top of page

სხეულით  ფიქრი,  სხეულით  აზროვნება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ქალები ქორეომღელვარების ზღვარზე

მარინა ხარატიშვილი

სხეულით  ფიქრი,  სხეულით  აზროვნება

               

„ქართულმა  სამსახიობო  სკოლამ  განსაკუთრებული  ხიბლი  შესძინა  ჩვენს  ფესტივალს“-  ასეთი  შეფასება  მიეცა  ეროვნული  თეატრალური  სკოლის  მიერ  წარმოდგენილ  სპექტაკლს „ლისისტრატა“ ბრნოს  თეატრალური  სკოლების  ფესტივალზე.  სპექტაკლის  დასრულების  შემდეგ  დარბაზში   აღფრთოვანებული  ოვაციები  დიდხანს  არ  ცხრებოდა,  მაყურებელი  წასვლას  აყოვნებდა,  ფოიეში  გამოსულები   საკუთარ  ემოციებს  გვიზიარებდნენ.  „მარტივი  მშვენიერება - მთლიანი  სპექტაკლი  შეიძლება  შეფასდეს  ამ  ორი  სიტყვით“ - ვკითხულობთ  პეტრა  ველტიოვას   რეცენზიაში.   

                

ევროპული  თეატრალური  სკოლების  ბრნოს  საერთაშორისო   ფესტივალი  წელს  33 - ჯერ  ჩატარდა.  ამ  ფორუმის  როლი  ძალზე  მნიშვნელოვანია  თეატრალური  სკოლების  შემოქმედებითი  სტიმულირების,  პროფესიული  მიღწევების  წარმოჩენისთვის.  ფესტივალის  პროგრამა  ყოველ  ჯერზე  საინტერესო  სიახლეებს  გვთავაზობს  და  ამით  კიდევ  მეტად   აძლიერებს  ინტერესს  მის  მიმართ.

                 

წელს  საფესტივალო  პროგრამა  ოდნავ  გამორჩეული  ფორმატით  იყო  წარმოდგენილი.  პროგრამულ  სპექტაკლეთან  ერთად  ყოველ  დღე  მათი    განხილვები,  პროფესორ - მასწავლებელთა  შეხვედრები,  დისკუსიები,  მასტერკლასები,  ვორქშოფები  ტარდებოდა.  ამ  ფესტივალის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  ღირსება  ისიცაა,  რომ    პროგრამით  გათვალისწინებული  აქტივობების   ნახვის  საშუალება  ყველა  მსურველს  აქვს.  საფესტივალო  პროგრამაში  ერთი  და  იგივე  სპექტაკლი  სხვადასხვა  დღეს  და  დროს  იყო  ჩართული,  რათა  სპექტაკლების  ხილვის  საშუალება   უფრო  მეტ  მსურველს  მისცემოდა.

                

საფესტივალო  რეპერტუარში  8  ქვეყნის  11  სამსახიობო  სკოლა  იყო  წარმოდგენილი:  პოლონეთიდან - კრაკოვის  თეატრალური  ხელოვნების  ეროვნული  აკადემია  და  ვარშავის  ალექსანდრე  ზელვეროვიჩის  სახელობის  დრამატული  ხელოვნების  ნაციონალური  აკადემია,  გერმანიიდან - ბერლინის  ერნს  ბუშის  სახელობის  დრამატული  ხელოვნების  აკადემია,  ავსტრიიდან - მუსიკისა  და  საშემსრულებლო  ხელოვნების  ვენის  უნივერსიტეტი,  ჩეხეთიდან - პრაღის  საშემსრულებლო  ხელოვნების  აკადემია  და  ბრნოს  იანეჩეკის  სახელობის  მუსიკის  და  თეატრალური  ხელოვნების  აკადემია,  ბულგარეთიდან - თეატრისა  და   კინო  ხელოვნების  სოფიის  ნაციონალური  აკადემია,  სლოვაკეთიდან - ბრატისლავას  თეატრალური  ხელოვნების  აკადემია  და  დუბლიანას  თეატრის,  ტელე - რადიოსა  და  კინოს  აკადემია,  ინგლისის - ვესტ  ლონდონის  უნივერსიტეტთან  არსებული  მუსიკის  კოლეჯი,  საქართველოდან - შოთა  რუსთაველის  თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტი.   

