ქალბატონები
მაკა ვასაძე
შექსპირის ქარიშხალი~ სტურუას ავანგარდული ინტერპრეტაციით
დაახლოებით ორი წლის წინ ბატონ რობერტ სტურუასთან ვსაუბრობდი. ჩვენი დიალოგი სხვადასხვა საკითხს ეხებოდა და ერთობ საინტერესოც გამოდგა. სწორედ, იმ პერიოდში, მოსკოვში, თეატრში Et Cetera, თამაშობდნენ რობერტ სტურუას მიერ დადგმული „ქარიშხლის“ საპრემიერო სპექტაკლებს. ბუნებრივია, ერთ_ერთი კითხვა ამ წარმოდგენას ეხებოდა, დადგმის კონცეფციაზეც ვისაუბრეთ. მაშინ ბატონმა რობერტმა თქვა, რომ პროსპერო ეს არის ჰამლეტი წლების შემდეგ და რომ არ გარდაცვლილიყო, პროსპეროსავით უარს იტყოდა შურისძიებაზე. ისე ხატოვნად აღმიწერა სხვადასხვა მიზანსცენები, რომ ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი სპექტაკლს. მართალია, სპექტაკლის ჩანაწერი არსებობს და თბილისში აჩვენეს კიდეც ექსპერიმენტულ სცენაზე, მაგრამ მე ეს ვიდეოვერსია ნანახი არ მქონდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ მიყვარს გადაღებული სპექტაკლების ყურება (ვთვლი, რომ მინიმუმ 70% იკარგება იმ მაგიისა, რასაც სპექტაკლის და მაყურებლის ცოცხალი კონტაქტი, ჩუმი დიალოგი ეწოდება), მეორეც, რატომღაც გამომრჩა ინფორმაცია ამ ჩვენების შესახებ. დღეს მე ბედნიერი ვარ კიდეც, რომ გამომრჩა. ალბათ, ნანახი რომ მქონოდა, ასეთ ემოციურ დატვირთვას, ასეთ შინაგან აღელვებას, ასეთ კათარზისს ვერ განვიცდიდი, როგორიც ამ სპექტაკლის `ცოცხლად~ ნახვის დროს დამეუფლა. საერთოდ ვთვლი, რომ ხელოვნების ნებისმიერი დარგის ნიმუშმა, ეს იქნება მხატვრული ტილო, ქანდაკება, ოპერა, სიმფონია, ბალეტი, სპექტაკლი, კინოფილმი და ა. შ. ადამიანზე უპირველეს ყოვლისა ემოციური ზეგავლენა უნდა მოახდინოს, სული აუფორიაქოს და მხოლოდ ამის შემდგომ იწყება ის `დაუსრულებელი~ ფიქრი, ანალიზი, რასაც ესა თუ ის ემოციური დატვირთვა აღძრავს შენში... მითუმეტეს, როდესაც ხელოვნება აუდიოვიზუალურ ელემენტებსაც მოიცავს.
შექსპირის „ქარიშხილი“ შექსპიროლოგების, და არა მარტო მათი, ვნებათაღელვის საგანი გახლავთ. დაობენ მისი შექმნის თაობაზე, პიესის წყაროზე, თუ ვისგან და საიდან აიღო შექსპირმა ამ პიესის სიუჟეტი (ცნობილია, რომ შექსპირი დრამატურგიული ნაწარმოებების სიუჟეტების შექმნისას სხვადასხვა წყაროებს იყენებდა). ზოგნი თვლიდნენ, რომ ეს შექსპირის ადრეული პიესაა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთი ბოლო დრამატურგიული ნაწარმოებია. განსაკუთრებულ დავას იწვევდა ის გარემოება, რომ ვერაფრით ვერ ადგენდნენ „ქარიშხლის“ სიუჟეტის ანალოგს. 1817 წელს გერმანელი შექსპიროლოგი ტიკი უთითებს ნიუნბერგელი დრამატურგის აირერის „მშვენიერ სიდეაზე“. სხვები უარყოფდნენ ამ მიგნებას. ეძებენ საერთოს ტომას მორის, მონტენეის, ბეკონის ფილოსოფიურ ნაწარმოებებთან. დავა შექსპიროლოგებს შორის, ალბათ, ახლაც გრძელდება. ერთი რამ ცხადია, შექსპირის ეს გენიალური პიესა, მთელი მისი შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. აკი, უწოდებენ კიდეც მას, შექსპირის ანდერძს. სხვასთან ერთად სწორედ ამის შესახებაც ისაუბრა რობერტ სტურუამ Et Ceteras-ს გასტროლებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
2012 წლის დეკემბრის თვეში თბილისს საგასტროლოდ ეწვია მოსკოვის თეატრი Et Ceteras ალექსანდრე კალიაგინის ხელმძღვანელობით. ყველასთვის ცნობილ გარკვეულ მიზეზთა გამო, რომლებზეც საუბარს წინამდებარე წერილში არ ვაპირებ, ამ თეატრის მთავარი რეჟისორი მსოფლიოში სახელგანთქმული რობერტ სტურუაა. საგასტროლო რეპერტუარს, სწორედ მის მიერ დადგმული _ შექსპირის „ქარიშხალი“ და ახალგაზრდა ალჟირელი-ფრანგი დრამატურგის ტარიკ ნუის პიესის მიხედვით განხორციელებული „კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლთა გამოსაკვებად?!“ _ სპექტაკლები შეადგენდა.
