
თავისუფლების მოლოდინში ...

14.11.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
თავისუფლების მოლოდინში ...
მარჯანიშვილის თეატრის ისტორია უამრავი განსაკუთრებულ სპექტაკლების მოიცავს. უაღრესად წარმატებულიც, შედარებით ნაკლებადაც და რასაკვირველია ჩავარდნებიც ყოფილა, რაც ბუნებრივია, რადგან თვითონ ქართული თეატრის ისტორია ზოგადად წარმატებული და წარუმატებელი წარმოდგენების ისტორიაა. მაგრამ 2025 წლის 18 ივნისს ამ თეატრის სცენაზე ნაჩვენები სპექტაკლი ნამდვილად უნიკალურობით გამოირჩეოდა - სცენაზე იდგნენ N16 პენიტენციური დაწესებულების დროებითი მკვიდრნი - პატიმრები და ქართველ მსახიობებთან (ნანა ხურითი, ნელი ბედელაშვილი, ნათია რობიტაშვილი) ასეთივე მათსავე პატიმრის გოჩა ხვიჩიას მიერ დადგმულ სპექტაკლში თამაშობდნენ, ხოლო მაყურებელი მათი ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები და მშობლები იყო სავსე, სიხარულისა და ნაღვლიანი ცრემლები, მხოლოდ მათი მონატრების საფუძველი არ იყო - ეს იყო ნამდვილად შემოქმედებითი ზეიმი, მაღალ მხატვრულ დონეზე განხორციელებული წარმოდგენა,
მიუხედავად იმისა რომ სცენაზე მსჯავრდადებულნი არაპროფესიონალი შემსრულებლები იდგნენ. მაყურებელი მათ თანაუგრძნობდა, მათთან ერთად განიცდიდა პერსონაჟთა ბედს, ხალისობდა და ხარობდა მათთან ერთად. პროექტი რომელიც მსახიობ ნელი ბადალაშვილს ეკუთვნოდა განხორციელდა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და ამ წარმოდგენას თვით მინისტრი ამ სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ და იხილეს როგორ წარმატებით გაართვეს თავი ასეთ რთულ დრამატურგიულ მასალას იმათ, ვინ ცოტა ხნის წინ გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ.
გოჩა ხვიჩია გამოცდილი რეჟისორია - სულ რამდენიმე წლის წინ მის მიერ მარნეულის კულტურის ახლის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევიამ“ სიღნაღის მოყვარული თეატრების ფესტივალზე „გრან პრი“ მოიპოვა და ბევრჯერ იქნა სხვადასხვა ადგილას ნაჩვენები. ამჯერად მან პენიტენციური დაწესებულის მკვიდრთა დიდი ჯგუფი შემოიკრიბა და წარმოსადგენად აირჩია ვადიმ კოროსტილოვის ლამანჩელი, რომელიც მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის“ მიხედვით იყო შექმნილი. მის წარმოდგენას დიდი ისტორია აქვს ოთარ მეღვინეთუხუცესის და რუსთვის თეატრის იმდროინდელი ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით (რეჟისორი გიგი ლორთქიფანიძე).
გოჩა ხვიჩიამ მოქმედება ესპანეთის ციხეში გადაიტანა, პატიმრების სპექტაკლის გათამაშებას ცდილობენ - სპექტაკლი სპექტაკლში - სამიკიტნოში, სადაც ჟღერს მუსიკა, შემოსული სტუმრები პიედრო - ირაკლი აბულაძე, დალაქი ირაკლი გერაძე და მეეტლეები: ავთანდილ თურმანიძე, ამიკო ქადაგიშვილი და ლევან ინჯია ქალებთან (ნანა ხურითი, ნათია რობიტაშვილი) აგრძელებენ არშიყობას. განსაკუთრებული ოსტატობითა შექმნილი დონ კიხოტი - მირზა ლიპარტელიანის და სანჩოს - მიხეილ კალანდიას სცენური სახეები და სრულიად გავიწყდება, რომ შენს წინაშე არაპროფესიონალი, მოყვარულებიც კი არა შემსრულებლები დგანან.
ნელი ბადალაშვილის პროექტი (მხარდაჭერილი კულტურის სამინისტროს „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ) კაცთა N16 სპეციალური პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლების დადგმის შესახებ წელსაც გაგრძელდა და ამჯერად ვიხილეთ დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ისევ გოჩა ხვიჩიას დადგმით წარმოდგენილი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.
