თაღლითური გზით ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

299189392_2311258752361763_5033378562763628940_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

თაღლითური გზით ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

 

მესხეთის (ახალციხის) თეატრმა სათეატრო სეზონი პრემიერით დახურა. „თაღლითობა და სიყვარული“ ამ წლის (და არა სეზონის) მეექვსე პრემიერაა. უკვე არავის უკვირს მცირებიუჯეტიანი მესხეთის თეატრი სეზონის განმავლობაში, უკვე რამდენიმე წელია, ამდენი პრემიერის დადგმას რომ ახერხებს. აი, ის კი უკვირთ, როგორ ახერხებს ამას მესხეთის თეატრი?!

მესხეთის თეატრის მოქმედი რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ლია სულუაშვილი წლებია ანებივრებს მაყურებელს პრემიერებით, სხვადასხვა თაობის რეჟისორთა მოწვევით, დასის შემადგენლობის პერიოდული განახლებით, რადგან ლია სულუაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ პატარა ქალაქში მაყურებელს თეატრმა მუდმივად სიახლე რომ უნდა შესთავაზოს. მესხეთის თეატრის მოქმედი რეპერტუარი ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამჯერად, თეატრმა, სეზონის მიწურულს, ხასიათების კომედია შესთავაზა მაყურებელს.

რეჟისორმა მალხაზ ასლამაზიშვილმა კედ ლუდვიგის „პრიმადონების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თაღლითობა და სიყვარული“ შეარჩია, რომელიც თავად თარგმნა და ქართულ რეალობასაც მოარგო ისე, რომ პერსონაჟების სახელები და კომიკური სიტუაციები უცვლელი დატოვა.

ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ იმას, რომ კომედიის დადგმა უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვიდრე დრამის, ან ტრაგედიის. აქ რეჟისორს და მსახიობთა გუნდს დიდი შრომის გაწევა უწევთ, რომ მაყურებელი გააცინონ, სცენაზე შექმნან კომიკური სიტუაცია, მიაღწიონ მაქსიმალურ გულწრფელობას და ბუნებრიობას, ამავდროულად ილაპარაკონ ადამიანების მანკიერ თვისებებზე. ეს კარგად იცის მალხაზ ასლამაზიშვილმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კომიკური ჟანრის პიესების დადგმის, რომელთა უმრავლესობა წლების განმავლობაში აცოცხლებს სხვადასხვა თეატრის რეპერტუარს. მალხაზ ასლამაზიშვილმა იცის, არა მხოლოდ როგორ დადგას კომედია, არამედ რა სჭირდება მაყურებელს. მომხმარებლის გარეშე კი თეატრი, ცხადია, წარმოუდგენელია. მალხაზ ასლამაზიშვილის მორიგი სპექტაკლი „თაღლითობა და სიყვარულიც“ ამ სერიიდან გახლავთ, რომელიც ვფიქრობ, დიდხანს შერჩება მესხეთის თეატრის რეპერტუარს და ახალციხელი მაყურებელი შეიყვარებს არა მხოლოდ სპექტაკლს, არამედ პერსონაჟებს და მათ შემსრულებლებს.

სპექტაკლის სცენოგრაფმა ლელა ფერაძემ, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს მესხეთის თეატრთან ერთი მხრივ მეტაფორული, ხოლო მეორე მხრივ სადა ატმოსფერო შექმნა. მხატვარმა ცნობილი მოდერნისტი მხატვრის პიტ მონდრიანის ტილო გამოიყენა, რომელიც სპექტაკლში გათამაშებულ მოვლენათა და სიტუაციათა ხელისშემწყობი ფონია მხოლოდ. ფერადი კუბები მან კარებად აქცია და დეკორაციას პრაქტიკული დანიშნულებაც მისცა. სცენა არენას ჰგავს, რომელიც თეთრ ფერშია გადაწყვეტილი პიტ მონდრიანის ნამუშევრის ფონზე. სიტუაციურად სპექტაკლშიც მოქმედი პერსონაჟები არენაზე არიან, თითოეული მათგანი ან კონკურენციაშია სხვებთან, ან რაღაცის დამტკიცებას ცდილობს, ან სულაც საკუთარ თავთან. ამიტომაც სივრცე, რომელიც ერთგვარ საასპარეზოს ჰგავს ფერადი ფონით, შინაარსობრივადაც ეხმიანება სპექტაკლის სიუჟეტურ სიტუაციას. კოსტიუმებზე ტრადიციულად, ნანა ყორანაშვილმა იმუშავა. ამ ორი მხატვრის ტანდემი ბევრ წარმატებასთანაა დაკავშირებული. ნანა ყორანაშვილის კოსტიუმები ერთი მხრივ, პერსონაჟთა ხასიათს და სოციალურ სტატუსს ავლენს, ხოლო მეორე მხრივ, ეპოქას (რომელშიც მიმდინარეობს მოქმედება)  და პერსონაჟთა ჩაცმის კულტურას. მუსიკალური თემები და ხმაურები თავად რეჟისორმა შეარჩია, რომელიც გარკვეულ დინამიკას სძენს მოქმედებას, სიუჟეტის განვითარებას.

