სიკვდილის დღის საჩუქარი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275574747_713131960048534_7073822633937070523_n.jpg

ნერონ აბულაძე

სიკვდილის დღის საჩუქარი

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალური თეატრი ის მნიშვნელოვანი კულტურულ საგანმანათლებლო კერაა, რომელიც 80 წლის მანძილზე განსაზღვრავდა რეგიონში თეატრალური ცხოვრების არსებობასა და განვითარებას. 1942 წელს, ალექსანდრე ყაზბეგის ,,არსენა“-ს ლიტერატურულ საფუძველზე განხორციელებული სპექტაკლით ჩაეყარა საფუძველი ბოლნისში თეატრის დაფუძნებას, რომლის უშუალო ინიციატორები შემდგომში გამოჩენილი თეატრალური მოღვაწე სევერიან მიხელიძე და თავისი მეუღლე, თამარ ხატელიშვილი იყვნენ. დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე, ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში, მიუხედავად რთული პერიოდებისა, არ შეწყვეტილა აქტიური შემოქმედებითი პროცესები, რაც მრავალგზის აღინიშნა სხვადასხვა პროფესიულ გამოცემებში. რვა ათეული წლის განმავლობაში თეატრის მესვეურები, უშუალო ხელმძღვანელები, რეჟისორები თუ სხვადასხვა თეატრებიდან მოწვეული ცნობილი მოღვაწეები კარგად იაზრებდნენ ისტორიულად მნიშვნელოვან რეგიონში თეატრალური ცხოვრების განსაკუთრებულ აუცილებლობას. სწორედ ასეთ ხელოვანთა, თეატრალურ მოღვაწეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, რომლის ნაყოფიერი შემოქმედებაც მჭიდროდ უკავშირდება ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამწუხაროდ რეჟისორს აღარ დაცალდა დასახული გეგმებისა და მიზნების ბოლომდე მიყვანა.

        

გაცილებით რთულია ემსახურო ქართულ თეატრს იქ, სადაც ყოველი წარმოდგენის განხორციელება მრავალ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე, ქვეყნის რომელიმე წამყვან თეატრში, რომლის თანამედროვე, მოდერნიზებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზა თუ სამსახიობო ანსამბლი იძლევა პროფესიული რეალიზების სრულ შესაძლებლობებს. ზურაბ ხვედელიძემ რთული გზა აირჩია, მთელი ცხოვრება იყო იქ სადაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ქართულ თეატრს. მისთვის სტატუსს არ გააჩნდა არსებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობდა რეგიონული თუ რაიონული თეატრების განვითარებასა და მათ პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. თავადაც არაერთი თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი იყო და სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა აქტიურ შემოქმედებით ურთიერთობებს საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციებთან.

 

,,ზურაბ ხვედელიძის თეატრი“, თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ერთგული დარჩა ქართული კლასიკური და თანამედროვე დრამატული მწერლობის მიმართ. ასევე ერთგულად მეგობრობდა და თანამშრომლობდა თავის - (კომპოზიტორი კახა ცაბაძე, ქორეოგრაფი ზურაბ გუგუშვილი, მხატვარი პაატა მძინარიშვილი) გუნდთან, რომელთა გამორჩეული და მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერა ყოველი წარმოდგენის განხორციელებისას ნათლად იკითხებოდა. როგორც ნებისმიერ რეჟისორს, ისე ზურაბ ხვედელიძესაც თავისი შემოქმედებიდან გამორჩეულად უყვარდა რამდენიმე სპექტაკლი. ერთ -ერთი ასეთი ,,სიკვდილის დღის საჩუქარი“ იყო, რომელსაც რეჟისორი პერმანენტულად უბრუნდებოდა და განსაკუთრებით ბოლო დროს, სწორედ ამ სპექტაკლით მიემგზავრებოდა სხვადასხვა ფესტივალებზე. მათ შორის მქონდა ბედნიერება თანამონაწილე ვყოფილიყავი იმ წარმატების, რაც აღნიშნულ წარმოდგენას ხვდა წილად ლიეტუვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - ,,theatre cluster”. განვლილი ნაყოფიერი შემოქმედების გათვალისწინებით საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა ზურაბ ხვედელიძის სახელობის ჯილდო, რომელიც, განსაკუთრებით რეგიონულ თეატრებში მოღვაწე ახალგაზრდა რეჟისორებს გადაეცემათ.

 

სწორედ ბოლნისის მუნიციპალური თეატრის საიუბილეო საღამოზე გამოვლინდება პირველი ჯილდოს მფლობელი ხელოვანი. აქვე მოკლედ გთავაზობთ მოსაზრებებს სპექტაკლზე - ,,სიკვდილის დღის საჩუქარი“ - რომელიც რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ ალექსი ჩიღვინაძის ამავე სახელწოდების ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე განახორციელა. მოქმედების ადგილი - საპყრობილე, პატიმართა საკანი... მოქმედების დრო - ჩვენი თანამედროვეობა. პიესა და შესაბამისად სპექტაკლი თავისი შინაარსითა და ხასიათით ფსიქოლოგიურად მართალი თეატრის ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობა.