აქაც რასაკვირველია სპექტაკლის ავტორი ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს და აქაც მთავარი ცვლილება ისევ იმ გარემოს ეხებ,ა სადაც ამ პიესის პერსონაჟები არსებობენ და მოქმედებენ. ამჯერად ეს მართა ქვიტირიძის (ნანა ხურითი) ხმის ჩამწერ სტუდიაში Marta Record-ში ხდება და მონაწილეთა დიდი ნაწილი მომღერალი ქალი - ნათია რობიტაშვილი, ბენდის წევრები თეიმურაზ ლოლაძე, გიორგი ჯიმშიაშვილი, თამაზ მთვარელიძე, არჩილ გულისაშვილი, გიორგი ადეიშვილი, შოთ დვალიშვილი, დავით ლომიძე ამ სტუდიის მომღერალ შემსრულებელნი არიან ხოლო განსაკუთრებული სტუმარი კი მომღერალი მანანა თოდაძეა. ასეთმა ინტერპრეტაციამ, სადაც მართა პრიმადონაა და სტუდიის მესაკუთრე, ხოლო ბენდი მომღერლებთან ნათია რობიტაშვილთან და მანანა თოდაძესთან ინტერმედიებს ასრულებენ გაახალისა და სასიამოვნო საყურებელ-მოსასმენი გახდა წარმოდგენა,
თუ ამას დავუმატებთ თვით რეჟისორის გოჩა ხვიჩიას მიერ აპოთეოზში შესრულებულ სიმღერა თავისუფლებაზე ჩვენ ვესწრებოდით ექსცენტრული, მუსიკალურ-დრამატულ წარმოდგენას ცეკვებით და ვოკალური შესრულებით და განვიცდიდით ქალიშვილების მშობლების - დარისპან ქარსიძის (მირზა ლიპარტელაინი) და პელაგია საბელაშვილის (ნელი ბადალაშვილი) გაჭირვების ამბავს. შესანიშნავი კოსტიუმებით და ლამაზი დეკორაციით გაფორმებული სპექტაკლი აღელვების გარეშე ვერ ტოვებდა მაყურებელთა დარბაზს, რომელში უხვად იყვნენ არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები და მოსამსახურეები, არამედ პატიმართა ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები. საღამო ემოციური და ნაღვლიანი იყო და არა მხოლოდ კლდიაშვილისეული ნაღვლიანი იუმორის გამო.
სპექტაკლის წამყვანი პერსონაჟი მაინც მართა (ნანა ხურითი) აღმოჩნდა - მთელის სპექტაკლის განმავლობა სცენაზე იგი წამყვანიც არის, რეზონატორის, შემფასებელიც და რაც მთავარია ავტორისეული მართა, მხოლოდ თანამედროვე, ექსტრავაგანტური და მიზანდასახული - მართალია ენაბლუ ოსიკოს რეპლიკა - ძლივს რომ ამოღერღავს - „დანიშნული მყავს“ გამოიყვანს მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც არ კარგავს საკუთარ იმიჯს.
ოსიკო ხარებაძე (მიხეილ კალანდია) - შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი დაცვით (ჰაკობ საჰეკიანი, ლევან ხაჩატუროვი - დროდადრო მშობლიურ ენაზე რომ ისვრიან „რეპლიკებს“ და ლუხუმ ნეკრესაშვილი) რომ დადის - ერთი თმა აბურძგნული მომღერალია, რომელიც მართამ თავის სტუდია ჩასაწერად მოიწვია და ამავდროულად ნატალის (თამთა პატაშური) გარიგებას ცდილობს.
ნელი ბადალაშვილის პელაგია, კაროჟნა (ნინო ნაჩხატიშვილი), ონისიმე მათარაძე (კახა გორდელაძე) თანამედროვე ჩვენი დროის ადამიანები არიან - იგივე პრობლემებით, იგივე განცდებით და იგივე იმედგაცრუებით დარისპანის (მირზა ლიპარტელიანი) მსგავსად.
იგივე პროტესტია აქვთ კაროჟნას და ნატალიას - ისევ განიცდიან იმას, თუ როგორ დაატარებენ სოფელ-სოფელ გასათხოვრად, როგორც ამცირებენ ახალგაზრდა მამაკაცთა წინაშე.
განსაკუთრებული სიხალისე შემატა მომღერალმა მანანა თოდაძემ სიმღერების ვირტუოზული შესრულებით და არა მარტო, იგი სრულიად ჩაერთო დრამატულ ქმედებაში და ოსიკოსგან ხელის თხოვნის შეთავაზებაც მიიღო.
თეატრის დაუდგრომელი სიყვარული აღსავსე რეჟისორმა გოჩა ხვიჩია შექმნა ორი შესანიშნავი წარმოდგენა, გაუხალისა საპატიმროში ყოფნის დღეების მსჯავრდადებულებს და არანაკლები სიამოვნება მიანიჭა სცენაზე მდგომ მსახიობებსა და მაყურებელს.