„სინქორნულობის გზაჯვარედინზე“ და სრულ ჰარმონიაში

„სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ და სრულ ჰარმონიაში

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული თანამედროვე ცეკვის დიდოსტატის, ფინური წარმოშობის 76 წლის ამერიკელი ქორეოგრაფის, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ქეროლინ კარლსონის შემოქმედებას პირველად არ ხვდება ქართველი მაყურებელი. პირველად, 2011 წელს რუსთაველის თეატრში ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით წარმოადგინეს მისი ქორეოგრაფიული თხზულებები “ლი” (2007) და “მანდალა” (2010).

ამჯერად, მის შემოქმედებასთან კვლავ შეხვედრის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მიეცა და ისევ რუსთაველის თეატრის ნაკურთხ სცენაზე. ფესტივალი „საჩუქარი“ 22 წლის მანძილზე ნამდვილ საჩუქარს უმზადებს თეატრის მოყვარულებს და ფესტივალის არსებობის განმავლობაში არაერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი არა მხოლოდ გააცნო და აღმოაჩენინა, არამედ აზიარა მათ შემოქმედებას. ქეროლინ კარლსონი კი, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზით „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის“ სამართლიანად გამოარჩია და დააჯილდოვა ფესტივალის ხელმძღვანელობამ, ქართველი მაყურებლის წინაშე მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ წარსდგა.

ექვსი უნიკალური და უნივერსალური მოცეკვავისთვის შექმნილი სპექტაკლი ქეროლინ კარლსონმა კარლ გუსტავ იუნგის ცნობილი ნაშრომის „სინქრონულობა“ შთაგონებით დადგა. როცა მის ქორეოგრაფიულ თხზულებებს უცქერ და აკვირდები მოცეკვავეებს, პირველი რასაც გრძნობ, ეს უკიდეგანო თავისუფლებაა ცეკვასა და ემოციების გამოხატვაში.

„სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ პრემიერა 2017 წელს გაიმართა. გარკვეულ მოვლენებზე რეაქციის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები ერთად აისახა ქეროლინ კარლსონის ამ წარმოდგენაში, რომელსაც დადგმის ავტორი გადმოსცემს ვიდეო გამოსახულებით, ქორეოგრაფიით, მუსიკითა და განცდების კასკადით. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ ქვია, სპექტაკლში კლასიკური სინქრონულობა არ უნდა ეძებოთ, უფრო მეტიც, ასინქორნი დომინირებს, მაგრამ სცენაზე სრული ჰარმონია სუფევს თავად მოცეკვავეებსა და მსახიობებსა და დეკორაციას შორის. ექვსი პროფესიონალი მოცეკვავე გადმოსცემს მდგომარეობას, რომელიც სხვადასხვა მოვლენით არის გამოწვეული. მოცეკვავეები გვიჩვენებენ ცხოვრებას, როგორც უწყევტ პროცესს, რომელიც შემოქმედებას გავს, ის აღმოჩენებითა და მოულოდნელობებით არის აღსავსე. წესრიგის დამყარება კი ცხოვრებაში შეუძლებელია, ისე როგორც ქეროლინ კარსლსონის ცეკვაში. რაც შეეხება სინქრონულობას თავად ცეკვაში, ეს ქორეოგრაფის თვითმიზანი სულაც არ არის, პირიქით, ის თავისუფლებაში ჰპოვებს წესრიგსა და ჰარმონიულობას. ასეა ცხოვრებაშიც. „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ კი სწორედ ცხოვრების ამ თავისებურებებს აღწერს.

ქეროლინ კარლსონს უყვარს კონტრასტები, არც ამ დადგმაში ამბობს უარს მასზე. შეპირისპირებას ორ მოვლენას, ღირებულებას, ესთეტიკასა და ინსტიტუციას შორის, ჩვენ, მაყურებელი, სპექტაკლში არაერთხელ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით ვხვდებით. ეს ყველაზე კარგად სპექტაკლის მუსიკალურ პარტიტურაში ვლინდება, რომელიც ათ ერთმანეთისგან განსხავვებულ კომპოზიტორს აერთიანებს. სპექტაკლში სხვადსხვა სტილისა და ჟანრის მუსიკა ჟღერს, მაგრამ ამას ვერ გრძნობ, რადგან ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, როგორც ცეკვის სხვადსხვა ენა აღიქმება ერთ ენად, რომელსაც ქორეოლოგები ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიულ ენას უწოდებენ.

ექვსი მოცეკვავე ერთ ქორეოგრაფიულ ნახაზს მიჰყვება, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ემოციის და განწყობების გადმოცემის ხერხებითა და საშუალებებით, შინაგანი დინამიკით, ტემპო-რიტმით. ქეროლინ კარლსონი უარს არ ამბობს მეტაფორებზე, ამისთვის ის იყენებს კარებს, სკამებს, მაგიდას... ისინი ცოცხლდებიან მოცეკვავეებთან ერთად, სულიერდებიან და ცეკვაში ერთვებიან, როგორც სარკმელში ვიდეოპროექციის საშუალებით შექმნილი გამოსახულება იქცა წარმოდგენის ლოგიკურ ნაწილად, კომპონენტად.

„სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ ქეროლინ კარლსონის დასის პროდუქციაა. ეს გუნდი თავისუფალ შემოქმედებს აერთიანებს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა პარიზში. ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული ქორეოგრაფი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, რაც მისმა წარმოდგენამ „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ დაადასტურა.