„სკანდალური დღიური“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ნუცა კობაიძე
„სკანდალური დღიური“
(ზოე ჰელერის იდეის მიხედვით)
რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე
პიესის ავტორი - ლილე - ლიკა შენგელია
მხატვარი - ანანო დოლიძე
ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა
როლებში: ნანა ფაჩუაშვილი - მერი, მარი კიტია - ანა, კახა მიქიაშვილი - თემო, მაია ხორნაული - დათის დედა, გიორგი ცერცვაძე - დირექტორი, ალექსანდრე კვეზერელი - დათი.
(მერი დღიურს წერს ანასთან შეხვედრის მერე).
[…] ჩემს ფეხის თითებს ვერასოდეს ვიტანდი, დღეს ისინიც, კი ლამაზი მომეჩვენა. ყოველთვის დახურულ ფეხსაცმელს ვატარებდი, ახლა მათ უნდა მივაქციო ყურადღება, არცერთი ფეხის თითი არ არის დასამალი. როგორ დავუშვი, რომ ჩემს სხეულზე ყველაზე მახინჯი არსებები იყვნენ. დღეს კი ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება... გაზაფხულის ფერია სამყარო (ლილე შენგელია - „სკანდალური დღიური“).
ამ ტექსტით იწყებს პიესაში მეორე სურათს ლილე შენგელია (ინსცენირების ავტორი), რაც შეიძლება ჩავთვალოთ იმ მთავარ საკვანძო ნაწილად, რის გარშემოც ვითარდება დრამა. მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის ნანა ფაჩუაშვილის პერსონაჟი (მერი), როცა მის მიმართ ყურადღებას იჩენს ანა (მარი კიტია). ქალის ცხოვრებაში ჩნდება მომავლის პერსპექტივა - მე-ს აღმოჩენა, საკუთარი თავის შეყვარება, ხელახალი დაბადება. ასევე ვლინდება დიდი ხნის დისკომფორტი საკუთარი სხეულის მიმართ, დაბალი თვითშეფასება, რომლის დაძლევასაც ახლა იწყებს. ლილე შენგელიას მიერ დაწერილი ეს მონოლოგი ასახავს შინაგან მეტამორფოზს, რომელიც პიესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ნანა ფაჩუაშვილი დამაინტრიგებელ, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ემოციურ პერსონაჟს ქმნის. იმის თქმაც კი შემიძლია, რომ არ ჩამორჩება ჯუდი დენჩის (Judi Dench as Barbara Covett) საყოველთაოდ აღიარებულ ბარბარა კოვეტის რიჩარდ ეირეს ფილმში „NOTES ON A SCANDAL“, სადაც მსახიობი ფანტასტიკურად ასრულებს თავის საკულტო როლს (იგივე მერის, ქართულ ადაპტაციაში). ნიკა ჩიკვაიძემ სპექტაკლი სწორედ ნანა ფაჩუაშვილის გამო აღადგინა. ვთვლი, რომ მსახიობის ბოლო პერიოდში განხორციელებული როლებიდან, რობერტ სტურუას „თამაშის დასასრულის“ შემდეგ ეს უკანასკნელი („სკანდალური დღიური“) მისი საუკეთესო როლია. შეუდარებელია ნანა ფაჩუაშვილი სამსახიობო ტექნიკით, ემოციური თუ ფიზიკური შესაძლებლობებით. იმდენად სრულყოფილია მის მიერ შექმნილი პერსონაჟი, რომ ეს უდავოდ მსახიობის ნიჭის და გამოცდილების დამსახურებაა. ის უნიკალური დამაჯერებლობით გადმოსცემს ყველა ემოციას. მამაკაცური ჟესტებით სხეულის მოძრაობა როგორ შეიძლება ასეთი კომპლექსური და ბუნებრივი იყოს? ნუთუ ცხოვრებაშიც მასკულინურია ეს გრაციოზული და ელეგანტური ქალბატონი.
