ინტელექტუალური ავანგარდი
ელენე შალუტაშვილი
ინტელექტუალური ავანგარდი
თათა თავდიშვილის და ტატო გელიაშვილის „ნაბიჯის სტატისტიკა“
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „Georgian showcase-ს“ ფარგლებში თათა თავდიშვილის ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ იქნა ნაჩვენები. რეჟისორმა თავისი სადიპლომო ნამუშევარი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დადგა. ქართველი მაყურებელი ისედაც არ არის განებივრებული ქორეოდრამით, მითუმეტეს რეგიონული თეატრის მაყურებელი. ჩემი აზრით წარმოდგენა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც უდაოდ გაამართლა. რეჟისორის მიერ გურამ ჯახუტაშვილის „ნაბიჯის სტატისტიკის“ სცენაზე გადმოტანა ხელს უწყობს თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაციას და მეტყველებს იმაზე, რომ რეჟისორი არ ეჭიდება რაიმე ტრენდულ, საქვეყნოდ აღიარებულს, არამედ გულწრფელია თავისი შემოქმედებაში. ვფიქრობ ,სწორედ ამან განაპირობა წარმოდგენის ინდივიდუალიზმი და თვითმყოფადობა.
ჩემი აზრით, ,,ნაბიჯის სტატისტიკის“ თბილისში ჩვენება არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, რამდენადაც ჭიათურის დრამატულ თეატრში. ტატო გელიაშვილის და თათა თავდიშვილის ერთობლივი მუშაობით საუცხოო დიზაინის თეატრალური დარბაზი (მხატვარი რ. სტურუა/უფროსი) მთლიანად ათვისებულია და ატმოსფერო სწორადაა შექმნილი. დარბაზში შესვლისას ჭერი შუქ-ჩრდილების თამაშით მისტიკურ და დამაფიქრებელ გარემოს ქმნის, ისმის Michel-ის მუსიკა, სცენა კი ტრიალებს. მასზე ერთ-ერთი მსახიობი გია კენჭოშვილი პირქვე, სახით სარკისკენ წევს. სარკე ჩვენ რეალობაში ძალზედ გაცვეთილი მეტაფორაა, თუმცა ,,ნაბიჯის სტატისტიკაში“ იგი არა ერთ ასოციაციას იწვევს. არის თუ არა აქ სარკე ჩვენი, ადამიანების ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების ანარეკლი, თუ ფაუსტის სარკის ანარეკლია, რომელში იმ ნაბიჯებს ვხედავთ, რომლის გადადგმის სურვილი ქვეცნობიერად გაგვაჩნია, მაგრამ ვერასდროს გადავდგამთ. ან იქნებ ყოველი ჩვენგანის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გავლილი გზაა. მოკლედ რომ ვთქვათ ამ მარტივი სიმბოლოს გამოჩენითაც რეჟისორი მაყურებელს ეუბნება: ,,იფიქრე!“. სცენაზე მკვეთრი მოძრაობით სამი მსახიობი (თათა თავდიშვილი/ტატო გელიაშვილი, ლელა ქოჩიშვილი და გია მუყმანიანი) შემოდის, გულზე ჩამოკიდებული ფანრებით. ჩანს თითქოს მათ განათებული აქვთ გზა, რომლითაც უნდა იარონ, ან სავსებით დასაშვებია ეს სამი ფანარანთებული მსახიობი იყოს მეტაფორა ადამიანში არსებული იმ მამოძრავებელი ძალის, რომელიც გვაიძულებს ნაბიჯი ნაბიჯს მივაყოლოთ. გია კენჭოშვილის პერსონაჟს ეს ძალა თითქოს თავიდან ჰბადებს, ეხმარებია მოძრაობის აღმოჩენაში.
