top of page

სიყვარულით პრინც ჰამლეტს

48381919_2097602736965947_30518329110335

გვანცა გულიაშვილი

 

სიყვარულით პრინც ჰამლეტს

 

ჰამლეტ, შენ სულ არ ჰგავხარ გოგოების ვარდისფერი მაქმანებით გაწყობილი ოცნებების ოქროსფერთმიან სატრფოს, რომელსაც უნდა მოელოდე მარადიული მოლოდინით. ჰამლეტ, ჩვენ გვასწავლეს, რომ მხოლოდ მოლოდინია ჩვენი უფლება. ამ მარადიულ მოლოდინშია ჩვენი არსებობის აზრი. მოლოდინი მხსნელის. ჩვენ არჩევანის და ინიციატივის უპირატესობა სქესმა ჩამოგვართვა, შე, მართლა ბებერო, დაბნეულო და ჰალუცინაციებით გაწამებულო ბიჭო. როდის ან რატომ გადაწყდა ჩვენი სქესისადმი მეორეხარისხოვანი როლის მინიჭება? ამ კითხვაზე პასუხი შენ უნდა იცოდე, მაგრამ ვიდრე მე, როგორც მეორეხარისხოვანი, მსხვერპლი, სუსტი და შესაბამისად, სასტიკი, ამოგგლეჯ პასუხს ამ შეკითხვაზე, მანმდე ერთი ამბავი მინდა მოგიყვე. ამ ამბის გამო მომინდა დღეს შენთან საუბარი. ბავშვობაში შეგხვდი პირველად და ვერ მოგატყუებ, რომ ბევრი ვიფიქრე, საუკუნეების განმავლობაში შენზე აკიდებული სტერეოტიპების მიღმა დამენახა რამე. ამაზე ფიქრი და შენთან საუბარიც გურამმა მომანდომა. 

გურამ მაცხონაშვილი რეჟისორია. დღეს ქართულ თეატრალურ რეცენზიებში მოდურია ტერმინის “ახალი თაობის რეჟისორი” გამოყენება. ისე კი გურამზე ამბობენ, ამბიციური და უმადურიაო. ჰოდა, ადგა ესეც და დამოუკიდებელი პროექტი წამოიწყო. აქ შენ მცირე განმარტება დაგჭირდება, პრინცო. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბევრი მილიონი ლარი (ეროვნული ვალუტა) იხარჯება იმისათვის, რომ სახელმწიფო თეატრებში და ასეთი დაახლოებით ორმოცდაათია, დაიდგას ცუდი სპექტაკლები. მესმის, დაიბენი, მაგრამ ნამდვილად ასეა. სახელმწიფო ხალხისგან გადახდილი გადასახადებით აფინანსებს თეატრს, რომ ამ უკანასკნელმა კულტურული შიმშილი დაუნაყროს ერს. დანაყრებული ერი. მაწიერი. “კულტურის კერა” - ასე ეძახიან ჩვენთან სივრცეებს, სადაც უმეტეს შემთხვევაში სიყალბეში გახდევინებენ ფულს. შენი წარმოსახვის უნარის ამარა უნდა დაგტოვო, აქ რომ ამაზე დაწვრილებით გიამბო, მონასტერში კი არა, ჯოჯოხეთში მიკრავ თავს.

