სტატიკური ენა და ფასადური ომი - ფოთის თეატრის სცენაზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
გიორგი (ტატო) ჩანგელია
სტატიკური ენა და ფასადური ომი - ფოთის თეატრის სცენაზე
მოკლე კომენტარი ასლამაზიშვილის სპექტაკლზე - ანას მომენტი
საბა ასლამაზიშვილი ნაყოფიერი რეჟისორია - მას შეუძლია სამ თვეში ოთხი, ხუთი სპექტაკლიც კი დადგას. ეს რასაკვირველია დასაფასებელი პრაქტიკაა, თუმცა არსებობს რაოდენობრიობის ფენომენი, თუმცა, თუ კი ის თვისობრიობაში არ გადავიდა, ესე, იგი, მაგალითად, თუ კი ჩაიდანი ცეცხლზეა შენთებული, დუღილის პროცესი აუცილებლად უნდა მივიღოთ, ეს ბუნების კანონია. ასლამაზიშვილის სპექტაკლების შემთხვევაში, ეს მოძრაობა და მუშაობა ჯერაც არ გადართულა თვისობრიობაში, პირიქით, ის რაღაც სრულიად ახლებური ეტაპისკენ მიდის, ჯერ-ჯერობით ჩემი პროფესიული აპარატისთვის რთული გამოსაცნობია, თუ რა არის ეს, ყველაზე უფრო მეტად კი, მაინც - თრეშ ჟანრს ენათესავება, თუმცა ბოლომდე არ წარმოადგენს მას.
ფოთის თეატრმა მარი ბექაურის რომანის სცენურ ინტერპრეტაციას უმასპინძლა - ანას მომენტი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, რომლის ინტერესის სფეროსაც ომი, რამდენიმე თვეა წარმოადგენს, ჯერ კიდევ თბილისში, მან ჰაინერ მიულერის პიესა დადგა ომის თემატიკაზე. ბექაურის ტექსტ მონოლოგებით არის გაჟღენთილი და ის სიმართლისთვის, თეატრის სცენას შესაძლო ორგანულად მორგებოდა. ლიტერატურული ტექსტის სცენური დამუშავება თავის თავზე შესანიშნავმა მთარგმნელმა მანანა ანთაძემ აიღო, თუმცა მთარგმნელობა ხომ ცალკე ამბავია, ტექსტის დამუშავება კი - ცალკე. ხშირად გავიგონებთ თეატროლოგებისგან, რომ თეატრს არ სჭირდება ლიტერატურული ტექსტი, ეს იგივე კატეგორიის ამბავია, კინოს რეჟისორებს რომ თეატრი არ სჭირდებათ. ცხადია, როგორც თეატრს სჭირდება ლიტერატურა, ისე კინოს სჭირდება თეატრი, უბრალოდ განსასაზღვრია, რა არის ლიტერატურა და რა თეატრი, და ის ფართო მნიშვნელობითა და ფუნქციითაა გასაწერი, თუმცა შევეშვათ ამ ამოცანას, ანთაძის მიერ დამუშავებული ტექსტი უფრო მეტად ქაღალდზე წასაკითხ ტექსტს წარმოადგენს, ვიდრე სცენაზე გასაჟღერებელს, რადგან ის სავსეა მხატვრული სახეებითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით, რაც ტექსტის სტერილიზაციას იწვევს, თუმცა ეს (ზოგადად) არ არის პრობლემა, თუ კი საჭირო ჟესტებსა და მოქმედებას შეარჩევ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოიწვია ერთგვარი ამოგდება, რადგან, როგორც ჩანს რეჟისორის მთელი სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ შეექმნა ემოციური და გულწრფელი ფონი, სტერილურმა ტექსტმა, კონკრეტული მსახიობების პათეტიკურმა მანერებმა კი სპექტაკლი არაგულწრფელი გახადა, რაც მაყურებელში არ აღძრავს თანაგრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ ომი ღრმა შესწავლის საგანია, ასლამაზიშვილის ომი უბრალოდ კარიკატურაა, მისი, როგორც მოვლენის დემონიზება.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში მექმნებოდა შთაბეჭილება, რომ წუთი წუთზე კლოუნის ფორმაში გადაწყვეტილი რომელიმე პოლიტიკოსი თავს ამოყობდა და რიტორიკული ტონით იკითხავდა: ომი გინდათ?!
ომს სიღრმე და განზომილებები გააჩნია, ის სოციალური ფენომენია, ღრმად არის გადაჯაჭვული ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ განზომილებებთან. ომი არ არის მხოლოდ ემოციური ფონი, არამედ ესაა საზოგადოების შიგნით სისტემური წინააღმდეგობების რთული და ხშირად ტრაგიკული შედეგი. „ანას მომენტი“ უგულებელყოფს ამ სირთულეებს, გვთავაზობს ისეთ ნარატივებს, რომელიც ვერ იწვევს კრიტიკულ აზროვნებას ან ემოციურ რეზონანს.
სპექტაკლის ხარისხს სათქმელის არ ქონის გარდა, უფრო და უფრო ართულებს მსახიობების ხელოვნურობა, მსახიობების გულწრფელობის ნაკლებობა და ზედმეტად დრამატული რეპრეზენტაცია აშორებს თხრობას, მის პოტენციურ ემოციურ სიღრმეს, რაც ხელს უშლის, რომ აუდიტორიასა და სცენას შორის რეალური სიახლოვე გაჩნდეს. თეატრის სცენაზე ავთენტურობის შექმნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სცენასა და მაყურებელს შორის უფსკრულის გადალახვას, თანაგრძნობისა და რეფლექსიის საერთო სივრცის შესაქმნელად, მთავარი გმირის, მწერლისა და პიანისტის, შემდეგ კი ბუნდოვნადვე გარემოებებით ტერიტორისტად გამოცხადებული ანას შოპენის ჰანგების ფონზე ნავარდს არავითარი თანაგრძნობა არ მოაქვს მაყურებლისთვის.
სპექტაკლი ორ მოქმედებად არის გაყოფილი, პირველი მოქმედება ბუნდოვანი ფსიქოლოგიური ნარატივებითაა სავსე, მეორე მოქმედება კი თანამედროვე მსოფლიოს, მედიის, ტერორიზმია და პოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე ცდილობს აქცენტირებას. ფოთის თეატრის დასი, ჩემი აზრით რეგიონალურ დასებს შორის ყველაზე გამორჩეულია, თავისი ქარიზმატული და ენერგიული სათამაშო სტილით, მეორე მოქმედებაში გამოჩენილი მსახიობები ნიარა ჭიჭინაძე და გენა შონია ნამდვილად გამოსარჩევი სათამაშო სტილით გამოირჩეოდნენ, დამაჯერებელი რიტმლი მეტყველებითა და ორგანული მოქმედებით.
მსახიობები გეომეტრიული სისტემით გადაადგილდებიან ერთი წერტილიდან მეორისკენ და წინადადებას წარმოთქვამენ. ერთგან ნიარას პერსონაჟი თანამედროვე ომზე აქცენტირებს.
თავში ვისაუბრეთ ასლამაზიშვილის ნაყოფიერების შესახებ, რომელიც არ ითარგმნება ხარისხში. თეატრის სფეროში, ისევე, როგორც ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობას, წარმოებაზე დაუნდობელი ფოკუსირება ხშირად იწვევს მხატვრული მთლიანობისა და სიღრმის დაქვეითებას. ეს ფენომენი მოგვაგონებს ჰეგელის რაოდენობისა და ხარისხის თეორიას. ჰეგელი ამტკიცებდა, რომ რაოდენობრივი ცვლილებები საბოლოოდ იწვევს ხარისხობრივ ტრანსფორმაციას, მაგრამ რაოდენობაზე გადაჭარბებულმა აქცენტმა ხარისხზე ყურადღების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირული და არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რაც ასლამაზიშვილის შემთხვევაში სახეზე გვაქვს, მისმა მრავალრიცხოვანმა ნაწარმოებებმა შეიძლება შექმნას პროდუქტიულობისა და ჩართულობის შთაბეჭდილება, მაგრამ სიღრმის, ავთენტურობისა და კრიტიკული ჩართულობის შესაბამისი აქცენტების გარეშე. ამიტომ, წესად და კანონად მნიშვნელოვანია ხარისხისა და საფუძვლიანობის მინიჭება უბრალო რიცხობრივ სიძლიერესთან შედარებით, თუმცა თანამედროვე ქართული კულტურა, განსაკუთრებით კი თეატრი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს აქტივობის ფენომენს.