top of page

„სულს იქით არაფერი გაბადია…”   

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

37726920_521530384931779_3068472984432803840_n.jpg

10.11.2025

მარიამ ბალახაძე

„სულს იქით არაფერი გაბადია…”   

 

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის რეპერტუარი გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ჟანრობრივი თუ ეპოქალური სხვადასხვაობით. ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალი ასპექტით საინტერესო სპექტაკლი გახლავთ ნიკოლაი გოგოლის ნოველის მიხედვით დადგმული “შეშლილის წერილები”, რეჟისორი სოსო ნემსაძე. გოგოლის ეს ნაწარმოები ერთ-ერთი საკულტოა მსოფლიო ლიტერატურისთვის. ის იწერება იმ დროს, როცა რუსეთი (და არა მხოლოდ) იყო მკაცრად დოგმატიზებული ავტოკრატიის, კონტროლისა და ბიუროკრატიის მანქანად ქცეული (დაახლოებით 1825-1855 წლები). ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ის ლავირებს სოციალურ, პოლიტიკურ და ეგზისტენციალურ პარადიგმებში. ესაა ადამიანის ცნობიერების დესტრუქციის დრამატიზებული ქრონიკა, ადამიანის ფსიქოლოგიის ბნელი კუნჭულების კვლევისა და ძიების დიდებული მცდელობა. 

 

ამიტომ, ჩემი, როგორც თეატრის კრიტიკოსის წინასწარი დამოკიდებულება, ბანალურად რომ ვთქვათ, სკეპტიკური იყო. მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა ერთი რამ - რა კონკრეტული პასაჟი გახდებოდა სოსო ნემსაძისთვის საკვანძო და ძირეული, რომელზეც შემდეგ იგი “დააშენებდა” სპექტაკლს - ადამიანის ფსიქოლოგიური განადგურების ტრაგიზმი, დაუნდობელი მანქანისა და სახელმწიფო სტრუქტურების სისასტიკე ინდივიდის წინააღმდეგ, სამყაროს აბსურდულობა, სოციალური კრიტიკა თუ სხვა…

 

წარმოდგენის დასაწყისში მსახიობი ქალი - თამარ კანდელაკი (რომელიც საბოლოოდ ფსიქიატრიულის მედდად გვევლინება) მიკროფონში საგანგებოდ აცხადებს თარიღებს. ეს აქსენტი ივანოვიჩ პოპრიშჩინის მემუარების თარიღებია, თუმცა ნელ-ნელა მაყურებელს არარსებული და უტოპიური ფრაზები ესმის - ოცდათოთხმეტი მარტი, თებერვალი, სამას ორმოცდაცხრა… ისევე, როგორც ეს ნოველაშია. მაყურებელში იქმნება წინასწარი მზაობა, რომ ახლა იხილავს აბსურდის, ირონიის, სატირის დღესასწაულს. შემდეგ იწყება მასკარადი, თუმცა ეს როდია სიხარულისა და აღტკინების სურათი... ამ ხერხით რეჟისორი ორ წინასწარ მესიჯს გვაწვდის. პირველი ეს არის დამონებული და დაპროგრამებული საზოგადოების სახე, რაც ლოგიკური და კანონზომიერია ისეთი სახელმწიფოსთვის, სადაც მძვინვარებს იდეოლოგია და ავტოკრატია. ხოლო მეორე არის ერთ ყალიბში გამოყვანილი ბურჟუაზიისა და ელიტის ირიბი, ალეგორიული კრიტიკა.

 

იწყება აქსენტი ივანოვიჩ პოპრიშჩინის დღიურის თანმიმდრევრული კითხვა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანდრია ვაჭრიძე არღვევს მეოთხე კედელს და  ერთდროულად ითავსებს მთხრობელისა და მსახიობის ფუნქციას. ის გვიკითხავს წერილებს, თუმცა თან მონაწილეა იმ სურათების, რომელზეც პერსონაჟი წერს. ამიტომ, სპექტაკლის დრამატურგიული სტრუქტურა ეფუძნება ფრაგმენტულობას. ანდრია ვაჭრიძე შესანიშნავად გვაცნობს პერსონაჟის არა მხოლოდ ბიოგრაფიას, არამედ მის ფსიქო-ემოციურ მიდრეკილებებსა და მდგომარეობებს. პოპრიშჩინი დაბალი სოციალური სტატუსის მქონე სახელმწიფო მოხელეა. მარტოსული და საზოგადოებისგან გაუცხოებული. ის განიცდის არასრულფასოვნების კომპლექსსა და “პატარა ადამიანის” ტიპური სახეა.