მოკლედ, რადგან ჰეგემონურ (მიყვარს ეს სიტყვა, რაღაცნაირად მათბობს) ძალასთან ბრძოლას, კარგად მოგეხსენება, მომაკვდინებელი შედეგები მოაქვს, რეჟისორებმა, “ახალი თაობის” რომ ჰქვიათ, გადაწყვიტეს დატოვონ თეატრის კონსერვატული, პომპეზური და “მზრუნველი” გარემო და დადგან სპექტაკლები ყველგან, სადაც მისცემენ ამის უფლებას. ძველი ფარეხებიდან დაწყებული, ქარხნებით და დაუსრულებელი შენობებით დამთავრებული. ეს უკვე პროცესია, დანიელო ჰიპსტერო. ანუ კულტურა, რომელიც შედის ჩიხში, იწყებს ჯერ ლპობას, ხოლო შემდეგ რეგენერირებას და ცხრა ან შვიდი თვის მერე თუ ვერ, ოდესმე აუცილებლად შობს ნაყოფს. ეს პროცესი თავის თავში მოიაზრებს პროტესტსაც და სიახლის ძიებასაც. ფაქტია, რომ არსებობს დიდი ვნება, შეიცვალოს მოცემულობა. საბოლოოდ რით დასრულდება ეს აღტკინება, არავინ ვიცით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღია ეს პროცესი, თუ ხელოვნება უკვე მიგნებულ და ათვისებულ ფორმას არ დატოვებს, დაიწყებს კვდომას, ან გადაიქცევა ექსპონატად, რომელიც მხოლოდ ისტორიას გიყვება და დღევანდელობის აღარაფერი გაეგება. ძნელია ჩემთვის იმაზე დაჟინებით საუბარი, რა ამოძრავებდა გურამს, როცა კლუბში გადაწყვიტა, შენზე მოეთხრო მაყურებლისთვის. იყო ეს წინასწარ გათვლილი ეპატაჟური მანევრი თუ კონცეპტუალურად აღქმული და შერჩეული ლოკაცია. ვფიქრობ, ორივე.

კლუბი “მტკვარზე” უსასყიდლოდ და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პროცესში. ვფიქრობ, აღსანიშნი და წასახალისებელია მსგავსი მხარდაჭერა დამოუკიდებელი სახელოვნებო პროექტისადმი. ორჯერ გადადებული პრემიერის და ბუღალტრულ ხარჯთაღრიცხვებში დაკარგული უამრავი დროის მიუხედავად, დამოუკიდებელი პროექტი შედგა. გულს ვერავის აუჩუყებ იმით, რომ დამქანცველი პროცესი დროდადრო დემოტივაციას იწვევს.

ლამაზი იყავი ჰამლეტ. უბედური და უსუსური. დრაგებით გაბრუებული, წარმოსახვასა და რეალობას შორის წელში მოხრილი. ბიპოლარული აშლილობის და ჰალუცინოგენებისგან სიცილსა და ტირილს გამუდმებით ერთმანეთში ურევდი. მეგი კობალაძე არის არტისტი, რომელიც ვნებით აღქმულსა და რაციონალურად გააზრებულს ისე უსადაგებს ერთმანეთს, რომ ქმნის არა უბრალოდ კარგად დამუშავებულ მხატვრულ სახეს, არამედ მთელი წარმოდგენის მთავარ პრობლემას ერთ კონკრეტულ პერსონაჟში ამთლიანებს. მეგიმ და გურამმა სქესი წაგართვეს. არ მომწონს ეს სიტყვა, ძალადობრივია მისი კონტექსტი. ისინი ადგნენ და ყველაფერი, რასაც კაცობრიობა შენში მასკულინური ძალის უმაღლეს გამოვლინებად და სიდიადედ მიიჩნევდა, წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეაგდეს. არსი გამოაცალეს არსებითს. ინი და იანი, მდედრი და მამრი, ძუ და ხვადი, დედალი და მამალი... სუსტსა და ძლიერს შორის გადანაწილებული სამყაროს ფაბულა შენი პერსონაჟის ინტერპრეტაციამ სასაცილო ოთახის სარკესავით გაამრუდა.

 

