top of page

სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში

_DSD6276-600x402-sRGB_75.jpg

მაკა ვასაძე

სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში

ზღაპრული, უკეთილშობილესი, ულამაზესი, უთბილესი... პირველად სწორედ ეს ეპითეტები გახსენდება, როდესაც საუბრობ სლავა პოლუნინის „თოვლის შოუზე“. წარმოდგენის ზღაპრული სილამაზე, სიკეთე ყოვლისმომცველია და არ გინდა რომ დასრულდეს. საოცარი სანახაობა საპნისა და გასაბერი ბუშტებით, განათებით მიღწეული თოვლის ეფექტი, ფაფუკ ლურჯ კედლებზე გამოხატული მთვარე და ვარსკვლავები, დარბაზსა და სცენაზე მოფარფატე თოვლის ფანტელები - უკან ბავშვობაში გაბრუნებს. ვის არ შეხვდებით ამ ზღაპრულ სამყაროში სევდიან-მხიარულ ჯამბაზებს, აბობოქრებულ ზღვაში მოცურავე გემს, „ეშმაკუნა“ ზვიგენებს, ცეტ პინგვინის მსგავს არსებებს. სევდითა და იუმორით არის აღსავსე ჯამბაზის დამშვიდობება საკიდზე დაკიდებულ „გაცოცხლებულ“ ლაბადასთან. კვლავ აღგაფრთოვანებს პოლუნინის ცნობილი მინიატურა „ტელეფონები“და დაუვიწყარი სიმღერა „ბლუ კანარი“. სცენაზე უზარმაზარი ბურთები გამოგორდება ხოლმე, უზარმაზარ გამჭვირვალე თეთრ ბურთს კი მასში მოთავსებული ადამიანი ჩააგორებს. თითქმის უსიტყვო, პანტომიმაზე აგებული ქმედება ტრაგედიისა და კომედიის ზღვარზე თამაშდება. მაყურებელი ხან იცინის და ხან კი, თვალზე ცრემლი ადგება. პოლუნინის შოუ ჩაპლინის ფილმებს, ჩაპლინის სევდანარევ კომიკურ გმირს გახსენებს. პატარ-პატარა მინიატიურებისგან, ეტიუდებისგან შექმნილი სანახაობა საათნახევარი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ჯამბაზები გვიჩვენებენ, რომ   ადამიანი განიცდის მარტოობას, მაგრამ ეს მარტოსული ადამიანები ცდილობენ ნათელი ფერებით გაიხალისონ ცხოვრება, ცდილობენ შენც ჩაგითრიონ სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში და რაც მთავარია, გაპოვნინონ.

უცნაურ გაფარჩხულყურიან ქუდებსა და პინგვინების ლასტების მსგავს შავ ფეხსაცმელებში გამოწყობილი ჯამბაზები დარბაზში გადმოდიან და მაყურებელს რთავენ ქმედებაში: ხან, წყლით წუწავენ, ხან, უთხელესი ქაღალდისგან გაკეთებულ თოვლს აყრიან და მერე დიდი, გრძელი ცოცხით თავზე დაყრილ ფანტელებს წმენდენ, ხან კი, მაყურებელთა დარბაზს უზარმაზარი ობობის ქსელი ფარავს. ულამაზესი და ეფექტური ფინალი შემოგვთავაზეს დაუვიწყარი შოუს შემქმნელებმა. ჯამბაზები ლურჯ ე. წ. კედლებს ატრიალებენ. პოლუნინის პერსონაჟი თოვლით გადაპენტილ სივრცეში აღმოჩნდება. ერთ-ერთ ასეთ თეთრ „კედელში“ ეხვევა. დარბაზი ჩაბნელდება. უცებ მაყურებელს თვალს ჭრის მისკენ მიმართული პროჟექტორების მჭახე ნათება, სცენის შუაგულიდან კი თოვლის ფანტელების უთვალავი რაოდენობა  ეყრებათ თავზე.

 წარმოდგენის ფინალში, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა უეცრად ჯამბაზები სხვადასხვა ზომის ფერად-ფერად ბურთებს ყრიან და ეთამაშებიან მაყურებელს. სხვადასხვა ასაკის მაყურებელი აღრფთოვანებული ცდილობს ერთხელ მაინც დაარტყას ხელი მათკენ გადმოსროლილ ბურთებს... მაყურებელს წასვლა აღარ უნდა... ადამიანებს სჭირდებათ ხანდახან მაინც შეიგრძნონ ბედნიერება... სწორედ ბედნიერების გრძნობით აღგავსებს პოლუნინის „თოვლიანი შოუ“.

bottom of page