ინტერკულტურული თანამშრომლობის ერთიანი შემოქმედებითი სივრცე

მარინა ხარატიშვილი

ინტერკულტურული  თანამშრომლობის  ერთიანი  შემოქმედებითი  სივრცე

 

2018  წლის  ოქტომბერში  ხელი  მოეწერა  ისრაელის  საშემსრულებლო  ხელოვნების  სტუდიასა  და   საქართველოს  შოთა  რუსთაველის  თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს.  ამ  ორი  თეატრალური  სკოლის  შეთანხმების თანახმად  განისაზღვრა  თანამშრომლობის  შემდები  პრიორიტეტები:  სწავლების  მეთოდოლოგიების  გაცნობა,  მასტერკლასებისა  და  ვორქშოფების  ჩატარება,  სტუდენტური  სპექტაკლების  გაცვლა,  კოპროდუქციის  შექმნა,  თანამედროვე  ქართველი  და  ებრაელი  დრამატურგების  პიესების  გაცვლა  და  მათი  განხორციელება.

ა.წ.  10-16 აპრილს  საქართველოს  შოთა  რუსთაველის  თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტისა  და  ისრაელის  იორამ   ლოვენშტაინის  საშემსრულებლო  სტუდიას  შორის  გაფორმებული  კულტურის  ხელშეწყობის  და  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის  ფარგლებში,  განხორციელდა  გაცვლითი  პროგრამის  პირველი  ეტაპი.

თანამშრომლობის  პროგრამის  პირველი  ეტაპი  ითვალისწინებდა  კოპროდუქციის  შექმნას. თეატრალური  პროდუქციის  შესაქმნელად  შეირჩა  კინესიას  და  მირინეს  სცენა  არისტოფანეს  ცნობილი  პიესიდან  „ლისისტრატე“.  საქართველოს  მხრიდან  პროექტში  მონაწილეობდნენ  უნივერსიტეტის  რექტორი,  პროფესორი  გოგი  მარგველაშვილი,  დრამის  ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი  გიორგი  შალუტაშვილი,  დრამის  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელი,  ასოცირებული  პროფესორი  მარინა  ხარატიშვილი,  ასისტენტი  თათა  თავდიშვილი,  დრამისა  და  კინოს  მსახიობის  სპეციალობის  მესამე  კურსის  სტუდენტები  (პროფესორ  გოგი  მარგველაშვილის  ჯგუფი):  ნინო  ლორთქიფანიძე,  ანა  გვანცელაძე,  ანი  ზენაიშვილი,  გივი  ბალანჩივაძე,  ირაკლი  კერესელიძე,  ირაკლი  ჩხიკვაძე.  ისრაელის  მხრიდან  პროექტში  იორამ  ლოვენშტაინის  საშემსრულებლო  ხელოვნების  სკოლის  აღსაზრდელები  მონაწილეობდნენ.  პროექტის  პრეზენტაცია,  რომელიც  თელ-ავივში  შედგა,  ორივე  სკოლამ  წინასწარ  შერჩეული  სცენის  თეატრალური  ინტერპრეტაციის  საკუთარი  ვერსიები  წარმოადგინა.

პრეზენტაციის  შემდეგ,  კენჭისყრის  შედეგად  დაკომპლექტდა  პროექტში  მონაწილე  მსახიობებისა  და  რეჟისორების  შერეული  ჯგუფები.  სამი  დღის  ინტენსიური  რეპეტიციების  შედეგად,  ორივე  სამსახიობო  სკოლამ  ლისისტრატეს  პიესის  იგივე  სცენის  სხვადასხვა  თეატრალური  ვერსია  მოამზადა,  შექმნილი  კოპროდუქცია  თითოეულმა  მისთვის  უცნობ  ენაზე  წარმოადგინა.

