისებურად მწარე სიმართლეს გაუმხელს. ნინელი ჭანკვეტაძე ძალიან ზუსტად, ქმედითად ასახავს ნარკომანი ქალის ფსიქო-ემოციური ტიპაჟს,  ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელ ხასიათის უეცარ ცვლილებებს, ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას. ის, ხან ასაკში შესული, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზი, ქმართან მოკეკლუცე ქალია, ხან კი ქმრის დაუნდობლად, შეიძლება ითქვას, ირონიულად გამქილიკებელი, ხან შვილების თავდავიწყებით მოსიყვარულე, ხანაც მკაცრად დაუნდობელი, განსაკუთრებით ჯეიმის მიმართ, რომელსაც გარდაცვლილი ვაჟიშვილის სიკვდილში ადანაშაულებს, ხან კი, დოზის მიღების შემდეგ, ილუზორულ სამყაროში მყოფი, ბუნდოვნად მოაზროვნე, არეულად მოსაუბრე არსება, ხან კი თავდავიწყებით მოცეკვავე მეამბოხე (ქორეოგრაფი თიკა ქოიავა).

პაატა ბარათაშვილი ქმნის ყოფილი „ვარსკვლავი“  მსახიობის ტიპურ სახეს - როხროხა, ამპარტავანი, ძუნწი, ურთიერთობებში მოუქნელი, შვილებთან მიმართებით ზოგჯერ უხეშიც. მას თითქოს გული შესტკივა და აწუხებს ოჯახის წევრების - ნარკომანი ცოლის, გალოთებული ჯეიმის თუ ჭლექით დაავადებული ედმუნდის მდგომარეობა, მაგრამ სინამდვილეში თავის თავში შეყვარებული, ყეყეჩი კაცია, რომლისთვისაც ცხოვრებაში ფულია მთავარი. ბავშვობის ტრავმამ, ნახევრად მშიერმა, უქონელმა ცხოვრებამ ისე ღრმად გაიდგა მასში ფესვები, რომ ფულის დაგროვება-დაბანდება მისი ცხოვრების მთავარ საზრისად იქცა. ჯეიმს ტაირონის სიძუნწე - ოჯახის განადგურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ. მაგრამ ამ სიძუნწემ თავად ჯეიმსიც დაღუპა - ნიჭიერი კაცი, რომლისგანაც კარგი მსახიობი შეიძლებოდა დამდგარიყო, მთელი ცხოვრება, შემოსავლიან, მდარე მხატვრული ღირებულების პიესაში თამაშობდა ერთსა და იმავე როლს.  ამ მანკიერი თვისების გამო მან ოჯახის ნორმალური ცხოვრებაც კი ვერ უზრუნველყო. ტკივილებისგან გატანჯულ ცოლს იაფფასიანი ექიმი აუყვანა, რომელმაც მერი მორფინზე შესვა, ახლაც თითქოს უყვარს ედმუნდი, იცის რომ წესიერ სანატორიუმში თუ არ გაუშვებს, დაიღუპება, მაგრამ მაინც ცდილობს ფულის დაზოგვას და შვილი უქონელთა თავშესაფარში გასაგზავნად ემეტება. პაატა ბარათაშვილი ჯეიმსის ხასიათის თვისებებს კარგად გადმოსცემს მის გარეგნულ პორტრეტშიც, სიარულის მანერაში, მიხვრა-მოხვრაში, პლასტიკაში, დამახასიათებელ სიცილში, საუბრის ინტონაციებში თუ სხვა.

ბექა ჯუმუტია - რთული ბუნების, საკუთარ - მე-სთან და სხვებთან მუდმივ უთანხმოებასა თუ ბრძოლაში მყოფი ადამიანის  სახეს ქმნის. მისი ჯეიმი - მსხვერპლია, საკუთარი ოჯახის - დედის და მამის. დედა, რომელიც ძმის სიკვდილში ადანაშაულებს, წითელათი დაავადებულმა განზრახ შეყარა ჩვილ ბავშვს - იუჯინს ბატონები. დედისგან სიყვარულს მოკლებული ცდილობდა მამაში ეპოვა საყრდენი, ამიტომაც გადაწყვეტს მამის პროფესიის არჩევას, რომ მამამ მისით იამაყოს და მამის რჩეული გახდეს. ეს ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება, მამის ჩრდილქვეშ მყოფი ხელმოცარული მსახიობი ხდება.  დედ-მამა ჯეიმს მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ. დედას თან უყვარს და თან სძაგს, ამპარტავანი, ქედმაღალი მამა კი ხელშეწყობის მაგივრად დასცინის, ამცირებს. რეჟისორის მიცემული საკმაოდ რთულად გასახორციელები ამოცანის თანახმად, ბექა ჯუმუტია მრავალპლასტიან სახეს ქმნის. მსახიობი თანმიმდევრულად, გადაჭარბებული გამომსახველობითი ხერხების თუ ემოციების გარეშე, ნახევარტონების გამოყენებით, ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მინიშნებებით ძერწავს ჯეიმის სახეს. გალოთებულ, შეუმდგარ, ცხოვრებაზე და გარშემომყოფებზე გაბოროტებულ, გარყვნილ, ამავე დროს მოსიყვარულე, მზრუნველ და სიყვარულის მაძიებელ პიროვნების ტიპაჟს ქმნის, რომელსაც ერთდროულად უყვარს და ეზიზღება საკუთარი ოჯახის წევრები. მისი ჯეიმი ჭკვიანი ადამიანია, ამიტომაც ზუსტად აფასებს თითოეულ მათგანს და საკუთარ თავს. ამისდა მიუხედავად, სპექტაკლში ჯეიმი ცდილობს ოჯახის გადარჩენას, პირველი სწორედ ის აღმოაჩენს, რომ მერი ისევ შეჯდა ნარკოტიკზე, ღელავს ძმის ავადმყოფობის გამო, მამას უმხედრდება, ეჩხუბება. სწორედ მამის სიძუნწეს, გულგრილობას აბრალებს დედის, ძმის, მისი და ზოგადად მათი ოჯახის განადგურება-გაუბედურებას. არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ჭლექით დაავადებული უმცროსი ძმის მიმართ - თან სიგიჟემდე უყვარს და მზადაა ყველაფერი გაიღოს, გააკეთოს მისთვის, თან ეზიზღება და შურს მისი ნიჭიერების.

