top of page

სისხლიანი
ქორწილი
„თეატრალურში“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

5BA4AABC-BA98-4F0D-8D33-69C0DA485422.png

06.12.2025

თამარ ქუთათელაძე

სისხლიანი ქორწილი „თეატრალურში“

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, უკანასკნელ ხანს, არაერთი საინტერესო სტუდენტური სპექტაკლი ვიხილეთ. მათ შორის გამორჩეულად მაღალპროფესიული ნამუშევარი გახლდათ რეჟისორების გუგა ლოხიშვილისა და მარიამ მიქელაძის მიერ განხორციელებული ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“. სპექტაკლს აშკარად ეტყობა პროფესიული უნარ-ჩვევების ოსტატური ფლობა,  ფანტაზია, მეტაფორული აზროვნება, მაღალი გემოვნება. აგრეთვე დახვეწილი, აკადემიური ფორმების ერთგული, გამოცდილი რეჟისორ-პედაგოგის, პროფესორ გოგი მარგველაშვილის ღირებულებები. სპექტაკლის მთლიანობაში ხედვა გამოარჩევს რეჟისორების ამ ნამუშევარს. თანამედროვე სამეტყველო ფორმებთან მიახლოვებულ, კარგად გაწმენდილ, სასცენო ვერსიას ოსტატურად მორგებულ ურთულეს ტექსტში, ნათლად იკითხება ლორკასეული პოეზია, ზუსტი ინტონირებებით გაჟღერებული ცეცხლოვანი ესპანური ტემპერამენტი.

       

უკანასკნელ წლებში არაერთი ლორკასეული პიესების ინტერპრეტაცია იხილა მაყურებელმა, მათ შორის აღსანიშნავი იყო გიორგი სიხარულიძის დადგმა. ახალი ქართველი რეჟისორებისთვის უჩვეულოდ საინტერესო აღმოჩნდა ლორკასთან შეხვედრა.  გუგა ლოხიშვილისა და მარიამ მიქელაძის დადგმაში მხატვარ ანანო ლიპარტელიანის სცენური გაფორმება მინიმალისტურ ატმოსფეროს ქმნის სცენაზე და მსახიობებს თავისუფალ სივრცეს სთავაზობს სამოქმედოდ. ვერ ვიტყვით რომ სპექტაკლი სავსეა ქორეოგრაფიული ნომრებით, თუმცა, ახალგაზრდა მსახიობები მართლაც სრულად ითვისებენ ამ თითქმის ცარიელ, გაშლილ სივრცეს (ქორეოგრაფი - ელენე ჭავჭავაძე).

      

სანახაობა კვამლში გახვეულ სცენაზე იწყება. ამ ბურუსში, თავდაპირველად ძნელად თუ გაარჩევს მაყურებელი მაგიდასთან მსხდარ ორ ქალბატონს, - შავებში ჩაცმულსა და წითელკაბიანს. მათი გულითადი დიალოგი, დახვეწილად აწყობილი მიზანსცენები, სწორი და გააზრებული მახვილები, ზოგადად მთელი რეჟისორული კონცეფცია მრავალაზროვან სპექტაკლს ქმნის. დედის ამაღელვებელი დიალოგიდან ცხადი ხდება  მისი ემოციური სამზადისი შვილის ქორწილისთვის. თუმცა, ამ უჩველოდ ამაღლებულ, ერთადერთი შვილის ბედნიერების მოლოდინს, ახშობს ბედისწერის წინათგრძნობა, მოსალოდნელ ცვლილებათა არცთუ სასურველი განცდა. 

       

ქრისტინე ლაცაბიძის მიერ განსახიერებული დედისა და ლალიკო ღერკენაშვილის (დუბლიორი - ირიკო აბულაძე) მიერ შექმნილ ბედისწერასთან, სიკვდილთან თუ ავსულთან დიალოგში, თითქოს განსხეულებულია დედის წარმოსახვაში მიმდინარე შინაგანი მონოლოგიც. სპექტაკლის პროგრამაში დედის თანამოსაუბრე, მეზობლის სახელითაც მოიხსენიება, ხოლო ამ დედისთვის, სწორედ სიკვდილია იქვე, მისსავე სიახლოვეს ჩასაფრებული მეზობელი.

