top of page

სპექტაკლი თუ სასკოლო ღონისძიება - რატომ ვერ დავინახეთ მზე?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

442425269_852554966918091_7025609916806744589_n.jpg

ზუკა ნემსაძე

სპექტაკლი თუ სასკოლო ღონისძიება - რატომ ვერ დავინახეთ მზე?!

 

 

ნოდარ დუმბაძე, ქართველ მკითხველსა თუ მაყურებელში აქტუალობას, დღემდე არ კარგავს. ქართული თეატრის სცენაზე დადგმული მისი ნაწარმოები მაყურებელს უყურადღებოდ არ რჩება. ამის მკაფიო მაგალითია ის ქართული თეატრები, სადაც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები დღემდეა მოქმედ რეპერტუარში, რომლებიც მუდამ ანშლაგებით მიმდინარეობს.

 

ახლახან, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის, სცენაზე, რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით „მე ვხედავ მზეს“ დადგა. სპექტაკლის მხატვარი ლუკა ბესელიაა, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, რეჟისორი თანაშემწე კი ელენე კომახიძე გახლავთ.

სპექტაკლში ბათუმის თეატრის 23 მსახიობია დაკავებული.

 

„მე ვხედავ მზეს“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელშიც მწერალი სიყვარულთან ერთად, სხვა იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც იმ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში იყო და სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურად რჩება, თუმცა ჩარგეიშვილის ვერსიას ორიგინალობა და რეჟისორული გადაწყვეტა  აკლდა. სპექტაკლის დასაწყისში, ვხედავთ წიგნის ყდას, რომელიც იფურცლება და ჩანს შემდეგი წარწერა „მე ვხედავ მზეს“ - ეს რეჟისორის მიგნებად, ვერ ჩაითვლება ვინაიდან უკვე სკოლების სააქტო დარბაზებშიც კი შეიძლება ტექნიკის გამოყენებით მსგავსი პერფორმანსის მოწყობა.

 

დიანა ჩახუნაშვილის, მიერ განსახიერებული ქეთო მამიდაში მაყურებელი, მხოლოდ განათლებულ ქალს ხედავს. აშკარაა, რომ რეჟისორსა და მსახიობს არ ჰქონდათ მიზანი, თუ რა უნდა ეთქვათ მაყურებლისთვის, ან თავად მსახიობს რისი თქმა უნდოდა ქეთო მამიდას როლით, გაუგებარი იყო. იგი პირნათლად მიყვებოდა ნოდარ დუმბაძის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟის ხასიათს, თუმცა ვერ ახერხებდა, თუნდაც მიზანსცენებში, რომ მაყურებლისთვის ეჩვენებინა, ძლიერი ქალი ქეთო. 

 

ხატია ხატია ფოფხაძე ცდილობდა როლის მორგებას, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ იგი სასცენო ცხოვრებას, თეატრს არ იცნობს და ცდილობს როლებთან ერთად გაიცნოს სცენა. რაც შეეხება დავით მარიკაშვილის სოსოიას, მეოთხე კურსის სტუდენტს მთავარი როლის მიღებით აჟიტირება და თვითკმაყოფილება უფრო ეტყობოდა, ვიდრე პროფესიული დამოკიდებულება დაკისრებული ამოცანისადმი. ეს რეჟისორის მინუსად მიმაჩნია, ვინაიდან დამწყებ მსახიობთან სხვა სახის მუშაობაა საჭირო. , სამწუხაროდ, მამრიკიშვილი, ვერ ავლენს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, მის შემოქმედებით შესაძლებლობას. ზოგჯერ მეგონა, რომ დრამატული თეატრში კი არ ვიყავი, არამედ  სასკოლო ღონისძიებას ვესწრებოდი.

 

მამუკა მანჯგალაძის, განსახიერებული ბეჟანა, თავიდან არ მოსჩანს საინტერესოდ, თუმცა ომიდან დაბრუნებული ბეჟანა-მამუკა მანჯგალაძე არა ერთ გზის ახერხებს მაყურებლის გაღიმებას და აცრემლებასაც. ამის მიუხედავად, მომეჩვენა, რომ სიკვდილის სცენას მსახიობი დამაჯერებლად არ თამაშობს. არ გვაჩვენებს, სროლის შემდეგ გამოწვეულ ტკივილს და სიკვდილამდე მისასვლელ გზას. თუმცა ამავე სცენაში, რეჟისორმა ჩარგეიშვილმა საინტერესოდ წარმოგვიდგინა, მანჯგალაძის ბეჟანას გამომშვიდობება ხატიასთან და სოსოიასთან, როცა უკვე ნაცრისფერი ფარდა ანუ სიკვდილი დაეშვა, გვაჩვენა მხიარული, თავქარიანი ბეჟანას ემოციური სიკვდილი, რომელიც მსახიობმა საინტერესო მოძრაობებით და მიმიკებით შეასრულა, უკვე ჩაწერილ მისივე ხმაზე.

