top of page

სიზმარად ხილული ვნებები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

301703962_3103935726584894_5357638357592784459_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

სიზმარად ხილული ვნებები

 

ამ ზაფხულს ბათუმი კულტურულ ღონისძიებათა ცენტრად იქცა. უამრავ კონცერტებს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სცენაზე იმართებოდა, არ ჩამოუვარდებოდა ბათუმის ხელოვნების ცენტრის არენა, სადაც ჯერ კიდევ ივლისის თვეში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდმა „ლირამ“ აღადგინა შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეცხრედ გაიმართა. მის შემდეგ ამ შენობაში მაყურებელი ყოველ საღამოს ესწრებოდა კონცერტებსა თუ კონკურსებს, რასაც ცენტრი სთავაზობდა.

ასეთი იყო თუნდაც 26 აგვისტოს საღამო - ამ დღეს მაყურებელმა იხილა სპექტაკლი „მედეას ვნებანი“ - ზაზა სიხარულიძის რეჟისორობით ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ მუსიკაზე.

რეჟისორი ზაზა სიხარულიძე თავის შემოქმედების პირველ ეტაპზე გატაცებული იყო კინოსცენარების სცენაზე გადატანით: „რომანსი შეყვარებულებზე“ (რეჟისორი ანდრონ კონჩალოვსკი, სცენარისტი ევგენი გრიგორიევი, სცენური ადაპტაცია ზაზა ხალვაშის), „ამადეუსი“ ( რეჟისორი მილოშ ფორმანი, ადაპტაცია პეტერ შეფერის, ინსცენირება თამაზ გოდერძიშვილის), „ღამის პორტიე“ (რეჟისორი ლილიან კავანი, ირვინ შოუს მიხედვით, თარგმანი და ინსცენირება ირაკლი სამსონაძის) შემდეგ იყო სტივენ კინგის „ვუნდერკინდი“.

მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია ბევრ სპექტაკლს არ მოიცავს, მაგრამ ყოველ მათგანში იკვეთება რეჟისორის განსაკუთრებული ხელწერა და ნიჭი. მის სპექტაკლზე „რომანსი შეყვარებულებზე“ კრიტიკოსი მიხეილ კალანდარიშვილი წერდა: „ზაზა სიხარულიძე თავის დებიუტში სისავსით ავლენს საჭირო თვისებას - მხატვრულ აზროვნებას, საშუალებების განსაზღვრულობას და სიზუსტეს, მიზანსცენების რიტმულ სიმწყობრეს, მაგრამ მთავარი რის შესახებაც ღირს მსჯელობა არის არა თანამედროვე რეჟისურის ხერხების საფუძვლიანი ფლობა, ტექნიციზმი, არამედ მსახიობებთან მუშაობის ოსტატობა. ეს რომ არა, იგი არ იქნებოდა მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე“. („თეატრალური მოამბე“, 1995 წ. N 2, გვ. 21.).

შემდგომ კრიტიკოსი განსაკუთრებით კიდევ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად პირველწყაროს კინემატოგრაფიულებისა, რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ და ზაზა ხალვაშმა კინოსცენარისგან შექმნეს დრამატული ნაწარმოები - პიესა, რომელიც ზედმიწევნით ეპასუხება თეატრალური ხელოვნების (განსხვავებულს კინოსგან) მოთხოვნებს და აქცენტი კეთდება სასცენო ქმედებაზე. რეჟისორი დიდად არ სწყალობს მრავალპლანიან დრამატულ ქმნილებებს და მისი სპექტაკლები ძირითადად ორ-სამ შემსრულებელზეა გათვლილი ან მონოსპექტაკლია. მახსენდება „ამადეუსი“ მარჯანიშვილის თეატრში შესანიშნავი მსახიობების კოტე მახარაძისა და გიორგი ნაკაშიძის მონაწილეობით და რეჟისორის მიერ გაკეთებული აქცენტები ამ მსახიობთა დუეტზე და მათ უზადო შესრულებაზე.

 

„მედეას ვნებანი“ (ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით) მონოსპექტაკლია - ერთი მსახიობის თათია თათარაშვილის მონაწილეობით. თუმცა ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ სცენაზე ერთი მსახიობია; ჟანრობრივად მონოდრამა, ჩემი აზრით, უფრო კანტატაა ან ორატორია გუნდის, ორკესტრისა და და ერთი მსახიობის შესრულებით იმდენად შთამბეჭდავია და დრამატურგიულადაა აწყობილი პარტიტურა, წარმოდგენა იქმნება რომ სცენაზე ხალხის ქორო-მასაა და მედეა - რომლის ირგვლივ არათუ მითების მრავალსახეობაა შექმნილი, არამედ მედეა-გმირი, რომლის შესახებაც დღესაც უამრავი დრამატურგიული ნაწარმოები იქმნება და იწერება: ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“ (რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი), პაატა ციკოლიას  „მედეა s01e06“ (რეჟისორი პაატა ციკოლია), ანდრეას ფლურაკისის „მედეას ბურკა“ (რეჟისორი ვანო ხუციშვილი), ჰაინერ მიულერის „მედეა მასალა“ (რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი) - თემა, რომელიც ჯერ კიდევ აღელვებთ რეჟისორებსა და მწერლებს.

