
ტატო გელიაშვილი

ტატო გელიაშვილის მონოლოგი ჩაიწერა
თეატრმცოდნე მანანა თევზაძემ
ტატო გელიაშვილი რეჟისორ თათა თავდიშვილთან ერთად, თეატრალური კომპანია „ჰოის“ რეჟისორი გახლავთ. ა.წ. 17 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრში, მაყურებელმა, მათ მიერ დადგმული ქორეოდრამა „ადამიანის ტრაგედია“ იხილა. წარმოდგენას საფუძვლად დაედო უნგრული ლიტერატურის კლასიკოსის, იმრე მადაჩის ამავე სახელწოდების, ლექსად თქმული ფილოსოფიური დრამა. ქორეოგრაფი, სცენოგრაფიცა და კოსტიუმების მხატვარიც ეს ორნი არიან, კომპოზიტორი კი მიშელ ზაქაიძეა. სპექტაკლმა თავისი ფორმითა და გადაწყვეტით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. დასასრულს რეჟისორ ტატო გელიაშვილს შევხვდი, რომელმაც რამდენიმე სიტყვით მომითხრო თეატრალური კომპანია „ჰოისა“ და სპექტაკლის შესახებ.
ტატო გელიაშვილი: დავამთავრე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პანტომიმის ჯგუფი - კირა მებუკესა და ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, რეჟისურა კი - ავთანდილ ვარსიმაშვილთან. თათამ, სამსახიობო პროფესიის ბაკალავრიატი - გიორგი შალუტაშვილთან და თიკო ქათამაშვილთან გაიარა, ხოლო რეჟისურა ბატონ თემურ ჩხეიძესთან ისწავლა. თეატრალური კომპანია „ჰოი“, ორივემ დავაფუძნეთ და მისი შემოძახილის მსგავსი სახელი, ჩვენი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლის სახელწოდებიდან წამოვიდა. ის ჩვენი ინტერპრეტაციაა, ჩვენი ემოცია, რომ ერთი ამოსუნთქვით ჩაიაროს ყველაფერმა და რატომაც არა, დაე, ასე ერქვას კომპანიას!..
კომპანია სამი წელია, რაც დაარსდა, ისე კი მეცხრე წელია, რაც თათა და მე ერთად ვმუშაობთ. დავდგით სპექტაკლები: „ნაბიჯი“, „სტატისტიკა“, „ლისისტრატა“, „აია“, რომელიც ოქროს საწმისის მითზე აგებული საკმაოდ საინტერესო კომპოზიციაა. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი მიმართულებით სამსახიობო ძალების მოძიება, მით უმეტეს, რომ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოვებულნი არ არიან ცეკვის ნიჭით, მაგრამ აქვთ ის ექსპრესია, რაც სამსახიობო პროფესიაშია, ის ქორეოგრაფია, რაც შინაგანად დაბუდებული ცხოვრობს თითოეულ მათგანში.
ვმუშაობთ ძირითადად დრამის მსახიობებთან, მოცეკვავე არც ერთი არ არის, ზოგიერთი სტუდენტია, ზოგიერთი თეატრშია... ჩვენი კვლევის სურვილია შევცვალოთ სიტყვის გარეშე იმპულსები, შეგრძნებები, რაც ჩვენში ტრიალებს, რაც ჩვენში გრძელდება და იმგვარი ემოციური შთაბეჭდილება გადავცეთ მაყურებელს, რაც მას კიდევ მოიყვანს ჩვენთან. ახლახანს ქალბატონი ვნახე, რომელმაც მითხრა, - პარიზში მივდივარ და სექტემბრისათვის აუცილებლად ჩამოვფრინდები, რომ კიდევ ერთხელ ვნახო თქვენი სპექტაკლიო...
ჩვენი მდგომარეობა ასეთია: ბაზა არ გვაქვს, კონკრეტული მიწვევებით ვმუშაობთ. ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სამუშაო პროცესს ვიწყებთ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. ძირითადად, მხარში თეატრალური უნივერსიტეტი გვიდგას, რომელიც რეპეტიციებისათვის თავის სივრცეს გვითმობს, გვეხმარებიან ის თეატრებიც, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ.
დამფინანსებელიც, ძირითად შემთხვევაში, ჩვენ თვითონ ვართ და არა კულტურის სამინისტრო, რომელიც რატომღაც გვგონია, რომ ნაკლებად გვენდობა, ან იქნებ ჩვენ გვაქვს ასეთი შინაგანი კომპლექსი, ჩვენი შემოქმედებითი პროცესი - ექსპრესია, ემოცია და ენთუზიაზმი ჯერ ისევ ჩვენშია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაიმე დაფინანსების წყაროს მოძიების სურვილი. თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ მათთან ურთიერთობას. მეც და თათაც 32 წლისანი ვართ და მსახიობებიც, არც ერთი არ არის ჩვენზე უფროსი.