ამ შემთხვევაში ქალის ან ქალური საწყისის წინ წამოწევა არ ყოფილა მნიშვნელოვანი, სქესის გაქრობამ პრობლემის ის მხარე გვიჩვენა, სადაც ადამიანები სქესობრივი კუთვნილების მიუხედვად, ვკარგავთ ზღვარს საკუთარ და თავსმოხვეულ არჩევანს შორის. კულტურა, რომელმაც გშობა და როგორც მოკლული მამის აჩრდილი მოითხოვს შენგან, მიაგო პატივი და მის ნაცვლად იძიო შური. კულტურა, რომელიც გდევნის და შენ გარშემო იკვრება სამკუთხედი, სადაც როლები დაუსრულებლად ცვლიან ერთმანეთს. მოძალადე-მსხვერპლი-მხსნელი. და როგორი ძალიათაც უნდა ეცადო თავი დააღწიო ამ გეომეტრიულ თავსატეხს, ხვდები, რომ მახეში ხარ და გიწევს სურვილის საწინააღმდეგოდ მოირგო თანმიმდევრულად სამივე როლი.
ალბათ, იტყვიან, ფემინურია გურამის სპექტაკლიო. ის ხშირად საუბრობს ამ პრობლემაზე თავის დადგმებში, ზოგჯერ ამას მოდისთვის თუ ტენდენციისთვის კოჭის გაგორებადაც უთვლიან. დღეს კარგად იყიდება მანიფესტი ქალთა უფლებებზე და ისიც დგამსო. მოდი, აქ კიდევ ერთ ექსკურსს ჩაგიტარებ, ჰამლეტ, რათა პრობლემა მაქსიმალურად ადაპტირდეს შენთვის. ჩვენში სულ ახალი ფეხადგმულია ფემინიზმი და მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა არა ერთი ქალი, რომელიც თავს არათუ არვის დააჩაგვრინებდა, არამედ პრინციპულად იბრძოდა ჩაგვრის წინააღმდეგ, მოხდა ისე, რომ დღემდე ირონიით უყურებენ თანასწორობის იდეას. ერთმა პოპულარულმა და “სახალხო” მწერალმა მინიატურაც მიუძღვნა ამ ამბავს სათაურით -“ჩვენში ფემინიზმი სამზარეულოში დაიწყო და იქვე დასრულდაო”. ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო წლების განწყობაა, მაგრამ დღეს განვითარების ახალ ეტაპზე ვართ, როგორც გითხარი ახალფეხადგმულია-თქო, ხშირად უჭირს წონასწორობის და ბალანსის შენარჩუნება, არეული და გაუმართავია ფემინიზმის ნაბიჯები, ეხლება კედლებს, უჩნდება შრამები, რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ წაქცეულა და მაინც ბავშვური სიჯიუტით წამოხტება და აგრძელებს ისევ არეული, დაუბალანსებელი, მაგრამ დაუღალავი სვლით სიარულს და მე ვფიქრობ, რომ ის გაიზრდება, მთავარია, არ დაიღალოს, გაიზრდება და გადააფასებს ყველა წაქცევასა თუ წაბორძიკებას.

პარალელურად, ჩვენს კულტურაში იმდენად ძლიერია მასკულინური მრწამსი, იმდენად ყოვლისმპყრობელია ეს ძალა, რომ დღესაც სელექციური აბორტის რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს ვიკავებთ მსოფლიოში, შემზარავია ფემიციდის სტატისტიკა და ყველა ფეხის ნაბიჯზე ფრაზა: “გათხოვდება, პატრონს ჩაბარდება.” ეს ნარატივი საუკუნეების განმავლობაში ნაგებ-ნაშენი, ცხადია, ასე ერთი ხელის აფრიალებთ, ვერ ჩამოიშლება და ამიტომაც, როგორი გადაცდომებიც უნდა ახასიათებდეს ჩვენში ფემინისტურ მოძრაობას, ის უპირისპირდება იმდენად მყარად ჩაბეტონებულ სიმახინჯეს, რომ სადღაც მაინც იქმნება ბალანსი, დღეს ალბათ, სხვაგვარად წარმოუდგენელია, როცა პირველი ბზარები დაუსკდება დეგრადირებულ პატრიარქალურ მსოფლმხედველობას ჩვენში, აი, მაშინ უკვე შევძლებთ გაცილებით მეტი მოვითხოვოთ ფემინიზმისგან და უპირველესად მკაფიოდ განვსაზღვროთ, რომ ფემინიზმი კაცთმოძულეობა არ არის და თუ დღეს მაინც ხშირად ასოცირდება ამ ტიპის ვნებასთან, ეს მხოლოდ უთანასწორო ბრძოლის ბრალია. სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა რატომ შეიძლება იყოს ფემინური რაკურსი დღეს ჩვენში აქტუალური.

