სიძულვილის ფორმულა სიყვარულის სახელით

ლაშა ჩხარტიშვილი

სიძულვილის ფორმულა სიყვარულის სახელით

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, რომლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა, 153-ე სეზონი ექვსი პრემიერით გახსნა. გურიის რეგიონში ერთადერთ პროფესიულ თეატრს, ამიერიდან აქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი დიდი და მცირე სცენები, სამხატვრო სახელოსნო შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის, თეატრის მუზეუმი მუდმივმოქმედი ექსპოზიცისთვის, რადიო თეატრი „გეყურება“ და შემოქმედებით ჯგუფს - ყველა პირობა და კომფორტი მოტივაციისთვის უკეთესი პროდუქტის შესაქმნელად. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ განახლებული ოზურგეთის თეატრის ფარდა,  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მონატრება - ნუ გააღვიძებ!“ (ინსცენირების ავტორი ლელა არაბიძე, მხატვარი ლომგულ მურუსიძე) გახსნა. ვასო ჩიგოგიძის შემოქმედების სავიზიტო ბარათი სიკეთისა და მზის მოყვარული მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციაა, რომელიც ოზურგეთის თეატრის სავიზიტო ბარათადაც იქცა და ამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს ოზურგეთელებმა. მაყურებელს გვიჩვენეს იუმორით, სევდით, სიყვარულით გამთბარი მემორიალური, მასობრივი სცენებით დატვირთული წარმოდგენა, რომელშიც 30-ზე მეტი მსახიობი მონაწილეობდა. სცენაზე იდგა ოზურგეთის თეატრის ოთხი თაობა, მათ შორის, დებიუტანტები, რომლებიც პირველად შეხვდნენ ოზურგეთელ მაყურებელს. თეატრის გახსნისთვის საგანგებოდ ემზადებოდა თეატრის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე, რომელიც მენეჯერისთვის აუცილებელი და საჭირო უნარ-ჩვევების სიმწირეს ნამდვილად არ განიცდის. თეატრის ხელმძღვანელმა იგრძნო ის პასუხისმგებლობა, რაც რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრს აკისრია მაყურებელთან. ამიტომაც, თავად მხოლოდ ერთი სპექტაკლი დადგა და არენა ოზურგეთის თეატრში მომუშავე და მოწვეულ რეჟისორებს დაუთმო. ახალი თეატრი ახალი სპექტაკლებით გაიხსნა და აფიშაზე გამოჩნდა თამარ ბართაიას „მთავარი როლი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), მ. დ. სერვანტესის „დონ კიხოტი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი), ე. დე ფილიპოს „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (რეჟისორი ოთარ კუტალაძე), ვ. ჰაველის „ვერნისაჟი“ (რეჟისორი მამუკა ბაბილოძე) და მანანა დოიაშვილის „სამს პლუს სამი“ (რეჟისორი ვანო ხუციშვილი). ამ უკანასკნელი წარმოდგენით გაიხსნა სწორედ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენა, რომელსაც ორჯერ დავესწარი. მეორედ იმიტომ, რომ მსურდა მიღებული შთაბეჭდილება გადამემოწმებინა, რომელიც სპექტაკლის ნახვის შემდეგ გამომყვა და დღემდე მაფიქრებს, მაფორიაქებს და მაშინებს კიდეც.

