top of page

სოხუმის დრამატული თეატრი

სოხუმის თეატრის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. სოხუმში ქართული წარმოდგენები სცენის მოყვარეთა მიერ ჯერ კიდევ 1885 წლიდან იმართებოდა. სპექტაკლებს მართავდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოძრავი დასები და მსახიობთა ამხანაგობები. სოხუმში სცენის მოყვარეთა წარმოდგენების სულისჩამდგმელები იყვნენ: ა. ჯუღელი, ს.

ფრანგულიანი, ვ. აბაშიძე, ა. შერვაშიძე, ტ. შერვაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვები.

ქართული პროფესიული თეატრი სოხუმში 1928 წელს ჩამოყალიბდა. 1979 წლამდე სოხუმის თეატრის ქართული და აფხაზური დასები ერთ შენობაში მართავდნენ წარმოდგენებს. ქართულმა დასმა 1982 წელს ახალ შენობაში განაგრძო მუშაობა. 1983 წელს კი ქართულ თეატრს ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსის - კონსტანტინე გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

გამორჩეულად საინტერესო გახლდათ საბჭოთა ადრეული, ეგრეთ წოდებული „სტალინის პერიოდის“ სპექტაკლები. ქალაქ სოხუმში თეატრს ულამაზესი ისტორიული შენობა სწორედ 1952 – 53 წელს  გადაეცა. შემორჩენილია დოკუმენტური ფილმიც, სადაც კარგად მოსჩანს შენობის სიმდიდრე და არქიტექტურული სილამაზე. ამ პერიოდში შექმნილ სპექტაკლებს ძალიან მაღალი სამსახიობო საშემსრულებლო დონე ახასიათებს. კომუნისტური ტერორის მიუხედავად სპექტაკლებიდან შეფარულად გამოსჭვიოდა იმდროისთვის აკრძალული იდეები. ამ იდეებმა სცენაზე 70-იან 80-იან წლებში უმაღლეს მხატვრულ-მეტაფორულ მწვერვალს მიაღწია და ამიტომ სოხუმის თეატრი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად. სწორედ 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირი და თავისი ხელოვნება მის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. ამ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდა თეატრისა და კინოს  ცნობილი მსახიობი გოგი ქავთარაძე, რომლის მოღვაწეობაც „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული. 

90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიის, ქართულ – რუსული ომის შედეგად აფხაზეთის ქართული მოსახლეობა აფხაზეთიდან გამოაძევეს. ამ დროს დაიწყო თეატრისთვის ყველაზე რთული პერიოდი. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სისხლიანმა დაპირისპირებამ, თეატრის რამდენიმე თანამშრომელი შეიწირა. სოხუმის ქართული თეატრი აღმოჩნდა ლტოლვილი თავის ქვეყანაში. დევნილობაში მყოფი თეატრი შეიფარა თბილისის სახელმწიფო თეატრებმა: რუსთაველის თეატრმა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრმა და სხვა ქართულმა თეატრებმა. ამ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობი დიმიტრი ჯაიანი, რომლის დამსახურებითაც თეატრმა დაძლია ურთულესი ფსიქოლოგიური, ფინანსურ-ორგანიზაციული პრობლემები და შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა.

2016 წელს აფხაზეთის მთავრობის,  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის თეატრს თბილისში სტაციონარული შენობა გადასცა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი. მოგვიანებით, ამავე შენობაში მიიღო თეატრმა საკუთარი სცენაც.

სოხუმის თეატრის არსებობის მანძილზე იდგმებოდა, როგორც მსოფლიოსა და საქართველოს კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ავტორების პიესები.

დღეს თეატრმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. თეატრი მთელი დატვირთვით თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე დრამატურგებთან და მწერლებთან. თემები კი უაღრესად თანადროულია. დევნილთა საკითხები 21-ე საუკუნის პრობლემა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სოხუმის თეატრი სწორედ ამ კუთხითაა დღეს საინტერესო. იგი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს. ჩართულია იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ქსელში (www.iti-worldwide.org). დააფუძნა გერმანულ - ქართული და აგრეთვე პოლონურ – ქართული თეატრალური პლატფორმა. გახდა რამდენიმე საერთაშორისო თეატრალური კონკურსისა და ფესტივალის პრიზიორი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამშვენებს დიდი ტრადიციების მქონე ქართულ თეატრალურ ცხოვრებას.   

bottom of page