
რობერტ სტურუა VS ვეფხისტყაოსანი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

28.04.2026
ზუკა ნემსაძე
რობერტ სტურუა VS ვეფხისტყაოსანი
დადგა, საბოლოოდ, ეს დღე. პასუხი გაეცა რიტორიკულად (ოდნავ ნიჰილისტურად და ირონიითაც კი) დასმულ კითხვას - „დადგამს კი სტურუა ვეფხისტყაოსანს?!", რომელსაც ქართული თეატრის მოყვარულები, კრიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორებიც კი სვამდნენ. პირადად მე ეს კითხვა ბავშვობიდან მესმის, მას შემდეგ, რაც ქართული თეატრი შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში.
და მაინც! დადგა დღე, რობერტ სტურუამ, ქართული თეატრის ცოცხალმა ლეგენდამ, რუსთაველის ეროვნულ თეატრში შოთა რუსთაველის გენიალური პოემის სცენური ვერსია ქართველ მაყურებელს წარუდგინა. „ვეფხისტყაოსანის - პრემიერა!” - ამ აფიშის გამოჩენის წამიდან, ქართველი მაყურებლის ყურადღება, წლების განმავლობაში, ცოტათი მიძინებული რუსთაველის ეროვნული თეატრისკენ მიეპყრო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლი სამ ნაწილადაა ჩაფიქრებული; ახლა პირველი, ვნახეთ - „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა".
როგორც რობერტ სტურუა აღნიშნავს, მან სპექტაკლი სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს მიუძღვნა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი რობერტ სტურუაა; სცენოგრაფია: ანა ნინუასი და რობერტ სტურუას; მუსიკალური გაფორმება: სვიმონ ჯანგულაშვილი და რობერტ სტურუა; სპექტაკლის ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძეა, რეჟისორის თანაშემწე თეა მარგველაშვილია. მიუხედავად დიდი შემოქმედებითი გუნდისა, ეს დადგმა რობერტ სტურუას საავტორო პერფორმანსია, სწორედ ისეთი, როგორიც მისი სხვა სპექტაკლები - მისთვის დამახასიათებელი და თავადვე შექმნილი სათეატრო ენითა და სტრუქტურით, სტილისტიკით, საშემსრულებლო მანერით და თხრობის გამომსახველობითი სისტემით.
სპექტაკლში მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის ახალი თაობის წარმომადგენლები: ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და ისინიც, ვისი დებიუტიც შედგა ამ ისტორიულ სცენაზე - კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი, დავით გურგენიძე, ირაკლი კვერღელიძე, ზუკა პაპუაშვილი, გიორგი სანიკიძე, თემურ ფირცხალაიშვილი და გიგა ჯიშკარიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საპრემიერო ჩვენებამ (და არა მარტო) სრული ანშლაგით ჩაიარა, სხვათა შორის, რუსთაველის ეროვნული თეატრისკენ ასეთი ფართო და ცხოველი ყურადღება ქართველი მაყურებლის ბოლოს წლებია არ ყოფილა.
რობერტ სტურუას რეჟისურა, როგორც ყოველთვის, ახლაც ადვილად შესაფასებელია როდია. „ვეფხისტყაოსანი" სცენაზე დაიბადა, როგორც დახვეწილი, თანადროული ვერსია, არა მისი სცენური ილუსტრაცია, არამედ სტურუასეული ვერსია, რეჟისორის ასოციაციებით, რომლის წყაროც დიდი პოეტის ტექსტია. როგორც სტურუას ძველ და ახალ სპექტაკლებში, აქაც სიმბოლოები, სცენური მეტაფორები მეტყველებენ. ეს ენა, რომელიც დიდმა მაესტრომ ათწლეულების წინ დაამკვიდრა და ჩემს თაობას მისი გენიალური სპექტაკლები მხოლოდ ჩანაწერში აქვს ნანახი, კვლავ ცოცხალია და მეტყველი. განსაკუთრებით, ჩემი თაობისთვის, რომელიც ერთდროულად ეგზოტიკურიცაა და ულტრა თანამედროვეც.
სწორედ ამიტომ, „ვეფხისტყაოსნის" ნახვა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
პირველი ნაწილის ორჯერ ნახვის ნახვის შემდეგ, შემდეგი ორი ნაწილის მოლოდინი უფრო აძლიერებს ინტრიგას.
ქეთი სვანიძის მიერ წარმოდგენილი თინათინი, ძლიერი, ვითომ მიამიტი, ქალური, ნაზი, ლამაზი, მგრძნობიარე, სექსუალური, ენერგიამოჭარბებული - ქალია. არის სცენები, სადაც ქეთი სვანიძის თინათინი ზედმეტად ნაზია და თავმდაბალი, რომელსაც გამეფების სურვილი არ აქვს, თუმცა გამეფების შემდეგ, როცა მის ხელში ძალაუფლება აღმოჩნდება, იწყება მისი გადასხვაფერების და გარდასახვის პროცესი, რაც ლოგიკურია. „სკამი ცვლის ადამიანს“. ქეთი სვანიძის თინათინი მომხიბვლელი, დახვეწილი და სექსუალური ქალია. ასეთი მხატვრული სახის შექმნას ხელს უწყობს მსახიობის ფაქტურაც.