რეპეტიციები  რთულ  და  იმავდროულად  ხალისიან  ატმოსფეროში  წარიმართა.  ვინაიდან  პარტნიორებს  ერთმანეთის  ენა  არ  ესმოდათ,  ისინი  მხოლოდ  ტექსტის  იმედად  ვერ  იქნებოდნენ  და  ამიტომ  ცდილობდნენ  მოქმედების  ენაზე  გადასულიყვნენ  და  ამ  გზით  აგებინებდნენ  პარტნიორს  სასცენო  ქმედების  არსს. 

მოცემული  პროექტი  უდავოდ  საინტერესო  და  მნიშვნელოვან  გამოცდილებად  იქცა  ორივე  სამსახიობო  სკოლისთვის.  მან  განსაკუთრებულ  ვითარებაში  ჩააყენა  შემოქმედებითი  ჯგუფები.   შედეგი  მათ  ძალზე  მოკლე  დროში,  რეალურად  4-5  რეპეტიციის  შემდეგ  უნდა  წარმოედგინათ,  რაც  შემოქმედებითი  რესურსის  მაქსიმალურ  კონცენტრაციას  მოითხოვდა,  ამასთანავე  გამორიცხავდა  სასწავლო-შემოქმედებითი  პროცესის  ჩვეული,  თანმიმდევრული  განვითარების  საშუალებას,  მსახიობებსაც  და  რეჟისორსაც  იძულებულს  ხდიდა  გარკვეულ  სქემებში  ემუშავათ.  ეს  მოცემულობა  ნაკლებ  დროს  ტოვებდა  იმპროვიზაციისთვის,  შემოქმედებითი  ექსპერიმენტებისთვის,  თუმც  თავის  მხრივ  ამ  ტიპის  პროექტში  მონაწილეობა  გარკვეულწილად  თავისებურ  ექსპერიმენტს  წარმოადგენდა.

„ამ  პროექტმა  მეც,  როგორც  პედაგოგი,  ექსტრემალურ  სიტუაციაში  მომაქცია.  როგორც  რეჟისორს,  მე  სტუდენტებისთვის  უნდა  ამეხსნა  ამბის  განვითარების  ამოცანა,  ამავე  დროს  უნდა  მეპოვა  უმარტივესი  გზა  თუ  რა  ფორმით,  რა  სახით  უნდა  ყოფილიყო  მიღწეული  სასურველი  შედეგი.  გულწრფელად  ვაღიარებ,  რომ  ეს  არცთუ  იოლი  აღმოჩნდა  და  ძალზე  საპასუხისმგებლო.  საბოლოო  ჯამში  სასურველი  შედეგი  მივიღე,  თავად  პროცესმა  კი  სიამოვნება  მომანიჭა“ - აღნიშნა  საუბარში  თათა  თავდიშვილმა.

მიუხედავად  პროექტის  განხორციელებისათვის  დროის  სიმცირისა,  ყოველ  მორიგ  რეპეტიციაზე  თუ  მზა  თეატრალური  პროდუქტის - ნაწყვეტის  ჩვენებისას,  სავსებით  მკაფიოდ  გამოჩნდა  ჩვენს  ორ  სამსახიობო  სკოლაში  არსებული  სწავლების  დონე  და  ხარისხი,  სწავლების  მეთოდოლოგიის  როგორც  დადებითი,  ასევე  უარყოფითი  მხარეები.

ამ  ტიპის  გაცვლითი  პროექტები  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი  და  აუცილებელია  ახალგაზრდებისათვის,   რათა  ყველაფერთან  ერთად,  მათთვის  ნათელი  და  გასაგები  გახდეს  იმ  სკოლის  მნიშვნელობა,  რომელშიც  სწავლობენ.  როგორც  პროფესორმა  გიორგი  შალუტაშვილმა  აღნიშნა:  „ძალზე  იოლად  გასაგები  ხდება,  თუ  რა  ტიპის  სკოლასთან  გაქვს  საქმე.  ნათელი  ხდება,  ასწავლეს  თუ  არა ახალგაზრდებს  პროფესიის  ფუძემდებლური  პრინციპები,  აქვთ  თუ  არა  მათ  ქმედითი  აზროვნების  და  მოვლენათა  რიგის  მიხედვით  მოქმედების  უნარი,  როგორ  ხდება  მხატვრული  სახის  ხორცშესხმა,  რა  სვლები  კეთდება  ამისთვის........ამ  პროექტში  მონაწილეობამ  კიდევ  ერთხელ  ცხადყო,  რომ  ქართული  სამსახიობო  სკოლა  არაფერში  ჩამოუვარდება,  თუ  არ  აღემატება  ევროპულ  და  აზიურ  სამსახიობო  სკოლებს,  ბევრ  წამყვან  სამსახიობო  სკოლას“.