                 

ტრადიციისამებრ  თითქმის  ყველა  სკოლამ  მაღალი  პროფესიული  დონის  დემონსტრირება  მოახდინა,  სადაც  თვალნათლივ  გამოჩნდა  სამსახიობო  სკოლების    განსხვავებული  შემოქმედებითი  ხელწერა,  რომელიც  ძირითადად  მიმართულია  სცენაზე  მსახიობთა  ორგანული  მოქმედების,  სცენური  სიმართლის  მიღწევაზე,  როგორც  გარდასახვის,  ისე  წარმოდგენის  გათამაშების  დახვეწილი  უნარების  დაუფლებაზე.  ბოლო  წლებში  გაზრდილია  არავერბალური,  ფიზიკური  თეატრისკენ  მისწრაფება,  პლასტიკის  ენის  განვითარების  მაღალი  დონე.  ევროპული  თეატრალური  სკოლები  ყოველთვის  ნოვაციისადმი  განსაკუთრებულ  მიმღებლობას  ავლენენ.  ყველა  სპექტაკლი   

სტუდენტებისთვის  მშობლირ  ენაზე  მიდის,  რომელსაც  თან  ახლავს  ადაპტირებული  ტექსტი,  ამდენად  სცენასა  და  მაყურებელთა  დარბაზს  შორის  ენობრივი  ბარიერი  მოხსნილია  და  მსახიობები  ერთი  წუთითაც  არ  კარგავენ  უშუალო  კონტაქტს  მაყურებელთა  დარბაზთან.     

                

ფესტივალზე  წარმოდგენილი  11  სპექტაკლიდან  მხოლოდ  3  იყო  კლასიკური  რეპერტუარიდან:  ჟან  ბატისტ  მოლიერის  „ტარტიუფი“ (ლიუბლიანას  თეატრის,  ტელე - რადიოს  და  კინოს  აკადემია), ფრიდრიხ  შილერის  „რობერსები“  (ბრნოს  იანეჩეკის  სახელობის  მუსიკის  და  თეატრალური  ხელოვნების  აკადემია) და  არისტოფანეს  „ლისისტრატა“.  შოთა  რუსთაველის  თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სპექტაკლი  არისტოფანეს  „ლისისტრატა“  ბრნოს  ფესტივალზე  მონაწილეობისათვის  სელექციის  პრინციპით  იქნა  შერჩეული.  2014  წლიდან  მოყოლებული,  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის  ფარგლებში,  უნივერსიტეტი  ყოველ  წელს  ღებულობს  მონაწილეობას   ბრნოს   ფესტივალის  მუშაობაში,  მაგრამ  სპექტაკლით  მხოლოდ  ორჯერ:  პირველად  2015  წელს,  როდესაც  ფესტივალის  სცენაზე  ეროვნულმა  სამსახიობო  სკოლამ   ა.ჩეხოვის  „სამი  და“  აჩვენა  (დამდგმელი   რეჟისორ - პედაგოგი  გ.მარგველაშვილი)  და  მეორედ  წელს  სპექტაკლით  „ლისისტრატა“  (დამდგმელი  რეჟისორი - თ.თავდიშვილი).

             

