top of page

სინდისთან პირისპირ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

03fb0576-1757-40df-b0de-a50ca363da3f.jpg

21.10.2026

ნინო გაბედავა

სინდისთან პირისპირ

​

რა არის პასუხისმგებლობა? რა ქმნის პიროვნებას: აღზრდა? ბუნება? იქნებ, საკუთარი არჩევანი? სად გადის ზღვარი ადამიანურ ფასეულობასა და ნებას შორის?

​

საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი „მოდი ნახე“ გიორგი ჭანტურიას (რეჟისორის ასისტენტი - ზუკა ბერუაშვილი) სპექტაკლს „გამზრდელს“ წარმოგვიდგენს, რომელიც მხოლოდ ქართული კლასიკური ნაწარმოების გასცენურება არ არის. შემოქმედებითი ჯგუფი ისეთ მწვავე საკითხებს უღრმავდება, რაც ადამიანურ არსზე, პასუხისმგებლობაზე გვაფიქრებს. აქ ქორეოგრაფია, პანტომიმა, ვერბალური აქტი, შერწყმულია და ქმნის ფორმას, რომლის საშუალებითაც ნაწარმოების მთავარი იდეა ნათლად იკვეთება.

​

აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“ თანადროულია. ნაწარმოები საშუალებას იძლევა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ახალი ხედვითა და განსხვავებული პერსპექტივებით წავიკითხოთ და გავიაზროთ მასში არსებული მარადიული საკითხები: ადამიანის ბუნება, აღზრდის მნიშვნელობა, ზნეობრივი არჩევანი და სხვა. სწორედ ამ მრავალშრიანი სათქმელის ახლებურად გააზრების საშუალებას რეჟისორი გიორგი ჭანტურია გვთავაზობს, რომელიც სათეატრო ენით (არა მხოლოდ ვერბალური) აცოცხლებს. მისი სცენური ინტერპრეტაცია გამომსახველობითი ფორმით გამოირჩევა, სადაც ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი - გიორგი კაკალაძე) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ის ხომ პერსონაჟთა შინაგან სამყაროს, ემოციურ დაძაბულობასა და ზნეობრივ კონფლიქტებს გადმოსცემს.

​

სპექტაკლის სცენოგრაფია (მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი და გიორგი ჭანტურია) არ არის გადატვირთული. სცენის ე.წ. რამპასთან მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულია კიბეები, განლაგებულია ბუტაფორული ნივთები, სცენის სიღრმეში შირმები, რომელიც ხანდახან სიმბოლურია - სწორედ იქიდან გამოსული მსახიობები სხეულის ენითა და პლასტიკით პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას აშიშვლებენ. შირმები ერთგვარი სიმბოლური პორტალის ფუნქციასაც ასრულებენ, რომლის გავლითაც სცენაზე ფარული, უხილავი სულიერი მდგომარეობა ცხადდება. ამასთან, მუსიკალური გაფორმებაც დაძაბულობას აძლიერებს და ემოციურ ზემოქმედებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

​

ხშირად მიმართავენ გამოსახულების პროეცირებას, სადაც კადრების ჩვენებასთან ერთად, მსახიობი ზვიად დოლიძე პოემას ჩვეული ექსპრესიულობით კითხულობს, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულ ემოციურობასა და ჟღერადობას ანიჭებს, თუმცა საკმაოდ დიდი დრო ეთმობა. ეს სასცენო პროექცია ნაწილობრივ ანელებს სცენური მოქმედების დინამიკას და შესაბამისად, ირღვევა ტემპო-რიტმი. გარდა ამისა, რეჟისორი ხშირად მიმართავს პაუზებს. ზოგიერთ ეპიზოდში შესაძლებელია ეს დაძაბულობის გასაძლიერებლად და საჭირო აქცენტების საყურადღებოდ ეფექტურ ხერხად ჩაითვალოს, თუმცა მათი სიხშირე და ხანგრძლივობა სპექტაკლის რიტმულ ერთიანობაზე აშკარად ისახება, რაც მოქმედების უწყვეტობას არღვევს.

