სტეფანო პოდა და მისი „ბედის ძალა“ თბილისში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

257759240_10160705340823968_5115933287999878926_n.jpeg

ქეთევან ჭიტაძე

სტეფანო პოდა და მისი „ბედის ძალა“ თბილისში

 

თბილისის ოპერა ბოლო პერიოდში ხმაურიანი პრემიერებით გვანებივრებს. ოპერის ასეთ აქტიურობას ისიც განაპირობებს, რომ ახალი სპექტაკლები, როგორც წესი, მსოფლიოს ცნობილ თეატრებშია დადგმული და შემდგომ ჩვენთან გადმოტანილი. თბილისის ოპერის მიერ „ნაქირავები“ დადგმების პრესტიჟულობა მათი ნახვის სურვილს ერთი-ორად უძლიერებს ფართო მაყურებელს. ფაქტობრივად, მსოფლიოში უკვე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შედეგად, საქართველოს მხრიდან, ძირითადად, მუსიკალური რესურსის ჩართვა ხდება, რაც ოპერის დირექციას მრავალ,  საქართველოს ფარგლებში ხშირად მოუგვარებელ პრობლემასა თუ თავსატეხს არიდებს. რაც მთავარია, ერთი სპექტაკლის დადგმას უკვე აღარ სჭირდება ხანგრძლივი დრო და რეპერტუარიც თანდათან უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

 

ბოლოდროინდელი პანდემიის პირობებში თბილისის ოპერამ, არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც მოახერხა პარმის თეატრთან მოლაპარაკების დაგვირგვინება ვერდის „ბედის ძალის“ თბილისური პრემიერით, რომლის ექვსივე წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვერდის შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში დაწერილი ეს დრამატული ოპერა პეტერბურგის მსოფლიო პრემიერიდან 16 წელიწადში, 1878 წელს დაიდგა თბილისში, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ საკონცერტო შესრულებით ჟღერდა. ჩვენს საუკუნეში კი მისი სცენური განხორციელების შემთხვევა - პირველია.  

 

პარმის თეატრის ამ არაჩვეულებრივი დადგმის რეჟისორი, კოსტიუმების მხატვარი, სცენოგრაფი, განათების მხატვარი და ქორეოგრაფიც კი ერთი ადამიანი -  სტეფანო პოდაა. სწორედ ამ ერთ ხელოვანში გაერთიანებული ამდენი პროფესიის წყალობით სპექტაკლი როგორც ვიზუალური, ისე დრამატურგიული თვალსაზრისით უჩვეულოდ ერთიანია. პოდას შემოქმედება, ძირითადად, უძველესი სახეებისა და თანამედროვე ხელოვნების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. ვფიქრობ, „ბედის ძალაში“ სწორედ ამ ორი სფეროს ურთიერთგადაკვეთის შედეგად იქმნება მაყურებელზე ძლიერი  ზეგავლენა.

 

პოდასეულ „ბედის ძალაში“ ვერ ნახავთ ვერც ნეაპოლის 1958 წლის დადგმისთვის სახასიათო რეალისტურობას, ვერც ლონდონის სამეფო ოპერის გრანდიოზულ დეკორაციებს, ვერც ლა სკალას ფერადოვნებასა და პომპეზურობას.  პარმის დადგმაში პირველივე მიზანსცენიდან მოყოლებული თვაშისაცემია ასკეტიზმი და ერთფეროვნება (ამ სიტყვის კარგი გაგებით). ფორმების, ფერების, გარეგნული ეფექტების „ეკონომიის“ გზით რეჟისორი  უშუალოდ მუსიკაზე და გმირთა შინაგან მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს, რაც, ვფიქრობ, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე. პირველივე სცენიდან მაყურებელი  ორ დიდ ნაცრისფერ პანელს ხედავს, რომელიც მოძრაობის შედეგად გარდაიქმნება. დეკორაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჯვარია, რომელიც განათების მეშვეობით მაყურებლის თითქმის მთელ ყურადღებას იზიდავს და სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ „ხატად“ იქცევა.

 

ოპერის გმირების შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს ფერებიც. თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში როგორც დეკორაცია, ისე მთავარი გმირების, გუნდის მომღერლებისა და მიმების კოსტიუმები ნაცრისფერი (სხვადასხვა გრადაციით) და შავია, თუმც გვყავს გამონაკლისი პერსონაჟი - ბოშა-ქალი პრეციოზილა, რომლის სამოსი მეწამული, სისხლის ფერია. სპექტაკლის ვიზუალურ მხარეში უმნიშვნელოვანესია განათების მხატვრობის როლი, რომელიც ამ „ნაცრისფერ“ რეალობას  რამდენადმე აფერადებს. 

 

დეკორაციისა და ფერების, კოსტიუმების მსგავსად, მსახიობების სცენაზე მოქმედებაც მინიმალურია. ძალზე შთამბეჭდავადაა დადგმული მასობრივი სცენები, ასევე პილიგრიმების სცენა, გმირების ბედის თანმდევი მიმების „ნერვული“ ქორეოგრაფია.

 

რაც შეეხება თბილისური პრემიერის მუსიკალურ მხარეს, ის საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. ზაზა აზმაიფარაშვილის მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ორკესტრის სადირიჟორო პულტთან იტალიელი ფილიპო კონტი იდგა. ორკესტრის ჟღერადობა, ახალი განლაგების მიუხედავად, კარგად დაბალანსებული იყო, მუსიკოსებიც საკმაოდ მობილიზებულები რეაგირებდნენ დირიჟორის იმპულსებზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდი, რომელმაც პირბადეებით, თუმც ჩვეული პროფესიონალიზმითა და დახვეწილი ჟღერადობით ასრულებდა მასობრივ სცენებს. ოპერის სოლისტებს შორის გამოვყოფდი: ზაზა ხელაიას (დონ კარლო დი ვარგასი) და გოჩა დათუსანს (პადრე გუარდიანო), რომლებიც თავიანთ პარტიებს როგორც ვოკალური - ისე სამსახიობო თვალსაზრისით ბრწყინვალედ ასრულებდნენ. ასევე შთამბეჭდავი გახლდათ ხათუნა ჭოხონელიძე ლეონორას როლში. მან უფაქიზესი ბგერები გვაჩუქა მეორე მოქმედებაში, თუმც ბოლო აქტში, ურთულეს არიაში “Pace, pace mio Dio”, რომელიც ნებისმიერი სოპრანოსთვის ბეწვის ხიდზე გავლას უდრის, მომღერალს რამდენჯერმე დაერღვა წონასწორობა. მეტ დამაჯერებლობას, ტემბრის პალიტრაში მეტ „ელვარებას“ ვუსურვებდი პრეციოზილას პარტიის შემსრულებელს, მარიამ ბარათაშვილს, რომელიც შესაძლოა სპექტაკლის დღეს  საუკეთესო ფორმაში არ იყო.

 

სპექტაკლმა დიდი ზეგავლენა მოახდინა პუბლიკაზე. მაყურებელი რეაგირებდა  სოლისტების თითოეულ წარმატებაზე, მოქმედებების შიგნით სოლისტებს ჩვეული, ტრადიციული მქუხარე ტაშით ამხნევებდა. პოდასეულმა „ბედის ძალამ“ დროებით დაგვავიწყა ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემები და ჭეშმარიტი ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურა. იმედი მაქვს, თბილისის ოპერა კვლავაც უმასპინძლებს ამ მრავალმხრივი ხელოვანის არაერთ ნამუშევარს და სხვა სპექტაკლებითაც გაანებივრებს თბილისელ მაყურებელს.