„სულიერი სიცარიელის“ გარდაუვალი შეგრძნება

მაკა ვასაძე


„სულიერი სიცარიელის“ გარდაუვალი შეგრძნება

ერთი წლის წინ, 2011 წლის მიწურულს, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მაყურებელს შალვა დადიანის `გუშინდელნის~ ახალი ექსპლიკაცია შესთავაზა. სპექტაკლში გაღატაკებული, ამპარტავანი  თავადი კოწიათი დაწყებული, დიდი ვახტანგ გორგასლის შთამომავლით, ღირსებააყრილი თავად გორგასლანიანით დამთავრებული, ყველანი: თავადი, გლეხი, ახალგაზრდა `სოციალისტ-ფუტურისტი~,  ახალგაზრდა და თუ  ე. წ. კლიმაქტერიულ ასაკში შესული ქალბატონები და ა.შ., სინამდვილეში ვაიპატრიოტები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი `კუჭისთვის~, საკუთარი კომფორტისთვის `მებრძოლები~ არიან. 
წარმოდგენის დასრულების შემდეგ გულდამძიმებული გამოდიხარ თეატრიდან და საკუთარ თავს ეკითხები: გუშინდელნი? ის, რაზეც სპექტაკლია, ეს ხომ შენი, შენს გარშემო არსებული ცხოვრებაა. 
შალვა დადიანის პიესის სცენური რედაქცია გოჩა კაპანაძეს და მანანა გეგეჭკორს ეკუთვნით. სპექტაკლი დაიდგა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მონაწილეობით, თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში. სტატიაში მინდა ჩემეულ ვერსიაზე გესაუბროთ, თუ რატომ აირჩია გოჩა კაპანაძემ დღეს შალვა დადიანის `გუშინდელნი~, რისი თქმა სურს რეჟისორს?
შალვა დადიანი ქართულ კულტურაში ერთ-ერთ უნიკალური ფიგურა გახლავთ. მწერალი _ დრამატურგი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი; თეატრალური მოღვაწე, _ მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მენეჯერი. ქართულ დრამატურგიაში კომედიური ჟანრის ფუძემდებლად ითვლება. `გუშინდელნი~ 1917 წელს დაიწერა. წარმომავლობით თავადიშვილი პიესის ავტორი სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ამ გატაცების ძირეული მიზეზი პატრიოტიზმი გახლდათ. იმ ეპოქაში სოციალიზმი ახალგაზრდა მოწინავე ინტელექტუალებისათვის პატრიოტიზმთან იყო გაიგივებული. ისინი, საქართველოში, საბჭოთა წყობილების დამყარებასაც კი ახლის მოლოდინით შეხვდნენ. მაგალითად გალაკტიონ ტაბაძის და გრიგოლ რობაქიძის დასახელება კმარა.
 `გუშინდელნში~ შალვა დადიანმა, რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის, საქართველოს იმჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, სახეობრივად, არაჩვეულებრივი სიზუსტით ასახა ტიპაჟებში. ვერაფრით დავეთანხმები შეფასებას, რომ ეს პიესა `ძველი რეაქციული ცხოვრების დაცემის და მოახლოებული განახლების~ გამომხატველია. პიესაში `გამათრახებულია~ საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი: თავადიდან დაწყებული, გლეხითა და სოციალისტით დამთავრებული. ნაწარმოები კი, კეკელას და მისი შვილის აგრაფინას დიალოგით მთავრდება: `კეკელა: _ ღმერთო მომკალი! ცრემლები! რა გატირებს, შვილო? აგრაფინა: _ არაფერი დედა... სიცალიერესა ვგრძნობ...~.   არა მგონია, მომავლის იმედით აღვსილი დრამატურგი, თუ მისი პერსონაჟი, სულიერი სიცარიელის გრძნობას განიცდიდეს. მართალია ავტორმა პიესას სამმოქმედებიანი კომედია უწოდა, მაგრამ მე უფრო ტრაგი-კომედიას დავარქმევდი.