 

წერილებისა და მემუარების გაცნობასთან ერთად ვიგებთ, რომ პოპრიშჩინი შეყვარებულია მისი დირექტორის ქალიშვილზე, თუმცა მას ხელს არ უწყობს, უფრო მეტიც, ხელს უშლის სოციალური სტატუსი. ამის დასტურად დირექტორის ქალიშვილი (სოფიკო ჩხიტუნიძე) პოპრიშჩინს ეტყვის ფრაზას : “სულს იქით არაფერი გაბადია…”. ეს პირდაპირი მნიშვნელობით ელდაა მაყურებლისთვის და ჩემთვის სიმბოლო გახდა მთლიანად ნაწარმოებისა და სპექტაკლის. გმირის ცხოვრება მოიცავს აბსურდულ ბიუროკრატიულ სამყაროს, სადაც ადამიანი არაფერია სისტემასთან შედარებით. თვითონ მისი მრჩევლის სტატუსიც ირონიულად აისახება პერსონაჟის თვითშეფასებაზე და ამძაფრებს “პატარა ადამიანის” კომპლექსს. ანდრია ვაჭრიძე ძალიან დიდი დამაჯერებლობით, იმპროვიზაციული ელემენტებითა და ვერბალური ექსპრესიით ქმნის საოცრად დასამახსოვრებელ გმირს, რომელსაც შეუძლებელია არ თანაუგრძნო.

 

ყველაზე დიდი კვალი ჩემს მეხსიერებაში დატოვა პოპრიშჩინის მოსამსახურე ქალის - მავრას გმირმა. არ მოვერიდები სტატიისთვის შესაბამის სისადავეს და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ყველაზე პატარა პერსონაჟი გამორჩეული და განსაკუთრებული უმაღლესი დონის სამსახიობო ოსტატობის დამსახურებით. ეკა ქვრივიშვილის მიერ გაცოცხლებული მავრა მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი ხდება.

 

მსახიობთა ანსამბლი ძირითადად ქოროს ფუნქციას ასრულებს, თუმცა პერიოდულად ცალკეულ სცენებში ვეცნობით მათ პერსონაჟებსაც. ამ სპექტაკლში ქოროს დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მისი წყალობით პირნათლად იხატება რუსეთის ბურჟუაზიისა და სახელმწიფოში გაბატონებული ქაოსური სისტემის ფენომენი. თანაც, მიუხედავად სიუჟეტის სიმძიმისა, ქორო პერიოდულად იუმორისტული პასაჟებით განმუხტავს ამ სიმძიმეს. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ნიკოლოზ გვაზავას გმირს. პოპრიშჩინის ერთ-ერთი მონოლოგის ფონად ნიკოლოზ გვაზავა მიკროფონში განუწყვეტლივ იმეორებს “რა შენი საქმეა დირექტორის ქალიშვილზე ფიქრი?!”. ამით ერთი მხრივ დასცინის პოპრიშჩინს, მეორე მხრივ კი მისივე პარანოიის ნაწილად გვევლინება. მრჩეველი აქსენტი ივანოვიჩი სწრაფ ტონალურ ცვლილებებს განიცდის და კომიკური გმირიდან ტრაგედიის ეპიცენტრი ხდება. და თან, როგორც მთხრობელი თავადაც თვითმხილველი ხდება თავისივე განადგურების. ერთ დღეს ის ამჩნევს, რომ თითქოს ძაღლები ერთმანეთს ესაუბრებიან და წერილებს უგზავნიან. საინტერესო და კომიკურ მოლაპარაკე ძაღლებს, მეჯისა და ფიდელს, შესანიშნავად განასახიერებენ ანა შარვაძე და გიორგი ბუაძე. პოპრიშჩინის შიზოფრენიული მდგომარეობა ძლიერდება და ის არღვევს რეალობისა და ფანტაზიის საზღვარს. შემდეგ თავს ესპანეთის მეფე ფერდინანდ VIII-დ მიიჩნევს. ბოლო ჩანაწერები ფსიქიკური აშლილობის მძიმე სტადიას ასახავს და პოპრიშჩინი ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყოფს თავს.

 

წარმოდგენის სცენოგრაფია ძალიან მინიმალისტურია. ერთი კამერული სტილის რკინის კონსტრუქცია ბევრი სხვადასხვა გარემოს ფუნქციას ითავსებს. სცენური მოძრაობა და ქორეოგრაფიაც სპექტაკლის ღირსეული შტრიხია, რადგან სცენაზე შექმნილი ქაოსი ძალიან მსუბუქია და დაცლილია მექანიკურობისგან. ქორო თითქოს აჩრდილივით ნარნარებს სცენაზე, რადგან მაყურებელმა არ იცის კონკრეტული პერსონაჟი ნამდვილად არსებობს თუ პოპრიშჩინის პარანოიის ნაწილია.

 

სოსო ნემსაძის “შეშლილის წერილები” არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადადის სპექტაკლი ფსიქოლოგიური მონოლოგიდან სოციალურ კრიტიკაზე, თან ისე ბუნებრივად, რომ თითქოს მაყურებელიც ამ მახეშია გაბმული. “შეშლილის წერილები” ბევრად მეტი ხდება, ვიდრე შეშლილი ადამიანის მონოლოგი. ეს თითოეული ჩვენგანის, როგორც სისტემის ნაწილის, შინაგანი მღელვარების ანარეკლია. რა ხდის ადამიანს გიჟად? ნუთუ შეშლილია ის საზოგადოებაც, რომელიც ერთი ინდივიდის სიგიჟეშია დამნაშავე? კითხვები მეტნაკლებად გაუცემელია, თუმცა ფაქტი ერთია, დაუნდობელი ბიუროკრატიული მანქანის მსხვერპლ პოპრიშჩინს, საბოლოოდ, სულიც აღარ აბადია.

bottom of page