top of page

სულივით, ოცნებასავით, იმედივით, ნატვრასავით...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

„ჩემი მატარებელი ბოლო სადგურს უახლოვდება“

05.02.2026

ლელა ოჩიაური

სულივით, ოცნებასავით, იმედივით, ნატვრასავით...

ბევრი წლის წინათ, ნიკო ფიროსმანსა და ლუვრში მის გამოფენას, ლუი არაგონი, ჩემი აზრით, დღესაც მნიშვნელოვანი არსის შემცველი წერილით გამოეხმაურა. დასაწყისში, ის წერს: „მხატვრობა არის ხელოვნება, რომელიც საგონებელში აგდებს ყველას. ყოველთვის, როდესაც გვეჩვენება, რომ ის აღწევს საზღვარს, რომლის იქით ახლის შექმნა თითქოს შეუძლებელია და მხოლოდ გამეორებაა შესაძლებელი, ხდება, რაც მხოლოდ ჯადოსნურ ზღაპარში შეიძლება მოხდეს - კარი იღება იქ, სადაც არ იყო, ინთება ალადინის ჯადოსნური ლამპარი, მფრინავი ხალიჩა მიაფრენს ადამიანის გონებას ჯადოსნური მხარეებისკენ... და აი, გამოჩნდა სიახლე, რომელიც იწვევს კამათს მხატვრობაში შეუძლებელსა და შესაძლებელის არსებობას შორის. ეს სიახლე, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მოვიდა იქიდან, საიდანაც სრულიად არ ველოდით - საქართველოდან...“

ფიროსმანზე თითქოს მართლა აღარაფერი „დარჩათ“ სათქმელი - მკვლევრებს, მწერლებს, ხელოვანებს.  ფიროსმანზე თითქოს ყველაფერი უკვე ითქვა და თითქოს მისი შემოქმედებაც აღარ იწვევს კამათს შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის. რადგან შეუძლებლის შესაძლებლობის ფაქტს ამტკიცებს. თუმცა, კვლავ რჩება საუბრის, ფიქრის, ასახვის, განსჯის, შთაგონების თემად - თეატრში,  კინოში, მხატვრობაში... წარმატებით და წარუმატებლად.

კომპოზიტორ და მუსიკოს ზვიად ბოლქვაძისა (ბათუმის  სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და რეჟისორ ზაზა სიხარულიძის მუსიკალური დრამა „ფიროსმანი“ - მუსიკალურ ცენტრში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობების - ფიროსმანი - კახა კობალაძე, სიკვდილი და სხვები  - თათია თათარაშვილი - მონაწილეობით - ის სიახლე აღმოჩნდა, რომელმაც კარი შეაღო იქ, სადაც კარი არ იყო და ახალ მხატვრულ ფორმაში მოაქცია - ფიროსმანიც, რეჟისურაც და მუსიკაც - უფრო ზუსტად, მათი სინთეზი.

შემოქმედებით ჯგუფში ბევრი ადამიანია ჩართული - სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარია - ვახტანგ (ბესო) ბესელია, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე; სპექტაკლის მუსიკა ჩაწერილია აფხაზეთის, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მიერ; დირიჟორი და ფორტეპიანო - ზვიად ბოლქვაძე,  კონსტანტინე გოცირიძე - ვიოლინო, გიორგი  ნადარეიშვილი - ჩელო, გიორგი პაპუნაშვილი - დუდუკი, ნიკოლოზ გნოლიძე - დასარტყამები; სოლისტები: ნინა კოვზიაშვილი, ნუცა მრევლიშვილი,  ქრისტინე ჯაფარიძე;  ჩაწერილია საავტორო სტუდიაში - Author's Studio, ხმის რეჟისორი - დავით ხოსიტაშვილი, აუდიო ჩაწერის პროდუსერი -  ნინო ჯანჯღავა; მხატვრული განათება - კახა გიგინეიშვილი, ირაკლი კრასნოპოლსკი, ხმის რეჟისორი - ვერა ქებულაძე, ხმის ოპერატორი - ჯაბა მახარაძე, პროექცია - ნიკა კრასნოპოლსკი, ტექნიკური რეჟისორი - ლანა მამეიშვილი. მუსიკალურ ცენტრში და ამ სპექტაკლის გარშემო ნამდვილი ხელოვანები არიან თავმოყრილი, ისეთებიც, არის თუ არა ხელოვნების რომელიმე დარგი მათი უშუალო პროფესია - ინგა  დავითაძე - დირექტორი, ზვიად მურვანიძე -  სადადგმო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

ზაზა სიხარულიძე ალბათ ყველაზე მოკრძალებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი რეჟისორია. არც სადმე ჩნდება, არც ინტერვიუებს იძლევა, კომენტარსაც არსად აკეთებს. ის კი არა, პრემიერაზე თავის დასაკრავადაც არ გამოდის. მოკლედ, „უჩინარია“. სამაგიეროდ, მისი რეჟისურაა სრულიად გახსნილი, თავისუფალი, ლაღი და ცოტათი „არაადამიანური“. ჩვეულებრივსა და კლიშეებს მიღმა.

