top of page

სიკვდილი დამარცხების თუ გამარჯვების ტოლფასია?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

417447068_243717768802348_3545221192174829843_n.jpg

მაკა ვასაძე

სიკვდილი დამარცხების თუ გამარჯვების ტოლფასია?

„ფრეკენ ჟულის“ შესავალში სტრინდბერგი წერდა: „ალბათ დადგება დრო, როცა ჩვენ ისე განვვითარდებით, გულგრილად მივადევნებთ თვალს თავად ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სასტიკ, ცინიკურ, უგულო სანახაობას; როცა გამოვთიშავთ იმ მდაბალ, არასაიმედო სააზროვნო მანქანებს, გრძნობები რომ ეწოდება, რადგან ისინი სრულიად ზედმეტი და საზიანო გახდა; როცა მათ ნაცვლად ჩვენი განსჯის ორგანო განვითარდება.“[1] ამ საშიშ ტენდენციას  იგი ამჩნევს არა მარტო საზოგადოებრივ,  არამედ ქალისა და კაცის ურთიერთობებშიც. სტრინდბერგმა, შემოქმედების უდიდესი ნაწილი, გენდერული პრობლემის შესწავლას მიუძღვნა და სრულიად განსხვავებულად წარმოაჩინა სქესთა შორის ურთიერთობა.

დრამატურგმა საუკუნეების განმავლობაში არსებული რომანტიკული ნიღაბი ჩამოაცალა ქალისა და კაცის ურთიერთობას, გააშიშვლა და მძაფრი კონფლიქტური სახით წარმოგვიდგინა სქესთა შორის ბრძოლა. ერთ დროს მთლიანობად და ჰარმონიულად შეკავშირებული ორი საწყისი მის შემოქმედებაში ერთმანეთის მოსისხლე მტრებად მოგვევლინა, ისინი თვითდამკვიდრებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი.

სტრინდბერგი გრძნობდა ევროპულ საზოგადოებაში დაწყებული კრიზისის ჩანასახს და თითქოს იწინასწარმეტყველა კიდეც მისი მომავალი. ტექნიკურ პროგრესს თან მოჰყვა ადამიანის მარტოობისა და გაუცხოების, არაკომუნიკაბელურობის პრობლემა, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა გრძნობადაცლილი საზოგადოება. დრამატურგი, ცხოვრების რთულ კოლიზიებში, სწავლობდა ადამიანთა ფსიქოლოგიას, მათი ქმედებების არსს და მიზნებს. ცხოვრების განვითარებასთან ერთად ინდივიდი უპირისპირდება არა საზოგადოებას (მაგალითად, როგორც ეს არის იბსენის პიესებში), არამედ მეორე ადამიანს, მისთვის ყველაზე ახლობელს, რომელშიც ხედავს კონკურენტს და მასთან ბრძოლით ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას.

„ფრეკენ ჟულის“ ფსიქოლოგიურმა და სიუჟეტურმა კოლიზიებმა, დაძაბულობამ და ენერგეტიკული მუხტის სიმძაფრემ განაპირობა  სხვადასხვა ქვეყანაში მისი პოპულარობა („ფრეკენ ჟული“ სტრინდბერგის პიესებს შორის ყველაზე ხშირად იდგმება). საქართველოშიც, ბოლო პერიოდში,  ამ პიესის რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია შეიქმნა.

„თეატრი სახელოსნო 42“-ში ლევან წულაძის ინტერპრეტაციით დადგმული „ფრეკენ ჟული“ ადამიანურ ღირებულებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე გამახვილებული აქცენტებით, ქალის და კაცის, ქალის და ქალის, მშობლების და შვილების, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგებით, ტრაგიკულობამდე აყვანილი დრამაა. რეჟისორმა პიესის ტექსტი თითქმის უცვლელად გადაიტანა სცენაზე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კუპიურას. სპექტაკლი სამსახიობო ანსამბლზეა ორიენტირებული: რეჟისურა, სცენოგრაფია, ქორეოგრაფია, ციფრული ვიზუალი თუ ვიდეოისნსტალაციები, მუსიკალური გაფორმება მსახიობთა მიერ შექმნილი სახე-პერსონაჟების წარმოჩენას ემსახურება.

მოქმედება (ისევე როგორც პიესაში) სამზარეულოში მიმდინარეობს. ლევან წულაძის სცენოგრაფიაში ზედმეტი არაფერია, სამზარეულოს მაგიდა, ღვინის ბოთლების შესანახი თაროები, საცხობი ღუმელი, მაცივარი და რამდენიმე სკამი. უკანა კედელზე გადაჭიმულ ეკრანზე დათა დვალიშვილის ვიდეო ინსტალაციით და ლევან გელიაშვილის ციფრული ვიზუალით ხან ტყის პეიზაჟი მოჩანს, ხეებზე მოშრიალე ფოთლებით, ხან თეთრსაცეცებიანი შავი ხვრელი (შესაძლოა მზის დაბნელებადაც აღვიქვათ), ხან კი გამოსახულება ქრება და ტელევიზორის ეკრანზე სიგნალის დაზიანების დროს გაჩენილი ზოლები ჩნდება შიშინის ხმებით.