გოჩა კაპანაძემ და მანანა გეგეჭკორმა `გუშინდელნი~ ტრაგი-ფარსად აქციეს. ცვლილება სათაურშივეა, სპექტაკლის სახელწოდებაა `გუშინდელნი???~. სამი მოქმედება ორ მოქმედებამდეა დაყვანილი. ტექსტი შემოკლდა: ზოგან  ამოგდებულია, ზოგან გადაკეთებული, ზოგიერთი პერსონაჟი კი საერთოდ გაქრა. მაგალითად, სოციალისტი კარლო ყაყუტაძე ერთგვარ მითიურ პერსონაჟად იქცა, სპექტაკლის მოქმედი პირები მასზე მხოლოდ საუბრობენ. პაპუნა პიტრიშიძე, მამასახლის მალხაზ პიტრიშიძის ბიძა, გენერალ ბერდოსანის მეუღლე _ მარგარიტად გადაკეთდა. შალვა დადიანისეული მინიშნებები სხვადასხვა ტიპაჟის დახასიათების თუ სიტუაციის აღწერისას, ახალ სცენურ რედაქციაში, გამძაფრებული, ზოგ შემთხვევაში გროტესკულად აქცენტირებულია. მაგალითად: ფოფოდია, კნეინა ჩიტუნია, გენერალი ბერდოსანი, თავადი გორგასლანიანი და ა.შ.  ფაციასა და ადიკოს, ფაციასა და მაზრის უფროსის, მაზრის უფროსთან მისული მთხოვნელების ეპიზოდები და სხვ.
_ იყიდება საქართველო! იყიდება საქართველო! იყიდება საქართველო... ყველა ყიდის საქართველოს, ადამიანები, ბანკები, ჩინოვნიკები _ ეს სიტყვები, პიროვნულად გაცამტვერებული ფაციას, სულის ყივილია... სპექტაკლის ფინალამდე ცოტათი ადრე წარმოთქმული. წარმოდგენის დასაწყისი კი, რეჟისორის ჩანაფიქრით, აგრაფინას სულიერი სიცარიელის გამომხატველია. სცენა ჩაბნელებულია. ნახევრად განათებულ ავანსცენაზე  ე. წ. `ტონეტის~ სკამებზე მუქ ფერებში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია მისვენებული. ერთ სკამზე ზის, მეორეზე კი ფეხები შემოუწყვია. ქალს სახეზე წიგნი აქვს ჩამოფარებული. რახმანინოვის მუსიკის, წვიმის, ჭექა-ქუხილის ფონზე (მუსიკალური გაფორმება გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის)  ქალი `რუსული რულეტკის~ თამაშს იწყებს. სიტუაცია უკიდურესი დაძაბულობის ზღვარზეა და სწორედ ამ დროს, შანდლით ხელში, _ `აგრაფინა, ბოშო, სად ხარ, სად?~ – ძახილით, კეკელა შემოდის. უკან, ფეხდაფეხ მოჰყვება მარგარიტა, პიტრიშიძეების ოჯახის ერთ-ერთი `ნახლებნიცა~. სცენა ნათდება. აგრაფინა შირმის უკან გადის. კეკელა და მარგარიტა სოფლის ამბების გარჩევას იწყებენ. ამ დროს გაისმის გასროლის ხმა. კეკელას სახეზე შიში გამოეხატება, იმავდროულად ცდილობს მარგარიტას არ შეამჩნევინოს. გულგახეთქილი მირბის იქითკენ, საიდანაც სროლის ხმა გაისმება _ აგრაფინასკენ. აღმოჩნდება, რომ აგრაფინამ `უხეიროდ იხუმრა~. 
სპექტაკლის სიმბოლურ-მეტაფორული სცენოგრაფია (მხატვარი ანა ნინუა) მარჯანიშვილის თეატრის სხვენის სცენას შეესაბამება. არ არის გადატვირთული დეკორაციით. გრძელი მაგიდა, რამდენიმე ტონეტის სკამი - შავ და თეთრ ფერებში; სიღრმეში სამი შირმა _ კარის, ფანჯრის, კარადის _ აღმნიშვნელი. გრძელ მაგიდას 3-4 საფეხურიანი ხის კიბე აქვს მიდგმული. სცენის უკანა კედელზე გრძელი რკინის კიბეა მიყუდებული, რომელზეც  მანეკენია შემოსკუპული _ სცენაზე მიმდინარე ამბის მუდმივი მეთვალყურე... რეჟისორი და მხატვარი  დეკორაციის დეტალებით მინიშნებას აძლევენ მაყურებელს ამა თუ იმ მოვლენაზე. მაგალითად, მეორე მოქმედებაში მაგიდას მიდგმულ ერთ-ერთ სკამზე საპატარძლო ფატის მსგავსი ნაჭერია გადაკიდებული. 
