
სტალკერი -
ის ნეტარია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნუცა კობაიძე
სტალკერი - ის ნეტარია
რეჟისორი - ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი - თეო კუხიანიძე
მონაწილეობენ: გუგა ქაცარავა - სტალკერი, ჯაბა კილაძე - მწერალი, გოგა ბარბაქაძე - პროფესორი, სოფო გორელაშვილი - ცოლი, გიგა კაკიბავა - ბარმენი
ავთო ვარსიმაშვილმა „სტალკერი“, ანდრეი ტარკოვსკის ფილმის მოტივზე დადგა, რომელიც ძმები სტრუგაცკების რომანის „გზისპირა პიკნიკზე“ მიხედვით არის გადაღებული. სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სპექტაკლი (ისევე როგორც ფილმი), სულიერ და ფილოსოფიურ განზომილებებს ეხება.
იდუმალებით მოცული „ზონა“ ბევრი სიმბოლოს ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ის აკრძალული ტერიტორიაა, რომელსაც თხრობის ცენტრალური ნაწილი უკავია, მორალური და ფილოსოფიური გამოცდის ადგილია, სადაც მოგზაურობის პარალელურად გმირები შინაგან ბრძოლებს გადიან. ხოლო ოთახი ზონაში, რისთვისაც მოგზაურობენ, არის სარკე, რომელში ჩახედვისაც ეშინიათ, რომ არ შეეხოს სულის ამოუცნობ მხარეებს, არ გამოააშკარაოს ადამიანის ყველაზე ღრმა სურვილები - აიძულოს ინდივიდები დაუპირისპირდნენ საკუთარ თავებს.
აპოკალიფსის ასოციაციას ტოვებს სპექტაკლის დეკორაცია (მხატვარი - თეო კუხიანიძე) - თითქოს გლობალური კატასტროფის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები ბუნკერში აღმოჩნდნენ. შთამბეჭდავია დიდი შავი ცელოფანი, რომელიც ისე იბერება და იფუშება თითქოს სუნთქავს, ხოლო განათების/შუქჩრდილების საშუალებით რაღაც ცოცხალი მონსტრის ასოციაციას ქმნის. უსიცოცხლო ბუნკერში სუნთქვის ეს იმიტაცია, თითქოს რეაგირებს პერსონაჟების ემოციებზე და სიცოცხლის განცდას აბრუნებს.
სიტყვა სტალკერი ინგლისურია და სათაურშივე მიგვანიშნებს არა მხოლოდ ფარულობაზე, არამედ სულიერ დევნაზეც - აზრების, მიზნისა და საკუთარი თავის აღმოჩენის დაუღალავ ძიებაზე იდუმალ სამყაროში. ამ ინტერპრეტაციით, სტალკერი არ არის მხოლოდ მეგზური ან მონადირე, ის მაძიებელიც არის - ფიგურა, რომელსაც ამოძრავებს დაუოკებელი მოთხოვნილება გაიყვანოს სხვები თავიანთი შინაგანი სურვილების ლაბირინთიდან.
გუგა ქაცარავა/სტალკერი განასახიერებს პარადოქსულ ფიგურას - ღრმად იმედგაცრუებულ ადამიანს ბევრი სისუსტით. მსახიობს არ აქვს უბრალო როლი, მან უნდა იმოქმედოს, დაუპირისპირდეს ეგზისტენციალურ სიცარიელეს, რომელსაც „ზონა“ ჰქვია. სტალკერის მისიაა მიიყვანოს ოთახამდე მწერალი (ჯაბა კილაძე) და პროფესორი (გოგა ბარბაქაძე). ამბივალენტურია ერთდროულად გქონდეს რწმენაც და სასოწარკვეთაც, თუმცა გუგას პერსონაჟი სწორედ ამ გზას გადის მძაფრი შინაგანი კონფლიქტის ფონზე. გმირის პარადოქსული ბუნება სიმბოლურია, ის გზააბნეული ხალხის სულიერი მეგზურია, რომელიც ცდილობს იმედგაცრუებულ ადამიანებს რწმენა დაუბრუნოს, მაშინ როცა თავადაც ამ მდგომარეობაშია.
ჯაბა კილაძის პერსონაჟიც ებრძვის სასოწარკვეთას. მისთვის „ზონა“ ბოლო მცდელობაა, რომ იპოვოს ცხოვრების აზრი და დაიბრუნოს შემოქმედებითი ნაპერწკალი; რომ გაამართლოს თავისი არსებობა, როგორც ხელოვანის. თუმცა არ იცის ეს ნამდვილი სურვილია თუ მხოლოდ ილუზია, რასაც მსახიობის საუბრისას მისი მერყევი ინტონაციით ვხვდებით. მსახიობის მწარე იუმორით წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ყველაზე მთავარი განცდაა არანამდვილობა - ფუჭია ყველაფერი, რაც კი შეუქმნია. ოთახში შესვლის შიშს სწორედ ეს განაპირობებს.
გოგა ბარბაქაძის/პროფესორის პერსონაჟი, როგორც მეცნიერი ისე მოგზაურობს ზონაში. მას ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა, რადგან ზონა, როგორც სივრცე, ეწინააღმდეგება ლოგიკას, არაპროგნოზირებადია და მისთვის ძალიან საინტერესო. მსახიობის თამაშის ხერხი დინჯი, მიზანმიმართული და მეთოდურია; აზრობრივი სიზუსტით მიყვება თავის გმირს; საუბრობს ადამიანის მდგომარეობაზე, ინტელექტუალურ და ემოციურ მუდმივ დაძაბულობაზე.
„ამდენი მწუხარება რომ არა, ბედნიერებას ვერ შევიგრძნობდით... ამდენი სევდა რომ არა, არ იქნებოდა არც ბედნიერება და არც იმედი...“ - სტალკერის ცოლის (სოფო გორელაშვილი) ეს ფინალური მონოლოგი მთელი სპექტაკლის შეჯამებაა. ეს არის ადამიანის ცხოვრებისეული გამძლეობის და ტანჯვის ამოძახილი, სადაც დაინახავთ როგორც სასოწარკვეთას, ისე იმედს. ეს ხომ უნივერსალური პარადოქსია - ტანჯვის გარეშე ვერ შევიგრძნობთ ბედნიერებას, ამ კონტრასტის გარეშე ცხოვრება კარგავს ელფერს. სოფო გორელაშვილი თამაშობს მშვიდ, ძლიერ, თავის ქმარზე შეყვარებულ ქალს. ჩვენ ვხედავთ, რომ ის არის ოჯახის საყრდენი, ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას, ქმრის გამხნევებას. სტალკერის ცოლი ეწინააღმდეგება ზონის არსებობას. ის ყოველ ჯერზე სთხოვს ქმარს, რომ არ წავიდეს, მაგრამ თან მზად არის თვითონაც გაყვეს ზონაში იმისთვის, რომ სტალკერმა არ დაკარგოს ფუნქცია.
„მისი თავისუფლება შეიძლება, რომ ერთ სიტყვაში მოთავსდეს - მარტოობა“
„ის ნეტარია...“
პირველად არ ხდება როცა ავთო ვარსიმაშვილი თავისუფალ თეატრში წარმატებით აცოცხლებს კინოსცენარს. ვერაფრით წარმოვიდგენდი რა ფორმით უნდა გაეკეთებინა რეჟისორს ტარკოვსკის საკულტო ფილი ისე, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა. და სკეპტიკურად განწყობილი მე, თეატრიდან სულ სხვა ემოციით გამოვედი.
სტატიაში გამოყენებულია ტარკოვსკის ფილმისთვის შექმნილი პოსტერი