ამაღელვებელი, ემოციური, აზრობრივად დატვირთულია ფინალისკენ ძმების დიალოგი. უფრო სწორად, ეს ბექა ჯუმუტიას ჯეიმის, ედმუნდთან და საკუთარ თავთან, გულწრფელად თქმული აღსარებაა. ბექა ჯუმუტიას პერსონაჟი ამ ეპიზოდში გადმოანთხევს თავის გულისნადებს, ძმის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს  - იმავდროულად შურს მისი ნიჭის. მსახიობი იმდენად მართალი, ზომიერად ემოციურია, რომ მაყურებელში ორმაგ გრძნობას იწვევს -  აღშფოთება- გაბრაზების და სიბრალული-თანაგანცდის.

„მინდა რომ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. ყურადღებით იყავი ჩემს მიმართ, იმიტომ რომ თავს არ დავზოგავ ხელი შეგიშალო. ვერაფერს გავხდები საკუთარ თავთან. მძულს ჩემი თავი. [...]  ვინც თვითონ მკვდარია, მან სატრფოც უნდა მოკლას. მკვდარი ჩემში იმედოვნებს, რომ შენ არ გამოჯანმრთელდები და მოხარულიც კია იგი. [...] გაიაზრე ის რაც გითხარი, ჩემგან შორს რომ იქნები სანატორიუმში. როცა იქიდან დაბრუნდები ჩემთან  ყურადღებით იყავი. მე რა თქმა უნდა ხელგაშლილი შეგხვდები, სამარადისო ძმობას შემოგფიცავ და პირველსავე შემთხვევაში ზურგში დანას ჩაგცემ!“.

ამ ეპიზოდმა, ჩემდა უნებურად, კაენისა და აბელის ბიბლიური მითი გამახსენა, ალბათ, ბიბლიური მითის თავისებური ინტერპრეტირება დრამატურგსაც ჰქონდა გააზრებული, რეჟისორმა და მსახიობებმა კი უფრო მკვეთრად გამოკვეთეს დადგმაში.

გამხდარი, აწოწილი, ფიზიკურად არასრულყოფილ, ჯანმრთელობა შერყეული, მაგრამ სულიერად გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანია ლუკა ჩიბუხიას ედმუნდის პერსონაჟი. მას რეჟისორმა „გაუცხოების“ ფუნქცია დააკისრა, იგი ერთდროულად ამბის მონაწილე და დამკვირვებელ-შემფასებელ-გამაანალიზებელია.

რეჟისორის ჩანაფიქრით, თითოეულ მსახიობ-პერსონაჟს სპექტაკლში თავისი მთავარი დიალოგური-მონოლოგი-აღსარება აქვს, რაც მათ ნამდვილ ბუნებას, სახეს წარმოაჩენს, მათი ქვეცნობიერი გრძნობების ცნობიერში ამოტივტივებაა. ჯუმუტია-ჯეიმს ძმასთან ედმუნდთან, ლუკა ჩიბუხიას ედმუნდს მამასთან, პაატა ბარათაშვილს მამას უმცროს ვაჟთან - ედმუნდთან, ხოლო ნინელი ჭანკვეტაძის მერის - ხან საკუთარ თავთან, ხან ქმართან და ხანაც შვილებთან, ფინალურ სცენაში კი ოჯახის ყველა წევრის წინაშე. ნინელი ჭანკვეტაძის მერი გამუდმებით ეძებს საკუთარი თავის და ოჯახის გაუბედურების მიზეზს. ფინალში, ნარკოტიკული საშუალებით გაბრუებული, შუშის თვალების გამომეტყველებით, ზმანებაში მყოფი ადამიანისთვის დამახასიათებელი მეტყველებით და პლასტიკით, ისევ იხსენებს განვლილი ცხოვრების მომენტებს, და, აქ, ხდება კვანძის ერთგვარი გახსნაც. მონაზვნობა უნდოდა, დედა ელისაბედმა ურჩია, ცოტა ხანი მოეცადა, ეცხოვრა საერო ცხოვრებით და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ეს ზამთარში მოხდა, მერე, მერე გაზაფხულზე რაღაც მოხდა, მას რაღაც დაემართა. ახსენდება, ჯეიმსი შეუყვარდა და ერთ ხანს ბედნიერი იყო...

