top of page

სტუმარი და მასპინძელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

448311023_18403419628077867_7668725626169555387_n.jpg

თამთა ქაჯაია

სტუმარი და მასპინძელი

 

ქართულ ლიტერატურაში, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემაა, სადაც ასახულია  კავკასიური ტრადიციები, ურთიერთობების სიღრმეები, მორალური ღირებულებები.  

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე (ჯგუფის ხელმძღვანელი - გიორგი სიხარულიძე) მესამე კურსის სტუდენტებმა ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემა წარმოადგინეს. სპექტაკლის ფორმა კონცეპტუალურია. ერთდროულად ვხედავთ წარსულისა და აწმყოს თანადროულ არსებობას. სცენა გაყოფილია სამ ნაწილად (მხატვარი - თეო კუხიანიძე). სცენის სიღრმეში, უკანა პლანზე ქოროა, ცენტრში განთავსებულია მრგვალი მაგიდა,  (სხვადასხვა ქვეყნების ალმები დევს) წინა პლანზე კი მსახიობებისთვის სივრცეა დატოვებული სადაც, ჯოყოლასა და ზვიადაურის ამბავი თამაშდება.

მრგვალი მაგიდის ისტორიულმა და ლიტერატურულმა ცნებებმა მეფე არტურის ლეგენდა გამახსენა, რომელმაც შექმნა ძლიერი და სამართლიანი სამეფო - რაინდული ღირსებები. მრგვალი მაგიდის  არსი  შემდეგნაირია -  არავინ იყო პრივილეგირებული და  ყველა რაინდი თანასწორი უფლებებით სარგებლობდა.  სწორედ ამ ხაზის შემოტანამ სპექტაკლს სოციო-პოლიტიკური სახე მისცა, სადაც მკვეთრად, ხაზგასმით, რეჟისორმა  გამოყო ეროვნული იდენტობა. სცენოგრაფია და კოსტიუმების დიზაინი ბუნებრივ და ისტორიულ ელემენტებად შეერწყა თანამედროვე დეტალებს, რამაც შექმნა დროისა და სივრცის არაორდინალური სინთეზი. მსახიობების  ჩაცმულობა შავ ტონალობაშია გადაწყვეტილი გარედან კი ხავერდის ფერადი მოსაცმელები აცვიათ - ასახავს როგორც ტრადიციულ ქართულ კულტურას, ასევე თანამედროვეობას.

ვაჟა-ფშაველას პოემის სიუჟეტი დასაწყისშივე გვამზადებს იმ მოლოდინისთვის, იმ დაპირისპირებისთვის, რაც უნდა მოხდეს და განვითარდეს. ღამის წყვდიადში მოსჩანს ქისტების მიდამო, იქვეა ჯავრით ამღვრეული მდინარე, მთები რომლებიც „სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა“. სპექტაკლის დასაწყებისას კი გვესმის გაფრთხილება, რომ გამოვრთოთ მობილური ტელეფონები, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ტექსტი აეროპორტის ჩასხდომის მუსიკის ფონზეა ჩაწერილი და სამ ენაზე ცხადდება (როგორც გაფრენის წინ). აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლში რამდენიმე მონაკვეთი ითარგმნება ფრანგულად, ჩინურად და ინგლისურად. და კიდევ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპექტაკლში ნაჩვენებია პატარა ქვეყნების ბედის გადაწყვეტის ამბავი, რომელიც სადილობისას (ლანჩზე) ზედაპირულადაა განხილული და მხოლოდ „ზვიადაური მოკლეს“ ამ შეფასებით შემოიფარგლება.

რაც შეეხება მსახიობებს და მთავარი გმირის შემსრულებლებს, ჯოყოლას (პაპუნა ირემაძე) ნამუშევარი განსაკუთრებულად შესამჩნევია, მისი შესრულება ემოციური და დამაჯერებელია მთელი სპექტაკლის განმავლობაში. იგი ითავისებს პერსონაჟის შინაგან ბრძოლებსა და განცდებს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა. როდესაც ჯოყოლა იგებს, რომ ზვიადაური მოკლეს მისი შეფასება დაგვიანებული და არაბუნებრივია, არ ჩანს პერონაჟის ტრაგიკული განცდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საპრემიერო ღელვას და მის სტატუსს (სტუდენტი) უმნიშვნელო ხარვეზად შემიძლია მივიჩნიო აღნიშნული.

გამორჩეულია ზვიადაურის დედის პერონაჟი (ნინა ყიფშიძე) რომელიც ემოციურად, სრული გულწრფელობით (არცერთი წამი არ იგრძნობა, რომ ნამდვილი არაა) დასტირის შვილს. ნინა ყიფშიძე განწირული ყვირის, ღრიალებს, მოთქვამს და გოდებს, მაგრამ მისი შესრულება არ იქცევა ტრივიალურად და შემზარავად გვევლინება.

აღაზას პერსონაჟი „ალყა ტანადა“, „ვარსკვლავი ციდან მოცილი“ ტრანსპორმაციას განიცდის პოემაში და ხდება -  „ენასა ლესავ შხამითა“.   სწორედ ამ როლის შესრულება დაევალა ელენე ქურთიშვილს, რომელიც ბუნებრივად ავითარებს გმირის დრამატიზმს და გვაჩვნებს  გარდასახვას. ასევე, მინდა გამოვყო ნიკა, ჯაფარიძე (მუსა) რომელიც საზოგადოების სახეა. მის შესრულებაში ვხედავთ კრებით სახეს, რომლებიც უმეცრები არიან და მათ, მხოლოდ ერთადერთი მიზანი, შურისძიება ამოძრავებთ.

სპექტაკლში მნიშვნელოვანი ფრაზები რამდენჯერმე მეორდება, „თავს ნუ იკლავო, აბა თუ ერთმაც ურჩია“, „ვის ცოლი ვის ქმარს ტირის“, რითაც სათქმელი უფრო მკაფიო და ნათელი ხდება. მუსიკალური გაფორმება (ლანა გუნაშვილი, ანა მურღულია) სრულიად მიესადაგება სპექტაკლის კონცეფციას და ქმნის დაძაბულობის მუხტს.  

გიორგი სიხარულიძემ ამ სპექტაკლით მოახერხა და  გადმოსცა ტექსტის ორიგინალური სიღრმე და ემოცია. „სტუმარ მასპინძელი“ სპექტაკლია სადაც,  ტრადიცია ერწყმის თანამედროვე ელემენტებს, რითაც იქმნება  სხვადასხვა ფორმები და მრავალფეროვანი ხდება წარმოდგენა.

სტუდენტური სპექტაკლის დადგმისას მნიშვნელოვანია ანსამბლურობა და თითოეული სტუდენტის დაკავება, რომ მომავალმა მსახიობებმა შეძლონ გამოცდილების მიღება, ამ სპექტაკლმა კი (რეჟისორმა) მათ ეს შესაძლებლობა მისცა.

და მაინც, რისი თქმა სურს რეჟისორს? პოემაში ჯოყოლას, სტუმარს - ზვიადაურს უკლავენ, სპექტაკლში კი მრგვალი მაგიდის გარშემო, ვხედავთ საქართველოს მასპინძლის როლში. პოემის მიხედვით, მასპინძელი სტუმრის გამო თავს წირავს. მრგვალი მაგიდის წესი კი, როგორც მეფე არტურთან „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“  იშლება..

bottom of page