რობერტ სტურუას შექსპირის 37-დან 17-ზე მეტი პიესა აქვს დადგმული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. `შეცდომათა კომედია~ ფინეთში; შვედეთში _ „საწყაული, საწყაულის წილ“; „ჰამლეტი“ ხუთჯერ, ორჯერ თბილისში რუსთაველის თეატრში, მოსკოვში, ბრიტანეთში და თურქეთში; „რიჩარდ III~ თბილისში; „მეფე ლირი“ თბილისსა და მოსკოვში; „ვენეციელი ვაჭარი“ მოსკოვში, არგენტინაში; „მაკბეტი“ თბილისში და გერმანიაში; „რომეო და ჯულიეტა“, „როგორც გენებოთ“ _ გერმანიაში; „მეფე ლირი“ თბილისში და ისრაელში, „კორეოლანი“ არგენტინაში; „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ თბილისსა და ბულგარეთში; „ქარიშხალი“ მოსკოვში და სხვ..
რობერტ სტურუას ყოველთვის აწუხებდა ტირანულ სახელმწიფოში პიროვნების ნიველირების პრობლემა, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ მან მიმართა შექსპირის პიესებს. რობერტ სტურუას შექსპირიანა, ჩემი აზრით, ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო თემაა, ვინაიდან სხვასთან ერთად, სწორედ ამ სპექტაკლებში, მძაფრად გამოიკვეთა რეჟისორის პოზიცია, ხელწერა. ეს ცალკე მსჯელობის საგანია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რობერტ სტურუას სათეატრო ენას, შექსპირის `ქარიშხლის~ დადგმით, კიდევ ახალი ნიუანსები მიემატა.
შექსპირის დრამატურგია იძლევა მრავალი, განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. პიტერ ბრუკის სიტყვები, რომ გავიმეორო: შექსპირის პიესების დადგმები უმეტესწილად წარმოადგენს სხვადასხვა თეატრალურ სტილთა ისტორიას, რომლებიც უბიძგებს მსახიობებს, რეჟისორებსა და მხატვრებს გამოძერწონ შექსპირის პიესები თავისებურად. სწორედ ამიტომ არის შექსპირი გენიოსი დრამატურგი, რობერტ სტურუა _ უდიდესი რეჟისორი, რომელიც ისევე `თავისუფლად~ ექცევა შექსპირს, როგორც ამას, თანამედროვე დრამატურგების მიმართ ახორციელებს. იმავდროულად, არ ცვლის შექსპირის ტექსტს, შეიძლება ითქვას, არც ერთ სიტყვას. და, როგორც ვსევოლოდ მეიერჰოლდისა და კოტე მარჯანიშვილის სარეჟისორო სკოლის `მემკვიდრე~, ყოველთვის რჩება დრამატურგის სულის ერთგული. იგი მხოლოდ ამონტაჟებს. ტექსტის მონტაჟი კი რობერტ სტურუას სათეატრო ენის ერთ-ერთი უმთავრესი, დამახასითებელი თავისებურებაა. `ქარიშხლის~ სტურუასეული რეკონსტრუქციით სპექტაკლში ზოგიერთი პერსონაჟი საერთოდ გაქრა, ტექსტი შემოკლდა. ხუთი მოქმედება ერთ აქტამდეა დაყვანილი. რიგი სცენები, რომლებიც შექსპირთან თანმიმდევრულად არის მოცემული, სპექტაკლში გაერთიანდა პოლიფონიურ პლასტებში, ამით ნათლად გამოიკვეთა მოვლენების ის ურთიერთშემაკავშირებელი ხაზი, რომელიც სხვა შემთხვევაში მაყურებლისათვის შეიძლება ამოუცნობი გამხდარიყო. სპექტაკლი სულ რაღაც საათი და 35 წუთი გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეჟისორმა თითქმის არცერთი ეპიზოდი არ ამოიღო სპექტაკლიდან, გარდა ფერდინანდის და მირანდას ქორწინების დროს, მითოლოგიური ღმერთების მიერ ახალშეუღლებულების დალოცვის სცენისა. გადასხვაფერებულია სპექტაკლის დასაწყისიც. თუკი პიესის პროლოგია აბობოქრებულ ზღვაში გემის დაღუპვა, სპექტაკლი პროსპეროს გამოქვაბულში, უფრო სწორად, პროსპეროს სახელოსნოში იწყება... ეს ზღაპრული ფეერიის დასაწყისია, რომელიც თუ ნახე, არასდროს დაგავიწყდება. არ დაგავიწყდება, არც ემოცია და არც, შემდგომ, ამ ემოციისგან აღძრული ფიქრი...