ასეთივე თავმდაბალი, ჩუმი და ასეთივე ჩრდილში დგომის მოყვარულია, სცენისა და მუსიკის საზღვრებს გარეთ ზვიად ბოლქვაძეც და ცოტა „არაადამიანურია“, ასეთივე გახსნილი, ლაღი და სიცოცხლით, ენერგიით აღსავსე, ღრმააზროვანი, სახიერი და მეტყველია მისი მუსიკაც.

თავის საქმე ორივემ კარგად და ზუსტად იცის, რა უნდათ, როდესაც ახალ იდეაზე თუ ახალ ქმნილებაზე იწყებენ ფიქრსა და მუშაობას. ისინი უკვე მეორედ გაერთიანდნენ. პირველი შეხვედრა იყო „მედეას ვნებანი“, ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ თემაზე, თათია თათარაშვილის მონაწილეობით და ამბობენ, რომ მესამე პროექტიც მზადდება. სადადგმო ჯგუფი ორივე შემთხვევაში, ძირითადად, იგივე იყო.

„ფიროსმანი“, რომელიც შემოქმედებითმა გუნდმა მთარგმელ და დრამატურგ თამაზ გოდერძიშვილს მიუძღვნა, რთული და არაერთგვაროვანი ფორმისა და აგებულებისაა. და აერთიანებს - დრამატული თეატრის კომპონენტებს - რეჟისურა, მსახიობები, ამბავი, დიალოგები და მონოლოგები, ქმედება, პლასტიკა, ქორეოგრაფია, პროექცია, შუქწერა, სხვადასხვა ინტენსივობის ცვალებადი განათება და რაკურსები და ამავე დროს, სიმფონიური მუსიკის კანონებით შექმნილ  მუსიკას - მუსიკალური თემები, ორკესტრი, კლასიკური და ხალხური საკრავები, გუნდისა და სოლისტების ხმები. ეს  ყველაფერი ერთიანი, უწყვეტად ცვალებადი და ამავე დროს, მყარად შეკრულია.

სპექტაკლის დრამატული ნაწილის საფუძველი ზაზა სიხარულიძის საავტორო ტექსტია, რომელშიც გაერთიანებულია - ფრაგმენტები ანდრეი ტარკოვსკის ფილმების სცენარებიდან, ოთარ ჭილაძისა და ვადიმ კოროსტილევის ნაწარმოებების ფრაგმენტები - ცხოვრების, სიცოცხლისა და სიკვდილის, მარადიულობისა და უშუალოდ ფიროსმანზე და ზოგადად შემოქმედებითი პროცესზე მსჯელობის, ფიქრის შესახებ. აგებული და დამონტაჟებულია ერთიან დრამატურგიულ ხაზზე, რომელიც ორგანულადაა შეკავშირებული მუსიკალურ დრამტურგიასთან. ეს ორივე სფერო ავსებს და ამთლიანებს ერთმანეთს და ერთმანეთისგან სრულიად განუყოფელია. მუსიკალური ხმოვანება სხვადასხვა ტონალობით, მინორიდან მაჟორამდე, კრეშჩენდოდან დეკრეშჩენდომდე და სხვა, გამდიდრებულია სხვადასხვა საკრავითა და მათი ჟღერადობის სპეციფიკურობით, რომელთაგან ზოგი ერთი-მეორესთან თითქოს შეუთავსებელია, თუმცა ჰარმონიულადაა შეთავსებული.

სად იწყება მუსიკა (რომელიც, ამავე დროს, სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებადაც არსებობს და სრულდება) და სად რეჟისურა - შეუძლებელია დადგენა და ცალკე აღქმა. განხილვა. ესაა ერთიანი და მონოლითური, მოლივლივე და ეთერული ქმნილება, რომლისგანაც ასევე შეუძლებელია გამოჰყო და ცალკე „დაინახო“ მსახიობებისა და ასევე ცალკე - ფიროსმანის სამყაროს, შემოქმედების არსებობა.

უზარმაზარ და ფაქტობრივად ცარიელ სივრცეში, უზარმაზარი კომპოზიციების გამოსახულებების ფონზე, მსახიობების ფიგურები კოსმოსის უსაზღვრო სისტემის ნაწილებად წარმოსდგებიან. უწონადობის მდგომარეობაში და სამყაროს უსასრულობაში ჩაკარგულები. მოქმედების დრო, ადგილიცა და სივრცეც რეალობის მიღმაა და გარემო, რომელშიც ხდება მოქმედება, ასევე პირობითი და განზოგადებულია.