ბრნოს   თეატრალური  სკოლების  ფესტივალზე  „ლისისტრატა“  მაყურებლის  წინაშე ორჯერ  წარსდგა   და  ორივეჯერ   აღფრთოვანება  და  დიდი  ინტერესი  გამოიწვია.  დამდგმელმა  რეჟისორმა  არისტოფანეს  პიესის  სცენური  ინტერპრეტაციის  საკუთარი  ვერსია  შემოგვთავაზა.  „სპექტაკლზე  მუშაობისას  ჩემთვის  მნიშვნელოვანია  რა  ხერხით  ვდგამ“  -  პირად  საუბარში  აღნიშნა  თათა  თავდიშვილმა.   „ლისისტრატას“  დადგმისას  რეჟისორმა  არავერბალური,  ფიზიკური  თეატრის  მხატვრული  ენა  აირჩია,  სადაც  მოძრაობა  და  სხეულის  ენა  არის  თხრობის,  ამბის  გადმოცემის  მხატვრული  საშუალება.  რეჟისორმა  პელოპონესის  ომის  პერიოდში   ადამიანთა  კრიზისული  მდგომარეობა,  ძალადობის  პირისპირ   დარჩენილი  ქალების  ბედი  ფიზიკური  თეატრის,  ქორეოდრამის  ენით  წარმოაჩინა.  სპექტაკლი  დრამატურგიული  სიზუსტით  არ  მიყვება  პიესის  სიუჟეტურ  ქარგას,  მის  სტრუქტურას,  მაგრამ  მიუხედავად  ამისა,  მაინც  ერთიან  მხატვულ  კონტექსტში  მოიაზრება.  მოქმედი  პერსონაჟები - ომის  პირისპირ  დარჩენილი   ძლიერი,  მტკიცე,  შეუპოვარი  ცხრა  ქალი:  ტკივილიანი  განცდებით   მოგვითხრობენ,   თუ  როგორი  ღირსების  გრძნობის  შენარჩუნებით   უმკლავდებიან  ომის  სისასტიკეს  და  იბრძვიან  მშვიდობისათვის.  ცხრა  პერსონაჟი  ქალი  თავის  ინდივიდუალურ,   განსხვავებულ  სცენურ  სახეს  გვთავაზობს,  სადაც  პიროვნული  ორგანიკა,  ემოციური  დიაპაზონი  წინა  პლანზეა  წამოწეული.  ზუსტი  და  ხატოვანი  მიგნებებით   გამოირჩევა  თითოეული  პერსონაჟის  სცენური  სახე,  რომელიც  მათთვის  ჯერ  კიდევ  უცნობი,  მაგრამ   ძალზე  გულწრფელი  ტკივილებითაა  გაჯერებული.  მათი  თითოეული  მოძრაობა  შინაგანი  მონოლოგით  არის   დატვირთული,  სპექტაკლის  უაღრესად  დაძაბული   მოქმედებათა  ლოგიკური  ჯაჭვი  უწყვეტ  ნაკადად  ვითარდება   და  სრულიად  ბუნებრივად  წარმოშობს   გულწრფელ  ემოციებს.    

            

ბრნოს  ფესტივალზე   სხვა  სცენურ  სივრცეში  რეპეტიციის  გასავლელად  სადადგმო  ჯგუფს  სპექტაკლის  ტექნიკური  გადაწყობა   და   მცირე   სივრცეზე  ფოკუსირება  მოუხდა.   ძალზე  მოკლე  დროში  შემოქმედებითმა  ჯგუფმა  შესძლო   მობილიზება,   სივრცის  მორგება,  არმოსფეროს  შექმნა,   სპექტაკლის  მიუჩვეველ  გარემოში  საინტერესოდ,  ემოციურად,  შთამბეჭდავად  გაცოცხლება  და  სრულიად  უცხო  მაყურებლის  მოხიბლვა.  სპექტაკლის  დაწყებიდან  რამდენიმე  წუთში  დარბაზსა  და  სცენას  შორის  სრული  ჰარმონია   დამყარდა, მაყურებელი  უმალვე  ჩაერთო  სპექტაკლის  მოქმედებაში,  რამაც   მსახიობებს  საოცარი  სტიმული  მისცა  საკუთარი  შემოქმედებითი  პოტენციალის  გამოსავლენად.  დარბაზში  შემოსული  მაყურებელი  ანტიკური  ეპოქის  ცოცხალი  მემორიალის  მსგავსი  სანახაობის  თვითმხილველი  გახდა.  ერთიან  მონოლითურ  ქანდაკებად  ქცეულმა  გარინდულმა  ქალებმა  ჯერ  ბალადა  შეასრულეს,  შემდეგ  ერთმანეთს  გაეცალნენ,  ნელი  მოძრაობით  სიმეტრიულ  წყობაში  ჩადგნენ  და  კვლავ  ცოცხალი  ქანდაკების  მსგავსი  სურათი  შექმნეს.  დამდგმელ  რეჟისორს  და  მხატვარს  ტატო  გელიაშვილს  სპექტაკლის  ყოველი  ეპიზოდი,  ყოველი  სცენა  ზედმიწევნით  დეტალურად   აქვთ  გააზრებული,  სადაც  ზუსტი  მიგნებები,  მკაფიო  მინიშნებები  მაყურებლის  მიერ  ადვილად  აღსაქმელი  ხდება.    სანახაობის  ტრაგიკულ  სტრუქტურაში  პერსონაჟები  პროფესიული  ოსტატობით,  საოცარი  ემოციურობით,   სცენური  ქმედების  სახიერ,  ვიზუალურ  პარტიტურას  ქმნიან  და  მაყურებელზე  მართლაც  მომნუსხველ  შთაბეჭდილებას  ახდენენ.     

