top of page

თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელობა ქართულ სათეატრო კულტურაში

310971205_1205202690209476_2472138263747582200_n.jpeg

სოფიო ნაჭყებია

თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელობა ქართულ სათეატრო კულტურაში

 

21-ე საუკუნის ქართული თეატრალური სფერო მოკლებულია ისეთ თანამედროვე (და არა კლასიკურ) ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს, რომლებიც ესთეტიკური თვალსაზრისით სანახაობრივია, იძლევა კრიტიკული მსჯელობის საშუალებას და არის ემოციურად ამაღელვებელი. სწორედ ამ დანაკლისის შევსებას მაყურებელი იმ უცხოური სპექტაკლების ხარჯზე ახერხებს, რომლებიც კონკრეტული ფესტივალებისა თუ დამოუკიდებელი კომპანიების ხელშეწყობით ჩამოდიან.

ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს „კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა“ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, რომლებმაც ერთობლივად ორგანიზება გაუწიეს ცეკვის კომპანიის „Cie. Toula limnaios“ ჩამოყვანასა და მათი წარმოდგენის „Isson - სოლო ორი კაცისთვის“ ფართო აუდიტორიისთვის ჩვენებას. ამას გარდა, მათ ადგილობრივ პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ მოცეკვავეებს მისცეს საშუალება, სპექტაკლამდე ორი დღით ადრე დასწრებოდნენ ტულა ლიმნაიოსის მასტერკლას, რომელიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ტიპური რეცენზია, რომელიც მოიცავს სპექტაკლის განხილვას, არამედ ეს არის უფრო მცდელობა, თვალსაჩინო გავხადო ასეთი ღონისძიებების ხელშეწყობის აუცილებლობა და პოპულარიზაცია.

პირველ რიგში, ამ აზრს ვაფიქსირებ როგორც მაყურებელი, რადგან მჯერა, რომ მსგავსი პროექტების საშუალებით, უპირველეს ყოვლისა, შემოდის ცოდნა -

ცოდნა იმ კულტურისა, რასაც თანამედროვე (contemporary) ცეკვის თეატრი ეწოდება და რომელსაც უნივერსალური ქორეოგრაფიული ენა გააჩნია (არ საჭიროებს არც თარგმნას და არც ე.წ. სუბტიტრებს). ამასთან ერთად, მსგავსი წარმოდგენები, რომლებიც უცხოა ქართული თეატრის მაყურებლისთვის, წარმოშობს სივრცეს ანალიზისთვის, ახლის შეცნობისა თუ გემოვნების ფორმირებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მაყურებელს არ გააჩნია მასობრივი მოთხოვნილება ამ კონკრეტული დარგის მიმართ, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან მაყურებლის დაინტერესება უნდა მოხდეს გარკვეული ინფორმაციის (ფაქტობრივი მასალის თუ ცოცხლად შესრულებული სპექტაკლების სახით) სისტემატური მიწოდებით, რაც დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ წინაპირობის გათვალისწინებით ერთ საათიანი წარმოდგენა „Isson - სოლო ორი კაცისთვის“, ჩვენი მაყურებლისთვის, ობიექტურად, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. აქ ნაჩვენებია მინიმალიზმის ძალა, რომელიც გამოვლინდა როგორც ქორეოგრაფიასა  (ტულა ლიმნაიოსი) და მუსიკაში (რალფ რ. ოლერტცი), ასევე კოსტიუმებსა (ტულა ლიმნაიოსი) და სცენოგრაფიაში (ტულა ლიმნაიოსი).  წარმოდგენის მთელი კონცეფცია ფოკუსირებულია მოცეკვავეების ფიზიკური შესაძლებლობებისა და შინაარსობრივი მხარის დემონსტრირებაზე. თავად ქორეოგრაფია შედგება განმეორებული ცალკეული მოძრაობებისგან, რაც ჰიპნოზურ ეფექტს ახდენს მაყურებელზე.  

ამ ფენომენს შეგვიძლია მოცეკვავეების პოზიციიდანაც შევხედოთ, რომლებსაც აქვთ სურვილი მსგავს მასტერკლასებში, რომელთა რიცხვიც მცირეა, მიიღონ მონაწილეობა.

