Dance Macabre, ანუ „სიკვდილის ცეკვ“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

299433238_469999428001264_2163038050608034012_n.jpg

ელენე შალუტაშვილი

Dance Macabre, ანუ ,,სიკვდილის ცეკვა“

  

გია კიტიას სარეჟისორო ჯგუფის სტუდენტ მარიამ სიხარულიძის სპექტაკლი ,,გეტო“ (იეშუა სობოლის პიესა) თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა. სპექტაკლმა ჩემში, როგორც მაყურებელში, მეორედ ნახვის სურვილი გააჩინა. მიზეზი ამისა კი არა მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა, ქორეოგრაფია, თუ სცენოგრაფია, არამედ ცოცხალი პროცესი იყო, რომელიც სცენაზე დაიბადა. იეშუა სობოლი დოკუმენტური დრამის შესავალში წერს, თუ როგორ გააოგნა გეტოს გადარჩენილთა მოგონებებმა. ხელნაწერებიდან სიცოცხლე ,,გადმოდუღდა“. იგი ამბობს: ,,სასიცოცხლო აუცილებლობის იდუმალება, ამ პიესის დაწყების ვალდებულებას მაკისრებს“. ძიების მთავარ საგნად ახალგაზრდა რეჟისორმა სწორედ ეს იდუმალება აირჩია. დღესდღეობით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოების მთავარი ამოცანა მატერიალური და რაციონალური სადავეების პოვნაა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ფონზე იდუმალების ძიება, ისეთივე ,,სასიცოცხლოდ აუცილებელი“ მოვლენაა, როგორც გეტოში თეატრის შექმნის იდეა. ტექსტის ე.წ. თავისუფალი ინტერპრეტირება სპექტაკლს პიესის სათქმელთან აახლოებს. მოვლენათა რიგი მეტწილად ხაიალეს (ნუცა სულაბერიძე) ირგვლივ არის განვითარებული. ამ ხერხით დაძლეულია პიესის ფრაგმენტულობა, მოვლენები კი მაყურებლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხაიალე მთავარ პერსონაჟად გვევლინება, დანარჩენი პერსონაჟების (მათ შორის, მასიური სცენის) გრძნობათა ბუნება არ არის ერთფეროვანი. მკაფიოა არა მხოლოდ მათი მიზნები და ამოცანები, არამედ ურთიერთდამოკიდებულება.

 

როგორც ავტორი წერს, გეტოში ,,სიცოცხლე დუღდა“ გარდა თეატრის შექმნის იდეისა, ამ ყველაფერზე მის მაცხოვრებლებს შორის გაჩენილი განსაკუთრებული ურთიერთობები მეტყველებენ. კიტელსა (გიორგი გიორგიძე) და ხაიალეს შორის არსებული ლტოლვა, ამისი ერთ-ერთი მაგალითია. ასეთივეა იაკობ განსისა (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი) და კიტელის შეთანხმება ნარკოტიკის გადატანაზე. ,,გეტოს გიჟის“ (გიორგი ცერცვაძე) გამუდმებითი კითხვები მარადისობაზე, ისევე როგორც, ერთი შეხედვით, შემგუებელი ვაისკოფის (ილია ჭეიშვილი) მოულოდნელი სურვილი ხაიალესთან ერთად გაქცევის. შრულიკის (გუგა ქაცარავა) მიზანი ხაიალეს ისევ ვარსკვლავად აგრძნობინოს თავი, გეტოშიც კი. ყოველი მათგანი საკუთარ გადარჩენის გზას ირჩევს. მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე გამორჩეული ის გზაა, რომელსაც პატარა იდა (თინი კვერნაძე) ადგას.