ანას (მარი კიტია) გამოჩენა მერის დახურული სოციალური არსებობიდან გამოსვლისკენ უბიძგებს. და იწყება ნანა ფაჩუაშვილის პერსონაჟის აღორძინებაც - ანა ხდება მისი სიყვარულის ობიექტი. რა არის ეს? აღტაცების გულწრფელი გამოხატულება თუ საშიში, არაჯანსაღი აკვიატება? მარიას გრძნობები ანას მიმართ ბუნდოვანია. სპექტაკლიდან გამოსულს კიდევ არ გაქვს ცალსახა პასუხი ამ კითხვებზე. ეს ღია მიდგომა მრავალ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საინტერესოა რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტა, რადგან ის თავს არიდებს გამარტივებულ, ერთმნიშვნელოვან პასუხს კომპლექსურ პრობლემაზე. ის აიძულებს მაყურებელს ჩაერთოს პერსონაჟების ემოციურ სიღრმეში.
ურთიერთობების რთული ქსელია „სასიყვარულო ოთხკუთხედი“ - მერი, ანა, თემო, დათი (ალექსანდრე კვეზერელი) რაც მნიშვნელოვნად ხლართავს პიესას. ანას ქმედებებმა გამოიწვია მისი ქმრის ოჯახის განადგურება, რასაც შედეგად მოჰყვა დანაშაული და ნამდვილი სიყვარულის ნაკლებობა მის ცხოვრებაში. არატრადიციულია ცოლ-ქმრის ურთიერთობა. მარი კიტიას გმირი ბევრს მუშაობს, იჩენს ახალგაზრდა საყვარელს, მისი
ასაკოვანი ქმარი (თემო - კახა მიქიაშვილი) კი სახლში ფუსფუსებს და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ვაჟს უვლის. ქმრის მზრუნველი ბუნება საშუალებას აძლევს ანას შექმნას თავისი კარიერა და სხვა პირადი ცხოვრებაც - პარტნიორების ტრადიციული გენდერული როლები იცვლება. ყველა პერსონაჟი უბედურია: ანა, რომელმაც თავის ქმარს ოჯახი დაუნგრია, თანაც უსიყვარულოდ; ემოციურად არეული დათი, რომლის რომანიც უფროს ქალთან (პედაგოგთან) პროტესტია მშობლების დაშორებაზე; თემო - კაცი, ორი წარუმატებელი/უიღბლო ქორწინებით და მარია - უმეგობრობის, მარტოობის ნიადაგზე ფსიქოპატად ჩამოყალიბებული პერსონაჟი. ნიკა ჩიკვაიძე „სკანდალურ დღიურში“ იკვლევს „სიყვარულის“ სხვადასხვა ფორმას - ინტელექტუალურ, ემოციურ თუ ფიზიკურ ვნებას.
ანა თავდაპირველად, ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის მოვლინებას აღიქვამდა, როგორც სასჯელს, ტვირთს, ხოლო დროის გავლის შემდეგ ვაჟიშვილი მისი ცხოვრების ცენტრალური ფიგურა ხდება, რომელიც ქალს შეუცვლელად აგრძნობინებს თავს.
ანას და მის შვილს შორის ურთიერთდამოკიდებულებას ინვალიდობა, ფიზიკური უუნარობა განაპირობებს. სწორედ აქ გრძნობს მარი კიტიას პერსონაჟი თავის უპირატესობას.
