top of page

სუზიმ უნდა ჩააქროს შუქი და მაცივარი დაკეტოს

726892411_1500639317660524_4303960721571095699_n.jpeg

21.06.2026

ლელა ოჩიაური

სუზიმ უნდა ჩააქროს შუქი და მაცივარი დაკეტოს

 

ახალგაზრდა ქალი - სუზი ჰენდრიქსი - ავტოკატასტროფაში ხვდება და მხედველობას კარგავს. მის ქმარს - სემ ჰენდრიქსს - გემით მგზავრობისას, თანამგზავრი ქალი - ლიზა, ნაჭრის თოჯინას აძლევს და შენახვას სთხოვს. სემს თოჯინა სახლში მიაქვს და მის არსებობას ივიწყებს. მალე, ჰენდრიქსების სახლთან ახლოს მოკლულ ლიზას პოულობენ. პოლიციელები მკვლელობის გამოძიებას იწყებენ. სემი ისევ სადღაც მიდის. პარალელურად,  თოჯინის ძებნას იწყებს კრიმინალების ჯგუფი. ირკვევა, რომ მასში ნარკოტიკების დიდი პარტიაა შენახული. რომელიც, რა თქმა უნდა, დასაბრუნებელია. მარტო დარჩენილ სუზის ვინმე მაიკ ტალმანი ეწვევა და სემის მეგობრად ეცნობა... კვანძი გზადაგზა იხსნება და ცხადდება, რა უნდათ ადამიანებს, სიანამდვილეში ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა განაცხადითა და მიზეზით მიდიან სუზისთან.

ეს ამბავი კოტე მარჯანიშვილის თეატრში, თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე ხდება, ანუკი ხიდეშელის სპექტაკლში „დაელოდე სიბნელეს“,  ფრედერიკ ნოტის სცენარის მიხედვით (ეს ამერიკელი კინო და თეატრის დრამატურგის ნაწარმოების საქართველოში დადგმის პირველი შემთხვევაა).

სპექტაკლის ანონსში გაცხადებულია, რომ: „დაელოდე სიბნელეს“ ესაა - თრილერი, ფსიქოლოგიური და კრიმინალური დრამა. და რომ, „ეს არის ისტორია შიშზე, ინტუიციაზე და იმ ძალაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს მაშინ, როცა სიბნელე ყველაზე მეტად უახლოვდება“.

თითოეულ მითითებულ ჟანრს თავისი წესები, მახასიათებლები და გამოხატულება აქვს, როგორც ფორმის, ასევე  განვითარებისა და დრამატურგიის  შემადგენელი ელემენტების აწყობა-კავშირების მიხედვით. „დაელოდე სიბნელეს“ მსგავსად, ანუკი ხიდეშელის ყველა სპექტაკლი მძაფრსიუჟეტიანია, მოვლენებით, პერიპეტიებითა აღსასვსე, „ჟანრის კლასიკა“. მნიშვნელოვანია შინაარსი, ადამიანის თვისებების, ფსიქოლოგიის კვლევა, საზოგადოების ქცევაზე დაკვირვება. მოტივაციისა და  არსებულ გარემოებებში ხასიათების ამოხსნა.

„დაელოდე სიბნელეს“ მოვლენებს განაგებს შემთხვევითობა, რომელიც შემდგომ იწვევს ყველა მომდევნო ამბავს, არღვევს ცხოვრების, ისედაც არც თუ მშვიდ დინებას და ადამიანების ბედს განკარგავს.

დარბაზის სიმცირე და სცენის სიახლოვე ბუნებრივად აახლოვებს სცენას - მოქმედების ადგილს - მაყურებელთან, რაც დასწრების, ჩართულობის ეფექტს ქმნის. რაც მსახიობებისგან განსაკუთრებულ ოსტატობასა და ზუსტი „სტრატეგიით“ მოქმედების აუცილებლობას, „სიფრთხილეს“  მოითხოვს.  არც ერთი მოძრაობა, ჟესტი, სიტყვა თუ მიმიკა მაყურებლის თვალსა და ყურს არ ეპარება. დეკორაციისა და რეკვიზიტის ყველა დეტალი ახლოსაა, ხმები, ხმაურები, მოძრაობა, ჩრდილები - ყველაფერი მკაფიოდ ისმის და ჩანს. ყველა შეგრძნება გამძაფრებულია. და სიტუაციურად და ზუსტი ფსიქოლოგიური გათვლების შედეგად აქტიური გამოსხივების ძალა აქვს.

მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში - ჰენდრიქსების ბინაში ხდება.  სამზარეულო, მისაღები ოთახი, ავეჯი, კიბეები, ჟალუზებიანი ფანჯრები, მაცივარი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები -  სცენოგრაფ გიორგი უსტიაშვილის შექმნილ მყუდრო და „სტანდარტული“ საცხოვრებელი გარემოს დროდადრო ფარავს და რეალობის კონტურებს აკარგვინებს, მაიკ მეხის, ფოკუსდაკარგული ფოტო/ვიდეო გამოსახულება, და კვამლი და ჩაბნელებები (ტექნიკური რეჟისორი - თინათინ სირბილაძე), როგორც სუზის  (რომელიც ხაფანგში, საკუთარი ბინის კედლებშია გამომწყვდეული და წასასვლელი არსად აქვს) ფიზიკური მდგომარეობისა და ვითარების იდუმალების გამომსახველი მეტაფორა.

სპექტაკლში შვიდი მოქმედი გმირია - სუზი ჰენდრიქსი - ანიკო ეზიაშვილი,  ლეა - ანიტა ჯიქურიშვილი, სემ ჰენდრიქსი - დავით გურგენაძე, ჰარი როუტი - ირაკლი ჩხიკვაძე / ზუკა პაპუაშვილი, მაიკ ტალმანი - კოკო როინიშვილი,  კარლინო - ანა ბუბუტეიშვილი, ლიზა - ნინო ნოზაძე - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი დამხმარე, ახლობელი გოგონა, კრიმინალების ჯგუფი და მათი მსხვერპლი და ახალი სამიზნე.

თითოეულ მათგანს ამ კრინიმალურ, ფსიქოლოგიურ დრამაში სხვადასხვა ტიპის ფუნქცია, ამოცანა და როლი აქვს. მსახიობები ქმნიან განსხავებულ და მოქმედების პროცესში, სიტუაციურად შეცვლილი პერსონაჟების ტიპურ და ამავე დროს, ფსიქოლოგიურ სახეებს, შინაგანი პროცესების დამაჯერებლობა ფიზიკურ გამომსახველობაშიც ვლინდება, პლასტიკაა ეს, მეტყველებისა და სიტყვათა წარმოთქმის „წესი“, რეაქციები და „პასუხები“, ემოციური გახსნილობა,  და ბოლომდე მაინც საიდუმლოდ, აუხსნელად დატოვებული - ვინაობა, არსი და ზოგადი მდგომარეობის შენიღბვის ოსტატობა.  

ერთადერთი, ვისაც ჯერ არ შეხებია ბოროტებისა და ფიზიკური თუ მორალური დანაშაულებრივი სამყაროს ძალა, ვინც სუფთაა, უანგარო და სიცოცხლის ენერგიის მატარებელი - ლეაა - თინეიჯერ ანიტა ჯიქურიშვილის შესრულებით. ფაქტობრივად, მხოლოდ მას შეუძლია სუზის გადარჩენა და  თავისუფლად და თამამად მოქმედებს - როგორც პერსონაჟი და როგორც მსახიობი.

რეჟისორი და მსახიობები ზუსტად იცავენ „ჰორორის რეჟიმს“. სპექტაკლი ფსიქოლოგიური დაჭიმულობის, სტრესულ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს, დაძაბულობა და „რაღაცის“ მოლოდინი დასაწყისიდანვე  იგრძნობა. დასაწყისშივე ჩნდება ვითარების გაურკვევლობისა და საშიშროების შეგრძნება.  უცნაური, მისტიკური, იდუმალი მოვლენები თანდათან მატულობს. საიდუმლოც ნელ-ნელა იხსნება. პირველი „ბეჭდის“ გახსნის შემდგომ, „თამაშის“ სხვა წესები, სხვა მოცემულობები იწყებენ მოქმედებას.  სიუჟეტური ხაზი იცვლება და სხვა პროცესები იწყებენ აქტიურ მსვლელობას. ატმოსფერო უფრო და უფრო იმუხტება. და მუდმივი ეჭვის, „უნდობლობის“ პირობებში იშლება, ლევან აბშილავას, სხვადასხვა ხასიათისა და ჟანრის მუსიკალური გადაწყვეტის ფონზე.

რადგან  სუზის მხედველობა ახალი დაკარგული აქვს, ახალ რეალობაში ყოფნას, ცხოვრების ახალ წესსა და პირობებს უნდა მიეჩვიოს. ჯერ არ აუთვისებია სივრცე, რომელიც ხილული იყო, მაგრამ მისთვის ხილვადობის ფიზიკური მოხაზულობა დაკარგა. სულ რამდენიმე მარშრუტი იცის და ისიც, კარგად არა. ხან რას ეჯახება და ხან რას წამოჰკრავს ფეხს.

უცნობების მოულოდნელი შეჭრა მის სამყაროში, გარემოში, რომელსაც ვეღარ ხედავს, უქმნის შინაგან და ფიზიკურ დისკომფორტს, მის გრძნობებზე მოქმედებს და ფსიქიკას უცნაური ლოგიკით ამუშავებს. რთული, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური დარტყმებოთ სავსე, მართალია, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურად დატვირთული გზის მონაკვეთის გავლაც უწევს. და გადარჩენა - დრამატული და მძიმე გადაწყვეტილებისა და ქმედების შედეგად.