მანანა დოიაშვილის XX საუკუნის 90-იანი წლებში დაწერილი პიესის ვანო ხუციშვილის სცენური ინტერპრეტაციის ნახვის შემდეგ, ვიფიქრე იმაზეც, რომ პიესა მაშინ იბადება ხელახლა და იძენს მასშტაბს, როცა მას პროფესიონალი  კიდებს ხელს. მხოლოდ რეჟისორ-ინტერპრეტატორს შეუძლია თაროზე შემოდებული პიესის ისე გაცოცხლება, რომ მას უაღრესად აქტუალური ჟღერადობა შესძინოს, მასში წამოჭრილი პრობლემები თანადროული გახადოს, მაყურებელი დააფიქროს და საზოგადოება შეანჯღრიოს. ასე მოხდა ამ ტანდემის შემთხვევაში, სადაც მთელი სიცხადით წარმოჩინდა არა მხოლოდ დრამატურგის ჩანაფიქრი, რომლის მოთხრობილი ამბავი (პრობლემა) (თურმე) უძლებს დროს და ეს ტექსტი იძლევა ინტერპრეტირების, მასში დასმული პრობლემების ახლებურად გაჟღერების საშუალებას, არამედ კიდევ ერთხელ დადასტურდა რეჟისორის ფანტაზიისა და აზროვნების მასშტაბი, თავდადებული შრომის უნარი, რომელიც ეკვივალენტურია იმ შედეგის, რაც გარკვეულ მხატვრულ ხარისხში აისახება, რომელიც მაყურებლამდე დამდგმელ ჯგუფს ოზურგეთის თეატრის მსახიობებს მოაქვთ.

მცირე სცენაზე მაყურებელი კულისებიდან შედის, თითქოს ვიღაცის სახლში მივედით სტუმრად. მაგრამ ეს ბინა საავადმყოფოსაც წააგავს, რომლის ფარდები ისეთ ცისფერშია გადაწყვეტილი, როგორსაც საოპერაციოებში ვხედავთ. ეს აბსტრაქტული გარემოა, ოჯახიცაა და საოპერაციოც (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე). წარმოდგენის დაწყებამდე, კულისებში, პიანინოსთან, იატაკზე მჯდომ ქალს ვხედავთ, რომელიც  ქალის  რენესანსულ  პორტრეტებს  მოგაგონებთ, რომელიც წარმოდგენის მთავარი მუსიკალურ თემას მონოტონურად ასრულებს. ეს მონოტონურობა განწყობასაც ქმნის და თითქოს დრამატული ამბის გათამაშების მოლოდინსაც აღძრავს. დრამატურგიული „ზამბარა“ ამ მომენტიდან იჭიმება და მაყურებელი სუნთქვაშეკრული თვალ-ყურს ადევნებს მის წინ გათამაშებულ ამბავს.

მანანა დოიაშვილმა ფსიქოლოგიური დრამა „3+3“ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწერა და  ალეგორიულად იმ შავბნელ პერიოდში ერთი ოჯახის ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს ეხება, რომელიც ჩვენც და ზოგადად ქვეყანამ გამოიარა. ოჯახი საზოგადოების სიმბოლოა, საზოგადოება კი სახელმწიფოსი. ამგვარი ალეგორიების საშუალებას პიესა თავად იძლევა. ერთ სივრცეში ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი ქალი, რომელიც უბედურმა შემთხვევამ სავარძელს მიაჯაჭვა არა მარტო მის პირად ტრაგედიად იქცევა, არამედ მისი ოჯახის წევრების. შესაბამისად, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანების. ეს სიყვარულიც პირობითია, რომელიც ბოროტებაში არაერთხელ ვლინდება, მაგრამ მაინც სიყვარულია. მანანა დოიაშვილი საკმაოდ ჩახლართულ მძაფრ ფსიქოლოგიურ დრამას ქმნის, რომელშიც ეტაპობრივად, შეუმჩნეველ დეტალებში ვლინდება ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დამოკიდებულება, სიყვარულისა და სიძულვილის ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზები და როცა გმირები პრობლემის გადაჭრის მიზნით მსხვერპლს სწირავენ, ყველაფერი მეტაფორული „აღდგომით“  სრულდება. რეჟისორი ვანო ხუციშვილი კი ტექსტის ინტერპრეტატორად გვევლინება და დრამატურგ მანანა დოიაშვილის დრამატულ, მაგრამ ოპტიმისტურ ფინალს, ორმაგ ტრაგედიად აქცევს. რეჟისორი კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს ყოფას, უიმედო მომავალს ხატავს, სასოწარკვეთილი პერსპექტივით.