იმის დასასაბუთებლად, თუ რამხელა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მოცეკვავის ფიზიკასა და გონებაზე მხოლოდ 2 საათიანმა მასტერკლასმაც კი, შემიძლია მოვიყვანო ორი დავალება, რომელიც ტულამ თავის მოცეკვავეებთან ერთად (ლეონარდო დ’აკუინო და ალესიო სკანდალე) მასტერკლასის ფარგლებში შემოგვთავაზა: პირველი ეს არის ჩაკეტილ სივრცეში (ბოთლებით შემოსაზღვრულ ოთხკუთხედში) ინდივიდუალიზმის ძიება, სამ განზომილებაში (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) მოცემული არეალის ათვისება და ამ მოცემულობიდან მოძრაობების ტემპისა თუ ტექნიკის განსაზღვრა. ამავე დავალების მეორე ეტაპზე, ერთ ოთხკუთხედში/პირად სივრცეში, ორ მოცეკვავეს უშვებს, შემდეგ კი სამს. დავალების იდეაფიქსი კი უცხო სხეულებთან მიმართებაში კვლავ საკუთარი იდენტობისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება რჩება. ეს ინტენსიური დავალება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სხეულისთვისა და გონებისთვის, რომლებიც მუდმივ „მუშაობაში“ არიან.

მეორე დავალება - კონკრეტული კომბინაციის სწავლა წარმოდგენიდან „Isson - სოლო ორი კაცისთვის“, რითაც ტულამ მოგვცა საშუალება ჩვენს სხეულზე გამოგვეცადა მისი ქორეოგრაფიული სტილი. ამ ფრაგმენტით, გარკვეულწილად, გასაგები გახდა ამ წარმოდგენის ხასიათი, მუსიკალური რიტმი, მოძრაობის დიაპაზონი და დამოკიდებულება, რომლითაც უნდა შესრულდეს ეს კონკრეტული კომბინაცია.  დასაწყისში აღვნიშნე, რომ მასტერკლასი წარმოდგენაზე 2 დღით ადრე ჩატარდა, შედეგად ტულამ აქედანვე შეგვიქმნა პირველადი წარმოდგენა იმაზე, თუ რას ვიხილავდით სილქ ფაქტორის პავილიონში 30 სექტემბერს.

მეორე დავალებას დუეტის პრინციპით ვასრულებდით, სწორედ ისე, როგორც სპექტაკლშია მოცემული. სინქრონზე საუბრისას ალესიო სკანდალემ გვითხრა: „We don’t see but we see „ (ჩვენ ვერ ვხედავთ (ერთმანეთს), მაგრამ ჩვენ ვხედავთ). ეს სიტყვები ზუსტად აღწერს, იმ ტექნიკურ (და არა იდეურ) პრინციპს რაზეც აგებულია „Isson - სოლო ორი კაცისთვის“.

მაგალითების მოყვანით მსურდა დამედასტურებინა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მოცეკვავეებისთვის ასეთი ტიპის მასტერკლასების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც  მათ საშუალება ეძლევათ მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები სრულიად სხვა, უცნობ ქორეოგრაფიულ მიმდინარეობებში. მსგავსი პრაქტიკული სამუშაოები ზრდის მოცეკვავეს და აფართოებს მის პოტენციალს, ის სწავლობს მეთოდებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში ტულა ლიმნაიოსი გერმანიაში თავის დასთან ერთად 1996 წლიდან ამუშავებს. ეს კი ვფიქრობ, აუცილებელი პროცესია ყველა იმ შემოქმედისთვის, რომელიც ადგას იმ ქორეოგრაფიულ გზას, სადაც თვითგამორკვევისა და შემეცნების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოში თანამედროვე ცეკვის თეატრის არსებობის საკითხი კიდევ დიდხანს დარჩება აქტუალური, რადგან ამ სფეროს განვითარების მომავალი ბუნდოვანია. აწმყო კი პრაქტიკულად დაკავშირებულია ყველა იმ ინდივიდთან (კერძო კომპანია, თეორეტიკოსი, მოცეკვავე და ა.შ), რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ სხვადასხვა, თეორიული თუ პრაქტიკული, პროექტების (პერფორმანსები, ლექცია-დისკუსიები, მასტერკლასები და ა.შ) საშუალებით ქორეოგრაფიული სამყარო პრიორიტეტული გახადონ საზოგადოებისთვის.

ფოტო: https://www.facebook.com/Circeplatform 

bottom of page