ისრაელის  საშემსრულებლო  ხელოვნების  სტუდიაში  სწავლება  კლასიკური  თეატრალური  სკოლების  გამოცდილებაზე  დაყრდნობით    მიმდინარეობს.  აქ  ძირითადად  გარდასახვის  სკოლების  მეთოდოლოგიას  იყენებენ.  უნდა  ითქვას,  ძალზე  მნიშვნელოვანია  და   ყურადსაღებია   ამ  სკოლაში  დამკვიდრებული  სწავლისა  და  ცხოვრების  პრინციპები.  სტუდენტები  აქტიურად  არიან  ჩართულები  სხვადასხვა  სოციალურ  პროგრამებში,  სკოლაშივე  მიღებულ  ცოდნასა  და  გამოცდილებას  ისინი  სხვადასხვა  სოციალური  ჯგუფისა  თუ  ფენის  ადამიანებს  უზიარებენ  (მათ  შორის  აუტიზმით  დაავადებულებს,  შშმ  პირებს,  სოციალურად  დაუცველ  ადამიანებს  და  ა.შ.).  შესაბამისად, სწავლების  პერიოდშივე  ხდება  სტუდენტების  დასაქმება  და  ამ  საქმიანობისათვის  სხვადასხვა  მნიშვნელობის  მინიჭება.  ძალზე  ნიშანდობლივია  ის  ფაქტიც,  რომ  სკოლა  ქალაქის  პრესტიჟულ  რაიონში  კი  არ  არის  განთავსებული,  არამედ  იმ  უბანში,  რომელიც  ნაციონალური  სიჭრელით,  სოციალურად  დაუცველი  ადამიანების  სიმრავლით,  კულტურული  ცხოვრების  დეფიციტით  გამოირჩევა.  სამსახიობო  სკოლის  ამ  კონკრეტულ  ტერიტორიაზე  არსებობა  სწორედ  ამ  დეფიციტის  და  სოციალური  უთანასწორობის  დაძლევისკენაა  მიმართული,  რაც  ზრდის  მის  მნიშვნელობას,  სცდება  პედაგოგიური  და  საგანმანათლებლო  ორგანიზაციის  მასშტაბს.

თათა  თავდიშვილი: „ჩემთვის  ეს  პროექტი  ის  ჯაჭვური  კავშირია,  რომელიც  სტუდენტების  მიზნობრივ  მხარდაჭერას  მოსდევს.  სასიამოვნოა,  რომ  ჩვენმა  სტუდენტებმა  იხილეს  ისრაელის  სკოლის  აღმზრდელების  დამოკიდებულება  საქმისადმი,  პროფესიისადმი.  კარგად  ჩანს  სტუდიის  ხელმძღვანელთა  პრიორიტეტები:  მათთვის  პროცესი  მიზნის  მისაღწევად,  სწორად  არის  წარმართული.  სკოლის  მესვეურები  სტუდენტებს  სოციალური  აქტივობისა  და  შემოქმედებითი  თავისუფლების   სრულფასოვან  გარემოს  უქმნიან.    ეს  პროცესი  სტუდენტს  უვითარებს  კონკრეტულ  უნარს  და  უპირველეს  ყოვლისა - ნებისყოფას,  კონცენტრაციას,  ურთიერთდამოკიდებულებებს,   არსებობას  და  მოქმედებას   ექსტრემალურ  სიტუაციაში.  ყოველივე  ეს  ხელს  უწყობს  პროფესიული  თვისებების  განვითარებას“.  სწორედ  ამგვარი  სასწავლო - აღმზრდელობითი  მუშაობის  შედეგია  ის,  რომ   ამ  სკოლის  აღსაზრდელები  ყველა  გამოწვევისათვის  მზად  არიან.

