თანამედროვე სათეატრო სივრცე გლობალურ ონლაინ რეჟიმში
მაკა ვასაძე
თანამედროვე სათეატრო სივრცე გლობალურ ონლაინ რეჟიმში
(ქართველი ახალგაზრდა შემოქმედების მაგალითზე)
ქართული თეატრი XIX ს-ის ბოლოდან მოყოლებული ყოველთვის ჩართული იყო მსოფლიო სათეატრო პროცესებში. ყოველი თეატრალური მიმდინარეობა, რომელიც იქმნებოდა ევროპაში, იდენტურად ვითარდებოდა საქართველოში. განსაკუთრებით ეს საშემსრულებლო ხელოვნებაში აისახებოდა და აისახება დღესაც. დრამატურგიაშიც მეტ-ნაკლებად შესაბამისი პროცესები მიმდინარეობდა. XX ს. 10-20-იან წლებში, საქართველოში დაბრუნდნენ უცხოეთში (პარიზსა თუ რუსეთში) დახელოვნებული შემოქმედები და შექმნეს თეატრი, რომელსაც დღეს ჩვენ _ თანამედროვე ქართულ თეატრს _ ვუწოდებთ. aხლა, მხოლოდ კოტე მარჯანიშვილის სახელს ვახსენებ, რომელიც მსოფლიო უდიდეს, შეიძლება ითქვას გენიოს რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება და რომელმაც პრინციპში დააფუძნა თანამედროვე ქართული თეატრი. არ დაგავიწყდეთ, რომ ქართულმა თეატრმა ეს მოახერხა თითქმის 70 წლიანი „რკინის ფარდის“ მიღმა; „ბოროტების იმპერიის“ 70 წლიანი რეპრესიებისა და წნეხის პერიოდში.
მცირე შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა: მსოფლიო თეატრი და მასში შემავალი ქართული თეატრი, ყოველთვის იცოცხლებს, იარსებებს. არა აქვს მნიშვნელობა რა ხერხით, რა ფორმით, რა სტრუქტურით, რა ფორმატით. იქნება ეს: ცოცხალი თეატრი, მაყურებელთან უშუალო კონტაქტი, თუ, ონლაინ რეჟიმი.
რატომ, იმიტომ რომ ადამიანი დღიდან გაჩენისა თამაშისკენ იყო მიდრეკილი. დაწყებული რიტუალური თეატრიდან, დღევანდელი სხვადასხვა მიმართულების, ფორმატის თეატრით დამთავრებული. ადამიანებს „თეატრის“, „თამაშის“ მოთხოვნილება აქვთ. `თამაში~ ადამიანის ბუნებაშია ჩადებული. არა აქვს მნიშვნელობა, თავად მოთამაშეა ის, თუ თამაშის თვალყურის მადევნებელი. ცნობილი მეცნიერი, ლინგვოსემიოტიკოსი, მედიავისტი იური ლოტმანი წერს:
„პრაქტიკული და რიტუალური ქცევის ურთიერთქმედებას წარმოადგენს თამაში. იმისდამიუხედავად, რომ თამაში ჩვენს ცნობიერებაში დასვენებასთან, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განტვირთვასთან ასოცირდება, მისი ადგილი ინდივიდის აღზრდასა და საზოგადოების კულტურაში განსაკუთრებით დიდია. თამაშებრივი ქცევა ცხოველებშიც გვხვდება, ადამიანს კი თანსდევს დაბადებიდან გარდაცვალებამდე (აკვნიდან საფლავამდე), მრავალფეროვან საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ პროცესებთან შერწყმული. თამაშებრივი ქცევის სპეციფიკა არაერთგვაროვანია: თამაში გულისხმობს ერთდროულ რეალიზაციას (...) პრაქტიკული და პირობითი (ნიშნობრივი) ქცევისა.“ [1].
თეატრი ყოველთვის ითავისებდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს: მუსიკა, მხატვრობა, კინო, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვ. შემდეგ გათავისებულს გადაამუშავებს ხოლმე და მისთვის ორგანულს ხდის. ასე, იყო ყოველთვის, ასეა, დღესაც. …
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, თეატრი ონლაინ რეჟიმში უკვე არსებობდა Covid 19-ის პანდემიამდე, მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები და ა. შ. სხვადასხვა მოკლე პერფორმანსებს, სპეციალურად სოციალური ქსელებისთვის აკეთებდნენ. თბილისის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ახალგაზრდა, უკვე პოპულარული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ქართველი მსახიობია ანა სანაია. დღეს, ანა უკვე დრამატურგიცაა, პატარა პერფორმანსების დამდგმელი რეჟისორიც, მან სცენოგრაფიაშიც მოსინჯა თავის შესაძლებლობლები. როგორც მხატვარი, აქტიურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერ რეჟისორთან ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად. ნიკოლოზიც რეჟისურაში, სამსახიობო ოსტატობის დაუფლების შემდეგ, მივიდა. მათ არაერთი სპექტაკლი დადგეს ერთობლივად საქართველოს, როგორც დრამატული, ასევე, ექსპერიმენტული თეატრების სცენებზე.