ფინალის შეცვლით, რეჟისორი პიესის სიუჟეტს უფრო მეტად უახლოებს ცხოვრებას და უქვემდებარებს მას ლოგიკურ კანონზომიერებას. თუკი მანანა დოიაშვილი ფინალში იმედის ნაპერწკალს აჩენს, ვანო ხუციშვილი ამ იმედს კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ასეთი გადაწყვეტით არა მხოლოდ გვაახლოებს რეალობას, არამედ მეტ დადებით შტრიხს მატებს ჩეტის, მთავარი გმირის - ბაუკის ერთადერთ ქალიშვილს.

მანანა დოიაშვილის პიესის სიუჟეტში მოვლენები იმდენად თანმიმდევრულია, რომ მაყურებელმა ის უნდა ნახოს ისე, რომ პიესის გმირებზე არაფერი იცოდეს, რადგან თავად სპექტაკლი იძლევა საკუთარი დაკვირვების და მასზე დაყრდნობით ინდივიდუალური დასკვნების გამოტანის საშუალებას. პიესა კი თავის დროზე, ჩაკეტილ სივრცეში გაბოროტებულ ადამიანებად ქცევის პროცესზე მოგვითხრობდა, იმ ფსიქოლოგიურ ნიუანსებზე, რაც გმირების გონებაში იხარშება და შემდეგ რეალობაში ხორციელდება, არასტანდარტულ, უცნაურ სიყვარულსა და მოსიყვარულე უახლოესი ადამიანების სიძულვილზე. ვანო ხუციშვილმა კი მოვლენები ალეგორიულად დღევანდელ სამყაროს დაუკავშირა, როცა პანდემიის პირობებში სახლში გამოკეტილი ადამიანები, ოჯახის წევრები თავიდან ეცნობიან ერთმანეთს, როცა ხელახლა აღმოაჩინეს ერთმანეთი, შეიყვარეს ან შეიძულეს და რაც მთავარია, დრამატურგი და რეჟისორი, დღეს უკვე გვიჩვენებენ იმას, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს პანდემიის გამო, იძულებით სახლებში ჩაკეტილმა თანაცხოვრებამ. ამიტომაც, ვანო ხუციშვილის სპექტაკლი ერთგვარ გაფრთხილებადაც იკითხება პოსტპანდემიური კაცობრიობისთვის, რომელიც უიმედოა და საშიში, დაუნდობელი და მყიფე, პირობით ღირებულებებზე დაფუძნებული... დრამატურგს უყვარს სიმბოლოები, ასოციაციები, დამთხვევები, რომლებიც იდეურ დატვირთვას იძენენ ვანო ხუციშვილის სპექტაკლში.

 

პიესაში, ისევე როგორც სპექტაკლში სულ ხუთი გმირია, რომლებსაც საკუთარი კომპლექსები და ფსიქოლოგიური ტრავმები აერთიანებთ. უკლებლივ ყველა ტრაგიკული პერსონაჟები არიან, მათი ბედნიერება პირობითია და წამიერი. ერთი შეხედვით სტანდარტული, ჩვეულებრივი გმირები არიან, მაგრამ მათი აღქმაა განსხვავებული და ინდივიდუალური არა მხოლოდ სამყაროს, არამედ სიყვარულის, ოჯახის წევრებს შორის დამკვიდრებული სტანდარტული ურთიერთობის მიმართ.