რაც შეეხება გურამის სპექტაკლს. ჩემთვის გაცილებით სხვა ამბებია საინტერესო. ძალადობის ყველაზე შემზარავ ფორმას მზრუნველობით შენიღბული ძალადობა წარმოადგენს. იქ სადაც ელი მხარდაჭერას, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდე თავს, აღმოაჩენ, რომ ჩაგწიხლეს. თავს მოგახვიეს კონკრეტული სამოძრაო ბილიკი. ვერ გადაუხვევ ვერასდროს, რადგან ყველა ნაპირი დანაღმულია, ნაღმები, რომლებსაც ჩვენი მშობლები ან თუ უფრო მეტად გავშლით პრობლემის ამპლიტუდას, ჩვენი კულტურა გვიმზადებს და გვახვედრებს ცხოვრების გზაზე და რომელთათვისაც ფეხის არიდებას ვცდილობთ თავგამოდებით. ვიქცევით განსაზღვრული სტერეოტიპების უბრალო შემსრულებლებად და კი არ ვკარგავთ, უმეტეს შემთხვევაში, ვერც ვაგნებთ საკუთარ სურვილსა და არჩევანს ვერასდროს. მერე შენ უკვე შეშლილი და გაწამებული მობრუნდები და იკითხავ, ხსნა რაშიაო? ხუთი საუკუნე კაცობრიობამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ფრთიან ფრაზად აქცია შენი ტკივილი და დააფრიალებს, იმეორებს და იმეორებს, მაგრამ პასუხი ჯერაც ვერ გაგქცა. ერთადერთი ვინც მაინც დაბიჯეთებით ყოფნას ამჯობინებდა, ალბერ კამიუ იყო. ბევრი იფიქრა და სიცოცხლე, როგორც მოცემულობა სიზიფეს მარადიულ და დაუფასებელ შრომას შეადარა, ანუ პირდაპირ თქვა, რომ სასჯელია ის, რასაც სიცოცხლეს ვუძახით და გვმართებს, მივიღოთ ღმერთებისგან ეს ვერდიქტიო.

მერე ამბოხის ფილოსოფია იყო და კიდევ ძალიან ბევრი რამ ჰამლეტ. მორალურსა და ამორალურს შორის ზღვრის ძიება მორალის კატეგორიიდან გასვლამდე დავიდა. გურამიც სწორედ ამ რაკურსიდან მოგვიყვა შენზე, ამიტომაც მგონია, რომ რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს ჩაავლო და ჩვენც მაყურებელს კლუბის ატმოსფეროში პოპ-დივების მელოდიების თანხლებით და სადა, კონცეფტუალური ქორეოგრაფიული გადახალისებებით გვაჩვენა, რომ მოძალადე კულტურა გართმევს თვითმყოფადი ცხოვრების შესაძლებლობას, გაქცევს მარიონეტად, ამ მოცემულობაში ძალიან მარტივად იქცევა მსხვერპლი დამნაშავედ და მოძალადე მენტორად, რომ ამ უკიდურესად მახინჯ გამოცდილებას სქესი არ აქვს.

 