          

მსახიობი ლალიკო ღერკენაშვილი გასული წლის სათეატრო სეზონში, მაყურებელმა იხილა რეჟისორ თემურ დვალის მიერ დადგმულ ფლორიან ზელერის სპექტაკლშიც „შენ რომ მომკვდარიყავი“. მსახიობის მიერ განსახიერებული რამდენიმე ეპიზოდიდანაც კი გამოიკვეთა ახალგაზრდა მსახიობის ქარიზმატული იმიჯი, სიტყვის, განცდისა თუ საკუთარი ფსიქოფიზიკური პარტიტურის პროფესიულად ფლობის უნარი. ამჯერად მან საკმაოდ მსუყე სცენური სახით, პლასტიკური გამომსახველობითა და სახისმეტყველებით წარმოადგინა მისი მორიგი პერსონაჟი, რომელიც მეტაფორული გააზრებითაც იპყრობს ყურადღებას.

       

სპექტაკლი არაერთი საინტერესო მიზანსცენით იქნა გამორჩეული, მაგრამ მსახიობთა გარდასახვის სხვადასხვა ხარისხის  ვნებით. პიესაში თითქმის ყველა როლი გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე არსებაა, რაც შესაბამის ადექვატურ, შინაგანი ენერგიის ექსპრესიულ განსხეულებას მოითხოვს. ძველბერძნული ტრაგედიის ტრფიალით აღსავსე ლორკასეული გმირები, აშკარად მოითხოვს მოუთოკავი, ტრაგიკული ტემპერამენტის მსახიობებს. თითოეული პერსონაჟი თავადაც აცნობიერებს რომ დაუმორჩილებელი ბედისწერა თუ უზენაესისგან ბოძებული საკუთარი ბობოქარი, გაავებული სისხლი, ელვისებურად მიაქანებთ ფატალური აღსასრულისკენ. ამ პროცესის  შეჩერება კი მოკვდავთა ძალებს აღემატება.

        

ვფიქრობ, მსახიობები გიორგი ლომიძე (სიძე) და მიკა კოხრეიძე (ლეონარდო) წარმოდგენაში თითქმის ერთგვაროვანი აღნაგობისა და იერის გათვალისწინებითაც იქნა შერჩეული. ისინი ჰგვანან და არც ჰგვანან ერთმანეთს. ამ ნიშნითაც ცდილობს მსახიობ ნინი ქორიძის პერსონაჟი, ყოფილი სატრფოს ჩანაცვლებას სხვა მამაკაცით, თუმცა უშედეგოდ. ის მთელი არსებით მიისწრაფის იყოს მამის მორჩილი, გაურბის ძველ სიყვარულს, ცდილობს აიცილოს დედისგან მემკვიდრეობით კუთვნილი ცოდვა, რომელსაც ასევე არ უყვარდა ქმარი და ემსხვერპლა კიდეც ამ მწველ გრძნობას. წარმოდგენის რამდენიმე წუთიან მამა-შვილის დიალოგში, მსახიობი კახა მირზაშვილი, რამდენიმე მონასმით სახიერად ხატავს მამის ნიღაბსა და განწყობას. ცოლის გულგრილობით დათრგუნულ-შეურაცხყოფილი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, მთელი არსებით იბრძვის შეძლოს შეუძლებელი, - მორჩილებაში ამყოფოს ქალიშვილი, მართოს მისი ბედი. მამის დამოკიდებულება „შეუფერებელი“ სიყვარულით განაწამები ღარიბი გოგონასადმი, როდესაც ის უხეშად შეავლებს სახეზე ხელს, ძნელად შენიღბული ბრაზით, უხეშობით, აგრესიით, ლამის მუქარითაც გამოისახა. ის აშკარად აკონტროლებს ქალიშვილის ქცევებს, ცდილობს მართოს შვილის უმართავი გრძნობები და ძირფესვიანად ამოძირკვოს დედისაგან მემკვიდრეობით მიღებული ცეცხლოვანი ტემპერამენტი.