             

ბრნოს  ფესტივალზე  „ლისისტრატას“   წარდგენის  შემდეგ  ტრადიციული  დისკუსია - განხილვა  ჩატარდა.   ყველა  გაკვირვებას  გამოხატავდა,  როდესაც  გაიგეს,  რომ  სპექტაკლში  მოცეკვავეები  კი  არა,  არამედ  დრამის   მსახიობის  სპეციალობის  სტუდენტები  მონაწილეობდნენ.  განსაკუთრებული  დაინტერესება  გამოხატეს  სწავლების  მეთოდოლოგიის  მიმართ,  რადგან  ფიზიკური  თეატრისთვის  დამახასიათებელი  რთული  პლასტიკური  ელემენტების  ასეთი  რანგის  შესრულება,  სხეულის  საგანგებო  მომზადებას  საჭიროებს.

              

თ ა თ ა   თ ა ვ დ ი შ ვ ი ლ ი - „ლისისტრატაზე“  მუშაობა  არ  იყო  იოლი.  მოგეხსენებათ,  დრამის  მსახიობებს  სხეულზე  აქტიურად  მუშაობის  სკოლა  არ  აქვთ  გავლილი,  შესაბამისად  მისაგნები  იყო  ის  ტექნიკური  საშუალებები,  ის  გზები,  რომლებიც  სხეულს  დინამიკაში  მოიყვანდა  და  სტუდენტებს  სხეულით  აზროვნების  საშუალებას  მისცემდა.  სხეულით  აზროვნება  ჩემთვის  და  ვფიქრობ  მაყურებლისთვისაც  გაიგივებულია  სხეულით  საუბართან.  ფიზიკურ  თეატრში  სხეული  კომუნიკაციის  მთავარი  ინსტრუმენტია,  სხეული  განიცდის,  მეტყველებს,  ქმედებს  და  გადმოსცემს  მსახიობის  შინაგან  მდგომარეობას.  იმისათვის,  რომ  ეს  შედეგი  დადგეს,  აუცილებელია  მსახიობთან  მიდგომის  გზები  მრავალფეროვანი,  სხვადასხვაგვარი  იყოს,  რადგან  ფსიქო-ემოციურ-ფიზიკური  მდგომარეობის  მიღწევა  არ  არის  მარტივი.  ვინაიდან  ჩვენს  სამსახიობო  სკოლაში  სტანისლავსკის  მეთოდი  ყველაზე  უფრო  ფესვგადგმულია,  ვფიქრობ,  რომ  მისი  გვერდის  ავლა  არ  იქნება  სწორი,  რადგან  თავად  სტუდენტები  მიჩვეულნი  არიან  ამ  მეთოდით  ხელობის  დაუფლებას.  ბუნებრივია,  რომ  სტანისლავსკის  მეთოდის  გამოყენება  ახლებური  ფორმით  დამჭირდა,  რათა  სასურველი  შედეგისთვის  მიმეღწია.  უნდა  ითქვას,  რომ  ეს  სპექტაკლი  თავიდან  ბოლომდე  სტანისლავსკის  მეთოდით  არ  არის  შექმნილი,  მაგრამ  მუშაობის  ნაწილში,  სადაც  ძალიან  დიდი  როლი  წარმოსახვას  ეთმობა,  ან  წარმოსახვის  გამოყენების  მეშვეობით  რაღაც  მდგომარეობის  მიღწევას,  ბუნებრივია,  რომ  ამ  მოცემულობას  კარგად  მოვეჭიდე  და  მაქსიმალურად  ამოვიღე,  რისი  ამოღებაც  შემეძლო.  ასევე  გამოვიყენე  ის  ცოდნა  და  განათლება,  რომელიც,  როგორც  მსახიობს  მაქვს  მიღებული.  ასეთ  შედეგს  რომ  მივაღწიეთ,  ერთის  მხრივ,  წარმოსახვის  ნაწილს  აქტიურად  ვიყენებდით,  მეორეს  მხრივ,  ამას  დავუპირისპირე  მეიერჰოლდის  ბიომექანიკა.  მუშაობის  პროცესში  სასურველი  შედეგის  მისაღწევად  ცოტ - ცოტა  კონტრსაწინააღმდეგო  მეთოდების  მიქსი  გამოვიყენე,  მათ  შორის  გროტოვსკის,  ტადაში  სუზუკის  მეთოდიც,  მედიტაციაც.  ჩემთვის  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  იძენს   ფსიქო - სომატური  მოძრაობების  შესწავლა,  რადგან  დღეს  ჩემი  კვლევის  საგანია  მომავალი  მსახიობის  აღძრდის  საქმეში  ფსიქო - სომატური  მოძრაობების  გამოყენების  მეთოდოლოგიის  თავისებურებები“.

