top of page

სპექტაკლი 
მაყურებლის განაჩენით

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

429649681_905716318229591_8219661993850037052_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

სპექტაკლი მაყურებლის განაჩენით

 

რუსთავის თეატრი, რომელიც გიგა ლორთქიფანიძის სახელს ატარებს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თეატრია საქართველოს რეგიონის თეარებს შორის. თეატრის სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ პრემიერების სიუხვესა და სხვადასხვა აქტივობაში არ გამოიხატება, არამედ იმაშიც, რომ რუსთავის თეატრი კომედიის ფესტივალის ფარგლებში და არა მხოლოდ, ხშირად მასპინძლობს დედაქალაქისა და რეგიონის თეატრებს. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თაობის და მსოფლმხედველობის რეჟისორებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, რომელთაც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აძლევს შანსს გამოავლინოს შესაძლებლობები და გააცნოს ისინი ფართო აუდიტორიას.

 

რუსთავის თეატრის ამჟამინდელ რეპერტუარში (რომელიც საკმაოდ ჭრელია და მრავალფეროვანი, სხვადასხვა ასაკის და ინტერესების მაყურებელზეა მორგებული) არსებულ სპექტაკლებში ხშირად ვხვდებით ახალგაზრდა მსახიობებს, ახალ კურსდამთავრებულებს და სტუდენტებსაც კი, ისე როგორც სხვადასხვა თაობის მსახიობებს (უხუცესებს, უფროს და შუახნის). სწორედ ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლია გიორგი ქანთარიას „კუნძულის ხეიბარი“, რომელიც მარტინ მაკდონას პიესის „ხეიბარი ინიშმაანის კუნძულიდან“ მიხედვით დადგა.

 

სპექტაკლი ჟანრობრივად დრამას მიეკუთვნება, რომელშიც ერთი კუნძულის მაცხოვრებლების მაგალითზე, მოთხრობილია ინფორმაციაზე დახარბებული, ჩაკეტილი და ცივილიზაციის ეპიცენტრს მოწყვეტილი საზოგადოების ცხოვრება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ გიორგი ქანთარია მოგვითხრობს ტოქსიკური საზოგადოების და მათი წევრების ერთმანეთთან ურთიერთობების შესახებ. რეჟისორი გვაცნობს კონტრასტულ ტიპაჟებს, იმედგაცრუებულ და მიზანდასახულ ადამიანებს, ეგოცენტრულ და ხარბ ადამიანებს, ავადმყოფებსა (მათ შორის სულიერად) და ჯანსაღ ადამიანებს.

 

გიორგი ქანთარიას სპექტაკლი „კუნძულის ხეიბარი“ არ გამოირჩევა განსაკუთრებული რეჟისორული მიგნებებითა და ასე გავრცელებული ე.წ. ფოკუსებით. მისი რეჟისურა ამ კონკრეტულ სპექტაკლში ემსახურება ატმოსფეროს შექმნას და ეფუძნება პიესის სიუჟეტს, მის მწყობრ და დინამიკურ განვითარებას. სპექტაკლის პირველი ნაწილი გამოირჩევა საკმაოდ გრძელი საექსპოზიციო ნაწილით, არ ვგულისხმობ ილუსტრაციულ სცენებს, აქ მსგავს „ჩანართებს“ ვერ ნახავთ. კვანძი  პირველი მოქმედების ფინალში იკვრება, ფაქტობრივად ინტრიგა, რამაც უნდა დააინტერესოს მაყურებელი პირველი მოქმედების ბოლოს აშკარავდება, რაც ერთგვარ დაბნეულობას იწვევს დარბაზში მსხდომთათვის. ვინც პიესას არ იცნობს, მას ჩნდება განცდა, რომ მთავარმა მოქმედმა პირმა - კუნძულის ხეიბარმა ოცნება აიხდინა და ამერიკაში გაიპარა. მაყურებლის ნაწილს უჩნდება განცდა, რომ სპექტაკლიც დასრულდა, თუმცა მეორე მოქმედებაში მოვლენები სწრაფად, დინამიკურად და დამაინტრიგებლად ვითარდება, რომ სცენაზე განვითარებული ამბები მაყურებელში ცხოველ ინტერესს იწვევს. პირველ მოქმედებაში კი საკმაოდ დიდხანს ვეცნობით პერსონაჟებს, რაც ვფიქრობ, საკმარისად აფერხებს სიუჟეტის დინამიკურ განვითარებას.