სცენაზე უშველებელი მთა-აკლდამაა და ორი საფლავის ქვა (მხატვარი ბესო ბესელია) - აკლდამა, რომლის კარიბჭის გაღებას უშედეგოდ ცდილობას მედეა - თათია თათარაშვილი, თითქოს გააღებს კიდევაც, მაგრამ მეტი ძალა არ ჰყოფნის შიგ შესაღწევად ან უბრალოდ ეს იმ სიზმრის ნაწილია, რომელსაც ის ხედავს და რაზეც გვიყვება ახლა - ეს იმ სიზმარს ჰგავს, რომელსაც ჩვენს ხშირად ვხედავთ, მაგრამ ძალა არ გვყოფნის (უძრაობის გამო) გადავაადგილეთ ან შევცვალოთ სიზმრის მიმდინარეობა.

საფლავის ქვებთან მედეა წევს, გრძელ ქიტონში და სძინავს - თუმცა ამ ძილში მთელი თავის განვლილი ცხოვრება ესიზმრება - იასონის ჩამოსვლიდან მის კოლხეთში საბოლოო დაბრუნებამდე. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი იყენებს რა ოთარ ჭილაძის ტექსტს „აიეტიდან“ მთელი სპექტაკლის განმავლობაში გვტოვებს ამ სიზმარ-ცხადში აერთიანებს რა ნაწარმოებში აღწერილ სხვა მოვლენებს მედეას ცხოვრებიდან - სამშობლოდან გაქცევას, იასონის ღალატს, შვილების სიკვდილს, შურისძიებასა თუ და შემდგომ უკან დაბრუნებას.

წარმოდგენა ქორალით იწყება - ესაა გოდება, მოთქმა მედეას ტრაგიკულ ბედზე, მის დაღუპულ შვილებზე, მის დაკარგულ სიყვარულზე, იმ დანაშაულზე, რომელიც მედეამ სიყვარულის გამო ჩაიდინა და ამ შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიციის ფონზე ისმის მედეა - თათია თათარაშვილის ხმა, ემოციური, გულნატკენი და ტანჯული, მაგრამ მტკიცე, რომელიც მოგვითხრობს თავის განვლილ გზაზე. თათია თათარაშვილის მედეა მებრძოლი ქალია, თითქოს სიფრიფანა, გამჭვირვალე, მაგრამ სულიერად ძლიერი. სინანულით იხსენებს იმ წუთებს, როდესაც პირველად ზღვიდან ამოსული იასონი დაინახა, როგორ აიტაცა მან იგი ხელში: მიყვარხარ, მიყვარხარ... ამბობს მედეა და მისი ყოველი ფრაზა მუსიკის რიტმის შესაბამისია, ისინი ერთად ხმოვანებენ და საერთო ჰარმონიას ქმნიან. დრამატურგიულ ტექსტში არის ადგილები სადაც მედეა ერთი და იმავე სიტყვებს ბევრჯერ იმეორებს იმ მუსიკალური ფრაზის თანხლებით, რომელიც ამ დროს ჟღერს:

მიყვარს, მიყვარს ...

ღალატი, ღალატი ...

წვიმს, წვიმს ...

იასონ, იასონ...

ყოველივე ეს ერთ სიმფონიურ ხმოვანებას ქმნის, სადაც თავის მხრივ, მუსიკა არამხოლოდ აკომპანემენტია, არამედ ამ ცნებების იმპროვიზაციაა. მსახიობი და მუსიკა ერთად ქმნიან მედეას სახე-ხატს, ისე რომ არც ერთი არ დომინირებს, მედეას ტექსტი და მუსიკალური ჟღერადობა თანხვედრია - იმის, რასაც მედეა გვიყვება. გვიყვება ზვიად ბოლქვაძის მუსიკაც და ეს კომპოზიციაც ისეთივე ემოციურ-ტრაგიკულია, როგორც მედეას ამბავი მოთხრობილი სიზმრად.

მედეა ახლა სულ მარტოა, იასონმა მიატოვა, შვილები აღარ ჰყავს ცოცხალი და მასში იღვიძებს უზომო შურისძიების გრძნობა; ღალატი, ღალატი - მოღალატე უნდა დაისაჯოს და მის წარმოსახვაში ჩნდება დიდი ბასრი დანა (გილიოტინის დანის მსგავსი), რომელიც ციდან ეშვება, იმ ქვიშის სახლების თავზე, რომელსაც ახალგაზრდობაში სანაპიროზე აგებდა მედეა და მერე უმოწყალოდ ანგრევდა. თვით ზეცას „თანახმაა“ მის გადაწყვეტილებაზე.

განიცდის მედეა, იტანჯება, თითქმის სასოწარკვეთილებამდეა მისული, თითქოს სინდის ქენჯნასაც განიცდის: „ნეტავ მართლაც რომ სიზმარი ყოფილიყოს“ იმეორებს იგი.

მაგრამ სიზმარი გაქრება, დილა გათენდება და მედეაც ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც სიზმარ-ცხადში იყო.

ფოტო: ჯაბა სალუქვაძე

bottom of page