იმრე მადაჩის „ადამიანის ტრაგედია“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია უნგრეთში, ისეთივე უბერებელი წიგნი და უდიდესი ღირებულების მატარებელი, როგორც ჩვენთვის „ვეფხისტყაოსანი“. ერთი წლის წინ, ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელმა ატილა ვიდნიანსკიმ ქართველებს შემოგვთავაზა კონკრეტულ თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობა, რომელიც ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
მსოფლიოს 16 ქვეყნის თეატრალურ კოლექტივებს „ადამიანის ტრაგედიიდან“ პატარ-პატარა ნაწყვეტები დაურიგეს და მცირე დირექტივების შემდეგ ერთ დიდ სპექტაკლად აქციეს. ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით. შეგვხვდა ნაწარმოების მე-13 თავი და პატარა ნაწყვეტი, ამონარიდი ამ წიგნიდან, რომელიც გავაკეთეთ და 12 წუთის განმავლობაში მომდინარეობდა, იქ რომ ჩავიტანეთ, საერთოდ არ შეასწორეს, ხელიც არ ახლეს. ფორმა, რომელიც შევთავაზეთ, თავიდან ბოლომდე იმ სახით ჩაიდგა სპექტაკლში, რაც იყო. მონაწილენი მთლიანად ქართველები ვიყავით და რა თქმა უნდა, მასში იყო ის შინაგანი იმპულსი, რაც ქართველების ემოციური ბუნებისათვისაა დამახასიათებელი. ძალიან გავლაღდით და ბედნიერები ვიყავით. კომპოზიტორია მიხეილ ზაქაიძე, ჩვენი კოლეგა, ჩემი ჯგუფელი, მასაც პანტომიმა აქვს დამთავრებული ამირანთან და კირასთან, მათი ბოლო ჯგუფი ვიყავით და ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დასტოვეს ჩვენში.
ჩვენ მიერ დადგმული მე-13 თავის შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ოლიმპიადის დასასრულს შემოგვთავაზეს, - გვინდა, ჩვენს თეატრალურ ფესტივალზე თქვენ დადგათ ეს სპექტაკლიო და გასაკეთებლად მიგვიწვიეს. საკმაოდ სოლიდური დაფინანსება გამოიყო, მსახიობები ჩვენები იყვნენ. სპექტაკლი ერთი წლის წინ, ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის სცენაზე ვითამაშეთ და პრემიერას გასაოცარი რეაქცია მოჰყვა. თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ატილა ვიდნიანსკიმ ძალიან საინტერესო რამ გვითხრა: - როდესაც ამ პიესას, ამ ამბავს სცენაზე ვდგამთ, ჩვენს შემთხვევაში, ყოველთვის მასკულინური ენერგიაა წამყვანი და ყველაფერი ადამისა და ლუციფერის გარშემო ტრიალებს. არც ერთხელ, არავის არ უხსენებია, არ გახსენებია, რომ ევას ფენომენი რაღაცნაირად მთავარია ამ მოვლენებში. ამდენად გვიკვირს გადაწყვეტა, რაც თქვენ შემოგვთავაზეთ და ის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლუციფერი ყოველ ნივთში, ყველა საგანში ერთიანდება, ყველგან იგრძნობა მისი არსებობა და იგი სახეს იცვლის.
- დიახ, - დავეთანხმეთ, - ლუციფერი ანალოგიურად არის ქალში, ისევე, როგორც მამაკაცში და ეს მხოლოდ ადამის ტრაგედია არ არის. ბუნების სამყაროში ყველა სქესი, არსება ერთნაირად განიცდის ადამიანად ყოფნის ტრაგედიასა და სევდას... ამიტომაც ვერ გამოვყავით, ერთ სფეროზე დავიყვანეთ, თითქოს სქესი ჩამოვაცალეთ და ალბათ, კაცობრიობის დასასრულს შევეჯახეთ. ენერგია, რომლითაც ვარსებობთ, ეტყობა დაილია, რადგან არანაირი ძალა, ენერგია აღარ ამოძრავებს სამყაროს... დარჩა მხოლოდ იმპულსები, რომლებიც ჩვენშია...
ფიგურა, ამდენი ხანი გაცოცხლებას, აღდგენას, გამთელებას რომ ცდილობს, მაინც დაბზარულია... ადამიანები ყველა მხრიდან შესცქერიან ამ ბზარებს და ჩვენ არ გვრცხვენია ამ ბზარების ჩვენი მაყურებლისათვის გულწრფელი ჩვენება. მათ უნდა დაინახონ ჭრილობა, იგრძნონ ტკივილი, განცდები, რომელიც მეგობრობას მიუთითებს და არ არის სამარცხვინო. მთავარია გულწრფელები ვიყოთ იმ პროცესებთან, რომელიც სამყაროში ხდება.
მე და თათამ სპექტაკლის მხატვრობა ერთად გავწიეთ, კოსტუმებიც ჩვენია, განათებაც ჩვენი ჩანაფიქრია... პირველ საპრემიერო დღეებზე ემოციებისაგან ძლივს ვიკავებდით თავს, იმიტომ რომ თათას ცოცხლად მიჰყავს მუსიკა. არ მინდა გამომრჩეს, თათა მუსიკის პულტთან ზის და თითოეულ აქცენტს ამუშავებს, რასაც მაყურებელი გრძნობს. ყველაფერი ცოცხალ რეჟიმშია, ჩაწერილი არ არის. უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მაყურებლის წინაშე და აქ, საქართველოში, ისეთი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით, რაც უნგრეთში არ დაგვმართნია... ეტყობა შეტევის მსხვერპლი ვიყავით ორივე და თავის დასაკრავადაც ვერ გავდიოდით, უბრალოდ სხეული არ გვაძლევდა ამის საშუალებას... ენერგია, რაც იქ შთავბერეთ, გაცოცხლდა, სახე შეიძინა, მაყურებელმა კი ყველაფერი გაიზიარა. იმდენად ფართო და მასშტაბური იყო ემოცია მაყურებლის მხრიდან, რომ მადლიერები უნდა ვყოფილიყავით მათი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია. ავთო ვარსიმაშვილი ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე და საერთოდაც ამბობს, რომ, ის, რაშიც სისხლს ჩაასხამ, შენს ემოციებს ჩაღვრი, წარმოუდგენელია უკან არ დაგიბრუნდესო!..
მგონია, რომ დღეს, შემოქმედებს, ყველაზე მეტად ჭრილობების გახსნა სჭირდებათ და ყველასთვის ჩვენება.