გოჩა კაპანაძის  გადაწყვეტით, თითქმის ყველა პერსონაჟი, მაყურებელთა დარბაზიდან შედის სცენაზე. ამით, რეჟისორმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ შალვა დადიანის ტიპაჟები, აბსოლუტურად თანამედროვე, ჩვენი დღევანდელი საზოგადოების წარმომადგენლები არიან.
უტრირებისა და გროტესკის ხერხი სარეჟისორო კონცეფციის ამოსავალი წერტილია. უტრირებულ-გროტესკულია მთლიანობაში ფოფოდიას სახე. `გარდატეხის~ ასაკში მყოფი, ხორცსავსე მღვდლის ცოლი, შალვა დადიანს პიესაში მინიშნებებით ერთობ `კეკლუც~ ქალბატონად ჰყავს გამოყვანილი. გოჩა კაპანაძემ კი იგი მთელი სოფლის, და არა მარტო სოფლის, `ხარჭად~ აქცია. პიესაში არის მაზრის უფროსის, `სტრაჟნიკის~, მეგრელი ჯვებე ქოლორდავას და ფოფოდიას საარშიყო სცენები და აგრეთვე მინიშნება მათი `თხილნარში გასეირნების~ შესახებ. სპექტაკლში `თხილნარის~ ეპიზოდი გათამაშებულია. გარდა ამისა, რეჟისორმა ფოფოდია ჯვებეს თანაკუთხელ, იმერეთში გამოთხოვილ `ქალბატონად~ აქცია. `კუთხური სეპარატიზმი~ ერთმანეთისადმი გაშმაგებული ლტოლვის ერთ-ერთი მიზეზთაგანია. ფოფოდია სპექტაკლში აშკარად მსუბუქი ყოფაქცევის ქალად იქცა. პიესის ავტორს აგრაფინა აღწერილი ჰყავს ნაზი ნაკვთებისა და სანდომიანი ღიმილის მქონედ. გოჩა კაპანაძისეული აგრაფინა (რუსუდან მელაძე, ქეთი ჩაჩუა) ნერვიული, დაძაბული, ისტერიის ზღვარზე მყოფია. სახეზე კი უფრო დამცინავი ღიმილი ესახება. აგრაფინას სევდანარევი, დამცინავი ღიმილი, მის გარშემო არსებული საზოგადოების უგვანო ქცევის ნაყოფია. პიესისგან განსხვავებით, სპექტაკლში, იგი მითოლოგიურ სოციალისტ კაკუტაზეა შეყვარებული. ოღონდ ეს სიყვარულიც, სიყვარულის ობიექტივით ეფემერულია. სპექტაკლში, შეიძლება ითქვას, იგი ერთადერთი პერსონაჟია, ვინც მეტ-ნაკლებ სიმპათიას იმსახურებს. რეჟისორმა აგრაფინას ტიპაჟს, დრამატურგიული ნაწარმოებისაგან განსხვავებით, უფრო მეტი დატვირთვა მიანიჭა.