ბაუკი რთული კონსტრუქციის, მრავალწახნაგოვანი მხატვრული სახეა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში. ამ როლის მორგება დიდ ადამიანურ რესურს, სამსახიობო ოსტატობის განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს შემსრულებლისგან. ეს როლი ვანო ხუციშვილმა ოზურგეთის თეატრის მსახიობს თამარ მდინარაძეს ანდო. მსახიობმა დაამტკიცა, რომ მას თანაბარი ძალით შესწევს უნარი როგორც ტრაგიკული (მანამდე იყო ანტიგონე ვასო ჩიგოგიძის სპექტაკლში) და კომიკური ჟანრის როლების თამაში (ნევენა მიტევას „კოცნა“), მაგრამ მანანა დოიაშვილის „3+3“-ში თამარ მდინარაძემ მისი არტისტული რესურსის აქამდე უცნობი მხარეც გამოავლინა - ფსიქოლოგიური ჟანრის პერსონაჟის სიღრმისეული წვდომა.  ბაუკი, როგორც ნაწარმოების მთავარი გმირი და სიუჟეტის განვითარების ღერძი მრავალი შრისგან შედგება, რაც ამ პერსონაჟს მრავალფეროვანს და მრავალწახნაგოვანს ხდის. თამარ მდინარაძის მიერ შესრულებული ქალი, დედა, და, მეუღლე, სასიდედრო აერთიანებს სიყვარულსა და სიძულვილს, ეგოიზმს, წინათგრძნობას, სიკეთესა და ბოროტებას (როგორც რეჟისორის ერთ-ერთ წარმატებულ სპექტაკლში „მაკბეტი“ („ბოროტებაში არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოროტება“), განხორციელებული მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. მას შეუძლია განრისხებაც და აქვს პატიების უნარიც. ქალი, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია, რომ მისი ახალგაზრდობა შვილმა წაართვა, რა გასაკვირია, რომ ეგოისტობს შვილის ბედნიერებაზე, რომელიც 25 წელია სავარძელს შეზრდილია და ოთახიდან გარეთ არც კი გასულა. თამარ მდინარაძე ბაუკი ფსიქიკური აშლილობისა და რეალობის აღქმის ზღვარზე გადის მუდმივად, მსახიობი ოსტატურად ხატავს ფიზიკურად დავრდომილი, მეტყველების უნარშერყეული, მაგრამ მაინც მოწოდების სიმაღლეზე მდგომი ქალის მხატვრულ სახეს (სულ სხვაგვარია ის ფინალში, საშიშიც და საცოდავიც). მსახიობი ცდილობს დაიცვას ზუსტი ზღვარი მოჭარბებულ ემოციურობასა და ზომიერებას შორის და ამის გამო მას სულ ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. თამარ მდინარაძე ოსტატურად, პროფესიულად განასახიერებს ფიზიკურად და მორალურად დანგრეული, განადგურებული ქალის მხატვრულ სახეს. თამარ მდინარაძის გმირი სასოწარკვეთილი ტრაგიკული პერსონაჟია, რომელიც უბედური შემთხვევის მსხვერპლიც გახდა და თავადაც მსხვერპლად ეწირება შექმნილ თითქმის გამოუვალ სიტუაციას. ბაუკი წინააღმდეგობრივი პერსონაჟია, რომელსაც ბედისწერამ თავისი დაღი დაასვა, გაბოროტებულია, გაეგოისტებული და მაინც აქვს მიტევების უნარი.

ტრაგიკული პერსონაა ჯოჯი, ბაუკის და, რომელსაც შორენა გვეტაძე განასახიერებს. მსახიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან წარმოაჩინა არა მხოლოდ თავი, როგორც მოაზროვნე მსახიობმა, არამედ ოსტატმა, რომელსაც ძალუძს ყველაზე დრამატულ მომენტშიც კი ზომიერების დაცვა, ემოციების მართვა, არის ორგანული და თანმიმდევრული. შორენა გვეტაძის ჯოჯიც ტრაგიკული გმირია, რომელმაც ვერ მოიპოვა ბედნიერება, ამიტომაც ამბობს ერთგან: „ყველანი ერთმანეთის ცოდვებს ვზღავთ, თუმცა საკუთარიც ბევრი დაგვიგროვდა...“ მსახიობი ღირსეულ პარტნიორობას უწევს თამარ მდინარაძეს, მათი დუეტი ინტერესით იცქირება და ისმინება. პიესაში ყველაზე ნაძირალა პერსონაჟი გვეძია (ვახო ჩხარტიშვილი) (თუმცა ეს თვისება არც სხვა პერსონაჟებს აკლიათ), ბაუკის ქმარი, რომელიც წლებია სარეცელს ცოლის დასთან ჯოჯისთან იყოფს. მსახიობის მიერ შექმნილი გმირი იმდენად ხელოვნურია, რომ  რობოტსაც მოგაგონებთ, ამიტომაც არ ჩნდება მის მიმართ არავითარი თანაგრძნობა, რადგანაც ის ისეთი კაცის ტიპაჟია, რომელიც ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ კომფორტს ეძებს. მისი „დაბრუნება“ ოჯახში არ ტოვებს გულწრფელობის განცდას და ეს ვლინდება კიდეც იმ ოპერაციაში, რომელსაც  ბაუკის საბოლოოდ გასანადგურებლად გეგმავენ.

