სიზმარი „მიტინგების ქვეყანაზე“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ალუბლის ტორტი (282).JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

სიზმარი „მიტინგების ქვეყანაზე“

 

თელავის თეატრის პანდემიის პერიოდის რეპერტუარზე თვალის გადავლებისას აღმოვაჩენთ, რომ თეატრი ორიენტირებულია თანამედროვე ქართველი დრამატურგების ახალი, ჯერ სცენაზე განუხორციელებელი პიესების სცენურ ხორცშესხმაზე. ერთი მხრივ, თეატრი მხარს უჭერს და ახალისებს თანამედროვე ეროვნულ დრამატურგიას, ხოლო მეორე მხრივ, თელავის თეატრი აკმაყოფილებს მაყურებლის მოთხოვნას, რომელსაც სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, თანამედროვე ქართველი ავტორების პიესების ხილვა სურს.

 

ამჯერად, თელავის თეატრის მცირე სცენაზე გრიშო ჟორდანიას პიესის „ალუბლის ტორტი“ პრემიერა გაიმართა. პიესა, 2020 წლის მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ გამარჯვებულია (II ადგილი). პიესის ავტორი რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობია, პარალელურად კი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში დრამის რეჟისურას ეუფლება (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი მარგველაშვილი). „ალუბლის ტორტი“ მისი სადიპლომო ნამუშევარია, რომლის პრემიერაც (სარეჟისორო დებიუტთან ერთად) სწორედ თელავის თეატრში შედგა.

 

გრიშო ჟორდანიას პიესა მულტიჟანრული პიესების კატეგორიას განეკუთვნება. მასში თანაბრად ვხვდებით ხასიათების კომედიისა და ფანტასმაგორიის ელემენტებს. რეჟისორმა პიესის დადგმისას ჟანრობრივი ავთენტურობა შეინარჩუნა და სცენაზე გაცოცხლებისას ყოფითი ელემენტებით „შეავსო“.

 

წარმოდგენა შექსპირის „მაკბეტის“ ალუზიით „ბნელში ნათელია, ნათელში ბნელი“ იწყება. ცნობილი პოსტულატი თითქოს არაფერ შუაშია იმ მოვლენებთან, რაც სცენაზე ვითარდება, მაგრამ სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ნანახის გაანალიზებისას, მაყურებელი ხვდება, რომ იმ პერსონაჟებში, რომელსაც ასე აკრიტიკებს და ამხელს მათ მანკიერებას სპექტაკლის ავტორი, ნათელი მხარეებიც გააჩნიათ. მოქმედება ერთ დღეს და ერთ კონკრეტულ სივრცეში, თანამედროვე ბინაში ვითარდება, სადაც პიესის მთავარი გმირის იუბილეზე სტუმრები იკრიბებიან. იუბილარი ახალგაზრდა კაცია, სტუმრები კი დედის დაქალები. რეჟისორი გვიხატავს იმ საზოგადოებას, რომელშიც შვილებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება არ აქვთ. ამ დამოუკიდებლობას, შვილებზე სიყვარულისა და მზრუნველობის სახელით დედები არ ანიჭებენ ვაჟებს. მაყურებელი სცენაზე უცქერს ჩვენი ეპოქის თანამედროვე დედას, რომელსაც 25 წელზე მეტის ვაჟიშვილს კვლავ ბავშვად აღიქვამს. სპექტაკლში ერთ მაგალითზე ნაჩვენებია თუ როგორ იქცევა მშობლის ზედმეტი ზრუნვა შვილზე ძალადობად. ამ თემაზე და პრობლემაზე უახლეს ქართულ დრამატურგიაში რამდენიმე ახალი პიესა დაიწერა. მათ შორის, აღსანიშნავია, დათო გაბუნიას კომედია „ბეჩავი“, რომელიც პირველად სამეფო უბნის თეატრში 2018 წელს დაიდგა.  გრიშო ჟორდანია შეეცადა ეჩვენებინა საზოგადოება, რომელსაც პირადი ცხოვრება არ აქვს, მაგრამ წარმართავენ სხვების ცხოვრებას. მართალია, პიესის ავტორი და რეჟისორი ამბავს სიზმრად წარმოგვიდგენს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს სიზმარი ცხადი ხდება. ირეალურ სამყაროში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, ყოფით რეალობად იქცევა.