ლევან ხურციას ავთანდილი არასტერეოტიპული სცენური სახეა, თანამედროვე, მასკულინურობა შერყეული, ტრენდს აყოლილი, თუმცა მაინც მიმზიდველი და ექსცენტრული. მსახიობის მიერ განსახირებეული პერსონაჟი გარეგნული სიმსუბუქისა და სოციალური „ლაღობის" მიუხედავად, არსებითად პოზიტიური, პერსონაჟია, რომელსაც არც ვაჟკაცობა აკლია და არც სითამამე.
ორიგინალურად და სხვათა შორის, თანამედროვე აქცენტებითაა გადაწყვეტილი თინათინისა და ავთანდილის საძინებელში შეხვედრის სცენა, სადაც ქალი მაპროვოცირებელია და დომინანატი. ჩემი აზრით, რეჟისორმა, თინათინის და ავთანდილის სცენებში განსაკუთრებით დასცინა ჩვენს გარშემო მომრავლებულ კომპლექსიან კაცებს.
დავით უფლისაშვილის როსტევანი, ჩემი აზრით, „სხვა ოპერიდანაა“. ზემოთ ვახსენე ჩანაწერებში ნანახი სტურუას შედევრები, დამრჩა განცდა, რომ სწორედ ამ ჩანაწერებიდან გაცოცხლებულ ასლს რამაზ ჩხიკვაძეს ვუყურებდი სცენაზე, სხვა სხეულითა და რესურსით, თუმცა მსგავსი ინტონაციით. სამწუხაროდ, მსახიობმა დაგვანახა მეფე როსტევანის სქემატური და ერთფეროვანი სახე. მაყურებელი ვერ იხილავს მეფის მასშტაბურობას, მის სიდარბაისლეს, სამაგიეროდ ნახავს ცანცარა და კლოუნად ქცეულ მოხუცს. შესაძლოა ეს რეჟისორის კონცეფციაა, მაგრამ პერსონაჟის ხასიათის ერთფეროვნება სხვა ფიქრებს აღძრავს.
ლაშა ჯუხარაშვილის უცხო მოყმეც ისევე გამოკრთება სცენაზე და სპექტაკლში, როგორც პოემის პირველ ეპიზოდში. რეჟისორი პირველ ნაწილში პერსონაჟს ძირითადად ზურგით წარმოგვიდგენს, ე.წ. „ვეფხის ტყავის“ მოსასხამით, რომელიც ზომით იმდენად მინიმალიზებულია, რომ კლასიკურ ატრიბუტს უფრო სქემატურ მინიშნებად აქცევს, ვიდრე სრულფასოვან კოსტიუმურ ელემენტად. ნაჭრის ეს ეკონომიური გადაწყვეტა ირონიულ ეფექტსაც იძენს, თითქოს სიმბოლური მნიშვნელობა ფორმის ხარჯზეა „შემოკლებული“, რაც გარკვეულად ამცირებს პერსონაჟის ვიზუალურ სოლიდურობას და უნებლიედ კომიკურ ელფერსაც სძენს მის აღქმას.
მასიურ სცენებში, რომელსაც ქოროს ფუნქცია აქვს, ახალგაზრდა მსახიობებს ვხედავთ, რომლებიც ფაქტობრივად სინქრონულად იმეორებენ მთავარი პერსონაჟების ნათქვამ ფრაზებს. ეს პასაჟი სპექტაკლს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის. ეს პერსონაჟები, ოდნავ მაფიოზური ელფერით, ერთდროულად სახასიათო და სიმბოლური არიან, ისინი ასახავენ სასახლის, ძალაუფლების, იერარქიის ორაზროვნებას. განათლებასაც, გაუნათლებლობასაც და კიდევ ბევრ იმ ცუდ თვისებას, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ მაღალიჩინოსნებშიც აქტიურად იკვეთება. აქ რეჟისორთან ერთად უმნიშვნელოვანესია ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის ნამუშევარი, რადგან სპექტაკლის პლასტიკური პარტიტურა მიყვება რეჟისურულ ქარგას. თითოეული პერსონაჟის ქმედება და მოძრაობა მასშტაბურ სცენურ სივრცეში ორგანულად ერწყმის სტურუასეულ მხატვრულ და სივრცულ სააზროვნო სისტემას.
სპექტაკლი არ ცდილობს საბოლოო ინტერპრეტაციის დაკანონებას, არამედ მაყურებელს არჩევანს უტოვებს მიიღოს, უარყოს ან უბრალოდ იფიქროს. დანარჩენი კი, როგორც ყოველთვის, უკვე არა მხოლოდ რეჟისორის, არამედ მაყურებლის პასუხისმგებლობაცაა.
P.S.
იმედია, ჩემი პროფესიის წამყვანი „მასტერები” რობერტ სტურუას ფრაზის მერე, რომ „თეატრმცოდნეები ბოროტები და ღვარძლიანები არიან“ - არ დამძრახავენ ამ რეცენზიის გამო. სიმართლე გითხრათ, არც კი ვაპირებდი რომ შევთამაშებოდი რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანს“, პროფესიაში ჯერ კიდევ „ფეხვერადგმული“, თუმცა, როგროც კი მითხრეს, რომ „ნუ დაწერ, ორივე მხარეს ნუ გადაიკიდებო“ მაშინვე წერას შევუდექი….