 

ავტორი ზედმიწევნით რეალისტურ ფერებში ხატავს პერსონაჟთა ტრაგიკულ ცხოვრებას და უიმედო პერსპექტივას. დრამატურგიული სტრუქტურა, კომპოზიციური წყობა თუ მიზანსცენათა თანმიმდევრული მონაცვლეობა ლოგიკურად ვითარდება. არსებობს ერთი მოცემულობა - ციხის საკანი, სადაც მოქმედი პერსონაჟები, გარდა ციხის ზედამხედველისა, ერთი ოჯახის წევრები არიან. დედა, მამა და ორი შვილი სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს. ექსპერიმენტული საპყრობილე განსაკუთრებით საშიში პატიმრებისთვისაა განკუთვნილი. საკანში ციხის ზედამხედველი შემოდის, რომელიც თითოეული პატიმრის მიმართ კონკრეტული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მცირე, არავერბალური შესავალი დასაწყისშივე ქმნის წარმოდგენის ატმოსფეროს. მომდევნო სცენა სპექტაკლის საექსპოზიციო ნაწილს ეთმობა. ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი, როგორც გმირი პროტოგონისტი, თანმიმდევრულად გვაცნობს მონაწილე პერსონაჟების - (ოჯახის წევრების) - ბიოგრაფიას.

 

საპყრობილემდე ოჯახის წევრები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. თითოეულ მათგანს გააჩნდა თავიანი ინდივიდუალური ბიოგრაფია და ცხოვრების წესი. მამა - თეატრის წამყვანი მსახიობი იყო, რომელსაც რეჟისორი შემოაკვდა. დედა - დაბადებიდან ყრუ მუნჯია და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დაფაზე დაწერილი წინადადებებით ახერხებს. გოგონამ ადრეული ასაკიდან ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო, ბოლოს ორი ადამიანი მოკლა და ასე აღმოჩნდა სიკვდილმისჯილთა შორის. ოჯახის წევრების დაპატიმრებების გამო ვაჟმაც მათი ბედი გაიზიარა. ისინი სიმბოლურად თანამედროვე, დიფერენცირებულ საზოგადოებას განასახიერებენ. შესაბამისად ოჯახიც ქვეყნის ერთგვარ მეტაფორად აღიქმება, საპყრობილე კი სისტემად, რა რეჟიმშიც უწევთ ადამიანებს ცხოვრება. რთულია იმის განსაზღვრა თუ სად გადის ზუსტი ზღვარი, სად სრულდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება და სად იწყება კრიმინალური დანაშაული. პერსონაჟები ერთ საკანში სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს და ამათგან ერთს, ქალიშვილს როგორც კი ის სრულწლოვანი გახდება, სიკვდილით დასჯიან. თითოეულ მათგანს გააზრებული აქვს არსებული მდგომარეობა და საპყრობილეშიც ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას. გასეირნება, ციხის სადილი, ცხოვრების განვლილი ეპიზოდების გახსენება, დაპირისპირება და კამათი - ეს მათი ყოველდღიური ყოფაა. ჩვეულებრივი სადილობის დროს გოგონა ხმამაღლა აცხადებს რომ ის ციხის ახალ ზედამხედველზე თხოვდება. შვილის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ოჯახის წევრებს. მომდევნო ეპიზოდები ციხეში პაემნების სცენებს ეთმობა. ძმას პაემნების ოთახში საცოლე აკითხავს - დას საქმრო... ორივე შემთხვევაში, მოქმედი პერსონაჟები ავლენენ თავიანთ გრძნობებს და მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, ჩნდება მომავლის იმედი, დახშული სივრციდან გაღწევის სურვილი. ციხის ზედამხედველს გოგონა მოსწონს. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა გადაწყვეტს ზედამხედველზე დაქორწინებას და საქორწინო ცერემონიალიც თავისივე დაბადების დღეს გაიმართება. ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე და სასიკვდილოდ განწირული ბედნიერების ტრაგიკული დასასრულია. წარმოდგენა ერთი მოქმედებისგან შედგება და ქრონომეტრაჟი საათს არ აღემატება. საშემსრულებლო თვალსაზრისით (მამა - ბექა შეყილაძე, დედა - ნინო ალადაშვილი, და - ქეთევან უგრეხელიძე, ძმა - ზურაბ ხაფთანი, ზედამხედველი - კახა ბერძენაძე) დასი მაქსიმალური ანსამბლურობით გამოირჩევა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ერთი თაობის მსახიობები ერთ სამოქმედო სცენურ სივრცეში ორგანულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. პიესის და ასევე სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც მსახიობისაგან ისევ და ისევ წარმოდგენილი რეალობის იდენტურ, მოზომილ და მხატვრულად დამაჯერებელ აღქმა-გადმოცემას გულისხმობს, შედეგი მიღწეულ იქნა. პირქუში სცენური სივრცე - (მხატვარი პაატა მძინარიშვილი) თავიდანვე ქმნის სასიცოცხლო საყრდენს გამოცლილი საზოგადოების ერთგვარ მინი-მოდელს. ავანსცენა მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიული დეტალებისგან. სცენის სიღრმეში ჩამოკიდებული ჰამაკები პირობით საკნებად იყოფა, სადაც მსჯავრდადებულთა ოთახებია განთავსებული. კამერული, მკაცრი მიკროსამყარო ტრაგიკული დასასრულის მოლოდინშია. ზედმიწევნით ყოფითი და უბრალო კოსტიუმები, ზუსტად აკონკრეტებს მოქმედების ადგილსა და დროს. ეს რეჟისორის სამყაროა, მიზანმიმართულად შეულამაზებელი, შეკოწიწებული... შავისა და თეთრი ფერის მკვეთრი კონტრასტული დაპირისპირება XX-XXI საუკუნეთა მიჯნას მიღწეული საქართველოს გაურკვეველ პერსპექტივას ქმნის. რეჟისორი არსებული ყოფის, რეალობის მხატვრულ მოდელს გვთავაზობს, სვამს კითხვებს და პასუხებისკენ გვიბიძგებს... ზურაბ ხვედელიძე სადადგმო კულტურის თვალსაზრისით მინიმალისტური რეჟისურის პრინციპებს მიჰყვება და მაქსიმალური აქცენტი პერსონაჟთა ქმედით მხარეზე, შინაგანი სამყაროს ექსპრესიულ გამომსახველობაზე გადააქვს.