შექსპირის პოეტური, ფილოსოფიური სიტყვა სტურუამ სცენაზე ვიზუალურად გამოძერწა. ამა თუ იმ ეპიზოდში მოვლენის არსს იგი თავისებურ სცენურ ფორმას უსადაგებს. რობერტ სტურუა სხვადასხვა რეჟისორული ხერხით ამძაფრებს სცენაზე წარმოდგენილი სამყაროს საშინელებებს. ამ საშინელებების წარმოჩენით მიჰყავს მაყურებელი დაძაბულობის უკიდურეს ზღვრამდე. ზღვარზე მისულს კი უცებ აახარხარებს ჩაპლინისეული და ფელინის მსგავსი კლოუნადის ჩართვით. მხედველობაში მაქვს ტრაგი-კომიკური სამეულის _ ტრინკულოს, სტეფანოს და კალიბანის ეპიზოდები. მსახიობთა მიერ ვირტუოზული შესრულების გარდა (ეს შეფასება განსაკუთრებით ეხება კალიბანის როლის შემსრულებელ ვლადიმირ სკვარცოვს), ამას რეჟისორი აღწევს სხვადასხვა თეატრალურ-ტექნიკური საშუალების გამოყენებით _ განათებით, კედლებზე ვიდეოპროექციით, პროჟექტორების დამაბრმავებელი ეფექტით (ელვის მსგავსი), ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმებით, ბობოქარი ზღვის იმიტაციით, ცირკის ილეთებით (ჰაერში მფრინავი მსახიობები) და ა. შ.. წარმოდგენის თითქმის ყველა სცენასა, თუ ეპიზოდში, რამდენიმე ქმედება ერთდროულად მიმდინარეობს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ, თუკი ადრე სტურუა ე. წ. კინოხერხებს იყენებდა თავის სპექტაკლებში, ახლა, ამ შემთხვევაში, მან კინო დადგა თეატრის სცენაზე. და, ეს ორი ხელოვნება – რეალისტური კინო და იდუმალებით, მაგიით აღსავსე თეატრი _ ერთ მთლიანობაში გააერთიანა. ახლა, იქ, სადღაც, მონტაჟის „მამა“ მეიერჰოლდი და მარჯანიშვილი ნამდვილად ამაყნი არიან თავისი ღირსეული და თანასწორი მემკვიდრით.
სპექტაკლი სამარისებურ სიჩუმეში იწყება. ფარდის გახსნამდე მაყურებელი ხედავს ავანსცენის მარცხენა კუთხეში ხის მაგიდას, რომელზეც წიგნებია დახვავებული, წინიდან მიკრული აქვს ხმალი, წიგნების გარდა, მენზურა, ჭიქა და შანდალი დგას სანთლით. მაგიდის წინ კი იატაკზე ჩამწკრივებულია სხვადასხვა ზომის მკრთალად განათებული შუშის ბოთლები, მენზურები, ჭიქები. იხსნება ფარდა. მაყურებლის თვალწინ მოთეთრო-მონაცისფრო ფერში გადაწყვეტილი გამჭვირვალე სცენური სივრცეა. უკანა კედელზე, შუაში, ჩარჩოში ჩასმული ნახატია გამოსახული. თავიდან ლურჯ ლაქად აღიქვამ, კარგად დაკვირვების შემდეგ ხვდები, რომ ზღვის ნაპირია გამოსახული. მარჯვენა და მარცხენა კედლებზე კიბეებია მიყუდებული; მარჯვენა კედელზე, უფრო ავანსცენისკენ ხელსაბანია, უკანა კედელზე მარცხნივ პისუარია მიმაგრებული. პროსპეროს გამოქვაბული რეჟისორმა პროსპეროს მიერ მაგიური ძალების შემეცნების სახელოსნოდ აქცია. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მიმდინარე სიჩუმეს, მხოლოდ და მხოლოდ, სტოკატოსავით, აქა იქ გაჟღერებული, მუსიკალური ნოტი არღვევს. ქმედებაც მინიმალურია. ფარდის გახსნისას პროსპერო (ალექსანდრე კალიაგინი), უკანა კედელთან სცენის სიღრმეში, ზის სავარძელში და თვლემს. ავანსცენაზე, მაგიდის უკან მდგარი შავი ხის საკიდიდან გამოძვრება არიელი (ნატალია ბლაგიხ). გადმოძვრება პირდაპირ პროსპეროს შავი ლაბადიდან _ ჯადოსნურ მოსასხამს რომ უწოდებს თავად. არიელის პლასტიკური მოძრაობები სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით არის გაჯერებული. გეგონება, პროსპეროს მსახური სული მართლაც მოგვევლინა სცენაზე. არიელი მიდის ავანსცენაზე ჩამწკრივებული შუშის ბოთლებისა თუ მენზურებისკენ. ერთ-ერთიდან იღებს სადირიჟორო ჯოხს და ამ ბოთლებზე იწყებს დაკვრას. მერე გაიხედავს სცენის სიღრმისკენ, დაინახავს სავარძელში მჯდომ მთვლემარე პროსპეროს და მის ფეხებთან ძაღლივით დაგდებულ კალიბანს. ფეხაკრეფით მიდის მათკენ. პროსპეროს ხელში რაღაც ქაღალდი აქვს. იღებს ამ ქაღალდს ფრთხილად, პირით, ისე, რომ არ გამოაღვიძოს და კითხულობს. ეს, თითქოს, სიაა იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს. შეხედავს კარს, ხელს გაიშვერს და კარი გაიღება, არიელი გადის. დგება პროსპერო, მოდის ავანსცენისკენ, კალიბანი მოაცმევს ჯადოსნურ მოსასხამს, ვიზუალურად დიდი არაფერი, ჩვეულებრივი შავი ლაბადაა. პროსპერო ჩაფიქრდება და წევს ხელებს მაღლა. ნახატი ზღვის პეიზაჟით ნელ-ნელა დიდდება, ისეთი ეფექტია, თითქოს მაყურებელთა დარბაზისკენ მოდისო, მთელი სცენური სივრცე აბობოქრებულ ზღვად გადაიქცევა. ზემოდან ჩამოვარდება პატარა იალქნიანი გემის მაკეტი და პროსპეროს ხელებში აღმოჩნდება. იგი სათვალეს იკეთებს, ათვალიერებს, შიგნით იყურება, უცებ გემს მოიქნევს. პროსპერო დგას და ხელს გაჰკრავს ხოლმე, როცა გემი ჩერდება. შემდეგ მაგიდასთან ჯდება და იქედან ადევნებს თვალყურს თავის `შემოქმედებას~. შეშინებული კალიბანი ჯერ კუთხეში მიიყუჟება, შემდეგ თავზე წაიფარებს. იხსნება უკანა კედელი, მაყურებლის თვალწინ ლურჯი ზღვის სივრცეა, რომელშიც არიელი დაცურავს და სულ უფრო აძლიერებს ტალღებს. იქმნება შთაბეჭდილება აბობოქრებულ ზღვაში ტალღებთან მებრძოლი გემისა. ამას ყველაფერს ზედ ერთვის ჭექა-ქუხილის ხმა, ელვის ეფექტი, სხვადასხვა ფერის განათება, ზღვაში დასაღუპად განწირულ ადამიანთა და შემზარავი მუსიკის ხმები. უცებ ზევიდან, სცენის შუა ნაწილში თეთრი ნაჭრები, უფრო სწორად, თეთრი პერანგები ჩამოცვივდება _ თითქოს ფსკერისკენ მიმავალი გემიდან ადამიანები ზღვაში ვარდებიან.