პანდემიის პერიოდში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა „პიესების ონლაინ კითხვა“, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებმა ქეთევან სამხარაძემ და დავით თარბამ შექმნეს. მათ თანამედროვე ქართველ დრმატურგთა პიესების ონლაინ კითხვა მოაწყვეს.[2] პროექტში მონაწილე ყველა ახალგაზრდა არტისტია: დრამატურგი _ ანა სანაია, რეჟისორი _ ქეთევან სამხარაძე, კომპოზიტორ-შემსრულებელი _ ლევან ბაშარაული, მხატვარი _ ანინა ლებანიძე, მსახიობები: ანა სანაია, ნიკა ფაიქრიძე, სოფო ლეჟავა (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სტუდენტი), ბექა ლემონჯავა, ანკა დიდიმანიძე. ონლაინ რეჟიმში პირველი პიესის _ „შემდეგი გაჩერება დიაგონალი“ _ წარდგენამ სოციალურ ქსელში, ჰეშთეგით დარჩისახლში, ატვირთვისთანავე მოიპოვა პოპულარობა. 21.04.20. დაიდო და იმდღესვე 97 გაზიარება ჰქონდა. მაყურებელიც ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, გამოგიტყდებით, მეც (საშუალოზე უფროსი თაობის წარმომადგენელმა) დიდი სიამოვნებით ვუყურე. ასეთი ინტერესი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ფორმამ, და, მერე, სიუჟეტმა გამოიწვია. ამბავი _ თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებიდანაა. ფორმა და სტრუქტურაც, თუმცა არა ახალი, მაგრამ ზუსტად მორგებული აირჩიეს პიესების ონლაინ რეჟიმში წაკითხვისთვის. პატარა ოთხკუთხა „ფანჯრები“, რომელიდანაც თავიდან მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ეცნობა მაყურებელს, შემდეგ კი, მხოლოდ ონლაინ წარმოდგენაში მოქმედი 5 პერსონაჟი რჩება. ტრადიციისამებრ მსახიობები სახეობრივად, კითხულობენ პიესას. დრამატურგიულ ნაწარმოებში არსებული მოვლენებისა და ქმედების განვითარების შესაბამისად. სიტუაციებს, გარემოს, ადგილს, დროს პერსონაჟი-წამყვანი ამცნობს მაყურებელს.
ადრესატებთან, მაყურებელთან ვიდეო მესიჯებით „ურთიერთობა“, XX ს. 70-იან წლებში, რობერტ ვილსონმა დაიწყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ინტერნეტზე საერთოდ არ იყო საუბარი. დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი „ZOOM პორტრეტები“, რომელიც მან 2007 წ. განახორციელა. მის შემოქმედებაში, კარგად გათვლილ მარკეტინგულ პროექტს, წინ უძღოდა 1970-იან წლებში 20 წამიანი ვიდეოპორტრეტების შექმნა. იმ პერიოდში, ინტერნეტი კი არა, ვიდეოგადაღება იყო სიახლე. პარფიუმერული ფირმის „ივ როშას“ წარმომადგენლის, ელენე რუბენშტეინის, ლუი არაგონის პორტრეტები გადაიღო კიდეც. პროექტი ტელევიზიისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არ განხორციელდა. ვილსონმა ამ ტიპის რგოლების გაშვება მსხვილ ავიაკომპანიებს შესთავზა კიდეც, მაგრამ მაშინ მათ უარი უთხრეს ვილსონს. ის, ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელოვანი. ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ ვილსონი ამბობს:
„პორტრეტების გადაღების იდეა 70-იანი წლების შუაში დაიბადა. (...) ისინი განკუთვნილი იყო ჩვეულებრივ ტელეეკრანზე დემონსტრირებისათვის. მაგრამ გამუდმებით ვფიქრობდი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაირღვეს ტრადიციები, შეიცვალოს ფორმატი, გაკეთდეს არატრადიციული პორტრეტი, რომლებიც არ იქნებოდა შეზღუდული ტექნიკური მახასიათებლებით... რამდენიმე წლის შემდეგ, 70-იანების ბოლოსკენ, გავემგზავრე იაპონიაში, სადაც გავიცანი Sony-ის მეპატრონე (მეთაური) ბატონი მორიტო. მე მას ვკითხე: „შესაძლებელია თუ არა ისეთი ეკრანების შექმნა, რომელთა ზომები იქნება ერთი ერთთან“, დეტალურად ავუხსენი, რომ მე მჭირდება სრულმასშტაბიანი ვერტიკალური პორტრეტი თავიდან ტერფამდე ნატურალური სიდიდით... მან მიპასუხა, რომ არ ესმის, რას ვეკითხები. მაშინ ჩვენ წავედით Sony-ის ფაბრიკაში, და მე მისი პორტრეტის გადაღება დავიწყე. (...) როდესაც მან ნახა რა გამოვიდა, თავი დამიკრა და თქვა, რომ მე მექნება ასეთი მონიტორი. (...) ოცდაათი წელი გავიდა, და, ჩვენ ფორმატის შეცვლით, კვლავ ამოვატრიალეთ წარმოდგენა, ხედვა.“ [3]