სცენაზე ყოველი ახალი პერსონაჟის შემოსვლას მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ფონი გასდევს: თავადი კოწიას გამოჩენას `ჩემო ციცინათელა~, ფოფოდიას _ ჩონგურზე შესრულებული მელოდია, შეყვარებული ადიკოსა და ფაციას წყვილს _ შოპენი... გამდიდრებული გლეხი, სოფლის მამასახლისი მალხაზი წითელბაბთიანი გიტარით, რუსული რომანსის სიმღერით მოევლინება მაყურებელს. მის ქცევებში, რეჟისორმა, ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელ, `დარდიმანდულ~ შტრიხებზე გააკეთა აქცენტირება. პიესით და სპექტაკლშიც, გამდიდრებული გლეხის, ახლადფულნაშოვნი კაცის ტიპაჟს ორი პერსონაჟი ასახავს: მალხაზი და მამასახლის მოწინააღმდეგე ჯიბო კვანტრიშვილი. ორივეს სოფლის გასაჭირზე მეტად საკუთარი ჯიბე ადარდებთ. ერთს თანამდებობის დაკარგვის ეშინია, მეორე კი `დანოსს~ `დანოსზე~ წერს თანამდებობის მოსაპოვებლად. მათ ეს თანამდებობა საკუთარი კეთილდღეობისათვის სჭირდებათ. 
გროტესკული ხერხით აქვს რეჟისორს გადაწყვეტილი `გადამთიელ~, მაზრის უფროს გრენგოლმთან (მსახიობი ნიკა წერედიანი) მისული `მთხოვნელების~ სცენები. სოფელში დავიდარაბა ატყდა: მაზრის უფროსი მობრძანდებაო... პიესაშიც და სპექტაკლშიც, საზოგადოებას თითქოსდა სოფლის გასაჭირი _ დაკეტილი, გასარემონტებელი სკოლა, ჩამოქცეული ეკლესია, ჩავარდნილი ხიდი _ აწუხებს. მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ შებედავს გრენგოლმთან სოფლის ჭირ-ვარამზე საუბარს. გოჩა კაპანაძემ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სცენები გროტესკულად გადაწყვიტა, ჩემი აზრით, სარკაზმნარევი გროტესკით. გრძელი მაგიდა გრენგოლმის მოსასვენებელ ლოგინად იქცა. მაზრის უფროსს წინა საღამოს კნეინა ჩიტუნიასთან ქეიფი და `დროსტარება~ ზედმეტი მოუვიდა და ახლა ნაბახუსევზე ძილი სურს. აკი განუცხადა კიდეც სოფლის მაცხოვრებლებს: დღეს მე საქმეზე არ ვარ ჩამოსულიო. `სტრაჟნიკ~ ჯვებე ქოლორდავას მკაცრად აფრთხილებს, არავინ შემოუშვას. პირველი მთხოვნელი, თავადი კოწია ლანგარზე შემოდებული ჭიქით ეახლება მაზრის უფროსს. ჯვებე ცდილობს არ შემოუშვას, მაგრამ ნაბახუსევ გრენგოლმს სასმელის მიღების პერსპექტივა ხიბლავს და შემოაშვებინებს კოწიას. კოწია მის მიწებზე აღმოჩენილი სხვადასხვა მადნეულის მოპოვებისათვის, თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, საინვესტიციო კომპანიის მოძებნაში დახმარებას სთხოვს და სანაცვლოდ მოგების ნახევარს სთავაზობს. წამოწვა გრენგოლნმი ე. წ. საწოლზე და უცებ ქვევიდან კაკუნის ხმა ისმის. შეცბუნებული გრენგოლმი ვერ ხვდება, რაშია საქმე. გაუგებრობა დიდხანს არ გრძელდება. ლოგინს გადაფარებული ზეწრის ქვეშიდან თავადი კოწიას კნეინა, ჩანგალზე წამოცმული მჟავე კიტრით (როგორც ცნობილია, ნაბახუსევზე მჟავე კიტრს მიირთმევენ ხოლმე) გამოძვრება. კნეინა რაჭაში მამულების გაყოფას ედავება ნათესაობას. კნეინას მამასახლისობაზე მეოცნებე ჯიბო კვანტრიშვილი მოსდევს. ჯვებე ცდილობს მის შეჩერებას, მაგრამ, ამაოდ. პირადულ საქმეზე ვარ, ბატონო, სოფლის საქმეზე არ მოვსულვარო. ჯიბო, მამასახლის მალხაზზე ჩვეული `დანოსის~ მისართმევად მიბრძანდება მაზრის უფროსთან. ის, მალხაზივით გამდიდრებული გლეხი,  ხომ ასევე, მამასახლისობაზე ოცნებობს. `დანოსის~ გადაცემის შემდეგ, ქრთამის სახით ფულსაც აძლევს გრენგოლმს და ხელზე ბეჭედსაც უკეთებს.  მას ფეხდაფეხ მამასახლისი მალხაზი მოჰყვება. _ ჩემზე  წერს ხომ ფუქსავატიაო... ეკითხება ლაქუცის ინტონაციით გრენგოლმს. `ანა თითი, ბანა თითი, აი თითი, აი თითი~ _ განაგრძობს მალხაზი და თან ყველა თითზე თითო ბეჭედს ჩამოაცმევს მაზრის უფროსს. მერე კი ორჯერ უფრო დიდ დასტა ფულს გადასცემს. აბა, სხვანაირად როგორ შეინარჩუნებს საკუთარი კეთილდღეობისთვის მოპოვებულ მამასახლისობას? გენერალი ბერდოსანი მობრძანდებაო... ახლა კი ინებებს გრენგოლმი ჩაცმას... აი, ახლა კი ნამდვილად სოფლის გასაჭირზე დაუწყებს გენერალი საუბარს. მაგრამ... გენერალი ბერდოსანი (ნუგზარ წერდიანი), რეჟისორმა გალოთებულ მოხუცად აქცია. პიესაშიც და სპექტაკლშიც იგი თავიდან დეტალურად იკვლევს გრენგოლმის წარმომავლობას. აღმოჩნდება, რომ გრენგოლმი თავად-აზნაურთა წრეს არ მიეკუთვნება. ბრწყინვალების ორდენი კი, თბილისში სპარსეთის შახმა რომ ჩამოიარა, სხვებთან ერთად მასაც აჩუქა. იგი უბრალო ჟანდარმის შვილი, დედით ქართველია. თბილისში პოლიციაში მუშაობდა და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. გადამდგარი, პენსიაში მყოფი გენერალი კი, იმის მაგივრად, რომ სოფლის გასაჭირზე ესაუბროს, საკუთარი პენსიის მომატებაზე ხელშეწყობას სთხოვს. შვებით ამოისუნთქავს გრენგოლმი, რაც მთავარია, ეკლესიის შეკეთება, სკოლის გარემონტება და გახსნა, ხიდის აღდგენა არ უთხოვიათ მისთვის. გრენგოლმის `სტრაჟნიკებს~ გენერალი ე. წ. `ოქროს ტახტით~ გაჰყავთ სცენიდან. რა  თქმა  უნდა, სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...
ადიკო პიტრიშიძე (მსახიობი ვანო დუგლაძე) პიესაშიც და სპექტაკლშიც, სიმპათიური, წიგნიერი, რუსეთში `ნასტავლი~, თანამედროვე იდეებით – ხან მარქსიზმითა და ხან ფუტურიზმით, გატაცებული ახალგაზრდაა. რეჟისორმა სპექტაკლში ადიკოსა და რევოლუციონერ კაკუტას ტიპაჟი გააერთიანა. პიესაში არსებული მისი `მოწინავე იდეებიც~ ადიკოს ტექსტში შეიტანა. ადიკო სხვასთან ერთად ქალისა და მამაკაცის თავისუფალი ქორწინების მომხრეა. რა საჭიროა ჯვრისწერა, თუკი ქალს და მამაკაცს ერთმანეთი იზიდავთ? _ ეკითხება იგი თავადიშვილ ფაციას. გაღატაკებული დიდგვაროვნის შთამომავალს კი მრავალ აუსრულებელ ოცნებათაგან მხოლოდ  ერთიღა შერჩა – ქორწინება!!! 