 პროექტის  პირველ  ეტაპზე  მიღებული  შედეგი  ძალზე  მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა.  ჩვენი  უნივერსიტეტის  რექტორმა,  პროფესორმა  გოგი  მარგველაშვილმა  ასე  შეაფასა  იგი:  „კარგი  პროექტია,  ვფიქრობ,  პერსპექტიულიც.  ამ  პროექტის  განვითარებას  სისტემატური  ფინანსური  რესურსი  დასჭირდება.  პროექტი  საინტერესოა  პროფესიული  თვალსაზრისითაც,  რადგან  სტუდენტებს  გარკვეულ  გამოცდილებას  სძენს.  ამ  ტიპის  პროექტი  პირველად  შედგა,  შესაბამისად,  უკვე  პირველი  გამოცდილებაც  მივიღეთ.   ახლა  პროექტის  შემდგომ  ეტაპებს  უნდა  დავაკვირდეთ“.

ამ  ტიპის  პროექტი  ორი  სახელოვნებო  სასწავლებლის   სამომავლო  თანამშრომლობის   ახალ  პერსპექტივებს  ქმნის,  იგი  უდავოდ  შეუწყობს  ხელს  ერთობლივი  შემოქმედებითი  გეგმების  განხორციელებას,  საერთაშორისო  ასპარეზზე  ჩვენი  სტუდენტების  დამკვიდრებას.  სასურველი  და  მიზანშეწონილია  ამ  სკოლების  სხვადასხვა  მიმართულებით  თანამშრომლობა,  ამასთან  განსაკუთრებული  აქცენტი  უნდა  გაკეთდეს  სტუდენტთა  პროფესიულ  განვითარებაზე,  პედაგოგების  და  სტუდენტების  თანამონაწილეობით  ერთობლივი  მასტერკლასების  და  პრაქტიკული  ვორქშოფების  ჩატარებაზე.  მიზანშეწონილად  მიგვაჩნია  მასტერკლასების  ჩატარება  მსახიობის  ოსტატობის  ძირითადი  მოდულის  დისციპლინებში,  რაც  უდავოდ  საინტერესო  შედეგს  მოგვცემს.

პროექტის  ყოველი  ახალი  ეტაპი,  წინა  შეხვედრებთან  შედარებით, წინ  გადადგმული  ნაბიჯი  უნდა  გახდეს.  ამიტომ,  ზოგადად  აუცილებელია  ამ  პროექტის  დადებითი  მხარეების    შენარჩუნება  და  სასწავლო - აღმზრდელობით,  პროფესიულ  შედეგზე  ორიენტირებული  თანამშრომლობის  განვითარება.

დღეს  უკვე  სავსებით  ცხადია,  რომ  ამ  ტიპის  პროექტები  ხელს  უწყობს  არა  მარტო  თეატრალური  სკოლის,  არამედ  ეროვნული  კულტურისა  და  ტრადიციების  პოპულარიზაციას  მსოფლიოში,  სტუდენტთა  ინტერნაციონალიზაციას,  შემოქმედებითი  კონტაქტების  დამყარებასა  და  საერთაშორისო  ქსელში  ჩართვას,  საგანმანათლებლო  ინსტიტუციის  წარმოჩენას  საერთაშორისო  ასპარეზზე.  ამ  პროექტის  შემდგომი  განვითარება  უდავოდ  წინ  გადადგმული  ნაბიჯი  იქნება  ერთიანი  შემოქმედებითი  სივრცის  შექმნისთვის.