 

„არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები“ - ამის ნათელი მაგალითი, ნატო გოგიტაურის განსახიერებული მატრონა იყო, მსახიობი აშკარად ფლობს ტექნიკას, გამორჩეულია სცენაზე მყოფთაგან, იგი იაზრებს იმ საშინელ ყოფას რომელშიცაა, განსაკუთრებით კი მაშინ ავლენს სამსახიობო ოსტატობას, როცა დათიკო (ზაალ გოგუაძე) ჩნდება, ბეჟანას მოკვლის შემდეგ. ნატო გოგიტაური ორიგინალურად ხატავს გურული ქალის მხატვრულ სახეს და პირნათლად ასრულებს, ომით გაუბედურებული, მშიერი, განადგურებული ქალის როლს.

 

ასევე, კაკანოს როლის შემსრულებელმა, მარინა ბურდულმა საგრძნობლად გამოიჩინა თავი, როგორც პროფესიონალმა მსახიობმა - იმ ეპიზოდურ სცენაში, როცა ბაბილოსთან (კახა კობალაძე) ერთად  ჩნდება სცენაზე. მარინა ბურდულის კაკანო, ორიგინალურად იყო წარმოდგენილი, მსახიობმა საინტერესო სახე შექმნა - სტუმართმოყვარე გურული ქალის.

 

სამსახიობო ოსტატობის ფლობის ნამდვილი გამოვლინება იყო ავთო ქარჩავას მიერ განსახიერებული, ფოსტალიონი კოწია, ალბათ მთელი სპექტაკლი ამ ერთ სცენად ღირდა, როცა სოფელში შეკრებილ ხალხს ავთო ქარჩავას კოწია მიმართავს - ყველა ემოცია ერთად იყრის ამ დროს თავს მაყურებელში, სამარისებური სიჩუმეა დარბაზში და ყველა მოლოდინის რეჟიმში გადადის, აინტერესებთ რა იქნება შემდეგი სიტყვა. გულმოკლული, სევდიანი, განადგურებული, დაღლილი, ემოციური, გალოთებული ფოსტალიონი კოწია, რომელიც დაიღალა იმ გარემოებით, რომ ყველა ოჯახში სიკვდილის ამბავი მიაქვს  - ქარჩავა სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასს ატარებს სცენაზე.

 

სიტყვა შესაძლოა ძალზედ გამიგრძელდა, თუმცა აუცილებლად მინდა ვახსენო, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, სტუდენტები: კახაბერ ბრეგაძე (ნოდარა), ოტია (ტამანგო ჯღერია), თამაზა (შაკა კვარცელია) -  სცენას შეთამაშებული და ადაპტირებული, აშკარად მონდომებული ახალგაზრდა მსახიობები არიან, რომლებსაც უყვართ პროფესია და თავს არ ზოგავენ რომ მაყურებლამდე მათი მიზანი და რეჟისორის ჩანაფიქრი მიიტანონ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის მსვლელობისას არაერთგზის დაუკრა ტაში მაყურებელმა, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, სპექტაკლი რამდენიმე სცენად ნამდვილად ღირდა. პეტრე ჩარგეიშვილის მიერ დადგმული „მე ვხედავ მზეს“ ახალს არაფერს გვიყვება. ობიექტურად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სპექტაკლის ყველა ბილეთი დაანონსებიდან წამებში გაყიდულია და სპექტაკლზე მისვლა თითქმის ყველას სურს, რაც არ არის გასაკვირი, რადგან დუმბაძის სიუჟეტები იზიდავს ქართველ საზოგადოებას და არა რეჟისორი, ან სამსახიობო გუნდი. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ბათუმის თეატრს ნიჭიერი მსახიობები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ და პერსონაჟების განსხვავებული სახეები შექმნან, რაც იმედია სამომავლოდ აუცილებლად იქნება ათვისებული სხვა რეჟისორებთან კოლაბორაციის დროს.

 

P.S.

 

ბათუმელი მაყურებელი, ბოლო პერიოდში აქტიურად სტუმრობს თეატრს, რაც ძალიან კარგია. მაყურებელი თეატრს დაუბრუნდა, ეს კი შემთხვევით არ მომხდარა ფაქტია და აქ ჩანს მარკეტინგის სამსახურის ეფექტური მუშაობა. მიზანი შეექმნათ სტრატეგია, რომლებიც გამოიწვევდა თეატრის ცნობადობის ამაღლებას, ბილეთების გაყიდვებს და საზოგადოების ჩართულობას, მიღწეულია.  მაყურებელს ყველა თანამედროვე და ტრადიციული საშუალებით და ხერხით მიეწოდება სრული ინფრომაცია პრემიერების და რიგითი წარმოდგენების შესახებ, რითაც პოტენციურ მაყურებელს აქვს სტაბილურობის განცდა. ახლა ჯერი რეჟისორებზეა, რომ საინტერესო სპექტაკლები დადგან, რადგან მისულ მაყურებელს გაუჩნდეს სურვილი ხელმეორედ ესტუმრონ მშობლიურ თეატრს, სადაც არა  ერთი სახელოვანი არტისტი მდგარა.

 

მისასალმებელია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრე ქანთარიას, მიერ კარების გახსნა სხვა რეჟისორებისთვის, რომლებიც ბათუმის თეატრის მსახიობებთან იმუშავებენ, მსახიობებს კი ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა რეჟისორთან თანამშრომლობის.

bottom of page