რობერტ სტურუა ქარიშხლის ეპიზოდს ისევე მოულოდნელად ასრულებს, როგორც იწყებს. სცენაზე პროექტორის, განათების, ხმაურების მეშვეობით შექმნილი ქაოსი უცებ ლაგდება. ყველაფერი მშვიდდება. სცენაზე, მოთეთრო-მონაცისფრო განათებით, თითქოს ისევ სიმშვიდე ისადგურებს. პროსპერო გემს მაგიდაზე დგამს. ამ დროს შემოდის, თეთრ, ოდნავ შესამჩნევი ცისფერი ყვავილებით, ჰაეროვან კაბაში შემოსილი მირანდა (ოლგა კოტელნიკოვა) თოჯინით ხელში. ამ დეტალით რეჟისორმა მინიშნება გააკეთა მის ასაკზე. აღელვებული მირანდა, სთხოვს მამას, შეაჩეროს ქარიშხალი და ხალხი გადაარჩინოს. აი, როგორ შეფასებას აძლევს თავად რეჟისორი ამ დასაწყისს:
`მე შევიტანე ერთი პატარა, შეიძლება, დიდი კორექტურა. მე ვიწყებ სპექტაკლს ასე, _ პროსპერო ქარიშხალს მოაწყობს, ამ დროს შემოდის მისი ქალიშვილი თოჯინით ხელში, ის პიესის მიხედვით დაახლოებით 15 წლისაა. (...) შემოდის გოგონა, რომელიც შოკშია. მამამისი კი ეუბნება, რომ ხალხი არ დაიღუპება. (...) ბუნებრივია მას არ სჯერა. (...) გოგონა გაბრაზებული და აცრემლებული ტოვებს მამას. მამა ის არ აღმოჩნდა, ვინც მას ეგონა. რაღაც მომენტში შემობრუნდება, ჩვენ ვხედავთ სისხლის ლაქას კაბაზე. სტრესის გამო იგი პირველად გადაიქცა ქალად. მამა იბნევა, მაყურებელი ხვდება, რა რთული იყო ამ გოგონას გაზრდა მამისთვის. პროსპერო მოუხმობს არიელს, დააწვენენ გოგონას და პროსპეროც იწყებს მოყოლას თუ რა მოხდა სინამდვილეში. მან უნდა შური იძიოს და ამიტომ მოიყვანა ეს ხალხი აქ. შურისძიების შეგრძნება მას უძლიერდება. (...) ეს ქარიშხალი ძალიან კარგად მოვიფიქრე, ძალიან კარგად არის დადგმული... ~
მართლაც, ძალიან კარგად აქვს მოფიქრებული მაესტროს, არა მხოლოდ ქარიშხლის სცენა, არამედ მთელი სპექტაკლი, არა მხოლოდ კარგად, არამედ გამაოგნებლად. უყურებ სპექტაკლს და ფიქრობ, საიდან ამდენი ფანტაზია, ასეთი გამომგონებლობის უნარი. ნამდვილად გასაოცებელია, მით უმეტეს, როდესაც იხსენებ მის ასაკს. იმედია, რეჟისორი არ მიწყენს, ასაკს რომ ვახსენებ, აკი თავად გაუსვა ხაზი Eტ ჩეტერა-ს გასტროლებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე და იხუმრა კიდეც: `არ მითხრათ ახლა კარგად გამოიყურებიო~.