 

გიორგი ქანთარია ნამდვილად ქმნის ატმოსფეროს, რომელიც სრულიად შეესაბამება პიესაში დახატულ საზოგადოებას, მათ ხასიათსა და ცხოვრების ტემპო-რიტმს, მსახიობების საშუალებით გვიხატავს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟებს. ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს ლომგულ მურუსიძის სტატიკური დეკორაცია, რომელიც მუქ, ბნელ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც საზოგადოების ხასიათის შესაბამისობაშია. ამ განწყობას ქმნის სამ მხროვანი კედელი, რომელიც სტატიკურად დგას და მასში არიან ჩაკეტილები პერსონაჟები, იზოლირებულები და მოწყვეტილნი გარესამყაროს. დეკორაციის სხვა ნაწილი (საწოლი, მაგიდა, სკამები, ნავი) მოძრავია და ყოფითი დანიშნულებისაა. დასაწყისში ნავი ავანსცენა-პარტერის საზღვარზეა აყუდებული, რომელიც ხელს უშლის მაყურებელს ნათლად აღიქვას და დაინახოს სცენაზე გათამაშებული მოვლენები, ეს ეხება მხოლოდ დასაწყისს, ხოლო შემდეგ, როცა ნავს ხშირად იყენებენ პერსონაჟები ეს პრობლემაც ქრება.

 

რეჟისორი რეალისტურ სტილს ირჩევს, რომელსაც ლოგიკურად და ორგანულად მიჰყვებიან მსახიობები. წარმოდგენა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე თამაშდება, სადაც მაყურებელი საკმაოდ ახლოსაა სცენასთან, ამიტომაც მსახიობებმა სწორად გათვალეს (ცხადია რეჟისორთან ერთად და ეს მისი დამსახურებაცაა) თამაშის ხერხი: - სცენიდან არ ისმის არც ყალბი ფრაზა, არც პათეტიკურობით და გადამეტებული ემოციურობით წარმოთქმული ტექსტი. მსახიობები ამ მხრივ ზომიერები არიან და შესაბამისად დამაჯერებლები. რეალისტური ხერხი დადგმის სტილშიც ჩნდება, რაც ამყარებს ნამდვილობას, თუმცა სპექტაკლში მაინც იყო ორი ხარვეზი, რაც შესაძლოა გამნათებლისა და რადისტის იაღლიშია, ან რეჟისორს გამოეპარა. როცა მოქმედება ამერიკაში მიმდინარეობს, სცენის უკანა კედელზე ინთება აბრა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე რომ მოქმედების ადგილი შეიცვალა და სხვა სივრცეში მიმდინარეობს, ხოლო როცა მოქმედება კუნძულზე ხდება, ეს აბრა მინიშნებით USA კვლავ ანთებული რჩება. ისე როგორც სანაპიროზე მიმდინარე მოქმედებისას ისმის ზღვის ღელვის ხმა (საგრძნობლად ხმამაღლა), რომელიც მექანიკურად და „უხეშად“ წყდება, რომელიც ფონად გასდევდა პერსონაჟთა დიალოგს. ეპიზოდის დასასრულს ისევ ისმის ტალღების ხმა.

 

სხვათა შორის, ამ სპექტაკლში მსახიობები სცენის დეკორატორ-მემონტაჟის ფუნქციასაც ითავსებენ, რაც ორგანულად თავსდება წარმოდგენის რეჟისორულ გადაწყვეტაში, როცა ეპიზოდები/სურათები ერთმანეთს ენაცვლება სცენაზე არ არის სრული სიბნელე, ჩვენ ვხედავთ მსახიობს, რომელიც ამზადებს და თავადაც ემზადება მორიგი ეპიზოდის გათამაშებისთვის. ბარბარა ასლამაზის კოსტიუმები სტილიზებულია, პერსონაჟთა ხასიათისა და ეპოქის შესაბამისი, რომელიც ტიპაჟებს ხასიათების გამოკვეთაშიც ეხმარება.

 

 

მთავარი ამბავი სპექტაკლში ხეიბარ ბიბის გარშემო ვითარდება, თუმცა ამ დადგმაში ყველა პერსონაჟი მთავარია და ეს მსახიობების დამსახურებაცაა, რომლებიც ეპიზოდებში გამოჩენის მიუხედავად ახერხებენ მაყურებელს დაამახსოვრონ პერსონაჟები, მხატვრული სახე-ტიპაჟები. ცალსახად და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსახიობები იცავენ და სპექტაკლის დასასრულამდე ინარჩუნებენ თამაშის რეალისტურ მანერას და ემოციურ ზომიერებას, რაც ქმნის ერთგვარ ერთ ენაზე მოქმედ სამსახიობო გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში ყველა თაობაა წარმოდგენილი. მათ შორის ანსამბლურობა მიღწეულია.