        

ძალადობა საკუთარსა თუ უახლოესი ადამიანის შინაგან სამყაროზე, რაც დამახასიათებელია ლორკასეული პიესებისთვის, მაყურებელს მუდამ ტრაგიკული ფინალისთვის ამზადებს. ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავებულ სახე-ხასიათს ქმნის მსახიობი მარიამ გაბაძე. უჩვეულოდ შთამბეჭდავია  მის მიერ განსახიერებული მოახლე; მსახიობი თავისუფალია, გულწრფელი და მართალი. ეს ახალგაზრდა, თამამი,  სიცოცხლისმოყვარე, სცენური მომხიბვლელობით აღსავსე, პლასტიკური და ქარიზმატული გოგონა, სცენაზე ყოველი გამოჩენისთანავე ახერხებს ყურადღების ცენტრში მოექცეს. უსაზღვროდ ცნობისმოყვარე, ხალისიანი მოახლე, ცქმუტვა-ცქმუტვით ცდილობს სევდიან პატარძალში გააღვიძოს ინტერესი საქორწილო საჩუქრებისადმი, ან ნება დართოს თავად ჩაიჭყიტოს შეფუთულ ნივთებში, რომ იქნებ მასაც ერგოს ქალბატონის მიერ დაწუნებული რომელიმე მათგანი.

       

აღსანიშნავია ლიზა ლალიაშვილის მიერ განსახიერებული სიდედრისა  (თამარ კაჭარავა) და ნუცა აბაშიძის მიერ განსახიერებული ლეონარდოს ცოლის დიალოგი აკვანთან. რეჟისორი ოსტატურად წარმოადგენს ემოციურ, მეტაფორულსა და სახიერს მიზანსცენას. სცენაზე დაშვებული აკვნის მახლობლად გამართულ დიალოგში, შესამჩნევი ხდება ლეონარდოს გულგრილობით გაწამებული, ეჭვებით გონარეული ქალის სულიერი ტკივილი. ქმარზე უსაზღვროდ შეყვარებული, მეორე შვილის მოლოდინში მყოფი ახალგაზრდა დედა, ცდილობს მოიკრიბოს ძალები და თავგანწირული ბრძოლისთვის მოემზადოს,  არ დათმოს საყვარელი კაცი, ბოლო წუთამდე იბრძოლოს მის შესანარჩუნებლად. 

       

სცენაზე ნელ-ნელა თოკით ეშვება  აკვანი, სადაც პირობითად ლეონარდოს შვილია განთავსებული. ლიზა ლალიაშვილისა და ნუცა აბაშიძის პერსონაჟები მას ხელს შეაშველებენ, არწევენ, ლეონარდოზე თავიანთ ეჭვებს უზიარებენ ერთმანეთს. ნელ-ნელა აკვანი კვლავ ისევ სცენის ზემოთ მიიწევს, უბრუნდება საწყის მდგომარეობას. სიდედრი ნელ-ნელა უშვებს ხელს, ხოლო ლეონარდოს ცოლი, რომელიც ტანჯვით აცნობიერებს რომ გაუცხოვებული ქმარი, მის მიტოვებას გეგმავს, თავგანწირვით ებღაუჭება აკვანს, როგორც მის ერთადერთ მხსნელს. აშკარაა დედა თანაუგრძნობს ქალიშვილის სულიერ ტკივილს, მაგრამ ესმის სიძის გაუსაძლისი ყოფაცა და მის წინააღმდეგ ბძოლის უაზრობაც. დიალოგის მიწურულს, აკვანი მაინც ხელიდან ეცლება მასზე ჩაბღაუჭებულ დედას (ცოლს). ამ მიზანსცენაში გარკვეულწილად იკითხება ლეონარდოს მემკვიდრეების სავარაუდო, მამის იდენტრი ხვედრიც.