დედაშენი გერტრუდა, რომლის გამოც ქალთა მოდგმა შეიძულე. მე თუ მკითხავ, ყველა კაცის შიში თუ კომპლექსი საპირისპირო სქესის მიმართ დედისგან უარყოფას უკავშირდება, ახლა აქ შეიძლება ოიდიპოს მეფესა და ფროიდზე თამამად გავშალოთ ფრთები, მაგრამ სხვა ოპერაა ეგ და მოდი, ისევ გერტრუდაზე გეტყვი, როგორი იყო გურამის სპექტაკლში დედა დედოფალი გერტრუდა. ია სუხიტაშვილი აკადემიური სცენიდან კლუბში ისე ადაპტირდა, თითქოს მთელი მისი პროფესიული ცხოვრება უშველებელი თეატრის დიდ სცენაზე არ გაეტარებინოს, ამ თეატრისთვის დამახასიათებელი მეტყველების მანერა, მოძრაობები, კონსერვატიზმი და თუნდაც მასშტაბი, ზედმეტი სამოსივით სადღაც დატოვა და შილიფად, ულამაზესი ბროლებით მორთული ბიუსტჰალტერით გამოგვეცხადა. მის ჩაცმულობასა და ხასიათს შორის იყო ძალიან მკაფიო და ირონიული დისონანსი. თამამი და მიზანდასახული გერტრუდა, რომელიც შეშინებულია და ცდილობს, როგორმე ახალ მოცემულობაში შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება. ან იქნებ შენი დაცვა იყო მისი მთავარი მიზანი? მაგრამ გურამის გერტრუდა გაცილებით რთული და მზაკვარი ქალია, ვიდრე უბრალოდ კონფორმისტი. "იმდენად ვერ ვაფასებთ ქალის დიაპაზონს, რომ ფანტაზია არაფრით არ მიგვყვება წარმოვიდგინოთ, უბრალოდ დავუშვათ, რომ მკვლელი შესაძლოა ქალია.” დაფიქრდა, დაუშვა და ძველ ბერძნულ მითოსშიც მოიძია საწყისი. საპატარძლო კაბაში გამოწყობილ გერტრუდას აღიარებინა, რომ დამნაშავეთა შორის ყველაზე დიდი მსხვერპლია და მსხვერპლთა შორის უდიდესი დამნაშავე, რომ მისი სქესი და ეს პატარძლის კაბა, უბიწოდ პატრონს ჩაბარების პირდაპირი სიმბოლო, მის ვერაგობას ან თუ გნებავთ გამჭრიახობას, ვერაფრით შეაფერხებს. აი ასე დავინახე გურამის გერტრუდა, ჰამლეტ. მე პირველად დავფიქრდი, რომ მას შენ ძალიან უყვარდი და თუნდაც შეუცნობელი დარჩეს ჩვენი სიყვარულისთვის ბრძოლის გზები, პავლე მოციქულისგან ხომ დაგვრჩა დახურდავებული შენდობა, არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო.

საბრალო, კრავივით მსხვერპლად შეწირული სატრფო, ოფელია, არასდროს ყოფილა ჩემი ბაძვის ობიექტი, ჰამლეტ. უფრო მეტიც, მაშინებდა მისი ბედი და უმწეობა, ამიტომ მისდამი სიძულვილს უფრო ვგრძნობდი ვიდრე ემპათიას. ეკა დემეტრაძის ოფელია, ალბათ, ყველაზე ახლოსაა ამ პერსონაჟის კლასიკურ გააზრებასთან, მაგრამ ერთგან მაინც გაიბრძოლებს და მოქნილი, ლამაზი თეძოების რხევით გლანძღავს, მონოტონური და აღარაფრის მომლოდინე იმედგაცრუებით. სარა კეინის უკანასკნელი და პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლისგან დაცლამდე დაწერილი მონოლოგი უზუსტესად აღწერს ოფელიას სიძულვილს და სასოწარკვეთას. ოფელიას მშვიდი, ემოციისგან დაცლილი მეტყველება აბსოლუტურ დისონანსშია მონოლოგის შემზარავ შინაარსთან. ტექსტის ადაპტირების ავტორი დრამატურგი ლაშა შანიძეა. მას ასოციაციური აზროვნების და ლიტერატურული პარალელების თვითმყოფადი და თამამი აღქმა აქვს. პირში ვარდგაჩრილი ოფელია მიჰყვება მამის, დედოფლის, თავად შენს ნებასაც და ყველაფერზე თანაახმაა გარდა იმისა, რომ საკუთარი სურვილისთვის იბრძოლოს. ეკა დემეტრაძე გურამის სპექტაკლში კრებით სახე-სიმბოლოს ქმნის, ბედს დანებებული თუ შეგუებული ქალის, რომელიც გამოუვალ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს და ყურადღების მისაქცევად უფრო, ვიდრე ცხოვრების უარსაყოფად, ტოვებს მას.