            

ტ ა ტ ო    გ ე ლ ი ა შ ვ ი ლ ი - „დღითი  დღე  ვრწმუნდები,  რამდენად  რთულია  ლიტერატურული  ტექსტის  სხეულის  ენით  გადმოცემა.  და  რომ  არ  იყოს  ეს  არც  მიმოდრამა,  გასცდეს  პანტომიმის  საზღვრებს  და  იყოს  ახალი  ხასიათის,  ახალი  მხატვრული  ენის  მატარებლი.  ლისისტრატას  ამბავი,  ჩვენი  ქორეოგრაფიული  ხედვით,  იმაზე  მეტად  ღრმა  და  დრამატული  აღმოჩნდა,  ვიდრე  ერთი  შეხედვით  ლიტერატურულ  ტექსტში  ვკითხულობთ.  რაც  უფრო  მეტად  ვუღრმავდებით,  მით  უფრო  მეტად  ვრწმუნდებით  მის  დრამატულ  ხასიათში.  სპექტაკლზე  სამუშაო  პროცესს  შევუერთდი  უშუალოდ  სიუჟეტის  სადადგმო  ნაწილში.  სტუდენტებს  კონკრეტული  სცენები  უკვე  დამუშავებული  ჰქონდათ  იტალიელ  ქორეოგრაფებთან  ფრანჩესკა  გრიმიერთან  და  იოანისა  და  ერიკა  ჩიკონესთან  ერთად.  მათი  და  თათას  დახმარებით  შემოქმედებითი  ჯგუფი  უკვე  მზად  იყო  შემდეგი  ეტაპისთვის,  რომელიც  გულისხმობდა  სხეულის  ენით  ამბის  თხრობას.  დრამატული  მსახიობებისთვის  რთული  აღმოჩნდა  ამბის  სხეულის  ენით  გადმოცემა.  გვიწევდა  ჩანასახის  სახით  არსებული  თითოეული  მოძრაობის  ვერბალურ  დონემდე  დაყვანა,  ასევე  შეგრძნებების  გაცნობიერება  და  ამ  მეთოდით  მუშაობა,  რათა  სტუდენტებს  უფრო  კარგად  გაეგოთ  თითოეული  მოძრაობის  შინაარსი,  მისი  ამოცანა.  მუშაობის  პროცესში  ვაკვირდებოდით  თავისუფალ  მოძრაობებს,  იმპროვიზაციის  საფუძველზე  სელექციას  ვახდენდით,  რამაც  საშუალება  მოგვცა  სახიერი  მოძრაობების  მრავალფეროვანი  საშუალებებისთვის  მიგვეგნო.   მხოლოდ  ამ  კონკრეტული  გზის  გავლის  შემდეგ   შესაძლებელი  გახდა  მიზნის  მიღწევა.  სპექტაკლის  ქორეოგრაფია  შოუს  სანახაობას  არ  წარმოადგენს.  იგი  გულწრფელი  შეგრძნებებით  გამოხატულ  მოქმედებაზეა  აგებული  და  სწორედ  ასეთივე  ბუნებრივ  ემოციებს  ბადებს.  შემოქმედებითმა  პროცესმა   გაზარდა  სტუდენტები,  გაგვზარდა  ჩვენც - პედაგოგები.

