top of page

სხეულები ბამბუკის ტყეში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

285906988_428080865557973_1632993843439294735_n.jpg

დავით ბუხრიკიძე

 

სხეულები ბამბუკის ტყეში

 

როგორ „თარგმნა“ გიგი ლორიამ აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობა „უსიერი ტყე“ ქორეოდრამის ენაზე

 

„დიახ, ასე იყო. გვამი მე ვიპოვე. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ტყეში ხეების საჭრელად რომ გახლდით; სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სად? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს მოშორებით. ესაა უკაცრიელი ადგილი, სადაც ბამბუკი ხარობს...“

 

ასე იწყება ცნობილი იაპონელი მწერლის, აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობა „უსიერ ტყეში“, რომლის მიხედვითაც  1950 წელს გენიალურმა რეჟისორმა, აკირა კუროსავამ საკულტო ფილმი „რასიომონი“ გადაიღო (მთავარ როლში ტოშირო მიფუნე). რამდენიმე ადამიანი შემთხვევით, ტყეში მკვლელობისა და გაუპატიურების მომსწრე ხდება. თუმცა მოწმეები - გლეხი, ბერი, ყაჩაღი და ქალი, მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვებიან და შესაბამისად, მათი თხრობის შინაარსიც და აქცენტებიც  რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

მოთხრობის და ფილმის კონცეფციაც დაახლოებით ასეთია: ადამიანს არ შეუძლია მოვლენების ობიექტურად აღწერა და ზუსტად გადმოცემის უნარი. ის საკუთარ თავზე მიუკერძოებლად ვერ ისაუბრებს, რადგან მთავარი და ხელისშემშლელი პირველ რიგში, ეგოიზმია. ამდენად, პერსონაჟების თხრობაც, ხედვაც და მოვლენების შეფასებაც სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. მსგავს აღწერას ფსიქოლოგიაში „აღქმის სუბიექტური ხასიათი“ ეწოდება, რასაც კრიტიკოსებმა კუროსავას ფილმის შემდეგ, „რასიომონის ეფექტი“ უწოდეს.

 

თეატრთან დიდი ხნის წინ დამეგობრებულებს შესაძლოა ახსოვდეთ დაახლოებით 20 წლის წინ, რუსთაველზე მდებარე  მოდურ „თეატრალურ სარდაფში“ დადგმული მონოსპექტაკლი - „უსიერ ტყეში“. რეჟისორმა ნინო შოთაძემ მაშინ ყველა პერსონაჟის განსახიერება ახალგაზრდა მსახიობს, ზვიად სხირტლაძეს მიანდო. შესაბამისად, ყაჩაღის, ბერის, გლეხისა და ქალის როლები მან განსხვავებული ხერხებითა და ვარიაციით განასახიერა. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი აღნიშნავდა, რომ ერთ მსახიობს გაცილებით საინტერესოდ შეეძლო ყველა პერსონაჟისგან დისტანცირებულიყო, რაც მონოსპექტაკლის კონცეფციასაც შეესაბამებოდა.

 

ამგვარი კლასიკურ-კიმენატოგრაფიული თუ თეატრალური ბეგრაუნდის ფონზე, რეჟისორი და ქორეოგრაფი  გიგი ლორია რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. ახლახან, „თავისუფალ თეატრში“ დადგმულ წარმოდგენაში, რომელიც ჟანრობრივად უფრო ქორეოდრამად შეიძლება აღვიქვათ, მას ყველა ის კლიშე თუ განწყობა უნდა დაენგრია, რაც  მოთხრობის ინტერპრეტაციებთან იყო და არის დაკავშირებული.

 

„უსიერი“ - ასე ეწოდება დაახლოებით საათნახევრიან წარმოდგენას რომლის დამდგმელი რეჟისორია სწორედ გიგი ლორია, ქორეოგრაფი - სალომე ივდითი; მხატვარი და სცენოგრაფი - თეო კუხიანიძე;  კომპოზიტორი - ბეგი ნიკოლეიშვილი.