 

პერსონაჟებს სახელებთან ერთად ზედსართავებიც ჰქვიათ, მაგალითად ბენტერა, უზრდელი, თარსი და ა.შ. ეს ზედსართავი სახელები ნაწილობრივ განსაზღვრავენ კიდეც პერსონაჟთა ხასიათებს. ლენა (თეა შერვაშიძე) და დეიდა დადა (ვერიკო მაჭარაშვილი) დები არიან, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კამათობენ. მსახიობები გვიჩვენებენ დების ცხოვრებას სხვადასხვა პერიოდებში, ხეიბარ ბუბასთან თანაცხოვრებისას და მას შემდეგ. მათი ცხოვრება თითქოს ორ ნაწილად იყოფა - ბიბისთან ერთად და ბიბის გარეშე. მსახიობები გარეგნულად მინიმალისტური ხერხებით ახერხებენ დახატონ ბედნიერი და სასოწარკვეთილი მარტოხელა ქალების ხასიათი, ისინი არიან ორგანულები და ბუნებრივები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დების მიერ ბიბის წერილის კითხვის ეპიზოდი. მათი ემოციურობა და განწყობა გადამდებია პარტერში მსხდომთათვის.

 

და-ძმას განასახიერებენ ირაკლი ჯიშკარიანი (ბენტერა ბუბა) და ანა დიდმანიძე (უზრდელი მეგი), რომლებიც ასევე ხშირად კინკლაობენ, როგორც დები ლენა და დადა, თუმცა გამორჩეულად უყვართ ერთმანეთი; ისინიც ამართლებენ იმ ზედმეტსახელებს, რაც მათ კუნძულის მაცხოვრებლებმა შეარქვეს. ანა დიდმანიძე ზუსტად ხატავს ტიპაჟს და ხასიათს ძლიერი ქალისა, რომელიც გამოხატვის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო თავისუფალი ადამიანია კუნძულზე. ანა დიდმანიძე გვიჩვენებს შინაგანად თავისუფალ, პრინციპულ და სიცოცხლის მოტრფიალე ახალგაზრდა ქალს, რომელსაც აქვს მიუღწეველი მიზნები და ეძებს ბედნიერებას. მას არ ეშინია სიმართლის თქმისა და საკუთარი მოსაზრების გულწრფელად დაფიქსირების. მსახიობი ახერხებს ზუსტად და ნათლად დაგვიხატოს ახალგაზრდა მეოცნებე და მებრძოლი ქალის მხატვრული სახე.

 

თარს ჯუნასა (ნიკა ჩხაიძე) და პატარა ნოეს (ვაკო კობერიძე) აქვთ ბევრი საერთო - ჯუჯღუნა ხასიათი, სიფიცხე, კეთილი გული, თუმცა ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მსახიობები წარმატებით ახერხებენ დახატონ პერსონაჟთა ხასიათები და ჩაგვახედონ მათ შინაგან სამყაროში, რომლებიც დიდ ტკივილს დაატარებენ, რომელიც მათ განგებამ უბოძა. სახასიათო ტიპაჟს ქმნის ლარისა ხაჭაპურიძე, სულ რაღაც ორი ეპიზოდიდან მსახიობი ახერხებს დახატოს პერსონაჟის მთელი ცხოვრება და მისი განვლილი გზა. რეზო კოღუაშვილის ექიმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კაცია, რომელიც დიდ ტკივილს დაატარებს.

 

ახალგაზრდა მსახიობს კახი გაზდელიანს საკმაოდ რთული ამოცანა დააკისრა რეჟისორმა, ერთი მხრივ, ის გვამცნობს ხეიბარ და თანდაყოლილი რაქიტით დაავადებულ ადამიანს, ხოლო მეორე მხრივ, სულიერად ჯანსაღ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც აქვს ოცნებები და მიზნები, მაგრამ მას არ უმართლებს, ისე როგორც ამ კუნძულის მოსახლეობას, ამიტომაც მათში გამეფებულია სასოწარკვეთა, ერთგვარი ნიჰილიზმი, რომელიც მყარად ბუდობს მათ ფსიქიკაში. კახი გაზდელიანი ინარჩუნებს ზომიერებას პერსონაჟის ავადმყოფობის ჩვენებისას, მისი ყოველი სიტყვა ემოციურია და მართალი, ამიტომაც მაყურებლის ყურადღება მის ისტორიაზე და შინაგან სამყაროზე გადადის და არა გარეგნობაზე, მის ქცევასა და მოქმედებაზე.

 

გიორგი ქანთარიას სპექტაკლში ვხედავთ საზოგადოებას, რომელშიც თითოეულს გარკვეული მისია აქვს დაკისრებული, ზოგს თვითნებურად, ზოგსაც საზოგადოების მიერ. ეს ჭრელი, არასტანდარტული ხალხია, განსხვავებული ტიპაჟებით, ფსიქიკით, ოცნებებით და მიზნებით.

 

პიესა ხეიბარ ბიბის თვითმკვლელობით სრულდება, სპექტაკლი კი ღია ფინალით: შეყვარებული წყვილი: ხეიბარი ბიბი (კახა გაზდელიანი) და უზრდელი მეგი (ანა დიდმანიძე) სხედან ნავში და შუქი ქრება. მაყურებელი თავად წყვეტს სიკვდილისთვის იმეტებს გმირებს, თუ ბედნიერი და ლაღი მომავლისთვის.

bottom of page