             

სტუდენტი -  ნ ი ნ ო      ნ ო ზ ა ძ ე - „სპექტაკლზე  მუშაობა  ერთი  დიდი,  უწყვეტი  პროცესია,  რომელიც  არ  გაძლევს  მოდუნების  საშუალებას  და  მუდმივად  ძიების  პროცესში  გამყოფებს.  ჩვენი  მთავარი  ამოცანა  იყო,  მაყურებლისთვის  გვეჩვენებინა,  თუ  როგორ  უმკლავდება  ცხრა  ქალი  ომის  სისასტიკეს.  ვფიქრობ,  რომ  ჩვენ  ეს  შევძელით.   სპექტაკლი  „ლისისტრატა“  მაყურებლისთვის  გასცემს  ყველაზე  მთავარს - გულწრფელ  ემოციას  და  სანაცვლოდაც  იგივეს  იღებს.  ფესტივალმა  დიდ  გამოცდილებასთან  ერთად,  საკუთარ  თავში  თავდაჯერებაც  შეგვძინა,  ამიტომაც  სპექტაკლში  გაორმაგებული  ძალებით  შევეცადეთ  გამარჯვებისთვის  განწირული  ქალების  ბრძოლა  გვეჩვენებინა“.

            

არავერბალურ  სპექტაკლში  მნიშვნელოვანი  როლი  მუსიკალურმა  და  ხმაურების  პარტიტურამ  შეასრულა  (კომპოზიტორი - სანდრო  მიშელაშვილი).  ქორეოგრაფიის  და  მუსიკის  ორგანულმა  სინთეზმა  ბევრად  განსაზღვრა  სპექტაკლის   დრამატურგიული  და    ემოციური  მუხტი.  მუსიკა   შემოქმედებით  პროცესში  სპექტაკლთან  ერთად  იქმნებოდა,  ცოცხალ  რეჟიმში  იხვეწებოდა.  შემოქმედებითი  პროცესი   კი  მუდამ  მზად  იყო  კორექტივისთვის,  თუკი   მხატვრული  ამოცანის  მიღწევას  ემსახურებოდა.  სპექტაკლშიც  მუსიკალური  პარტიტურა  ცოცხლად,  ლაივში  იმართება,  დამდგმელი  რეჟისორი  კი  თავად  „დიჯეის“  როლში  გვევლინება,  რომელიც  გამუდმებით  თვალყურს  ადევნებს  სპექტაკლის  მსვლელობას  და  ზუსტ  თანხვედრაში  აქცევს  მუსიკალურ  ფრაზას,  აქაც  წარმართავს  შემოქმედებით  პროცესს. 

              

სპექტაკლის  წარმატება  ბევრად  განსაზღვრა  კოსტიუმების  და  სცენოგრაფიული  სივრცის  მხატვრობამ (მხატვარი - ტატო  გელიაშვილი),  თუმცა  უნდა  აღინიშნოს,  რომ  სპექტაკლში  „ლისისტრატა“  ტატოს  ფუნქცია  არ  შემოიფარგლება  მხოლოდ  მხატვრის  როლით.  მისი  წვლილი  სპექტაკლის წარმატებაში  გაცილებით  მნიშვნელოვანია.  თათა  თავდიშვილს  და  ტატო  გელიაშვილს  ერთობლივად  უკვე  ოთხი  სპექტაკლი  აქვთ  დადგმული.  შეიძლება  ითქვას,  რომ  ეს  არის  განსაკუთრებული  შემთხვევა,  როდესაც  ორი  შემოქმედი  ხვდება  ერთმანეთს,  და  ისინი  ფიქრობენ  და  აზროვნებენ  ერთნაირად,  საუბრობენ  ერთ  ენაზე,  ერთად  ქმნიან  და  ავსებენ  ერთმანეთს.  მათი  შემოქმედებითი  ტანდემი  სრულ  თანხვედრაშია. 