       

უსაზღვროდ ეფექტურია წარმოდგენაში ჩართული აგრესიული, მარად მოთვალთვალე საზოგადოების როლის წარმოჩენის მიზანსცენა ახალგაზრდების ურთიერთობების ნგრევაში. მწკრივად დადგმულ სკამებზე, ერთმანეთის ზურგშექცევით მსხდარი, ჭორიკანა, დისჰარმონიული ატმოსფეროს ტყვეობაში მყოფი, დოგმატური აზროვნებით დეგრადაციის პიკზე მყოფი თანასოფლელები, მდუმარედ უთვალთვალებენ, აკონტროლებენ, ერთმანეთისგან განზიდავენ შეყვარებულებს. ასევე ეფექტურია წრეზე მსხდომთა მიერ ფეხების ბაკუნით გათამაშებული მეტოქეების მდევართა ეპიზოდი. ელენე ჭავჭავაძის მიერ შექმნილი მომდევნო ქორეოგრაფიული ნომერიც, ოსტატურად ხატავს მრავალაზროვან მიზანსცენას. ქორწილის დღეს სასურველ საქმროსთან ცეკვის დროს, როდესაც პატარძლისათვის საბოლოოდ უნდა დასრულდეს მისი წარსულის მტანჯველი პერიოდი, კრიტიკულ წამს, მის წარმოსახვაშიცა და რეალურადაც, პირისპირ ეჯახება თავის დემონს და ისევ, მოუგერიებელი ძალით ფეთქდება თითქოსდა დავიწყებისთვის განწირული გრძნობა.

      

მთელ სპექტაკლს გასდევს ესპანური მელოდიების მიმქრალი თუ მძაფრი  ჟღერა, რაც სრულებით არ უშლის ხელს სცენაზე მიმდინარე ქმედებას, გამოკვეთს კონფლიქტის  ხასიათს. ემოციური, შინაარსობრივი და ფილოსოფიურიცაა სპექტაკლის ფინალური მიზანსცენა, - ორი მეტოქე ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შემდეგ, დედამთილთან დაბრუნებული რძლის აღსარება. ამ სცენაში ერთმანეთს ხვდება ორი ჭირისუფალი, ორი ტრაგიკული გმირი. განვითარებულ ტრაგედიაში კი, თავად დედამთილსაც მიუძღვის ბრალი. სწორედ მან გადასცა შვილს საბედისწერო დანა. ამით, შურისძიების აღსასრულებლად თუ საკუთარი მამაკაცური და ეროვნული ღირსების დასაცავად უბიძგა. რძალი დედამთილისგან ელის სამართლიან განაჩენს, კუთვნილ სასჯელს. მსახიობის მიერ გაცხადებული აღსარება გულწრფელია, მართალი, უღრმესი სულიერი ტკივილით მოტივირებული. დედამთილი თავშეკავებით, თითქმის თანაგრძნობითაც უსმენს რძლის ვრცელ მონოლოგს, მხოლოდ მოგვიანებით, ძალზე გვიან, რძლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, - დამსაჯე ან რამე თქვიო, ერთი ღონიერი სილის შემოკვრით აღასრულებს თავის განაჩენს. ამ ჟესტით ის, თითქოს მხოლოდ სიმბოლურად სჯის სიყვარულის ძალაში თავადაც გაცნობიერებული. დედამთილის ეს სილა წააგავს უბედური ქალისადმი თანაგრძნობასაც, თანამოაზრეობასაც და მისი გაჩუმების სურვილსაც.

         

ვფიქრობ, გუგა ლოხიშვილისა და მარიამ მიქელაძის დადგმული „სისხლიანი ქორწილი“, მძაფრი, ლორკასეული ტრაგიზმით გამორჩეული დადგმაა.

bottom of page