top of page

სილიკონის ტვინი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280323275_816763805950752_3435194798015457806_n.jpg

სოფო ხუნდაძე

სილიკონის ტვინი


საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სანდრო ახმეტელის სახელობის აუდიტორიაში, დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის IV კურსის სტუდენტმა დავით თარბამ სადიპლომო სპექტაკლი, თეოდორ ჰოლმანისა და ტეო ვან გოგის პიესა „ინტერვიუ“ დადგა. დამწყებმა რეჟისორმა კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ მოცემული პროექტით გაიმარჯვა. აღნიშნული პიესა პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე. ტექსტის თარგმნაზე ქეთევან სამხარაძემ და დავით თარბამ იმუშავეს. სპექტაკლის მხატვარია თამარ სამხარაძე, ხოლო მხატვრული განათება თამარ სამხარაძეს, გიორგი კლაინს და ნიკა ჯაფარიძეს ეკუთვნით.

სპექტაკლი „ინტერვიუ“ ეხება თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემებს და შესაბამისად ის რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: ეთიკური ნორმები, მათი რღვევა და მედიის მუშაობის მეთოდები. რეჟისორი მსახიობთა (მსახიობები: ლიზი კოტრიკაძე და გივი ბალანჩივაძე) საშუალებით გამოხატავს მოქალაქეობრივ პოზიციას და საზოგადოებას ახსენებს აღნიშნულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც საბოლოო ჯამში პროფესიული პასუხისმგებლობის გაღვივების გარეშე სრულიად შეუძლებელია.

სცენოგრაფია მინიმალისტურად ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. სცენაზე მაყურებელი ხედავს ორ ღია ნაცრისფერი რბილ სკამს, სპილოს ძვლისფერ მაგიდას შავ წვრილ სადგამებზე, ასევე პატარა ყავისფერ მაგიდას ტახტთან, რომელზეც ღვინის ბოთლები, ჭიქები და სანაგვე ურნაა განთავსებული. სადარბაზოსა და სახლის ფუნქციას ერთი სივრცე ასრულებს, რომელიც თეთრი კარითაა გამიჯნული.

სპექტაკლი სატელეფონო ზარით იწყება და ყურადღებას კედელთან მჯდომი პიერი (მსახიობი: გივი ბალანჩივაძე) იპყრობს, რომელსაც უხერხულად ძილის სიმშვიდეს მისი უფროსი ურღვევს. საუბრისას ირკვევა, რომ ის 40 წელს გადაცილებული პოლიტიკური კორესპონდენტია და იმის მაგივრად რომ ინტერვიუს, რომელიღაც პოლიტიკოსთან წერდეს, იმის ფონზე რომ მთავრობა გადადგომას აპირებს, „ვარსკვლავური სინდრომით დაავადებულ, რომელიღაც ძუკნას“ ელოდება საათზე მეტია. გივი ბალანჩივაძის პერსონაჟი ქედმაღალი, „ინტელექტუალი“ ადამიანის ტიპური სახეა. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობს წარმოჩნდეს, მაღალი IQ მქონე პიროვნებად. მსახიობი თითქოს ინტელექტუალ ინდივიდთა კრებით სახეს ქმნის. რეალური სამყაროს სოციალური სურათის დაფიქსირებით, ჭუჭრუტანიდან ცდილობს დაგვანახოს არსებული კოლიზია საპნის ოპერების გმირსა და საკუთარ პერსონაჟს შორის. მისი თამაშის მანერულობაში ჩანს ლოგიკური ურთიერთ დაქვემდებარება, ორგანიზებულობა, კონკრეტულ-განზოგადებული ხასიათი, პრინციპული გახსნილობა და მზაობა მაშინაც კი, როდესაც გაუთვალისწინებელი შეცდომა ხდება როლის გათამაშების პროცესში.