ნიკა ჩიკვაიძეს სპექტაკლში ხაზგასმით გამოკვეთილი სცენები აქვს, სადაც ნათლად ასახავს იმ მომენტებს, როდესაც ნანა ფაჩუაშვილის პერსონაჟი, მერი, იწყებს მარი კიტიას პერსონაჟის ანას შეყვარებას. ეს მიზანსცენებია:
-
ანა კაბის არჩევაში დახმარებას სთხოვს თემოს და მერის. მათ განსხვავებული აზრი აქვთ. ქალი კი ირჩევს კოლეგის შერჩეულ სამოსს და არა - ქმრის. აფიქსირებს მერის უპირატესობას;
-
ანა მუხლზე ნაზად ეხება სავარძელზე ჩამომჯდარ მერის - ნანა ფაჩუაშვილის შეფასება იმდენად ემოციური და გულწრფელია, რომ ეჭვს ვერ მიიტან ყალბ გრძნობებში. ანას ეს მარტივი, მაგრამ ინტიმური ჟესტი მარიაში იწვევს დიდ ლტოლვას ქალის მიმართ;
-
ანა: რა საყვარელი ხარ მერი - მიეხუტება. „ეს იყო გამარჯვების დღე. მე და ანა დავმეგობრდით...“ - კომპლიმენტი და ფიზიკური ჩახუტება საბოლოო განაჩენს გამოუტანს ნანა ფაჩუაშვილს გმირს.
ეს სცენები ერთობლივად ასახავს გრძნობების პროგრესირებას აღტაცებიდან არაჯანსაღ აკვიატებამდე. ნანა ფაჩუაშვილი ეფექტურად გადმოსცემს მარიას პერსონაჟის რთულ ემოციურ გრადაციებს - იჭერს ბალანსს გულწრფელობასა და აკვიატებას შორის, რაც ასე მიმზიდველს ხდის მისი თამაშის ხერხს. აქვე მინდა აღვნიშნო სცენა, როცა ანას ფარული რომანის შესახებ ფარდა აეხდება სიმართლეს, ისტერიკაში ჩავარდნილი მარი კიტია ნანა ფაჩუაშვილის კალთაში მოთქვამს, ნანა ამ დროს სიგარას აბოლებს, მაღლა იყურება ამაყი სახით, რაღაც ძალიან დიდი ძალაუფლების გრძნობით. გამარჯვებული, თან თანაგრძნობით და თანაც გამანადგურებელი მზერით ათვალიერებს პარტერს.
შენიშვნა:
-
მომაბეზრებელია ფერადი შუშების სცენა. ბევრი პაუზა და გაწელილი საუბარი აფუჭებს მიზანსცენას. ტემპის შეცვლით ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია.
-
მოსწავლის და მასწავლებლის ინტიმური სცენა - დათი ანას ფეხსაცმელს ისე მოისვრის, რომ სიცილი გიტყდება. ელფერს უკარგავს რომანტიკულ ატმოსფეროს. ალბათ, უკეთესი იქნებოდა გახდილი ფეხსაცმლის ადგილზე დაგდება.
-
ანას სატელეფონო საუბარი შვილთან პათეტიკურია, ზედმეტი ემოცია და სახის მიმიკა თანაგანცდას აღარ იწვევს.
-
დღიურის კითხვისას ჭერიდან ცვივა ფურცლები, რაც კლიშეა.
დაბოლოს, ჩემთვის შთამბეჭდავი სცენები:
-
ნანა ფაჩუაშვილის საკლასო დაფაზე პროექციის საშუალებით გამოჩენა, რომელიც აფასებს დათის და ანას ინტიმურ სცენას.
-
მერი: მე პარტერში დავიკავე ადგილი, წარმოდგენა ფინალურ აქტს უახლოვდება - ტრიალდება პარტერისკენ ზურგით და იხედება მაღლა, ჩამტვრეული შუშაბანდისკენ, სადაც ცოლ-ქმრის დრამა ვითარდება, როგორც კინოს ეკრანზე.
-
მარიას სახლში შეჰყავს ანა, სავარძელზე სვამს, მოკლე პარიკს ახურავს თავზე და წითელ ტუჩსაცხს უსვამს - თითქოს იმ მეგობრად გარდასახავს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და რომელმაც ძლივს დაიძვრინა თავი მისგან.
მადლობა ნიკა ჩიკვაიძეს და ლილე შენგელიას ნანა ფაჩუაშვილის ამ როლისთვის.