და, მაინც, ვინ ან რა არის ოჯახის დაშლის მიზეზი?! პიესიდან გამომდინარე რეჟისორის კონცეფციით ამაში ერთ ადამიანს არ მიუძღვის ბრალი, მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს - ვის ჩათვლის მთავარ დამნაშავედ. მთავარი დამნაშავე არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ამ ადამიანების მიერ სხვადასხვა ყოფით-მატერიალურ მიზეზთა გამო სიყვარულის დაკარგვაა. მათ სიყვარული დაკარგეს და სწორედ ამიტომაც გახდნენ ასეთი უბედურები.

პიესაში იუჯინ ო’ნილმა ოჯახის გამოუვალი მდგომარეობის მისანიშნებლად სიმბოლურ-მეტაფორული მინიშნებები გააკეთა. მაგალითად პერსონაჟები მუდმივად ლაპარაკობენ ჩამოწოლილ  ნისლზე - რომელიც ოჯახის წევრთა ნარკო თუ ალკოჰოლურ დამოკიდებულის მეტაფორად შეიძლება აღვიქვათ. სპექტაკლში რეჟისორმა მხატვართან ერთად ნისლის ატმოსფერო სცენაზე სხვადასხვა პირობითი ხერხით - განათებით, ბოლით და სხვ. შექმნეს. ავთო მოდებაძემ რეჟისორის კონცეფციის შესაბამისი სცენოგრაფია შექმნა. სპექტაკლში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში, ერთ ოთახში ვითარდება. პიესაშიც და სპექტაკლშიც ეს არის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საზაფხულო სახლის მისაღები ოთახი. სცენაზე მდგარ ავეჯს შესაფუთი ცელოფნები აქვთ გადაფარებული, სპექტაკლი იწყება მსახიობ-პერსონაჟთა მიერ ავეჯიდან ცელოფნების მოხსნით.

ოთხაქტიან პიესაში მოქმედება ერთი დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარეობს. უკვე აღვნიშნე, რომ დიმიტრი ტროიანოვსკიმ შეამოკლა პიესა, ერთმოქმედებად დადგმულ სპექტაკლში ერთი მოვლენა-ეპიზოდიდან მეორეზე გადასვლა, დროის მდინარება, დღის სხვადასხვა მონაკვეთები მსახიობთა პლასტიკურ მოძრაობა-სიარულში (ქორეოგრაფი თიკო ქოიავა),  აჩქარებული კინოკადრის რიტმის მსგავს ფორმასა და განათებაში, ჩაბნელება-ამონათებაში ასახა.

დიმიტრი ტროიანოსვსკიმ, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, უსიყვარულოდ დარჩენილი კონკრეტული ოჯახის ტრაგიკული დაშლა-განადგურება -  განაზოგადა, თითქოს სარკეში ჩაგვახედა და ჩვენი დღევანდელი საზოგადოების სახე დაგვანახა.

 

[1] 20-იან წლებში დაიდგა „სიყვარული თელებქვეშ“, მოგვიანებით „გრძელი მოგზაურობა“.

[2] გიორგი მაკაროვმა ო’ნილის პიესის „სიყვარული თელებქვეშ“ მიხედვით გადაიღო მუნჯი ფილმი „ქალი ბაზრობიდან“, რომელშიც მონაწილეობდნენ აკაკი ვასაძე, შალვა ღამბაშიძე, ანდრო მურუსიძე, ბელა ბელეცკაია.  საქართველოს სახკინმრეწვი 1928 წ.

[3] მათ შორის გამოირჩევა 1962 წელს სიდნი ლუმეტის გადაღებული, კეტრინ ჰეპბერნის და რალფ რიჩარდსონის მონაწილეობით, ორივე მსახიობი კანის ფესტივალზე ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლების შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ. ამ ფილმს კიდევ ბევრი პრიზია აქვს აღებული.

[4] დიმიტრი ტროიანოვსკი - უკრაინული წარმოშობის დრამატული და საოპერო სპექტაკლების რეჟისორი, მოღვაწეობს აშშ-ში. სპექტაკლებს აშშ-ს გარდა დგამს აზიისა და ევროპის ქვეყნებში, ეწევა პედაგოგიუ მოღვაწეობას. https://thetheatretimes.com/refugees-in-berlin-excerpts-from-a-sort-of-berlin-diary/  (გადამოწმებილია 21.05.2025)

bottom of page