 

სპექტაკლის მსვლელობისას მხოლოდ თეთრი მარიონეტია უცვლელი. მას არ ვაქცევთ ისეთ ყურადღებას, რამდენადაც ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აქ პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ, ქმნიან თეატრს, ერთიანდებიან, ავადმყოფობენ, ერთმანეთს ღალატობენ და ა.შ. თოჯინა კი ყოველთვის იქ არის. მაინც როდის შეიძლება ადამიანს გადარჩენილი ეწოდოს? გეტოს თეატრის შემოქმედებითი ლიდერი, ნამდვილი ვარსკვლავი - ხაიალე გარბის. მაგრამ მისი გადარჩენა არ არის ასოცირებული სულიერ გადარჩენასთან. პატარა იდა კი შრულიკთან ერთად, სასაკლაოზე რჩება. იდა ამბობს: ,,სინათლე! სინათლე იქნება შრულიკ!“… ნათქვამია მორწმუნეებს სიბნელის ეშინიათ, ხოლო ურწმუნოებს სინათლისო. თუ ამას სხვაგვარად გავიგებთ მივხვდებით, რომ სინათლისკენ ლტოლვა მორწმუნეთა ხვედრია. სწორედ რწმენა სიცოცხლის, სინათლისა და მარადისობის არის ის, რაც გეტოს ყველაზე პატარა მაცხოვრებელმა, სიკვდილთან ნაადრევად შეხვედრისას აღმოაჩინა საკუთარ თავში. სცენაზე მოძრავი დაზგა მეტაფორულ შინაარსს იძენს. თუ ერთ შემთხვევაში ის სიკვდილის სიმბოლოა თეთრი კუბოს სახით, მეორე შემთხვევაში, სცენის შემოსვლისას, იგი სიკვდილის დამარცხების არენად იქცევა. ამ რიგად ვხვდებით, რომ სიკვდილზე გამარჯვება არა ფიზიკური გადარჩენით, არამედ მარადიული ღირებულებების ერთგულებით მიიღწევა.

  

ნუცა სულაბერიძის მიერ შესრულებული ხაიალე ნამდვილი ვარსკვლავია. მსახიობის მიერ არა მხოლოდ ზუსტი აქცენტები დაისვა, არამედ მაღალ დონეზე შესრულდა ვოკალური და ქორეოგრაფიული ეპიზოდები. ცალსახად ჩანს მის მიერ როლის არა მხოლოდ სიღრმისეული გააზრება, არამედ მისი მაღალი სამსახიობო შესაძლებლობები, ისევე როგორც მაგნეტიზმი და გადამდებლობა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხაიალეს ირგვლივ არის მოვლენები განვითარებული. შესაბამისად, როლის ფუნქცია პიესასთან შედარებით, იზრდება. მან მოახერხა ყოფილიყო ლიდერი, რომლის ენერგეტიკასაც დამწყებმა მსახიობებმა ალღო აუღეს, შედეგად სამსახიობო გუნდი შეიკრა. უკლებლივ ყველა მსახიობს გააჩნია არა ერთი ღირსება. თუმცა ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი გუნდურობა იყო.

