top of page

თაღლითთა შემოდგომა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

თაღლითური გზით ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

გიორგი ყაჯრიშვილი

თაღლითთა შემოდგომა

კენ ლუდვიგის კომედია „პრიმადონები“, რომელიც 2004 წელს დაიწერა, აშკარად განიცდის „ჯენტლმენებს ქერა ქალები მოსწონთ“ (ანიტა ლუსის წიგნის მიხედვით) მიუზიკლისა და „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ (კინორეჟისორი ბილი უაილდერი, 1959 წ.) გავლენას.

სიტუაციათა კომედია ცალსახად იმეორებს პოპულარული მიუზიკლისა და არანაკლებ ცნობილი ფილმის ფაბულას, სადაც მამაკაცი მსახიობები სამუშაოს ძიებაში და გამდიდრების სურვილით ქალებად არიან გადაცმული ოდნავ განსხვავებული სიუჟეტური ცვლილებებით. რეჟისორმა მალხაზ ასლამაზიშვილმა თარგმნა ეს პიესა და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ ჩატარებული 2022 წლის კონკურსში პრემიაც დაიმსახურა.

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლია სულუაშვილს დიდი სურვილი ჰქონდა რომ ამ სეზონში რეპერტუარში აუცილებლად ყოფილიყო კომედია და თავისი არჩევანი გამოცდილ რეჟისორზე მალხაზ ასლამაზიშვილზე შეაჩერა, რომელსაც არაერთი კომედია (და არა მატო) დაუდგამს ქართულ სცენაზე. ეს არჩევანი სწორი აღმოჩნდა და მართლაც მალხაზ ასლამაზიშვილის მიერ განხორციელებული კენ ლუდვიგის კომედია სახელად „თაღლითები და სიყვარული“ სწორედ ის წარმოდგენა აღმოჩნდა , რაც ასე ძალიან კარგად მოერგო ამ თეატრის რეპერტუარს.

სიტკომი - სიტუაციათა კომედიის თამაში სცენაზე ძალიან რთულია. თუ მაგალითად დრამა იტანს სხვადასხვა რიგის რეჟისორულ ხერხებსა და ფორმებს და როგორც წესი მაყურებელი ინტერესით უსმენს და ეს ტექსტები ზოგიერთ რეჟისორს „მხსნელად“ ევლინება, სიტკომის შემთხვევაში ყველაფერი მსახიობის თამაშზე და მათ პროფესიონალიზმზეა დამყარებული. რასაკვირველია ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დრამაში მსახიობი, როგორც ასეთი იგნორირებულია, მაგრამ რეჟისორული თეატრი შემთხვევაში მაინც ძირითადად ფასდება ის, რასაც დამდგმელმა ჯგუფმა გააკეთა. კომედიურ ჟანრში პატარა ნიუანსი, პატარა გადაცდომა და გადახვევა უგემოვნობისკენ ექაჩება წარმოდგენას და აფუჭებს ყველაფერს. ძალიან გაცვეთილ კლიშეს გამოვიყენებ, რომელიც კარგად გამოხატავს ჩემს აზრს - „მსახიობის თამაში დენის წვერზე გადის“. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ მესხეთის თეატრის მსახიობებმა მართლაც რომ წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას და ვიხილეთ ძალიან ხალისიანი, ფერადოვანი და სახალისო კომედია, რომლის დროსაც გამუდმებით ისმოდა ტაში და აღტაცების შეძახილები მაყურებელთა დარბაზში.

პარასკევ დღეს, შუა აგვისტოში ახალციხეში მაყურებელთა სავსე დარბაზი მართლაც რომ მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მესხეთის თეატრს მართლაც რომ საუკეთესო და განსხვავებულ მაყურებელი ჰყავს.

ამ სპექტაკლში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ისევე როგორც მთელ სეზონში სცენოგრაფის ლელა ფერაძის და კოსტიუმების მხატვრის ნანა ყორანაშვილის ნიჭი და ოსტატობა. მათ მიერ შექმნილი გარემო და მსახიობთა სცენური ჩაცმულობა მართლაც რომ საზეიმოა, ეპოქისა და განწყობის გამომხატველი. განსაკუთრებითი აღნიშვნის ღირსია თეატრის ჩამცმელთა „გმირობა“, რომლებიც ასე ოსტატურად და მოხერხებულად ახერხებდნენ ჯეკისა და ლეოს კოსტიუმების გამოცვლას, როცა მამაკაცთა შემდგომ ქალად გადაცმულად გამოსვლას შორის მხოლოდ წამები იყო. სცენოგრაფია ძალიან მარტივია, თუმცა ფუნქციური. პატარა სცენა სცენაზე - პოდიუმი-ფიცარნაგი კომედია დელ'არტეს თეატრისთვის დამახასიათებელია. უკანა პლანზე ფერადი კუბიკების ნახატებიანი სამი კარი, რომელიც ბრუნავდა და საიდანაც მსახიობ-შემსრულებლები გვევლინებოდნენ.

სიუჟეტის თხრობას არ შევუდგები, რადგან ამბავი, რასაც რეჟისორი და მსახიობები გვიყვება, ყველასთვის ცნობილია. რეჟისორმა ფინალური სცენა ასე ვთქვათ გააორმაგა დასაწყისში და დასასრულს -  ისინი თითქმის იდენტურია. ამით ერთგვარად შეკრა ამბის სრული მსვლელობა.