ერთობ საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი რეჟისორს გრენგოლმისა და ფაციას `არშიყის~ მიზანსცენა. კულისებიდან `გახურებული ქეიფის~ ხმები ესმის მაყურებელს. სცენაზე გრენგოლმი და ფაცია შემოდიან. სცენა _ განათების მეშვეობით _ თეთრ, ვარდისფერ, მონაცრისფრო ფერებშია გადაწყვეტილი. შეზარხოშებული გრენგოლმი ფაციას სთხოვს მოუყვეს საკუთარი ოცნებების შესახებ. მაგიდა ამჯერად ფიცარნაგის როლს ასრულებს. ფაცია თეთრ სამოსში გამოწყობილი, სახეზე თეთრნიღაბაფარებული მოგვევლინება ამ ფიცარნაგზე. მისი მოძრაობების პლასტიკა მარიონეტის მსგავსად ტეხილია. რაღაცნაირად იაპონურ თოჯინას მოგაგონებთ. თავად-აზნაურთა წრის გაღატაკებული ოჯახის შვილი, რომელსაც საჯარო სკოლაში ასწავლეს უფულობის გამო, მსახიობობაზე ოცნებობდა (პიესაში პოეტობაზეც უოცნებია ფაციას), შემდგომ მონაზვნობას ფიქრობდა, მაგრამ მშობლებმა არ დაანებეს ოცნების ასრულება. მსახიობი ნიღაბს იხსნის და ამბობს, რომ ახლა, მხოლოდ გათხოვებაზე, შვილებზე ოცნებობს. გრენგოლმი ხელს სთხოვს, მაგრამ ფაციას გადამთიელზე გათხოვება არ სურს (გრენგოლმი, დედით ქართველი, გერმანელი წარმოშობის რუსია). პიესისგან განსხვავებით სპექტაკლში, უფრო მოგვიანებით, ფინალისკენ გრენგოლმი და ფაცია ერთად წვებიან, მაგრამ მანამდე კვანძის გამხსნელ მონოლოგს წარმოთქვამს გრენგოლმი. სწორედ ამ მონოლოგის შემდეგ თანხმდება ფაცია გრენგოლმთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე. `თქვენი ქალები სულ უცხოელებზე უნდა გაათხოვოთ... თუ გინდათ, რომ სისხლი განაახლოთ... აბა, რას წარმოადგენთ ახლა?.. დაჩიავებული, დაგლახაკებული... აქა-იქ თუ გამოვარდება თქვენისთანა კეკლუცი, თორემ, აბა, სადღა არიან ოდესმე განთქმული грузинские красавицы?.. ეს რატომ მოხდა? .. იმიტომ რომ, მუდამ მონები იყავით ქართველები და ერთხელაც არ ცდილხართ ამ მონობისგან რიგიანათ თავი დაგეღწიათ... მონას კი ან რა კვება ექნება, ან რა ჯიშის შექმნა შეუძლიან! Где ваша породистость!? თქვენ გგონიათ, მე არ ვიცი თქვენი ისტორია? ერთი ბატონიდან, მეორე ბატონის ხელში გადადიოდით... ყველა თქვენ გირტყამდათ: (...) თქვენ კი ამბობთ _ კულტურული ხალხი ვიყავითო. რა კულტურა? რა კულტურა?  რა გაგაჩნდათ? რა გქონდათ? .. ჩვენ რუსებმა მოგანიჭეთ ყოველივე. ახლა, ახლა მაინც უნდა მოეგოთ გონს... ახლა ჩვენ უნდა შეგვიერთდეთ სულით, სისხლით, სხეულით... უწინარეს ყოვლისა თქვენ, ქალები, უნდა გახდეთ гражданки великой русской Империи და მაშინ... შეიძლება თქვენი საქმეც გამოკეთდეს...~ .  აი, სწორედ ამ საზარელი სიტყვების შემდგომ, თავიდან თითქოს შეცბუნებული, თანხმდება გრენგოლმის წინადადებას და სიტყვებით: `აი ჩემი ხელი~... ხელს გაუწვდის თავადიშვილი ფაცია გადამთიელ, უთვისტომო, უჯიშო, პოლიციური სისასტიკით გამორჩეულ გრენგოლმს. გაიყიდა ფაციაც... ბოლო ოცნებასაც უღალატა... გაიყიდა, მაგრამ ნამდვილი ბედის ირონიაა _ კნეინა ჩიტუნიას ძალისხმევა რომ არა, უთვისტომო გრენგოლმი ფაციას არ შეირთავდა. თავადი კოწია კი, ქალიშვილის ღირსების დაცვის მაგიერ, იმით გახარებული, რომ ახლა უკვე სხვა გუბერნიაში გადაყვანილი (ფინალისკენ, სწორედ ფაციას და გრენგოლმს შორის სქესობრივი აქტის შემდეგ,  გრენგოლმს ბრძანება მოსდის სხვა გუბერნიაში გადაყვანის შესახებ) მაზრის უფროსის სიძეობა სიდუხჭირისგან იხსნის მის ოჯახს... მისთვის უფრო მთავარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აწი თავისივე ყოფილი გლეხის კი არა, ვიღაც გადამთიელი გრენგოლმის `ნახლებნიკად~ იქცა. ატირებულ ფაციას, რომელიც ბოდიშს უხდის მამას ამ საქციელისთვის, ჩაეხუტება და ამბობს: რას ამბობ შვილო, ხელმწიფისტოლა კაცია... 