 

მონაწილეობენ: დიტო შერმაზანაშვილი (ყაჩაღი), სალომე ივდითი (ქალი), ბექა გარსენიშვილი (გლეხი), ოთარ ლორთქიფანიძე (ბერი).  „უსიერი ტყე“ ერთგვარად, ჩვენი სამყაროს მოდელიცაა, სადაც ადამიანს უამრავი ცხადი თუ უხილავი წინააღმდეგობა ხვდება; სამყარო, სადაც უკვე გაქრა გულწრფელი სიყვარული და ადამიანები ეგოისტები გახდნენ... მოთხრობაში დასმულ მთავარ შეკითხვას - ვინ მოკლა სამურაი, ყველა პერსონაჟი საკუთარ ეგოისტურ პრინციპზე დამყარებულ, ურთიერთგამომრიცხავ სიმართლეს ჰყვება. მაგრამ თუ ადამიანს არ შეუძლია ობიექტურად აღწეროს მომხდარი, არ სურს დაინახოს საკუთარი თავი მოვლენებს მიღმა? მაშინ სად არის საერთოდ სიმართლე?

 

გამოცდილი მხატვრისა და სცენოგრაფის, თეო კუხიანიძის შექმნილი ღია მწვანე ფერის ბამბუკის ტყე განსაკუთრებით ეფექტურია, როცა სცენის სიღრმიდან ნათდება. რითაც მას ერთგვარი მისტიკური იერი ეძლევა... მალე სადღაც ტყიდან ბერი გამოჩნდება და უსიერი ტყის ჩახლართული ამბავიც იწყება.

                                    

გიგი ლორია ერთგვარ ქორეოგრაფიულ დეტექტივს ქმნის, რომელშიც მოთხრობის მსგავსად, ამბავი რამდენიმე ვარიაციით თამაშდება. ჯერ ბერის დისტანციურ  ცეკვა-„თხრობას“ ვუყურებთ, შემდეგ ყაჩაღის აგრესიულ მოძრაობასა და გაბედულ აქცენტებს. გარდა ამისა, ქალის ვნებას და სითამამესაც ვამჩნევთ, რომელსაც გლეხის დრამატულ-თავშეკავებული პლასტიკა ემატება.

 

მკვლელობისა და გაუპატიურების ამბავი სამჯერ გათამაშდება ქორეოგრაფიულ ენაზე, ასევე ელექტრომუსიკალური თემების გამეორებით. ეს ის შემთხვევაა, როცა „სხეული“ იმახსოვრებს და იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობებს, რომლებიც სამივე ვარიაციის  შემთხვევაში დაახლოებით ერთნაირად წარმოჩინდება და აღიქმება...  მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა. „უსიერი“ ქორეოდრამის, ფიზიკური თეატრისა და ცეკვის თეატრის გადაკვეთაზე შექმნილი საინტერესო წარმოდგენაა, რომელშიც სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟები განსხვავებულად, საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებიან ერთსა და იმავე ისტორიას. ქორეოგრაფიის ენაზე კი ეს განსხვავება არ ჩანს, ან თითქმის ჩანს.

 

და კიდევ ერთი დეტალი: მუსიკით იმდენად სავსე და გადატვირთულია მთელი წარმოდგენა, რომ კონტრაპუნქტისა და სიჩუმისათვის ადგილი თითქმის არ რჩება. არადა, სიჩუმეში სხეულების პლასტიკას და მის შესაძლებლობებს მსახიობები უფრო სხვაგვარად წარმოაჩენდნენ. უკეთესი იქნებოდა, თუ რეჟისორი ცოტას მუსიკას მოაკლებდა და სიჩუმისა თუ პაუზის მნიშვნელობას გაზრდიდა.

 

სიუჟეტს დაემატა მხოლოდ ერთი დეტალი: ძვირფასი ქვის მსგავსი ბურთით გატაცება, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას სხვადასხვა ფერად ნათდება  და რომლის დაუფლებასაც რატომღაც ყველა პერსონაჟი ცდილობს. იქნებ იმიტომ, რომ ეს მიუღწეველი, მოუხელთებელი ოცნებაა, რომელთან მიახლოებას ვერასდროს შეძლებენ. ამიტომაც  ბურთი ფინალში ჩამქრალი რჩება, ბამბუკის ტყე კი  - ამოუხსნელი, მისტიკური და ”ობიექტური“ თხრობისგან დაცლილი.

bottom of page