 

მოქმედება სპექტაკლში  ერთ სადღესასწაულო საღამოს იწყება და სრულდება, რომელშიც ვლინდება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ავ-კარგი, არამედ მსოფლმხედველობა და მისწრაფებები, თვისებები, ღირებულებები და ფასეულობები. აქაც იკვეთებიან ტიპაჟები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, რომელიც დრამატურგმა შემდეგ კატეგორიებად დაყო: „იმათისტები“, „ჩემისტები“ და „არავისტები“... ამ პასაჟებს ორგანულად და იუმორისტულად აცოცხლებენ მსახიობები: ეთერ ბაბილაშვილი (პირველი სტუმარი) და დათა ხუნაშვილი (იუბილარი).

 

 

მესამე სტუმრის როლს ნინო დვალიშვილი ასრულებს. ახალგაზრდა მსახიობი ხანდაზმული ქალისთვის, როგორსაც ის წარმოგვიდგენს ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მას თმები გაჭაღარავებული აქვს. უფრო ორგანული იქნებოდა მსახიობს მოხუცი განასახიერებინა ან მკვეთრი გრიმის გამოყენებით, ვიზუალურად რომ დამსგავსებოდა, ან შინაგანი გარდასახვით, რადგან მაყურებელი ხედავს ახალგაზრდა ქალს, რომელიც თამაშობს მოხუცს. თამაშის ეს ხერხი ორგანული იქნებოდა იმ შემთხვევაში, რეჟისორს მთლიანად სპექტაკლი ასეთ სტილისტიკაში რომ გადაეწყვიტა. სასაცილო და კომიკური პერსონაჟია ეთერ ბაბილაშვილის მიერ განსახიერებული პირველი სტუმარი. მსახიობი სვამს სწორ აქცენტებს და ინტონაციებს, აქვს ზუსტი შეფასებები მოვლენების მიმართ, ახერხებს პირველი სტუმრის ტიპაჟი არა სქემატური და ბრტყელი ხასიათის მქონე მოხუც ქალად წარმოგვიდგინოს, არამედ მიგვანიშნოს პერსონაჟის ხასიათის მრავალწახნაგოვნებაზე. პირველი სტუმარი ერთი მხრივ, კომიკური პერსონაჟია, ხოლო მეორე მხრივ, ის დიდ სევდას და ნაღველს ატარებს, რომლის დაფარვასაც ცდილობს. სახასიათო ხასიათის პერსონაჟს ქმნის მარიამ მაისურაძე, რომელიც მეორე სტუმარს ასრულებს. მსახიობი იმ თანამედროვე ქალის ტიპაჟს წარმოგვიდგენს, რომელიც ხშირად შეგვხვედრია „მაღალ“ და სნობურ საზოგადოებაში. ხასიათის გამოკვეთას ზედმიწევნით უწყობს ხელს მისი მკვეთრად წითელი გამომწვევი კოსტიუმი და გრიმი (კოსტუმების მხატვარი ქეთი ნარეკლიშვილი). მარიამ მაისურაძის გმირი ალკოჰოლის მოყვარული, მჩქეფარე და ბობოქარი ქალია, რომელიც გულის დარდებს და ემოციებს ალკოჰოლში კლავს.

 

გროტესკულ სახე-ტიპაჟს ქმნის ნონა ხუმარაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში სახასიათო როლების უბადლო შემსრულებლად გვევლინება. ამჯერად, მსახიობი გვიხატავს ოდნავ კარიკატურულ, გროტესკულ პერსონაჟს - ქვრივ დედას, რომელიც ერთადერთ შვილზე ისეთ მზრუნველობას იჩენს, რომ მას ართმევს პირად ცხოვრებას, პირად სივრცეს, თავისუფლებას... ნონა ხუმარაშვილის მიერ შექმნილი მხატვრული სახე მაყურებელში ღიმილს იწვევს, რაშიც მსახიობს ხელს უწყობს ჩაცმულობის სტილი, მოქმედების და საუბრის მანერა, ჟესტიკულაცია. ამავდროულად, მსახიობი სცენაზე ქმნის კომიკურ სიტუაციებს.