რატომ, რა მიზეზით გამოიწვია პროსპერომ ზღვაში ქარიშხალი? პიესაში იგი უყვება შვილს თავიანთი ცხოვრების ტრაგიკულ ისტორიას. პროსპერო რამდენიმე წელია ცდილობს მოუყვეს, მაგრამ სწორედ ახლა, როდესაც მირანდა წამოიზარდა და თანაც ბედისწერამ მათ კუნძულთან ახლოს გამოატარა გემი, რომელზედაც პროსპეროს მტრები შეკრებილან, დადგა დრო სიმართლის თქმისა. ამბის დასრულების შემდეგ პროსპერო მაგიური ძალის მეშვეობით მიაძინებს თავის ქალიშვილს. სპექტაკლში, რობერტ სტურუას ჩანაფიქრით, პროსპერო კი იწყებს ისტორიის მოყოლას, მაგრამ სულ რაღაც ორი წინადადების შემდეგ აიძულებს მირანდას დაიძინოს. მიძინებული მირანდა არიელს გაჰყავს სცენიდან, პროსპერო-კალიაგინის თხრობა რეჟისორმა ერთგვარ მონოლოგად აქცია. არიელი შემობრუნდება სცენაზე და პლასტიკური მოძრაობებით გამოხატავს სხვადასხვა გრძნობას. იგი თითქოს უთანაგრძნობს პროსპეროს. იქვე მყოფი კალიბანი კი, ოთხზე დამდგარი იატაკის წმენდით ნელა იძურწება სცენიდან. პროსპეროს თხრობის დროს სცენაზე კოსმოსი, კოსმიური სხეულები, თანავარსკვლავედი გამოისახება. პროსპეროს ეს მონათხრობი უფრო მაყურებლისკენ მიმართა რეჟისორმა. მისი ჩანაფიქრით ერთგვარი ჩუმი დიალოგი შედგა პროსპეროსა და მაყურებელს შორის. სწორედ ამ სცენაში იკვეთება პროსპეროს, კუნძულზე ცხოვრების თორმეტი წლის განმავლობაში, ნაფიქრი და მომწიფებული მიზანი. ოცნება, შური იძიოს მათზე ვინც თავისი სამეფოდან გააძევა. შური იძიოს იმ გამყიდველებზე, ვინც 3 წლის ქალიშვილთან ერთად, დასაღუპად განწირულ, უნიჩბო, დაფლეთილიალქნიან გემში ჩასვა და ზღვის ზვირთებს მიანდო მათი სიცოცხლე. მაშ, ასე: პროსპეროს მამოძრავებელი ძალა შურისძიებაა. პროსპერო ძალიან ძლიერი პერსონაჟია, რომელმაც ყველაფერი შეიცნო ამ სამყაროში... მაგრამ მისი მთავარი ამოცანა შურისძიება გახდა, ვინაიდან ძმამ უღალატა, ძმამ, რომელიც უყვარდა და რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. სწორედ ძმამ, სხვა მოღალატეებთან ერთად, ჩასვა პროსპერო და მისი ქალიშვილი დასაღუპად განწირულ გემში. მაგრამ პროსპერო წიგნიერი კაცი იყო, შესწავლილი ჰქონდა `ეზოთერიკული მეცნიერებანი~ და თავისი ცოდნით გადაარჩინა ეს გემი, რომელიც ერთ პატარა კუნძულზე გაირიყა. მთელი შემდგომი ცხოვრება ემზადება და იმის მოლოდინშია, თუ როგორ იძიებს შურს მოღალატეებზე. დგება მომენტი როცა ყველა მისი მტერი აღმოჩნდება ამ კუნძულზე. და... შურისძიების დროც დადგა.
რეჟისორის ჩანაფიქრით, პიესისგან განსხვავებით, შურისძიების გრძნობა პროსპეროს მთელი სპექტაკლის განმავლობაში უძლიერდება. თუ სად მიიყვანს ეს შურისძიების გრძნობა, წარმოდგენის ფინალში გაცხადდა, მაგრამ მანამდე...
შურისძიების გრძნობით აღვსილ პროსპეროს კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებს. მას სურს დაიბრუნოს, არა მხოლოდ მილანის ტახტი, არამედ ნეაპოლის სამეფო ტახტიც და, ნეაპოლის მეფე ალონსოც ისევე დასაჯოს, როგორადაც თავისი გამყიდველი ძმის დასჯას აპირებს. სწორედ ნეაპოლის მეფე ალონსო, რომელიც თავის დროზე მილანისა და პროსპეროს დაუძინებელი მტერი გახლდათ, დაეხმარა ანტონიოს მზაკვრული გეგმების განხორციელებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი მას ეხმარებიან საკუთარი ქალიშვილი მირანდა და ალონსოს ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე ფერდინანდი. იხსნება უკანა კედელი, ზღვის სილაჟვარდიდან თეთრებში გამოწყობილი ფერდინანდი (სერგეი დავიდოვი) შემოიჭრება სცენაზე ხმლით ხელში. უკანა ცისფერ ფონზე მირანდაც გამოჩნდება. პროსპერო და არიელი თვალყურს ადევნებენ მათ შეხვედრას. ეს შეხვედრა ხომ პროსპეროს მოფიქრებული და დაგეგმილია. ფერდინანდს და მირანდას, როგორც იტყვიან, ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი. სწორედ ეს სურდა პროსპეროსაც. მაგრამ იმისათვის, რომ უცბად აღმოცენებული, იოლად მოპოვებული სიყვარული, ასევე სწრაფად არ ჩაიფერფლოს, არ გაქრეს, პროსპერო მათ ათასგვარ წინააღმდეგობებს უქმნის. ეს ყველაფერი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი მიზნის მისაღწევად სჭირდება. სხვებთან ერთად, ალონსოზე შურისძიების შემდეგ, ნეაპოლის ტახტი ფერდინანდს დარჩება და მირანდაზე ქორწინების შემთხვევაში, პროსპერო გააერთიანებს მილანისა და ნეაპოლის სამეფოებს, ტახტს, გვირგვინს...