დღეს, დედამიწის მოსახლეობა ებრძვის კორონავირუსის პანდემიას. ყველას ექსტრემალურ სიტუაციაში უწევს ცხოვრება და მუშაობა. მალე, იმედია მის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს ადამიანი. ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, თავის ადგილს დაუბრუნდება. მანამდე კი, ჩვენ ყველა, ვცდილობთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კრეატიულები ვიყოთ, მივიღოთ ახალი გამოწვევები და განვაგრძოთ ცხოვრება-მოღვაწეობა. ზოგჯერ „გასაჭირი“ ადამიანს ახალი ძიებებისა თუ მიგნებებისკენ უბიძგებს. ასეა დღესაც, ახალგაზრდებმა მონახეს ხერხი, ფორმა იმისა, რომ როდესაც მაყურებელი ვერ მიდის თეატრში, თეატრი თავად მივიდეს მაყურებელთან სახლში.
PP. S. სტატია დაწერილია აპრილის ბოლოს. 11 მაისს „პიესების ონლაინ კითხვა Plays online reading“ მეორე ნამუშევარი ASAP დაიდო. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტმა, ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ გურამ მაცხონაშვილის პიესის კითხვა შესთავაზა მაყურებელს სოციალურ ქსელში. მასშიც სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ: ეთო ალექსიშვილი, ანი იმნაძე, მარიამ ჯოლოგუა, ნინო კასრაძე. ციფრული პერფორმანსის ტექნიკური რეჟისორი ისევ ქეთევან სამხარაძეა, კომპოზიტორი ლევან ბაშარული, მხატვარი კი ბექა ჩხაიძე. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნამუშევარი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით უფრო მდიდარი და დახვეწილია.
სულ ახლახანს კი, „სამეფო უბნის თეატრთან“ არსებულმა მაესტრო თემურ ჩხეიძის სახელოსნომ, 6 ავტორის (თემო რეხვიაშვილი, დავით ხორბალაძე, ვალერი ოთხოზორია, ანა სანაია, ალექსანდრე გოგოლაძე, თაკო შუკაკიძე) ტექსტი, სახელწოდებით „იქ დრამაა“ ორიგინალურად გააცოცხლა. ახალგაზრდა დრამატურგთა ცნობიერების ნაკადის გადმოცემას 400 გვერდი დასჭირდა. ადამიანი მოულოდნელი პანდემიის ვითარებაში აღმოჩენილი, ჩაკეტილი ერთ სივრცეში, რას ფიქრობს, რას განიცდის რას გრძნობს... მხატვარმა ქეთი ნადიბაიძემ თეატრის შესასვლელის წინ გამჭვირვალე მასალისგან შექმნილი კედელი აღმართა, მის შიგნით კი ჩვეულებრივი, ე. წ. „ობივატელის“ საცხოვრისი შექმნა. თემურ ჩხეიძის სახელოსნომ სამ მსახიობთან ერთად: მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, სოსო ხვედელიძე, შენობის გარეთ მდგარ, ან, სახლში კომპიუტერების, ლეპტოპების, ტელეფონების და სხვ. ეკრანებთან მყოფ მაყურებელს 9 საათიანი, უწყვეტი პერფორმანსი შესთავაზეს. სოციალურ ქსელშიც აღვნიშნე, და ახლაც, გავმეორდები: მთელი შემოქმედებითი თუ ტექნიკური ჯგუფის, განსაკუთრებით კი მსახიობთა ნამუშევარი გმირობის ტოლფასია...
გამოყენებული ლიტერატურა:
-
Лотман Ю. Театр вне театра. э.ж. «ВикиЧтение».
https://culture.wikireading.ru/4869 (ბოლოს გადამოწმდა 23.04.20)
-
https://www.facebook.com/watch/live/?v=2566539076953522&ref=watch_permalink (ბოლოს გადამოწმდა 22.04.20)
-
Бурмистрова Ю. Роберт Уилсон: «Тайна всегда на поверхности». газ. «Взгляд». 10.08.2007.