სივრცე თითქმის მთლიანად ცარიელია. მხოლოდ პერიოდულად, სხვადასხვა შინაარსისა და არსის ამსახველ და შემცველ ეპიზოდებში ჩნდება, მოქმედებაში ერთვება ფიროსმანის სხვადასხვა ფერწერული ტილოს მონუმენტური გამოსახულებები - „აქტრისა მარგარიტა“, „მეთევზე“, „ბათუმი“, „რთველი“, „ქეიფი“ და სხვები. ეს გამოსახულებები დეკორაციის მთავარ ნაწილებს ფარავს.  ბათქაშაყრილი აგურის ძველი კედელი, მასში გაჭრილი ხის ფიცრებისგან შეკრული, დაზიანებული კარი,  ხის ტახტი  თითქოს სარდაფის არსებობას უნდა გულისხმობდეს (რაც ბუნებრივად წარმოგვიდგენია, ფიროსმანის საცხოვრებლის შესახებ) და თითქოს კონკრეტული ადგილის ამსახველი უნდა იყოს, მაგრამ სხვა, არამიწიერი განზომილების შეგრძნებას აჩენს. და ეს გასაკვირი არაა, რადგან ფიროსმანიცა და მისი შეხვედრა მატერიალიზებულ სიკვდილთან, მხოლოდ კახა კობალაძის - მხატვრის - წარმოსახვაში არსებულია. მისი ნამუშევრების პროექციაც, სცენის უკანა კედლის მთელ სიგრძე-სიმაღლეზე,  ასეთივე მოცულობისა და დატვირთვისაა, რაც ქმნის მონუმენტურობის ეფექტს  და კიდევ უფრო ნათელსა და აშკარას ხდის ფერწერული ტილოების დიდებულებას. და ირეალობის ატმოსფეროს ააქტიურებს.

მისტიკურობის, პირობითობისა და ზღაპრულობის ატმოსფეროს აძლიერებს და იდუმალებას ანიჭებს  მიზანსცენების აგებულება, თანმიდევრობის თავისებური წყობა და გადაწყვეტის ხერხი, განათების ცვალებადობა და წყაროების სხვადასხვაობა, ინტენსივობის არაერთგვაროვნებაა. სცენები ერთმანეთისგან კაშირების  - კინოხერხით - გამოიყოფა. ერთ ეპიზოდს  მეორე ჩაბნელებით ცვლის, შემდეგ ყველაფერი ისევ და ძლიერად ნათდება, მიზანსცენა მომდევნო კომპოზიციაში გადადის, ნახევრდასიბნელეში იძირება და მოვლენების სხვა ეტაპის, არსის გამომსახველი ხდება.

მსახიობების წარმოთქმული თითოეული ტექსტი, რომლებიც  ჩვეულებრივ და თითქოს ყოფით სკითხებს ეხება, ყოფითი და ჩვეულებრივი დიალოგებისა თუ მონოლოგების საზღვრებს სცილდება. ისინი დატვირთულია და გაჯერებულა პოეზიით, ფილოსოფიური განსჯით, პასუხების ძიებით სამყაროს, სიკვდილის, სიცოცხლის, წარსულის, დაშვებული შეცდომების, ყოფიერების შესახებ; მოგონებები და შედარებები, აღქმა და სამყაროს თავისებური ჭვრეტა ბევრ ზოგადსაკაცობრიო კითხვაზე პასუხის ძიებაა და ფიროსმანის არსებობის საიდუმლოს ამოხსნისკენ სწრაფვა.

კახა კობალაძე გარეგნობითაც გავს ფიროსმანს. ტიპაჟურად, ფაქტურით, მეტყველი სახითა და აღნაგობით. ყოველ შემთხვევაში, მასზე არსებული მწირი წარმოდგენებისა და ფოტოების მიხედვით წარმოსახულს. მეტიც, მსახიობს იმდენად ზუსტად აქვს მოფიქრებული პერსონაჟის თვისებები და ხასიათის ნიშნები, რომ გჯერა - სწორედ ასეთი იყო ფიროსმანი. მისი ნიკალა მორიდებული, ხმადაბლა მოსაუბრე, თითქოს უსუსური და არამიწიერია. ყოფისგან თავისუფალი და ყოფიერების სიმძიმით დამძიმებული. მოძრაობის, სიარულის  თავისებური მანერა, ქმედების სახასიათო სტილი, მეტყველების თავისებურება ახასიათებს. და რაც ყველაზე გამორჩეულია - თუ შეიძლება, რომ ცეკვით, მოძრაობით, ჟესტით, ილეთით მსახიობმა გამოხატოს გარდაცვალება, სულის სხეულისგან გათიშვის პროცესი - კახა კობალაძე სპექტაკლის ფინალში ამის შესაძლებლობას ამტკიცებს.