   ერთი წლის უკან თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი - ,,სისხლიანი ქორწილი“ ვიხილეთ.  გიორგი გიორგიძე და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი მთავარ როლებს ასრულებდნენ. უკვე ,,გეტოში“ ცალსახად გამოჩნდა, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, მიზნების, ტემპერამენტისა და ღირებულებების მქონე როლების მაღალ დონეზე შესრულება. კიტელი ბოროტმოქმედია, რომლის დაბინძურებულ გულში არსებობს ნათელი მხარეც, ხოლო იაკობ განსი ცდილობს ისე შეცვალოს ვითარება, რომ ხელშეუხებელი დარჩეს. ორ ფრონტზე მებრძოლი კი ორივე ფრონტზე აგებს. რაც შეეხება გუგა ქაცარავასა და თინი კვერნაძეს, მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხილვა შეუძლებელია. დამწყებმა მსახიობებმა მოახერხეს სცენაზე ყველაზე უანგარო სიყვარულის გაცოცხლება. შრულიკსა და იდას შორის არ არის რაიმე ვალდებულება, სისხლით ნათესაობა და მითუმეტეს ლტოლვა. ისინი გადმოსცემენ იმ ადამიანების ურთიერთობას, რომლებმაც უბრალოდ იცნეს ერთმანეთი. ილია ჭეიშვილის ვაისკოფი პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პერსონაჟია. მსახიობმა სწორედ ეს ხაზი განავითარა და ვფიქრობ, ზუსტი აქცენტი დასვა. ვაისკოფი უმეტეს წილად, მოვლენათა დამკვირვებლად გვევლინება, ამის მიღმა კი მოულოდნელად ჩნდება მისი სურვილი ხაიალესთან ერთად გაქცევის. რაც შეეხება გიორგი ცერცვაძის პერსონაჟს, რომელიც ხასიდის სიტყვებს ამბობს: ,,დრო, ეს დრო! საით მიდის დრო?“, ერთი შეხედვით შეშლილია. იგი ყველაზე ექსპრესიული პერსონაჟია, რომლის შეძახილებსაც არავინ ისმენს. მერკანტილურ სამყაროში, რომლის მიხედვითაც ადამიანს სულიერებაზე დაფიქრება მხოლოდ სტაბილურობის განცდის შემდეგ შეუძლია, ახალგაზრდა შემოქმედებითი გუნდი ამბობს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს ხელ - ფეხი ეკვრება, იგი იწყებს სხვა საყრდენის ძიებას და უჩნდება კითხვა დროსთან, სიკვდილ - სიცოცხლესა და მარადისობასთან მიმართებაში. ასეთივეა შექმნილი ატმოსფერო. თეო კუხიანიძის სცენოგრაფია ზუსტად ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც გეტოსავით თრგუნავს ადამიანის სულს. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ,,ფეთქდება“ ებრაული ცეკვა და სიმღერა. ვოკალური (მუსიკალური გაფორმება - ნინო სიხარულიძე) და ქორეოგრაფიული ( ქორეოგრაფები - ნათია მეტრეველი, დეა აბაკელია) ეპიზოდები ემსახურება არა შთამბეჭდავი ,,სანახაობის“ შექმნას, არამედ გეტოს მაცხოვრებელთა გენეტიკურ დონეზე არსებულ პროტესტს სიკვდილისადმი და ბრძოლას სულიერი გადარჩენისთვის. ამ იდეისა და სულისკვეთების გააზრებასა და გათავისებას არ ვხედავთ მხოლოდ მოწინავე როლების შემსრულებლებთან. ანდრია ზაქარაიამ, ნიკა ნიკურაძემ, ლაშა ქვაცაბაიამ, ლუკა ჩიბუხაიამ, ანუკა შარიამ, ნინა ყიფშიძემ და ანა გვანცელაძემ მასიური სცენების დინამიკა და სპექტაკლის ინტენსივობა განაპირობეს. ფინალურ გამოსვლაში გეტოს ლიკვიდაცია ახლოვდება. ებრაელი ხალხი კი განსაცდელს ცეკვით ეგებება. სიკვდილი ახლოსაა და ჩემი აზრით, სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე მეტად ,,სიცოცხლის აუცილებლობის იდუმალება“.

  

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედებითმა გუნდმა აირჩია სასაუბროდ. ადამიანური ღირსებები, კონფლიქტები, სისუსტეები, სიყვარული, ურთიერთობა სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან და ა.შ. არის ის, რაც ხელოვნების, გამორჩეულად თეატრის, ძიების მთავარი საგანი იყო ყოველთვის. იმედი მაქვს, რომ სპექტაკლი ,,გეტო“ გააგრძელებს არსებობას, ხოლო გუნდისთვის, შემოქმედებით გზაზე - ადამიანი და მისი სულიერი სამყარო, ძიების მთავარ საგნად დარჩება.