სპექტაკლში, რომელიც სახალისო და სიტუაციური კომიკური სცენებიდან შედგება, შეიცავს გრძელ საექსპოზიციო ნაწილს (ლამის პირველი მოქმედების პირველი ნახევარი), რომელიც ერთგვარად ხელს უშლის სიუჟეტის განვითარებას, აფერხებს კვანძის შეკვრას და სიუჟეტურ ინტრიგას. ხოლო მას შემდეგ, რაც კვანძი იკვრება, უკვე ინტრიგაც გამოკვეთილია, სიუჟეტი ზამბარასავით დაჭიმულია, მაყურებელი ბოლომდე ერთვება წარმოდგენის მსვლელობაში და ინტერესიც მოვლენებისადმი გამძაფრებულია.

მესხეთის თეატრის „თაღლითობა და სიყვარული“ არტისტების სპექტაკლია. ეს განპირობებულია თავად პიესით, რადგან ის ხასიათების კომედიაა და მესხეთის თეატრის დასი წარმატებით ართმევს თავს რეჟისორის მალხაზ ასლამაზიშვილის დასახულ ამოცანას. პიესაში ფლორენს სნაიდერი საერთოდ არ ჩანს, მას მხოლოდ ახსენებენ, აქ კი მალხაზ ასლამაზიშვილმა ეს პერსონაჟი გააცოცხლა და ის მსახიობს ლია სულუაშვილს, სავსებით სამართლიანად და ლოგიკურად ანდო. სცენაზე ვხედავთ მოხუც, მსუნაგ, გამჭრიახ, კეთილ ქალბატონს, ჯუჯღუნა მოხუცს. ლია სულუაშვილი რომ სცენის ოსტატია ეს ამ სპექტაკლშიც დასტურდება. მსახიობს როლი ეტიუდების პრინციპზე აქვს აგებული, ტექსტით თუ უტექსტოდ ის ოსტატურად ახერხებს გმირის ხასიათის ზედმიწევნით ზუსტად გამოკვეთას. მცირე ეპიზოდებში კარგად იკითხება ამ პერსონაჟის განვლილი ცხოვრება და ხასიათი. ლია სულუაშვილი დასამახსოვრებელ პერსონაჟს ქმნის, თუმცა სპექტაკლის სიუჟეტის და არტისტიზმის ღერძი ორნი არიან: პროფესიით მსახიობები ლეო (მალხაზ შაყულაშვილი) და ჯეკი (ნიკოლოზ გოგიძე), რომელთაც უწევთ სიტუაციის წარმართვა და ერთ სპექტაკლში ორ-ორი პერსონაჟის (მათ შორის, ქალების) განსახიერება. მალხაზ შაყულაშვილი და ნიკოლოზ გოგიძე კონტრასტულ პერსონაჟებს ქმნიან - ერთი მხრივ დახვეწილი, მასკულინურ-რომანტიკოსი მსახიობის მხატვრულ სახეს და მეორე მხრივ, ირგებენ დასაოჯახებელი ქალების ნიღბებს. მათი გარდასახვა კომიკურია, რაც გრიმით, კოსტიუმით და მსახიობთა ნიჭიერებით არის მიღწეული და ამავდროულად, სევდიანიც.

განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია ჯუნა თუმანიშვილის მიერ შექმნილი მეგი სნაიდერის პერსონაჟი. მსახიობის სცენური მომხიბვლელობა, დახვეწილი ზედმიწევნით ქალური ფაქტურა პერსონაჟს განსაკუთრებულ ხიბლს და ელფერს სძენს, ხოლო მანანა ბერიძის მიერ შექმნილი ბუჩი, გროტესკული პერსონაა. მსახიობი სწორედ გროტესკის ჟანრში, უტრირებული გამომსახველობითი ხერხებით ხატავს ტიპაჟს, რომელსაც განსაკუთრებული ხალისი და ირონია შემოაქვს სპექტაკლში. მსახიობის ოსტატობა იმაშიც ჩანს, რომ ეპიზოდური, უფრო ფრაგმენტული გამოსვლების მიუხედავად, მაყურებელს შეუძლია ამოიცნოს ამ პერსონაჟის სრული სახე, მისი შინაგანი სამყარო, მისწრაფებები და მსოფლმხედველობა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მესხეთის თეატრის სცენას დაუბრუნდა მამუკა ხმალაძე, რომელმაც პასტორი დუნკანის როლი შეასრულა. მსახიობის გროტესკული ფაქტურა, ზედმიწევნით კარგად ესადაგება პასტორის ტიპაჟს. მამუკა ხმალაძის შესრულებას არ ეტყობოდა სცენასთან განშორების მრავალწლიანი პაუზა. მსახიობმა მოახერხა შეექმნა ფარისეველი, ავანტიურისტი პასტორის მხატვრული სახე. მან ორგანულად მოირგო გაიძვერა და ანგარებიანი სასულიერო პირის ნიღაბი. არანაკლებ სახასიათო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა კონსტანტინე კახიშვილმა, რომელიც ექიმი მაიერსის როლს ასრულებდა. მსახიობი ხატავს გულუბრყვილო, დილეტანტი ექიმის ტიპაჟს. მსახიობის მოქნილი პლასტიკა ის ხერხია, რომელიც პერსონაჟის გროტესკულ დახატვას უწყობს ხელს, ასევე სასცენო ტრიუკების შეთხზვას და მათ განხორციელებას. ამ არტისტულ ანსამბლში ფერიას მოგაგონებდათ დებიუტანტი მსახიობი ქრისტინე ჩხიკვაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის მსახიობის სპეციალობის სტუდენტი (პროფესორ გიორგი შალუტაშვილის სახელოსნო), რომელმაც სპექტაკლში ოდრის როლი შეასრულა. სპექტაკლში ოდრი ყველაზე სუფთა სულიერი სამყაროს, უანგარო, პოზიტიური, რომანტიკოსი გოგონაა. ქრისტინე ჩხეიძის მომხიბვლელობა და დახვეწილი ფაქტურა პერსონაჟს მეტ ხიბლს სძენდა.

ორ მოქმედებიანმა სპექტაკლმა გაამხიარულა და გაახალისა ახალციხელი მაყურებელი. სცენაზე ბევრჯერ შეიქმნა კომიკური სიტუაცია, რომელიც ტაშისა და ოვაციის თანხლებით მიდიოდა. ეს კი რეჟისორთან ერთად, სწორედ სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა დამსახურებაა, რომლებიც სპექტაკლის მეორე ნაწილში განსაკუთრებით გალაღდნენ და დაძაბულობა მოიხსნეს. ისინი იცავდნენ (ყოველ შემთხვევაში, საპრემიერო წარმოდგენაში ასე იყო) ზღვარს ფარსსა და ვოდევილს შორის, გროტესკსა და კომედიას შორის, უგემოვნობასა და დახვეწილ იუმორს შორის. ვფიქრობ, მესხეთის თეატრის რეპერტუარს ერთი სიცოცხლისუნარიანი სპექტაკლი შეემატა, რომელიც ბევრ სიხარულს მიანიჭებს მაყურებელს. თეატრის ფუნქციას კი, კოტე მარჯანიშვილის თქმის არ იყოს: - „სულ მარტივია, მიანიჭოს მაყურებელს სიხარული და შთაბეროს მას მხნეობა“