რობერტ სტურუა თავის შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობს ადამიანის მისწრაფების ასახვას ძალაუფლების მოპოვებისათვის. შექსპირის დრამატურგია, სხვასთან ერთად, ამ პრობლემის წარმოჩენის საუკეთესო მასალაა. რას არ სჩადიან შექსპირის პიესებში პერსონაჟები (ადამიანები) ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ძმა-ძმას, ნათესავი-ნათესავს, დედა-შვილს, შვილი-დედას, შეყვარებული-შეყვარებულს, მეგობარი-მეგობარს... კლავს, ღალატობს, სწირავს. რობერტ სტურუა შექსპირის `ქარიშხალსაც~ ტრაგიფარსის ფორმით გვაწვდის. მაგრამ რეჟისორი ყველაფერ ამას, ადამიანთა ბრძოლას ძალაუფლების მოპოვებისათვის, ირონიულად უყურებს, თითქოს დასცინის კიდეც მათ.
გამჭვირვალე მარცხენა კედელი იხსნება. დაღუპული გემის ხის ნარჩენებისგან გაკეთებულ ტახტრევანზე მისვენებული ნეაპოლის მეფე ალონსო (ვიაჩესლავ ზახაროვი) და მისი თანმხლები პირები წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. აბობოქრებული ზღვის ტალღებში დაღუპული გემის მეზღვაურების, მგზავრების სახეზე გაოცება და ინტერესი არის გამოხატული. გაოცება სასწაულებრივი გადარჩენისა, ინტერესი ახალ, უცნობ ადგილას მოხვედრისა. მეფე ალონსოს და მის მხლებლებს ფერდინანდი, მეფის შვილი და მემკვიდრე, დაღუპული ჰგონიათ. ერთი შეხედვით, ყველა დადარდიანებულია. მაგრამ... თავად შვილის დაღუპვის გამო ღონემიხდილი ალონსოც კი, როდესაც საშიშროება მის ტახტს, გვირგვინს, ძალაუფლებას შეეხება მაშინვე გააფთრებული, ოღონდ დაბერებული ქორივით იწყებს თავისი ძალის დემონსტრირებას. ეს სხვასთან ერთად, მსახიობის პლასტიკაშიც აისახება _ სიარულში, მიხვრა-მოხვრაში, მიმიკაში...
სპექტაკლის დეკორაციაში მინიმუმამდე არის დაყვანილი საგნებისა თუ ნივთების ფიზიკური არსებობა. ესა თუ ის ეფექტი, მოვლენა, სივრცე განათებისა და პროექტორის მეშვეობით მიიღწევა. არაჩვეულებრივი ფერადოვნებით (როდესაც ეს საჭიროა) გამოირჩევა მსახიობთა კოსტიუმები. ამ შემთხვევაშიც, სტურუას სხვა შექსპირული დადგმების მსგავსად, დრო, ეპოქა არ არის აქცენტირებული. მსახიობთა ქმედება, სცენოგრაფია და მუსიკა სპექტაკლში არაჩვეულებრივ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ეს არც არის გასაკვირი. სპექტაკლის მხატვარია გოგი ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი _ გია ყანჩელი. სამეული – სტურუა, ალექსი-მესხიშვილი, ყანჩელი _ ყოველთვის ასეთ ჰარმონიას ქმნის სცენაზე. აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს განათების მხატვრის გლებ ფილშტინსკის უდიდესი როლი სპექტაკლის წარმატებაში. გიორგი ალექსი-მესხიშვილის მხატვრობის, გია ყანჩელის მუსიკალური გაფორმების და გლებ ფილშტინსკის განათების გარეშე, რობერტ სტურუას გაუჭირდებოდა `ქარიშხალში~ ზემოხსენებული ზღაპრული ფეერიის შექმნა. და რაც მთავარია, ყველაფერი ეს სრულ ჰარმონიაშია მსახიობების თამაშთან, რაც ხელშემწყობი პირობაა რეჟისორის კონცეფციის უფრო ნათლად წარმოსაჩენად.
არიელი პროსპეროს დავალებით აძინებს ხმელეთზე გადმოსულ მგზავრებს, გარდა ანტონიოსა (სერგეი პლოტნიკოვი) და სებასტიანისა (კირილ ლოსკუტოვი). ამ ეპიზოდშიც ხაზგასმულია ადამიანთა სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, ადამიანთა მოღალატეობრივი ბუნება. ანტონიო აქეზებს სებასტიანს, ძმის, ალონსოს მკვლელობისკენ და შედეგად სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებისკენ. აქეზებს და დაითანხმებს კიდეც, ხელში ხმალსაც მისცემს ძმის სხეულში ლახვრის ჩასაცხებად, მაგრამ რეჟისორი აქვე იმასაც გვაჩვენებს, რომ მოღალატე, ძმის განმდევნელ, ძმასთან ერთად 3 წლის ბავშვის დასაღუპად გამწირველ ანტონიოს, სინამდვილეში გვირგვინი (ძალაუფლების სიმბოლო) თავად სურს. ეს არის მისი ოცნება, ნატვრა. ამას რეჟისორი მინიმალური პლასტიკური შტრიხით გვიჩვენებს. ანტონიო ავანსცენაზე დაჩოქილ სებასტიანს, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს, თავზე ხელის მოძრაობით გვირგვინს ადგამს (გვირგვინი, როგორც საგანი არ არსებობს, მხოლოდ პლასტიკური გამოსახვაა), მერე კი ამ გვირგვინს საკუთარ თავზე ჩამოიცვამს. ანტონიო მისკენ ზურგით არის და ვერ ხედავს. ერთი თვალის მოშორება, და კარგავ, ჯერ არმოპოვებულ ძალაუფლებას...