ყველაზე ლაღი, მაგრამ მაინც დაღდასმული პერსონაჟები არიან ჩეტი (ციცი ბუცხრიკიძე) და დორე (ნიკა ძნელაძე). ამ სილაღეს მათ ახალგაზრდული ტემპერამენტი, პროფესიული ოსტატობის სიმსუბუქე სძენს. ციცი ბუცრიკიძე და ნიკა ძნელაძე რთული და უცნაური ხასიათების პერსონაჟების დახატვისას გამომსახველობით ხერხებს ისე იყენებენ, რომ მაყურებელი მათ რეალურ გმირებად (და არა სპექტაკლის მოქმედ პერსონაჟებად) აღიქვამს. მათი გულწრფელობა და არტისტული უშუალობა სწორი ხერხია მაყურებელთან საკომუნიკაციოდ. მათი სიყვარული კი უცნაური, რომელიც დამკვიდრებულ სტანდარტებს სცდება. მათ ერთმანეთი კი არ იპოვეს, არამედ ერთმანეთში იპოვეს ის, ვინც მათ აბედნიერებს. დორეს სჭირდება ჩეტი, ისე როგორც პირიქით, მაგრამ ბედნიერება იმაზე ხანმოკლეა, ვიდრე თავად სიცოცხლე.

ამ სპექტაკლში გამოვლინდა ოზურგეთის თეატრის მსახიობთა აქამდე უცნობი შემოქმედებითი შესაძლებლობები, თუმცა თავი იჩინა გარკვეულმა პრობლემებმაც (სასცენო მეტყველება, საშემსრულებლო ტექნიკა, ჟანრის სრულფასოვნად გააზრება...), რომელთა გადასაჭრელად მსახიობებს გარკვეული მუშაობა მოუწევთ. ვინაიდან ოზურგეთის თეატრი, როგორც მოთამაშე, ქართულ სათეატრო ბაზარზე პროცესებში სრულყოფილად ჩაერთო, მათ კონკურენტუნარიანი პროდუქტის შესაქმნელად მეტი პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევთ, რისი მზაობაც, ენთუზიაზმი და მონდომება თვალშისაცემია. 

სივრცე, რომელშიც მანანა დოიაშვილის პიესის გმირები ცხოვრობენ ბინაა, მაგრამ ვანო ხუციშვილი მას პირობით დატვირთვას აძლევს და ის ზოგჯერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდაც შეგვიძლია მოვიაზროთ, რადგან გმირები თავისი ქმედებებით იძლევიან ასეთი ასოციაციების გაჩენის იმპულსს, ამას ცხადყოფს თეო კუხიანიძის  დეკორაცია - აბსტრაქტული სივრცე შემოსაზღვრული გამჭვირვალე ცისფერი ფარდებით, რომლებიც მუდმივად იხსნება და იკეტება მაშინ (როგორც დარაბები), როცა ეპიზოდები ენაცვლებიან ერთმანეთს. თვალს ხან ფარდის მიღმა ვადევნებთ, რომელიც ბუნდოვან გამოსახულებად აღიქმება, ხანაც ფარდის გარეშე, როგორც ცხადი ამბავი გაცოცხლებული ჩვენს წინ. პერსონაჟები ილუზიებში ცხოვრობენ, მაყურებელსაც ექმნება ილუზია მაშინ, როცა მოქმედება ფარდის მიღმა, მაყურებლისთვის ბუნდოვანი გამოსახულებით თამაშდება, ისე როგორც გმირები, მაყურებელიც რეალობისა და ირეალობის სიბრტყეებში მონაცვლეობენ. მოვლენები სამ სიბრტყეზე თამაშდება, პირობით სცენაზე, სცენის მიღმა და კულისებში, რომელიც ფინალში მაყურებლისთვის ხილულიც ხდება, რაც შოკისმომგვრელია მაყურებლისთვის (თუ რატომ ამას არ გავამხელ).