სპექტაკლში კიდევ უფრო ხაზგასმულია საზოგადოების ამორალურობა. ამორალურნი არიან შალვა დადიანის პერსონაჟებიც. გოჩა კაპანაძემ სწორედ ამის უტრირება მოახდინა: კნეინა ჩიტუნია - გრენგოლმი – ფაცია; ადიკო – ფაცია – კნეინა ჩიტუნია; ფოფოდია _ და ყველა მამაკაცი; მოკლედ რომ ვთქვათ, ვინ-ვის არ ეარშიყება, ვინ-ვისთან არ წევს...
სულისშემძვრელი კონცეფციაა ჩადებული რეჟისორის მიერ, `სტრაჟნიკად~ ქცეულ გორგასლიანის, კანკანის ცეკვაში. დრამატურგის მსგავსად, რეჟისორს ეს სცენა ფინალისკენ აქვს ჩართული. პიესაში გორგასლიანი `ფრანგულ~ ჭიდაობაში იღებს გრენგოლმისგან 15 მანეთს, მაგრამ იქვე რემარკაში დადიანის მიერ მითითებულია  _ დამდგმელს შეუძლია ჭიდაობის მაგიერ ცეკვა ჩართოსო. გოჩა კაპანაძეს  იმდენად ეფექტურად აქვს ეს სცენა გაკეთებული, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ფინალი ყოფილიყო. ასევე, ფინალად შეიძლება მოიაზრებოდეს, ზემოთ აღნიშნული ფაციას სულის ყივილი: _ იყიდება საქართველო!!! საბოლოო წერტილი კი ვირთხისთავიანი ნიღბებით მოქმედი პერსონაჟების მაგიდის გასწვრივ განლაგებაა!!! ყველა ეს მიზანსცენა, განათების, მუსიკის მეშვეობით რეჟისორს ეფექტურად, სულისამაფორიაქებელი, სულისშემძვრელი კონცეფციით აქვს გადაწყვეტილი. ყოველი მათგანი შეიძლებოდა ფინალური ყოფილიყო. სულისშემძვრელია იმის შეგრძნება, რომ შენი ქვეყანა, შენი სამშობლო, შენი საქართველო `ვირთხებისაგან~ შემდგარი საზოგადოების ამარა დარჩა... ამ ყველაფრის გაანალიზებისას, რა თქმა უნდა, ვეღარაფერს გრძნობ `სულიერი სიცარიელის~ გარდა...  
სცენაზე მოქმედი პერსონაჟები, ტიპაჟები – შენი ნაცნობები, ამხანაგები, მეგობრები, ნათესავები არიან. თავად შენ ხარ!!! ვინაიდან სწორედ ამ საზოგადოების წევრი ხარ _ კონფორმისტები, `ურა პატრიოტები~, `ლიბერალისტები~, `სოციალისტები~, `ფედერალისტები~, `ფუტურისტები~, ათასნაირი `ისტები~...  კერპთთაყვანისცემლები... ყოველთვის ვიღაცის მიერ მართული `მარიონეტები~. ძნელია ამის გაცნობიერება... ძნელია, მაგრამ ჰაერივით აუცილებელი, თუ გვინდა, რომ ვიქცეთ ადამიანებად, თუ გვინდა, რომ ჩვენი ღირსება არავის გავათელინოთ, თუ გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს გვეღირსოს ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თანამედროვე ქვეყანაში ცხოვრება...