რობერტ სტურუასათვის შექსპირის პიესებში მნიშვნელოვანია მასხარას პერსონაჟი, რაც რეჟისორს ხელს უწყობს თავისი კონცეფციის უკეთ წარმოჩენაში. საათნახევრიანი სპექტაკლის შუანაწილში რობერტ სტურუა მაყურებელს ცირკის ელემენტებით შეზავებულ ერთგვარ კლოუნადას სთავაზობს. ლაპარაკია ტრინკულოს (ანდრეი კონდაკოვი), სტეფანოს (ალექსეი ოსიპოვის) და კალიბანის ეპიზოდებზე. ოღონდ ამჯერად, სტურუასეული ადრინდელი მასხარებისგან განსხვავებით, ისინიც ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან. `ალე, ჰოპ~ და მაყურებელს თვალწინ ჩაპლინისეული და ფელინისეული ჯამბაზები წარმოუდგებიან (ეს რა თქმა უნდა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია). ჯამბაზების კოსტიუმებით, ცხვირზე წითელი ბურთულებით, ცირკის არენისებრი განათებით, მსახიობთა მოძრაობებით ყველაფერი ამაზე მიუთითებს. კალიბანის მეთაურობით ისინი პროსპეროს განადგურების გეგმას შეიმუშავებენ... შურისძიების გრძნობა ამოძრავებს განუვითარებელ, ცხოველის მსგავს, კუნძულის ბოროტი ჯადოქრის შვილ კალიბანსაც. აკი პროსპერომ, მას კუნძული წაართვა, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნის. მაგრამ უხილავ ნიმფად გადაქცეული არიელი ყველაფრის მომსწრე ხდება და მათი გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაიშლება. პროსპერო გაფრთხილებულია...
საოცრად აქვს გადაწყვეტილი რეჟისორს კალიბანის ე. წ. საკუთარ თავზე გოდებისა, თუ, პროსპეროს წყევლის სცენა. პროსპერო თავის დროზე ცდილობდა კალიბანი ადამიანად ექცია, კეთილად ეპყრობოდა, ცდილობდა ადამიანური ენა ესწავლებინა. მაგრამ ბოროტი სულის ნაშიერზე სიბოროტემ იმძლავრა... მან მირანდას გაუპატიურება და `კალიბანჩიკების~ კუნძულზე გამრავლება მოისურვა. რისთვისაც სასტიკად დაისაჯა კიდეც. პროსპეროს იგი მონად, ძაღლად ჰყავს ქცეული. კალიბანი ავანსცენაზე დაჩოქილი წყევლის ადამიანთა ენას, რად მინდოდაო ამ ენის სწავლა, რა სიკეთე მომიტანა თქვენმა ენამო... ნელ-ნელა მისი მეტყველება გაუგებარი ხდება, კედლებზე კი შექსპირის ტექსტი მიდის, სხვადასხვა დამწერლობით, მსხვილი შრიფტით რუსულ ენაზე. ვერ ვიტან ამ თქვენ ენას _ აღმოხდება გამწარებულ კალიბანს...
ულამაზესია ფერდინანდისა და მირანდას სასიყვარულო სცენები. იუმორნარევი და თანაც ყოველგვარი უხამსობის გარეშე, ეროტიკული. პროსპეროს ოცნება ახდება. ფერდინანდი და მირანდა ერთმანეთს სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულს შეჰფიცავენ და ქორწინდებიან.
როგორც ზევით აღვნიშნე, რობერტ სტურუას კონცეფციით პროსპეროს ქმედება შურისძიების გრძნობით არის აღვსილი. მან უნდა შური იძიოს და ამიტომ მოიყვანა ეს ხალხი აქ. შურის შეგრძნება მას თანდათან უძლიერდება მთელი სპექტაკლის განმავლობაში. ფინალისკენ, ერთ-ერთ ეპიზოდში პროსპეროს შემოაქვს რკინის მაკეტი სახრჩობელისა და სცენის შუაგულში დგამს. ამ სახრჩობელაზე კიდებს პატარა ნაჭრის სამ თოჯინას. არიელს უხარია, ჰგონია, რომ რაღაც სათამაშოა (უნდა აღინიშნოს, რომ არიელი სტურუასთან ქალია). ცოტა ხანში ყელზე თოკშებმულები შემოჰყავთ ანტონიო, ალონსო და სებასტიანი. კედლებზე ნელ-ნელა მაკეტზე ჩამოკიდებული თოჯინების ჩრდილები იზრდება, არიელი ხვდება, რას აპირებს პროსპერო. იგი ძალიან შეწუხებულია. პროსპერო ხომ არიელის პატრონია და მასზეა დამოკიდებული, გაათავისუფლებს, გაუშვებს თუ არა ტყვეობიდან. გარდა ამისა, მაყურებელი გრძნობს, რომ არიელს უყვარს თავისი პატრონი. უკვე გვგონია, რომ ის შურს იძიებს. პროსპერო თავისი ხელით უჭერს მარყუჟს სამივეს. ისინი დაჰიპნოზირებულები, თითქოს ბედს მინდობილები შესცქერიან პროსპეროს. თითქოს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლიათ. პროსპერომ ნიშანი უნდა მისცეს, რომ ჩამოახრჩონ მოღალატეები. ამ დროს რაღაც საოცარი შუქი ეცემა ზემოდან; პროსპერო ვარდება. რა დამემართა? თითქოს გული მეტკინა, სული ამიფორიაქდა... _ ამბობს კალიაგინი-პროსპერო. არ იცის, რა მოუვიდა. გონს რომ მოვა, გაიხედავს უკან, დაინახავს თოკზე, ჩამოსახრჩობად გამზადებულ თავის მტრებს და ამბობს _ მე ვპატიობ, ყველას ვპატიობ.