სუზის შიშები მაყურებლსაც გადაედება და მის შიშებად იქცევა. ყველა ხმაზე, ხმაურზე მძაფრად რეაგირებს და დამშვიდების შესაძლებლობა არ ეძლევა. სუზი ცდილობს იპოვოს მიზეზები, რაც ხდება და ეძებს ლოგიკურ ახსნას, როდესაც მოვლენები ახსნას თითქოს არ ექვემდებარებიან.  უსინათლობა ერთ-ერთი მთავარი და მოვლენების გამსაზღვრელი პირობაა. უსინათლობისა და შინაგანი ხედვის მეტაფორა ძლიერი და მეტყველია. უხილავი ნელ-ნელა ხილული ხდება.

ცნობიერი, ქვეცნობიერი, ეჭვი, რეალობა, წარმოსახვა ერთმანეთშია შერეული. სიუჟეტის „ჩახლართულობას“ დადგმის და ქარაგმულობა, ქვეტექსტები, რეალობასა და წარმოსახვას, ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ზღვარი ბუნდოვანია (რასაც განათების სხვადასხვა ინტენსივობაც უწყობს ხელს), ძნელად გასარჩევი და გაშიფვრა რთული.

აქ მკვდრებიც, ცოცხლებიც, რეალური პერსონაჟებიც და წარმოსახვითიც, ერთ სივრცეში მოქმედებენ და ერთ წრეზე ტრიალებენ - წარსული, აწმყო, მომავალი, მომხდარი, მოსახდენი, პროცესი, დროის მსვლელობა და გაყინულობა - სინამდვილე, გამონაგონი,  რეალობის „ვერხედვა“ და თვალსაჩინოება ერთმანეთშია არეული და არ გაირჩევა. სინამდვილე „ფიზიკურობას“ კარგავს და მის ნაცვლად „მატერიალურ“ სახეს ქვეცნობიერში მიმდინარე მღელვარებები  იძენენ, გამონაგონი მატერიალიზდება და პირიქით - წარმოსახვითში ირევა.

მაყურებელს სხვა ამოცანის ამოხსნაც უწევს - რაც ხდება, სუზის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, მისი ხილვები და ფანაზიებია (რადგან გარემოს ვიზუალური აღქმის უნარი დაკარგული აქვს), თუ რეჟისორის „შექმნილი“ სამყაროს მხატვრული პირობითობა, რომელსაც თავისი განზომილებები, საზღვრები, წესები და ხატები გააჩნია.

შუქის ჩაქრობა სხვებსაც უსინათლოდ აქცევს. თანასწორად. ძალები თანაბრდება. ვეღარც მომხდურები ხედავენ რამეს სიბნელეში, მით უმეტეს, გარემოში, რომელიც მათთვის სრულიად უცხოა.

იმისთვის, რომ გადარჩეს, სუზი დაბნელებას უნდა დაელოდოს, შუქი გამორთოს და მაცივრის კარი დაკეტოს.  მას უკვე აქვს გადაწყვეტილების მიღებისა და ინიციატივის ხელში აღების საშუალება.  და ძალა. ეს ცხოვრების გასაგრძელებლად და გადარჩენის აუცილებელი პირობაა.  მთავარი გმირი - უნდა გადარჩეს. ესეც ჟანრის კანონია.

მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მაცივარია, რომლის კარის დაკეტვა სუზის, რატომღაც სულ ავიწყდება. ყოფის ეს განუყრელი ატრიბუტი, „საჭირო ნივთი“, ანუკი ხიდეშელის გადაწყვეტით, როგორც ობიექტი, პირდაპირ, ფიზიკურ კავშირია - შიშებთან, შფოთვასთან, ფანტზიასთან, რომელშიც შეიძლება ვიღაც ან რაღაც დამალო, რომლიდანაც შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და რომელში მოხვედრილი ვიღაც, შეიძლება დაიკარგოს, გაუჩინარდეს. ვიღაცისთვის ხსნა იყოს და ვიღაცისთვის ამქვეყნად  ყოფნის  ბოლო პუნქტი. რომელიც ერთი მხრივ, თავშესაფარია და მეორე მხრივ, სიცოცხლე მიაქვს. ის შეიძლება სამოთხის კარია და შეიძლება - ჯოჯოხეთის - მისტიკური კარიბჭე. მხოლოდ მისი დაკეტვის შემდეგ,  შეძლებს სუზი საკუთარი თავის რწმენისა და სიმყარის შეგრძნების დაბრუნებას.

ანუკი ხიდეშელის „დაელოდე სიბნელეს“ - ესაა დაუცველი და უმწეო ადამიანის ბედის, მისი ცხოვრების მეტაფორა სამყაროს, საზოგადოების ძალადობის პირისპირ, იმ გზებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო.

P. S.  ვიცავ ჟანრის კანონებსა და წესებს და ამბავს, სიუჟეტს, პერსონაჟების ვინაობას არ ვაკონკრეტებ და საიდუმლოდ ვინახავ.

bottom of page