მსახური ჟანი (პაატა პაპუაშვილი) მიმართავს მზარეულ კრისტინს (ანუკი გრიგოლია) - ამ საღამოს ისევ გაგიჟდა ფრეკენ ჟული, სულ გაგიჟდა!... აქვე ირკვევა კრისტინისა და ჟანის სასიყვარულო ურთიერთობა. ამ დროს სცენაზე ოქროსფერ ბრჭყვიალა კაბაში, ყურსასმენებით ცეკვა-ცეკვით (ქორეოგრაფი თინათინ წულაძე) ჩნდება სცენაზე ანკა ვასაძის ფრეკენ ჟული. იკვრება სამკუთხედი და პირველივე სცენიდან იწყება ადამიანებს შორის თვითდამკვიდრებისთვის „ბრძოლა“, რომელიც ტრაგიკულად დასრულდება.

ანკა ვასაძის ფრეკენ ჟული საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაგრამ ამ ძლიერ პიროვნებასაც აქვს გარკვეული სისუსტეები. მისი ტრაგიკული ბედი მთელი რიგი გარემოებებით განისაზღვრა: დაბალი ფენის წარმომადგენელი; კაცთმოძულე დედისაგან მემკვიდრეობით გადაცემული ინსტინქტები; გოგონასთვის შეუფერებელი აღზრდის წესი - მშობლები მას მამრივით ზრდიდნენ და აიძულებდნენ ეკეთებინა ყველაფერი, რასაც კაცებს ასწავლიან. ამ გარემოებიდან ჩამოყალიბებული გმირის ხასიათი, წინააღმდეგობებს არ ეპუება და სურს რომ ყველაფერი მის ნებას დაექვემდებაროს. ზაფხულის ღამის სადღესასწაულო განწყობამ, ცეკვებმა, მენსტრუაციამ, მამის სახლში არ ყოფნამ, ღამის იდუმალებამ და რაც მთავარია შემთხვევითობამ ხელი შეუწყო სექსუალურ აქტს - იმ დიდ შეცდომას, რომელიც არ უნდა მომხდარიყო.

ანკა ვასაძის ჟული მომხიბვლელი, მშვენიერი, ძლიერი ხასიათის პერსონაჟია. მსახიობი ხან ძალაუფლების მქონე, ქედმაღალი ქალის სახეს ქმნის, ხან კი ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგად სუსტ, დაუცველ ადამიანს ასახიერებს. ანკა ვასაძე თანმიმდევრულად, ფსიქოლოგიური ნიუანსების სიღრმისეული დამუშავებით და წარმოჩენით, სამსახიობო ოსტატობით ძერწავს საკუთარ პერსონაჟს. რეჟისორმა და მსახიობმა ზედმიწევნით იმუშავეს ფრეკენ ჟულის სახის შექმნაზე. თითოეული ჟესტი, პლასტიკა, მიხვრა-მოხვრა, მიმიკა, მეტყველების მანერა, ხმის ტემბრი პერსონაჟის ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს. ამაღელვებელი და ემოციურია ჟანთან ე. წ. „აღსარების“ სცენა, როდესაც ჟული მთელ განვლილ ცხოვრებას აანალიზებს. მშობლებისაგან მიყენებულ ტრავმებზე საუბრისას ბოთლ ღვინოს ჩაცლის. ნელ-ნელა ნათელი ხდება, თუ რატომ და როგორ ჩამოყალიბდა იგი ასეთ პიროვნებად. ფრეკენ ჟულის მთავარი სისუსტეა სიყვარულის ძიება. მისი გაჩენა დედას არ სურდა, დაბადებიდანვე სიყვარულის ნაკლებობას განიცდის და ამიტომაც ადვილად იჯერებს ჟანის მისადმი გრძნობას. 

ემოციურია წყევლის სცენა - უსუსური, დაუცველი, განადგურებული ადამიანი, როგორ გარდაიქმნება ძლიერ ფურიად. ფრეკენ ჟული, ჟანის მიერ თავწაცლილი, საყვარელი ჩიტის სისხლს სახეზე ისვამს  და რისხვის ქარ-ცეცხლში ატარებს ჟანს – „თქვენ გგონიათ, სისხლის დანახვას ვერ ვიტან? თქვენ გგონიათ, სუსტი ვარ... ო, რა სიამოვნებით ვნახავდი შენს სისხლს, შენს ტვინს ამ კუნძზე – ვნახავდი ამ სისხლის ტბაში მოცურავე მთელ შენს სქესს... შენი თავის ქალიდან დავლევდი, შენს გადახსნილ მკერდში ფეხებს დავიბანდი და შენს შემწვარ გულს შევჭამდი!..“ მსახიობი ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე გადადის ერთი სულიერი მდგომარეობიდან მეორეში: ხან მხიარული, თავქარიანი არსებაა; ხან მიმნდობი, გულჩვილი ადამიანი; ხან კი ძლიერი, ქედმაღალი მბრძანებელი.