ამ სცენაში მუსიკის, რეჟისურის, ვიზუალური გადაწყვეტის, განათების, სამსახიობო ოსტატობისა და ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის ფანტაზიის ერთობა ხელოვნების უმაღლეს ხარისხს აღწევს.

ამბავი, მოქმედება, მუსიკა, თემის ვარიაციებითა და ახალი თემების, ახალი ჟღერადობით გამდიდრებით კულმინაციისკენ დინამიკურად მიიწევს და ფინალი - ფიროსმანის - თითქოს რიტუალური ცეკვა - რაპიდული მოძრაობებით სცენის ერთი წერილიდან მეორეში უეცარი გადასვლებით, ძლიერი განათებისა და ჩაბნელების მონაცვლეობის თანხლებით, ქორალში გადაზრდილი მუსიკა, კაპელასა და სოლისტების ხმები - ანგელოზების გალობას რომ გაგონებს - აღრმავებს დრამატიზმსა და ამავე დროს, თავისუფლების განცდას ბადებს - „სულივით, ოცნებასავით, იმედივით, ნატვრასავით...“

სიკვდილი, რომელსაც მშვენიერი ქალის სახე მიუღია, ფიროსმანს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან რომ  სდევს, მისი ყველა ნაბიჯის მოწმეა და ყველა ქმნილების უკან იმალება. ფიროსმანის წინაშე მათ „ასახიერებს“, ზმანებასავით ეცხადება, მის მსაჯულად იქცევა და სხვადასხვა სიმძიმის ბრალდებებს უყენებს. ის თითქოს ფიროსმანის შინაგანი ხმაა, შინაგანი და მიმალული „მე“, ქვეცნობიერის ფიზიკური გამოხატულება, იდუმალებით მოსილი ალეგორიული სახე, რომელსაც თათია თათარაშვილი გამორჩეული სიფაქიზით, ღრმად გაცნობიერებული დამოკიდებულებით ქმნის. ამავე დროს, ესაა პერსონაჟი, რომელიც ერთდროულად სიკვდილსაც ასახიერებს და სიცოცხლესაც, სიცოცხლის წარმავალობასა და უკვდავებას. მსახიობი თავისუფლად ახერხებს, ირეალური რეალურად წარმოადგინოს, მყარი შინაგანი არგუმენტები მოუძებნოს მის ამგვარობას და სარწმუნოდ აქციოს.

აქ ყველაფერი სიკვდილის არსებობითაა გაჟღენთილი. თითქოს უკვე ყველაფერი მომხდარია ან ამ წუთებში ხდება და მოხდება. სიკვდილი უკვდავებაცაა. სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარი აქ აღარ არსებობს. და სწორედ ამიტომ, როდესაც „ფიროსმანს“ უსმენ და უყურებ, ცოტათი მაინც იჯერებ, რომ ცხოვრება მშვენიერია. და სიკვდილის არ გეშინია.

ოთარ ჭილაძის შეფასებით: „მისი „მოქეიფეები“ წმინდანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქეიფეებს, ოღონდ ეგაა, ჯვრებისა და ხატების ნაცვლად ხელში ჩვეულებრივი ყანწები უჭირავთ. და მაინც, მათი „ქეიფი“ დროსტარების ტრადიციული სცენა კი არ არის, არამედ იდუმალი აქტია უაღრესად მნიშვნელოვანი საიდუმლოს განდობისა, ოღონდ საიდუმლოს განმდობებს სახეებზეც ეტყობათ, თვითონვე რომ არ სჯერათ, მართლა თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე მათი საიდუმლოს გამგები“.

არ ვიცი, რამდენად ვართ ჩვენ, მაყურებელი ზაზა სიხარულიძისა და ზვიად ბოლქვაძის სპექტაკლის საიდუმლოს გამგებები, მაგრამ მათ, მსახიობებთან ერთად, ნამდვილად „ამოხსნეს“ ფიროსმანის საიდუმლო და მისი გაშიფვრის თავისებური ვერსია შექმნეს.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის სახელნწიფო ცენტრი ნამდვილადაა მუსიკალური და ზოგადად, კულტურის ცენტრი - მშვენიერი შენობიდან დაწყებული, მასში წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის კონცერტებითა და მუსიკის საღამოებით. „ფიროსმანიც“ ქართული კულტურის ნაწილია, მნიშვნელოვანი და გამორჩეული. რაც მასში ხდება, შეიძლება მოვლენა უწოდო - მუსიკის, დრამატურგიის, რეჟისურის, სამსახიობო ოსტატობის.  სპექტაკლი, რომელიც და როგორიც ეკადრება ფიროსმანს. სპექტაკლი, რომელიც გნუსხავს და ბედნიერებას განიჭებს.

bottom of page