ვანო ხუციშვილის სპექტაკლში არაფერია ზედმეტი და ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება, შუქის და მუსიკალური თემების ცვლაც კი (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი ჯიქია). ყველა კომპონენტი ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, ისინი სინქრონულად „მოქმედებენ“ და ეს ჰარმონიულობა გაერთიანებული ძალით უტევს მაყურებლის შინაგან მდგომარეობას  და იწვევს მძაფრ ემოციას. სპექტაკლში სულ სამი მუსიკალური თემა ჟღერს, რომლებიც არა მხოლოდ განწყობას ქმნიან, არამედ დრამატურგიის ნაწილად იქცევა, ვინაიდან მუსიკა ხან განაწყობს მაყურებელს მოლოდინით, ხანაც ხელს უწყობს მოვლენის გამოკვეთას. ეპიზოდები ერთმანეთს მუსიკალური პაუზების მეშვეობით ებმის, რომელიც ერთგვარი პაუზაა, რაც მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

შეუძლებელია ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს „3+3“ ემოციის გარეშე უცქირო, ვინაიდან მოდუნების საშუალებას არც დრამატურგი აძლევს მაყურებელს, არც რეჟისორი და არც მსახიობები თავიანთი მაღალპროფესიული შესრულებით, გმირების ხასიათების ღრმა გააზრებით, იმ ნიუანსებით, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხატავს თითოეული მათგანის პორტრეტს. დრამატული მოვლენების „ზამბარა“, რომელიც მაყურებლის ემოციური განწყობის შესაქმნელად იჭიმება საფინალო ეპიზოდში პიკს აღწევს და ისეთი ძალით ეშვება, რომ ყველაფერს ანგრევს. მოულოდნელი, ფაქტობრივად წარმოუდგენელი ფინალის გამო, მაყურებელი მომხდარის გააზრებას სპექტაკლის დასრულების შემდეგ, თეატრის გარეთ იწყებს: უსამართლო სამყაროში  საზოგადოებაც დაუნდობელია, რომელიც ბოლომდე სწირავს ყველაზე სუსტს, საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ამ  „მსხვერპლთშეწირვას“ სხვა გაუთვალისწინებელი მსხვერპლიც მოჰყვება... საზოგადოება ყოველთვის იყო საშიში, მაგრამ იძულებითი კარჩაკეტილობის შემდეგ, კიდევ უფრო საშიში გახდა, ამიტომაც მანანა დოიაშვილისა და ვანო ხუციშვილის სპექტაკლი ერთგვარ გაფრთხილებად აღვიქვი პოსტპანდემიურ ეპოქაში.

ვანო ხუციშვილის სპექტაკლი დედა-შვილის, დების, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობებზეა. იმაზე, თუ როგორც უყვართ უახლოეს ადამიანებს ერთმანეთი და ეს სიყვარული როგორც იქცევა ეგოიზმად, სიძულვილად, ბოროტებად და დანაშაულად.

ოზურგეთის თეატრის სპექტაკლმა „3+3“ წარმოაჩინა დასის მიძინებული, ჯერ ასე აშკარად უხილავი შემოქმედებითი რესურსი. ეს კი იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე ახორციელებს. მსახიობები მუშაობენ სხვადასხვა ხელწერის, მსოფლმხედველობის, ესთეტიკური ღირებულებების რეჟისორებთან. ეს პროცესი გრძელდება და მალე გოჩა კაპანაძისა და ნიკა საბაშვილის ნამუშევრებსაც ვიხილავთ.