პაატა პაპუაშვილის ჟანი - ამპარტავანი და ერთდროულად მონური ფსიქოლოგიის მქონე, დაბალი ფენის წარმომადგენელია, ცდილობს თავი დააღწიოს იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც დაიბადა და აღიზარდა. იგი განათლებული, კარგი გარეგნობის მქონე,  მიმზიდველი მამაკაცია. ჟანი, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის. თუკი ფრეკენ ჟულისთვის ღირსება უმნიშვნელოვანესია, ჟანისთვის ეს ცნება ცარიელი სიტყვებია. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ოცნებობს სასტუმროს მეპატრონეობაზე, სიზმრებშიც ხომ სულ მაღლა მიიწევს. ჟანი ორმაგი ბუნების ადამიანია, მონური სული და ამპარტავნება მასში ერთდროულად არსებობს;  ჟანს ეზიზღება და ეშინია საკუთარი გარემოცვის, ვინაიდან ყველაზე კარგად სწორედ ისინი იცნობენ და იციან საიდუმლოებები. მიზნის მისაღწევად გმირი ყველაფერზე წავა - იგი ოსტატურად, თანმიმდევრულად აბამს მახეში ფრეკენ ჟულის. ქალთან ურთიერთობაში ხან მომხიბვლელი რომანტიკოსია, ხანაც უხეში ცინიკოსი. ყოველთვის იმას ამბობს, რაც იმ მომენტში მისთვის ხელსაყრელია.

მზარეული კრისტინისთვის (ანუკი გრიგოლია) სოციალური ფენიდან გამომდინარე ფარისევლური მორალი და რელიგიურობაა დამახასიათებელი. მთავარ მიზანია გათხოვება და შვილების ყოლა. თანახმაა ქმარი სახელმწიფო სამსახურში მსახურობდეს, მართალია ამ შემთხვევაში დიდი შემოსავალი არ ექნებათ, მაგრამ სამაგიეროდ ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში პენსია დაენიშნება. იგი ხვდება ჟანისა და ფრეკენ ჟულის ურთიერთობას, მაგრამ კრიტიკულ მომენტამდე ხმას არ იღებს. ჩუმად, მალულად ადევნებს თვალს მათ ფლირტს - ეკრანზე მსხვილი ხედით გამოისახება კრისტინის სახე. მისი ეჭვიანობა საინტერესოდ არის გამოსახული ტელევიზორის სიგნალის დაზიანების დროს გაჩენილი ზოლებითა და შიშინის ხმებით. ეკლესიაში იმისთვის დადის, რომ თავისი წვრილმანი ქურდობები იესო ქრისტეს გადააბაროს და უცოდველობის შეგრძნებით დამუხტული დაბრუნდეს შინ - დარწმუნებულია, რომ სასუფეველში უკანასკნელნი შევლენ და ამით იმშვიდებს თავს.

ლევან წულაძემ უსახური ბრბოს სახით წარმოაჩინა ეკრანზე საზოგადოება, რომელიც ფრეკენ ჟულის აუცილებლად გაკიცხავს. ეს ბრბო რაღაცით ადამიანის სისხლისმსმელ ვამპირებსაც მოგაგონებთ.

გემოვნებით შეხამებული მუსიკა (“Somehow” Citizen Cope, “Just” Radiohead), სცენოგრაფია, ვიდეოინსტალაციები, ქორეოგრაფია - ყველაფერი ერთად საოცარ მუხტს ქმნის და მაყურებელი სპექტაკლის დაწყებიდან ფინალამდე დატყვევებულია. ანკა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი, ანუკი გრიგოლია - უმაღლესი პროფესიონალიზმით განასახიერებენ საკუთარ პერსონაჟებს.

სპექტაკლის მსვლელობისას გამოუვალობის გრძნობა ყელში გეჩხირება. შემზარავია ფინალური სცენა - ჟანისგან მიწოდებული იარაღით ფრეკენ ჟული, საშოში გასროლით,  იკლავს თავს. ამ ძლიერი, მაგრამ მარტოსული ქალის ერთადერთი სისუსტე ის იყო რომ ჟანის სიყვარული დაიჯერა, წამიერ ვნებას აჰყვა, მერე კი, მერე საკუთარ თავს ვერ აპატია... მაგრამ სიკვდილი დამარცხების თუ გამარჯვების ტოლფასია?..

 

[1]  სტრინდბერგი ავგუსტ - რომანი და პიესები, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013

ფოტო:თეატრი სახელოსნო 42-ის Facebook გვერდიდან

bottom of page