            

„ლესისტრატა“  ფესტივალზე  წარმოდგენილ  სპექტაკლებს  შორის  ერთერთი  გამარჯვებულიც  გახდა.  ფესტივალზე   გაცემულ  სამ  ნომინაციას  შორის  ერთი  სწორედ  ნინი  ნოზაძემ  მიიღო - ქორეოგრაფიულ  სპექტაკლში  ემოციური  სამსახიობო  შესრულებისა  და  მაყურებლის  ყურადღების  მიპყრობისთვის. 

             

ფესტივალზე  „ლისისტრატას“  პირველი  წარმოდგენის  შემდეგ   სოციალურ  ქსელში  მყისიერად  გაჩნდა  რეცენზიები,  სადაც  ივა  ჰერიბანოვა  აღნიშნავს,  რომ   ქართველი  მსახიობების  ჰიპნოზურმა  შესრულებამ  მაყურებელზე  მომნუსხველი  შთაბეჭდილება  მოახდინა.  სპექტაკლი  შეფასდა  როგორც  ანსამბლური  სანახაობა,  რომელშიც  ძლიერი  გუნდი  მონაწილეობს.  სპექტაკლი,  სადაც  ყველა  კომპონენტი:  რეჟისურა,   მსახიობების  შესრულება,  მუსიკალური  პარტიტურა,  სცენოგრაფია  ერთიან  მხატვრულ  სანახაობას  ქმნის.  “ემოციური,  სახიერი,  მეტყველი,  შთამბეჭდავი,  დიდებული“  ეს  და  სხვა  ეპითეტები  გაისმოდა  „ლისისტრატას“  შეფასებისას.  რეცენზიაში  ვკითხულობთ:  „ომის  თემა,  რომელიც  თეატრში  ცოცხლდება,  ყოველთვის  საინტერესოა.  ქართველები  გამოირჩევიან  თავიანთი  ტემპერამენტით,  მაღალი  სამსახიობო  ოსტატობით........ყველაფერი  სრულყოფილ  ჰარმონიაშია,  გადაჭარბებული  არაფერია,  მესიჯი  ნათელი,  შესრულება  ოსტატური,  ფინალში  მხურვალე  აპლოდისმენტები  თავად  მეტყველებს  ყველაფერზე“.

              

სპექტაკლის  წარმატებამ  ბუნებრივია   ქართული  სამსახიობო  სკოლის  სწავლების  მეთოდოლოგიით  დაინტერესება  წარმოაჩინა.  დისკუსიის  დროს  მოდერატორმა  აღნიშნა,  რომ  სტანისლავსკის  მეთოდი  რუტინულია,  მისმა  მეთოდმა  ამოწურა  თავისი  შესაძლებლობები,  რომ  აღმოსავლეთ  ევროპაში  სტანისლავსკი  მკვდარია,  მაგრამ  „თქვენ  დაგვანახეთ,  რომ  სტანისლავსკის  სისტემის  რესურსი  ამოუწურავია.  თქვენ  გააცოცხლეთ  იგი“.   

             

ბრნოს  ფესტივალმა   ქართული  სამსახიობო  სკოლის  წარმატება  კიდევ  ერთხელ  დაგვანახა.  ამ  ტიპის  ფესტივალებში  მონაწილეობა  ყოველ  ჯერზე  გვეხმარება  ეროვნულ  სამსახიობო  სკოლაში  არსებული  ღირებულებების  გამოკვეთაში,  ცნობიერების  ამაღლებაში,  ჩვენი  სკოლის  ადგილისა  და  მნიშვნელობის  გააზრებაში.  საშუალებას  გვაძლევს  ობიექტურად  შევაფასოთ  როგორც  ჩვენი  მიღწევები,  ასევე  დასაძლევი  ამოცანები  და  ახალი  გამოწვევები.     

bottom of page