 

სახასიათო პერსონაჟია კარლო ქართველიშვილის მიერ შექმნილი მამის აჩრდილი, სული, რომელიც იუბილარ შვილს ეცხადება. ამ მოკლე ეპიზოდში მსახიობი ახერხებს დახატოს პერსონაჟი, თავისი წარსულითა და აწმყოთი. ის ერთგვარი გასაღებიცაა იმ სიტუაციის, რომლის განვითარებასაც მაყურებელი ადევნებს თვალს. ნარკომანი და ქუჩური სამყაროს მოტრფიალე მამა, ვერ ზრდის ვაჟიშვილს, რომელიც კომპლექსების ბუკეტია. იუბილარი ვაჟიშვილის როლს დათა ხუნაშვილი ასრულებს. მსახიობი მწირი გამომსახველობითი საშუალებებით გვიჩვენებს დამონებული ახალგაზრდა, სიცოცხლეზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ყველაფერი პირადი დედამ და მისმა გარემოცვამ წაართვა. მისი სული და პირადი სივრცე მშობლებმა და დედის სექსუალურად ანგაჟირებულმა, შეუმდგარმა ქალებმა შთანთქეს. ეპიზოდურ როლში ვიხილეთ ელიზბარ ნერსესოვი, რომელიც კურიერის როლს ასრულებს. მისი შემოსვლა იუბილარის სიზმარში ორმაგად მისტიკურია.

 

სპექტაკლზე სამი მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე, ლევან როსტომაშვილი და ქეთი ნარეკლიშვილი მუშაობდნენ. სცენაზე ერთი ჩვეულებრივი მისაღები ოთახი დგას. გულწრფელად რომ ვთქვათ, სამი მხატვრის ნააზრევს ეს დეკორაცია არ ჰგავს, რადგან სცენოგრაფია სტატიკური და ყოფითია (თუ არ ჩავთვლით აფეთქებული კედლის ნაწილს, რომელიც შარშანდელი (ან უფრო გვიანი) იუბილარის დედის ნამოქმედარია მორიგი მრისხანების ჟამს). რაც შეეხება კოსტუმებს, აშკარად იკვეთება მხატვრის ფიქრის და გააზრების კვალი, რადგან კოსტუმები ზუსტად გამოხატავენ გმირთა ხასიათებს და ტიპაჟებს. თანამედროვედ და მოდურად (შარვალსა და ბოტასებში) გამოიყურება ეთერ ბაბილაშვილი; კლასიკურ, დახვეწილ კაბაშია გამოპრანჭული ნინო დვალიშვილი, ხოლო მარიამ მაისურაძეს უტრირებული ე.წ. ელექტრონული წითელი კაბა აცვია, რომელიც მის შინაგან სამყაროს გამოხატავს, ცეცხლოვანს, ემოციურს და ტემპერამენტიანს. კომპოზიტორმა ანა ჟორდანიამ რამდენიმე მუსიკალური თემა შექმნა, რომელიც პერიოდულად ჟღერს სპექტაკლში. თუმცა, კომპოზიტორს, ვფიქრობ, მეტი დაკვირვება მართებს, რადგან როცა ერთ-ერთი პერსონაჟი ვიოლინოზე „უკრავს“, ვიოლიონოსთან ერთად ორკესტრის ხმაც ისმის.

 

სპექტაკლში ნაჩვენები ერთი კონკრეტული ისტორიის განზოგადებისას, მაყურებელი ხედავს, თუ რამხელა და როგორი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მშობლებს შვილებზე, რა შედეგი შეუძლია მოიტანოს არასწორმა აღზრდამ, სიყვარულისა და მზრუნველობის სახელით ჩადენილმა ძალადობამ, რომელიც არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურადაც კლავს ახალგაზრდა კაცს.

 

ფინალში ირკვევა, რომ ის, რაც სცენაზე ვნახეთ, იუბილარის სიზმარი იყო, მაგრამ სიზმარი რეალობად იქცევა, როცა ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც სიზმარი დაიწყო.

 

სასიხარულოა, რომ პროფესიული სახელმწიფო თეატრი, თელავის თეატრის სახით, საშუალებას აძლევს ახალგაზრდა, დებიუტანტ რეჟისორს შემოქმედებითი იდეის რეალიზებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სცენაზე იდგმება უახლესი ეროვნული დრამატურგიის ნიმუშები, რაც დრამატურგიის წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს და არანაკლებ მნიშვნელოვანია თეატრისა და უნივერსიტეტის შემოქმედებითი თანამშრომლობა. ვიმედოვნებ, რომ ეს კოლაბორაცია ახალ იდეებს გააჩენს და კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება თეატრი უნივერსიტეტს.