წარმოდგენას ახალგაზრდა ოდრი (ქრისტინე ჩხიკვაძე) იწყებს, რომელიც გორგოლაჭებს ახლა ითვისებს და მისი „შეჯახება“ ჯეკთან ერთი ნახვით შეყვარებაა, რომელიც ბოლოში წარმატებით უნდა დასრულდეს. ლია სულუაშვილის ფლორენს სნაიდერი ღრმად მოხუცებული მილიონერი ქალბატონია, რომლის მთავარი საზრუნავია, რომ შვილიშვილებს გაუნაწილოს მემკვიდრეობა, რომლებიც სადღაც მიმოიფანტნენ ან დაიკარგნენ. ახალა კი საგულდაგულოდა გადამალული ვისკის შეექცევა, მაგრამ ასაკი თავისას შვება და ჭარბი ალკოჰოლი გონებას აკარგვინებს. ეს სცენა რეჟისორმა იმიტომ შემოიტანა, რათა ერთად წარმოედგინა მაყურებლისთვის ყველა პერსონაჟი, რომლებიც ოდრის ყვირილზე „ექიმი“ მოხუცის გარშემო შეიკრიბებიან და მის გონზე მოყვანას ცდილობენ. „თაღლითობა და სიყვარული“ - გვამცნობს გამოცოცხლებული ფლორენსი - ლია სულუაშვილი.

ფლორეს სნაიდერი ძალიან თვინიერი, მაგრამ სამართლიანი და კეთილშობილია. ეს ის მოხუცია, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი აქ მყოფი საზოგადოება და არა მარტო. გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება სნაიდერებს შორს მემკვიდრეობის გადანაწილების შესახებ კომედიანტებისთვის ჯეკი და ლეონისთვის ამ მემკვიდრეობის დაუფლების სტიმული ხდება.

ჯეკი - ნიკოლოზ გოგიძე რომანტიკოსი ახალგაზრდაა, მგრძნობიარე და არც თუ ისეთი გაიძვერა და ეშმაკი, როგორც მისი კომპანიონი ლეო- მალხაზ შაყულაშვილია. სწორედ ამ უკანასკნელის ინიციატივით და ზეწოლით აღმოჩნდებიან ამ ოჯახში - ქალებად გადაცმულნი. ორივე მსახიობი - ერთიც და მეორეც დიდი ოსტატობით ასრულებს ქალის როლს და მხოლოდ ისევ ქალები - ოდრი და მეგი სნაიდერი თუ ამჩნევენ, რაღაც უცნაურობას მათ ქალურობაში.

ლუი პრინციპულია, ოდნავ ნერვიული, მიზანდასახული და არ ერთ შემთხვევაში არ თანხმდება ჯეკს, რომ დროზე  თქვან უარი ამ „კარნავალზე“.

ჯეკი კი თავის მხრივ იმდენად შეყვარებულია ოდრიში, რომ პირველი გამოიცვლის ქალის კაბას და მამაკაცად წარდგება ოდრის წინაშე. თუმცა ეს დროებითია და ორივე ისევ იძულებულია განაგრძო ეს დაწყებული თამაში იქამდე ვიდრე სიყვარული არ იმძლავრებს და ორივე ბედნიერია სატრფოს პოვნით.

მეგი სნაიდერის (ჯუნა თუმანიშვილი) და პასტორ დუნკანის წყვილიც ძალიან უცნაურია. ისინი თითქმის წელია ერთად არიან, მაგრამ მათ შორის ნამდვილი სიყვარულს ჯერ არ დაბუდებულა. დუნკანი (მამუკა ხმალაძე) ეჭვიანია, და სწორედ ამიტომ ის პირველი შეეცდება სიმართლის გამოაშკარავებას და თაღლითებისთვის „ნიღბის ჩამოხსნას“. თუმცა არაფერი შველის, ძალიან დააგვიანა და ხელმოცარული რჩება - რადგან მეგი სნაიდერმა მას ლეო ამჯობინა.

ამ სპექტაკლში ორი მნიშვნელოვანი ფაქტის დაფიქსირდა: - ახალგაზრდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის ქრისტინე ჩხიკვაძის (პროფესორ გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი) დებიუტი დიდ სცენაზე, რომელმაც ოდრის ძალიან დასამახსოვრებელი და მისთვის მნიშვნელოვანი როლი შექმნა და მეორე გამოცდილი მსახიობის მამუკა ხმალაძის (დუნკანი) დაბრუნება მესხეთის თეატრში. თორმეტი წლის შემდეგ მსახიობის მიერ შესრულებული პასტორი, მანერებით, ქცევით, პარტნიორთან ურთიერთობით და მთლიანად დაკისრებული როლის გააზრებით ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპექტაკლში.

თუმცა ყველა მათგანს ექიმ მაიერსს - კონსტანტინე კახიშვილს, მისი დედას მანანა ბერიძეს ვერ გამოარჩევ ერთმანეთისგან იმდენად კარგი ანსამბლი შექმნა რეჟისორმა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ყოველი დეტალი, ყოველი ნიუანსი თუ აქცენტი, ინტონაცია თუ პლასტიკა და მოძრაობა სწორადაა გათვლილი, დახვეწილი და დამუშავებული. ამიტომაცაა რომ ყოველივე იმას, რაც სცენაზე ხდება ზუსტად აღიქვამს მაყურებელი, ზუსტად სწვდება პერსონაჟთა ხასიათს და ადეკვატურად აღიქვამს ამ მოვლენების „კასკადს“.

ფინალი კი, როგორც დასაწყისი ითქვა, ფლორენსის გამოთრობით, ჯერ გულის წასვლით და მერე მისი გაცოცხლებით სრულდება - ახლაც ყველა პერსონაჟ-შემსრულებელი სცენაზე - მხოლოდ ახალი დაწყვილებით: ოდრი - ჯეკი, მეგი - ლეო. „სიყვარული იმარჯვებს!“

bottom of page