რეკვიზიტი- უბრალო შავი სკამი, შუშის მაგიდა და აბალახებული მწვანე სავარძელი ამ მუდმივი წრებრუნვის განუყოფელ ნაწილად იქცევა. მბრუნავ სცენაზე ჩნდება ქეისი, და ისმევა კითხვა-რა არის მთავარი არსი? ერთგვარი საიდუმლო იმისა, თუ რატომ ვდგამთ ამდენ ნაბიჯს? მალევე სცენა ჩერდება და შალვა ხვედელიძე სცენაზე გამოჩენისთანავე მარტო რჩება ქეისის პირისპირ, მსახიობებიდან მხოლოდ გია მუყმანიანი რჩება სარკით ხელში, იქმნება სტატიკური გარემო, რომელიც მალევე, მსახიობის (შალვა ხვედელიძის) სკამზე დაჯდომისას ქრება, იგი ქაოტურ მოძრაობას იწყებს და სცენაც განაგრძობს ბრუნვას. იგი თითქოს იმ ნაბიჯების ძიებაშია , რომელიც უნდა გადადგას, არ იცის,რა და როგორ მოიმოქმედოს. ნაბიჯი ნაბიჯს მისდაუნებურად მიუყვება, მაგრამ საიდან იწყება ნაბიჯების ქაოსი? თითქოს ამ კითხვაზე პასუხია მუყმანიანის მოყოლილი ჭოჭინის ამბავი, როცა ელექტრონულ მუსიკას ინოლა გურგულიას სიმღერა „ქარი კვლავ არხევს“ ნოსტალგიური ნოტით ანაცვლებს , მსახიობი სცენაზე გულაღმა წვება და მოგვითხრობს ბავშვზე, ვინც ჭოჭინა ხელში აიღო და პირველი ნაბიჯები თავისით გადადგა. ბავშვის იმიტაცია პატარა თოჯინით ხდება. ისევ ელექტრონული მუსიკა ირთვება და ლელა ქოჩიშვილი ჭიქაში ასხამს რძეს, როგორც ქალის მკერდიდან გადმოსულ, სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის სიმბოლოს. შემდეგ უკვე იხსნება ქეისი, რომელშიც მინიატურული მწვანე კოსტუმი დევს, რომელიც თითქოს შვილის პირველი ნაბიჯების სახსოვრად შემდეგში თეთრ ნაჭერში იფუთება. ამავე ფერის კოსტუმით ჩნდება დიჯეი (სოფიო ზერაგია) და მასთან ერთად გია კენჭოშვილი, გიორგი მუყმანიანი, შალვა ხვედელიძე, ლელა ქოჩიშვილი, თინა მიქაუტიძე, თამაზ ფანძულიძე, მაკა ცუცქირიძე და გურამ შუკაკიძე. ყველა ინდივიდუალური მოძრაობით ყვება მუსიკას, როდესაც თათა თავდიშვილი/ტატო გელიაშვილი სცენაზე წითელ კითხვის ნიშანს ხაზავს:
„და დღის მანძილზე,
გადადგმული ნაბიჯებიდან,
სულ რამდენია,რეალურად,
წინგადადგმული?...“მალე ყველა იწყებს ერთიან, რიტმულ მოძრაობას, მსახიობები ნელნელა გადიან. სცენაზე რჩებიან თათა თავდიშვილი/ტატო გელიაშვილი და სოფიო ზერაგია. ჩნდება ადამიანური რეალობის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, ფატალურობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნარკოტიკში გაპარული დიჯეის გვამი მწვერვალამდე მისული მთამსვლელისგან (თათა თავდიშვილი/ტატო გელიაშვილი) თითქოსდა გამიჯნულია და არ არის რაიმე კავშირში. ფატალური ნაბიჯი, რომელმაც სადღაც, შეიძლება სრულიად სხვა კონტინენტზე, სხვა მწვერვალისკენ მიმავალ ადამიანს გაუნათოს გზა, მისცეს მაგალითი, რაღაც ასწავლოს. თითქოს ყველაფერი მთავრდება, ადამიანები ტირიან, განიცდიან ახალგაზრდას სიკვდილს, თუმცა აჩიკო ხვედელიძის სცენაზე გამოსვლა, ახალი ნაყოფის განსახიერება, იმ ნაყოფის რომელსაც წვიმის წვეთები ეცემა იძლევა იმედს, რომ სამყარო ბრუნვას განაგრძობს,ჩვენ კი მის ირგვლივ ჯერ კიდევ დაუდგენელი ნაბიჯის სტატისტიკით დავდივართ. ვერ ვიტყვი, რომ ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ ქორეოდრამის წმინდა მაგალითია(ეს ჩემი სუბიექტური აზრია). აქ შემოქმედებითმა გუნდმა არსობრივი სიღრმის, მწირი ვიზუალური ეფექტებისა და პროფესიონალური სასცენო მოძრაობის ურთიერთშეთანხმებით შექმნა ემოციურად შთამბეჭდავი წარმოდგენა.
შემოქმედებითი გუნდის ორ თვიანი თავდაუზოგავი შრომა წარმოდგენაში უდაოდ ჩანს. ,,ვერ გავიგე, მაგრამ მომეწონა...“ მსგავსი კომენტარით გამოვიდა არაერთი ადამიანი. ვფიქრობ წარმოდგენის ამოცანა სრულიად არ არის ,,გაგება“ და უშუალოდ რეჟისორის ჩანაფიქრის ძიება, არამედ მაყურებლის პირად სივრცეში შეჭრა და საკუთარი ნაბიჯების გათვალისწინებაა. პირადად მე ,,ნაბიჯის სტატისტიკამ“ ძალიან დამაფიქრა, ეს არის წარმოდგენა, რომელიც არ გავს პერფრომანსს თავისი ღრმა არსობრივი დატვირთვით, არ გავს დრამატულ თეატრს გამომსახველობითი საშუალებებით და არც მხოლოდ ქორეოგრაფიაზეა აგებული, რის გამოც მას ვერ ვუწოდებ წმინდა წყლის ქორეოდრამას. რახან იგი არ მიეკუთვნება რაიმე კონკრეტულ ჟანრსა თუ მიმართულებას, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ ავანგარდული ხასიათის წარმოდგენაა.