​

სცენის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული კიბეები შემთხვევითი არ არის, არამედ სიმბოლურია, რომელთაც ბათუ (მსახიობი - მინდია ქიტიაშვილი) და საფარ-ბეგი (მსახიობი - გიორგი ონიანი) ებღაუჭებიან. მისი გააზრება შესაძლებელია როგორც ზნეობრივი საყრდენის, ასევე, ამაღლებისა და დაცემის სახით. სწორედ ამ კიბეს ეხვევა მსახიობ რომან ნებიერიძის მიერ განსახიერებული ეშმაკური პერსონაჟი, რომლის გველისებრი პლასტიკა მის ბუნებას კიდევ უფრო გამოკვეთს. ბათუს და საფარ-ბეგის შემსრულებლები მეტყველებითა თუ სახასიათო პლასტიკით ცდილობდნენ პერსონაჟთა პორტრეტის დახატვას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უტრირებული იყო, რის გამოც გმირების სახეებს ბოლომდე ორგანულობა აკლდა. თუმცა, მათ შესრულებაში იგრძნობა მთიელი ხალხის ტემპერამენტი, სიხისტე, ემოციური სიმძაფრე, რაც მათ ფესვებთან, მთის მკაცრ გარემოსთან აკავშირებს.

რეჟისორის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტაცია ბოროტი ძალის გადაწყვეტაა, რომელსაც მსახიობი რომან ნებიერიძე უსიტყვოდ, სხეულის ენით ქმნის. უფრო სწორად, სპექტაკლში ის საფარ-ბეგის სულიერ სამყაროს წარმოაჩენს, თუმცა მისი სახის გახსნა, სრულიად სხვა ქვეტექსტზე მეტყველებს - მსახიობი უფრო განზოგადებულ, დამოუკიდებელ სახეს ძერწავს, რომელიც ცდუნებისა და ბოროტების სიმბოლოა: მისი პლასტიკა და გამომეტყველება, როგორ ეხვევა სცენის მარცხენა კიდეზე განთავსებულ კიბეს ქვეწარმავალივით, ასევე როგორ იძენს მანიპულატორის სახეს და ხელების/თითების მოძრაობით თითქოს უხილავი ძაფებით როგორ მართავს პერსონაჟებს. მისი ჟესტიკულაცია ეშმაკური ჩანაფიქრისკენ მიგვანიშნებს. საბოლოოდ, რეჟისორმა და ქორეოგრაფმა რომან ნებიერიძის მიერ განსახიერებული სიმბოლური პერსონაჟი განზოგადებულ, ცალკეულ სახედ გამოიყვანა, თითქოს ისაა შემოქმედი ამ ტრაგედიისა, და არა კონკრეტულად საფარ-ბეგის შინაგანი სამყაროს სიმბოლო-მეტაფორა.

​

რეჟისორი და ქორეოგრაფი პერსონაჟთა შინაგანი მდგომარეობის გასაშიფრად ორგანულ პლასტიკურ გადაწყვეტას მიმართავენ: გმირების სულიერ სამყაროს სხვა მსახიობების შესრულებით (ბიძინა კვიჟინაძე - ბათუს სულიერი სამყარო, ნათია როინიშვილი - ნაზიბროლა, საფარ-ბეგი - რომან ნებიერიძე, თუმცა ანალიზიდან გამომდინარე, ის უფრო განზოგადებული სახეა) ხილულს ხდის. ქორეოგრაფიული კომპოზიციების საშუალებით მსახიობები ქმნიან იმ ზნეობრივ და ემოციურ ატმოსფეროს, რომელშიც პერსონაჟები არსებობენ და იბრძვიან. ემოციური სცენაა გაუპატიურების შემდგომი პანტომიმური ქმედება: ნაზიბროლას შინაგანი მდგომარეობის, სულიერი ტკივილის ასახვა, რომელსაც ნათია როინიშვილი გადაუჭარბებლად, ბუნებრივად წარმოაჩენს, საფარ-ბეგის მზაკვრული სულის გაცხადება რომან ნებიერიძის შესრულებით და თვალებახვეული, გაურკვევლობაში მყოფი ბათუ, რომელიც სულიერად კვდება, ამას კი მსახიობი ბიძინა კვიჟინაძე არავერბალურად საკმაოდ დასამახსოვრებლად წარმოაჩენს.