 

სამივე ქალი პერსონაჟი იმდენად ლამაზია, რომ დიდხანს გიჭირს კონცენტრირების გადანაწილება მათ ვიზუალსა და პროფესიონალიზმს შორის. გურამის მხატვრობაში კუსტარულსა და სრულყოფილს შორის განგებ წაშლილი ზღვარი ჩემთვის მუდმივი ძიების მიმართ ლტოლვას გულისხმობს. აქ პროცესია მთავარი თავის შეცდომებით, სიტლანქით, დაუმუშავებელი, უმი პასაჟებით და არა სრულქმნილება, როგორც შედეგი, ამიტომ მიყვარს და ყოველთვის ველი მისი სპექტაკლების სცენოგრაფიას ინტერესით. კოსტუმები, განათების მხატვრობა და მინიმალისტურად დატვირთული კლუბური სივრცე ქმნის დისონანსს შექსპირის პოეტურ მუსიკალურ და არქაულ ტექსტთან. ჟანრის განსაზღვრისას პანკისკენ წავედი, თუმცა თავად გურამმა ასე განმმიმარტა: “ ბოლო დროს ხელოვნების არც ერთი დარგი ისე არ შთამაგონებს და მკვებავს, როგორც მოდა. (AKA ბიზნესი). კულტურები (და ამათში მოყოლილი ხელოვნება) იშვიათად ახლდებიან და მოდა შეშლილი ტემპით აკეთებს ამას და აკეთებს ზედმეტი სერიოზულობის გარეშე. ისე ჩვენს თეატრსაც დაახლოებით ამ ორი ქოლგის ქვეშ ყოფენ : “მოდიდან გადასული” და “მოდური” ჰა-ჰა. ეს პანკის და იმ ჰიბრიდების პასუხად, რასაც პანკი, ან მონათესავე ესთეტიკები გულისხმობენ თავის თავში.”

დასასრულისკენ მივდივარ, ხვდები და ალბათ გიკვირს მამაკაცი პერსონაჟები სად გადაქაჯეთო. არსად ჰამლეტ, დამშვიდდი. თუმცა ცალსახად მეორეხარისხოვანია მათი არსებობა. თვით მეფე კლავდიუსიდან დაწყებული პოლონიუსით გაგრძელებული და როზენკრანცითა და გილდენსტერნით დასრულებული. ამ შემთხვევაში პერსონაჟებს ვგულისხმობ, ცხადია და არავითარ შემთხვევაში მსახიობებს. მეტსაც გეტყვი, მეორე პლანზე თამაში გაცილებით მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმს საჭიროებს უმეტეს შემთხვევაში. გურამი ცდილობს აჩვენოს კაცი პერსონაჟები, არა უარყოფით ან დადებით კონტექსტსა თუ ამპლუაში, არამედ ნაკლებნიშვნელოვან ფიგურებს ქმნის მათგან და თითქოს ბიომასად გარდაიქმნება მთელი წარმოდგენის მამრობითი სახე. შაკო მირიანაშვილი უხერხულობამდე სარკასტული ჭაღის მოსართავებიანი გვირგვინით თავზე ქმნის ირონიულად ექსპრესიულ კლავდიუსს, რომელის წარმოდგენებიც ძალაუფლებაზე მარტივ კეთილდღეობას ვერ სცილდება. პოლონიუსი, რომელიც შვილსაც გაწირავს მორჩილების უზენაესი იდეით ანთებული, მერაბ შარიქაძე, თითქოს თანაუგრძნობს და თან ირონიულად აფასებს საკუთარ პერსონაჟს. ვთვლი, რომ ამ მანერით მუშაობა პერსონაჟის იდეაზე, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს მოითხოვს მსახიობისგან, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არცერთი გამართული ან შეუმდგარი როლი, მხოლოდ მსახიობის ან რეჟისორის დამსახურება არასდროსაა, აპრიორი ამ შემთხვევაში კოლაბორაციაა. თემო რეხვიაშვილი და ლევან სარალიძე შენი “მეგობრების” როლებს თამაშობენ. მე ვფიქრობ, კურდღლის ნიღბებს ამოფარებული, მათი თითქმის შეუმჩნეველი არსებობა სპექტაკლში, იდეალურად შეესაბამება შენი მარტოსულობის იდეას.

დედა უფრო გიყვარს თუ მამა, ჰამლეტ?

მე დედა უფრო. ის ხშირად მეუბნება, მამას ძალიან გავხარო.

bottom of page