`მე აქ ავიღე პავლეს და სავლეს ისტორია. პროსპერო ბოლომდე მიდიოდა, შურისძიებამდე. რაღაც სასწაული მოხდა, მარტო რელიგიურ სასწაულს კი არ ვგულისხმობ, რაღაც სასწაული მოხდა მასში. უცბად ეს ბოროტება მოტრიალდა. აი, ასეთი გადაწყვეტა მაქვს. შექსპირთან კი თავიდანვე კრებს ამ ხალხს იმისთვის, რომ შეურიგდეს, აპატიოს. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირთანაც არის ისეთი პასაჟები, როდესაც გგონია, რომ ეს ხალხი, მისი მტრები შურისძიების მიზნით, დასასჯელად მოიყვანა~ . ამბობს რობერტ სტურუა.
შექსპირის `ქარიშხალი~, სხვასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ყველაზე პესიმისტური პიესაა. გავიხსენოთ პიესაში (IV მოქმედების I სცენა) ) მირანდას და ფერდინანდის ქორწილის ბოლო ეპიზოდი. პროსპერო არიელის დახმარებით მოიხმობს სულებს მითოლოგიური ღმერთების განსასახიერებლად. ახალშეუღლებულების დალოცვის შემდგომ ე. წ. ღმერთები ქრებიან. სწორედ აქ, შექსპირმა პროსპეროს ათქმევინა სიტყვები, რომლებიც, პრინციპში, ახლადდაქორწინებულებს არ უნდა უთხრას მამამ; მაგრამ, ეს სიტყვები თავად შექსპირის განწყობის გამომხატველია. ვინაიდან ხელთ არ მაქვს, `ქარიშხლის~ ქართული თარგმანი გადმოვცემ სიტყვების შინაარს: როდისმე ამ უსხეულო სულებივით გაქრება ყველაფერი _ ღრუბლებით დაგვირგვინებული მთებიც, მედიდური სასახლეებიც და ტაძრებიც და თავად დედამიწაც, საერთოდ ყველაფერი, მათგან კვალიც კი არ დარჩება... ჩვენი სხეული შექმნილია იმავე ნივთიერებისაგან, რისგანაც ჩვენივე სიზმრები. სიზმრით არის მოცული მთელი ჩვენი პატარა ცხოვრება. დამეთანხმებით, ეს სიტყვები ადამიანის სულისა და აზრის ამაფორიაქებელია... რობერტ სტურუამ, როგორც აღვნიშნეთ, `ღმერთების სცენა~ ამოაგდო სპექტაკლიდან. პროსპეროს ეს სევდიანი, პესიმისტური `მონოლოგი~ გადმოიტანა ტრინკულოს, სტეფანოსა და კალიბანთან `შერკინრბის~ სცენის დასასრულს. პროსპერო გამარჯვების შემდგომ, ტრინკულოსა და სტეფანოს `საპნის ბუშტივით~ გააქრობს და სწორედ ამ დროს, შეშინებული, კუთხეში შეყუჟული კალიბანისა და არიელის თანდასწრებით ამბობს ზემოთქმულ სიტყვებს...
საოცრად ლამაზი, სევდიანი, ამავე დროს სიყვარულით აღსავსე ფინალი გააკეთა რობერტ სტურუამ. უკანა კედელი იხსნება და ლაჟვარდოვანი ზღვისა თუ ცის ფონზე ფერდინანდისა და მირანდას შეყვარებული, მოფარფატე, ან შეიძლება, მოცურავე წყვილი ჩანს. კედელი იკეტება. პროსპერო ათავისუფლებს არიელს, თავის ერთგულ მსახურ-სულს შემდეგი სიტყვებით _ წადი იქ, სადაც ცხოვრება არ სრულდება (жизнь не гаснет)... არიელი ჩაეხუტება და მცირე ზომის სასაჩუქრე ბაფთით შენასკულ ყუთს აწვდის. შემდეგ მარცხენა მხარეს თითქოს გადის და სინამდვილეში კი თვალს ადევნებს პროსპეროს. კალიაგინი-პროსპერო, სასიამოვნოდ-გაოცებული, ყურადღებით ათვალიერებს არიელის საჩუქარს, აინტერესებს, შიგნით რა არის. გახსნის ბაფთას და... სახეში თეთრი ფხვნილი შეეყრება. მაყურებელთა დარბაზი იცინის. ესეც ცირკის კიდევ ერთი ელემენტი. კალიბანი კი, კუთხეში მიმწყვდეული, პროსპეროს სავარძლის ფეხს ჩაჭიდებული, ამბობს: `კუნძული კი ჩემია~...