​

აღსანიშნავია ნაზიბროლას (მსახიობი - ნატა მეშველიანი), რომელიც უდანაშაულობის, დაუცველობის სახეა, სცენური არსებობა. მსახიობი პერსონაჟის ტრაგიკულ სახეს შინაგანი განცდების სიღრმითა და ემოციით ხატავს. მის ცეკვას ტრაგიკული ამბის წინათგრძნობა დაჰყვება: შეშინებული, დამფრთხალი, აქა-იქ აცეცებს თვალებს, თითქოს მოსალოდნელ საფრთხეს ეძებსო. ამ შემთხვევაში ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფიული ეპიზოდი არ არის, შესაძლებელია ითქვას - ტრაგედიის წინასწარი მინიშნებაა.

​

წინასწარმეტყველურ ქმედებად შეიძლება საფარ-ბეგის (მსახიობი - გიორგი ონიანი) ჟესტიკულაციაც ჩაითვალოს, როდესაც პირჯვრის გადაწერას ცდილობს, სამივე მცდელობის დროს კი ყვავის ჩხავილის ხმა გაისმის, რომელიც ავის მომასწავებელ ნიშნად აღიქმება.

საერთოდ, დადგმაში გამოყენებულია ქრისტიანული სიმბოლოები, მაგალითად, სცენაში, სადაც საფარ-ბეგი ბათუს უმხელს თუ რატომ მივიდა მასთან.  მოქმედება სანთლის შუქზე მიმდინარეობს. აქ სანთელი მხოლოდ განათების წყარო არ არის, არამედ საფარ-ბეგის სულიერი მდგომარეობის გამოაშკარავების მეტაფორაა. ეს სცენა განსაკუთრებულ ზნეობრივ დატვირთვას ატარებს.

​

ფინალურ სცენაში, სადაც საფარ-ბეგი მიდის გამზრდელთან, მისი შინაგანი მდგომარეობა ბოლომდე მკაფიო არ არის. იგულისხმება ის, რომ პერსონაჟის ქცევაში სინანულზე მეტად საკუთარი სამარცხვინო საქციელის გამართლებისა და პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობა იკვეთება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტერში შემოსული საფარ-ბეგი ხმამაღლა მიმართვას მაყურებელს. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ დანაშაულს კი არ გაურბის, არამედ მაყურებელსაც ადანაშაულებს. ამიტომ ჩნდება კითხვა: განიცდის კი საფარ-ბეგი სინდისის ქენჯნას, თუ საკუთარი დანაშაულის გამართლებას ცდილობს?

​

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია გამზრდელის როლი, ჰაჯი უსუფი (მსახიობი - პაატა მარუაშვილი), რომელიც ვიზუალური პროექციის საშუალებით ვირტუალურად ჩნდება, რაც გარკვეულწილად ემოციურ ბმას მაყურებელსა და გმირს შორის ასუსტებს. მან ხომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამ სიმძიმეს საკუთარი სიცოცხლის ფასად პასუხობს. მეტი სიმძაფრე და ემოციური ექსპრესია საფინალო სცენას დრამატიზმს შეჰმატებდა, რათა მაყურებელს უკეთ გაეაზრებინა გამზრდელის მორალური პასუხისმგებლობის ფასი.

​

დასკვნის სახით, გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი „გამზრდელი“ აკაკი წერეთლის პოემის ახლებური სცენური ინტერპრეტაციაა, რომელიც მარადიულ პრობლემებსა და საკითხებს წარმოაჩენს. ქორეოგრაფია, პანტომიმა, სიმბოლურ პერსონაჟთა სახეები, მეტაფორები - მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. სპექტაკლი გვიტოვებს კითხვას, რომელიც სცენის მიღმა აქტუალობას არ კარგავს: ადამიანის ზნეობრივ სახეს რამდენად განსაზღვრას აღზრდა და სად იწყება პირადი პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანსა და ქმედებებზე?

​

ფოტოები: მარიამ ჯულაყიძე

bottom of page