სატელეფონო ზარის დასრულებისთანავე სცენაზე კატარინა (მსახიობი: ლიზი კოტრიკაძე) შემოდის, რომელიც ბოდიშს უხდის სტუმარს დაგვიანებისთვის. მისი პერსონაჟი ბუნებით და გარეგნულად წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ლიზი კოტრიკაძე ერთდროულად წარმოგვიდგენს ირონიითა და ცინიზმით გამსჭვალულ, შტერ, ჭკვიან, ხან სასტიკ (როდესაც პიერის გარდაცვლილი შვილით მანიპულირებს), მძვინვარე, ფიცხ, ნაზ, წრფელ, ზოგჯერ რომანტიკულ სახეს. ჟანრული ეკლექტიზმით დატვირთულია მისი პერსონაჟი. მარტივად, აუღელვებლად და ზედმეტი პათეტიკის გარეშე იცვლის ხასიათს. მას ასევე გამოუვალობის განცდა ეუფლება და სევდა იპყრობს, როცა საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკობს. კარგად აქვს გააზრებული რეჟისორის ჩანაფიქრი. მისი ფიზიკური და ემოციური პარტიტურა წარმოქმნილია აზრობრივი პარტიტურის შედეგად, აქედან გამომდინარე კარგად ითავსებს და გამოხატავს საკუთარ საშემსრულებლო ინდივიდუალურობას.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ სპექტაკლში მუსიკას საერთოდ არ იყენებს რეჟისორი. ჩემი აზრით, დავით თარბამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საინტერესო ექსპერიმენტი შესთავაზა პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ მაყურებელს. შეიძლება ითქვას, იმის ხარჯზე რომ სპექტაკლში მუსიკა არ ჟღერს, უფრო ნათლად და ზუსტად გამოიკვეთა რეჟისორისა და მსახიობთა ტანდემის მუშაობის სპეციფიკა. მსახიობთა ამბივალენტური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ პარაბოლურ სიღრმესა და მასშტაბს ანიჭებს სანახაობას. ამავდროულად ისინი ერთმანეთს ანდამატივით იზიდავენ.

დიალოგები იმდენად დინამიკურია, მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ამავდროულად მსახიობები არ ერიდებიან სკაბრეზულ თავნებობას (რაც ხშირ შემთხვევაში ყურის მომჭრელად ჟღერს), თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ორგანულია სცენიდან „ნატყორცნი“ უცენზურო მიმართვები: „ყლიერ“, „კლიტორინა“.. ასევე ისმის ირონიული მიმართვები ერთმანეთის მიმართ: „შანტეკლერის დედოფალო“, „სილიკონიანი ტვინი“.. კატარინა ცდილობს პიერს კაცური ღირსება შეულახოს. ის ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ვიდეო კამერის წინ გახდას აიძულებს. პარალელურად ვიდეო კამერით გადაღებულ კადრებს მაყურებელი კედელში ჩამაგრებულ ეკრანზე ხედავს. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება მიზანსცენაზე, როდესაც კატარინა პიერზე გაბრაზებული ტახტზე წამოწვება და ღვინის ჭიქას დააგდებს, რაც რეალურად შემთხვევითობაა და საერთოდ არ იყო განსაზღვრული სცენარში. დამწყები მსახიობების პროფესიონალიზმის ხარჯზე, არსებული უხერხულობა ორგანულად გათამაშდა სცენაზე. სხვა რეცენზიების წერისას არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მსახიობებს შორის კომუნიკაცია თითქმის არასდროს არის, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად ჰქონდათ ლიზისა და გივის შესისხლხორცებული საკუთარი პერსონაჟები, რომ განცდათა და შეგრძნებათა სრული ქარიშხალი დაატრიალეს სცენაზე.

კვანძის გახსნა სპექტაკლში საინტერესოდ ვითარდება. ირკვევა, რომ პიერმა კატარინას დღიური წაიკითხა. ის ერთ-ერთ ჩანაწერში წერს, „აქ სიკვდილია.. ყველგან სიკვდილია.. სიკვდილი ჩემშია“. არსებული ჩანაწერის ხარჯზე მონათესავე სულად აღიქვამს და სთხოვს, რომ ერთმანეთს თავიანთი ყველაზე ბნელი საიდუმლო გაუმხილონ. პიერი რთავს ხმის ჩამწერ აპარატს და ისმენს კატარინას აღიარებას. შემდეგ კი სცენაზე ისევ ვიდეო კამერა ჩნდება, რომელიც კულმინაციურ მომენტში „მთავარ როლს“ ირგებს და დამნაშავის მიერ დანაშაულებრივი ქმედების აღიარებას ასახავს ფირზე. სპექტაკლის დასასრული მოულოდნელობებით სავსეა. პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც შეპირებულ სიტყვას და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს სატელეფონო ზარით არღვევს „საოცარი მასალის“ ხარჯზე იგებს, რომ    სილიკონიანი ტვინის მსახიობის მიერ გაცურებული ლუზერია.

რეჟისორმა დავით თარბამ „მოლაპარაკე ყოფიერება“ საინტერესო, დაძაბული, ამაღელვებელი და ინტრიგანული ლაბირინთებით მოცული სპექტაკლი წარმოგვიდგინა მაყურებელს. შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ პრემიერას და ვუსურვებ წარმატებას.

bottom of page