„თავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სასცენო ხერხებით“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლუკა კალატოზიშვილი
„თავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სასცენო ხერხებით“
ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე მეორედ დაიდგა არასრული სამწლიანი ინტერვალის განმავლობაში. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია, რადგან არ მგონია, რომ პიესაში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ისეთი აქტუალური იყოს, როგორც მისი შექმნის დროს. ამიტომ ალბათ ამ პიესის განხორციელების დროს რეჟისორის მთავარი მიზანია მაყურებელმა მსახიობებს თანაუგრძნოს ამბის მსვლელობის პროცესში. ვფიქრობ, გიორგი კაშიამ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა.
პიესა მოგვითხრობს 5 უკაცო დაზე, რომელთა ბედსაც ბერნარდა, მათი დედა, განკარგავს. ეს დესპოტი ქალი ახალგაზრდა გოგონებს ავადმყოფური სიმკაცრით ზღუდავს და თავისუფლებაზე ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევს. თუმცა, ცხადია, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და მისი აგებული ბარიერები ტრაგიკულად ინგრევა.
გიორგი კაშია საინტერესოდ იყენებს იმ მწირ დეკორაციას, რომლის გამოყენების საშუალებაც ეძლევა. ვგულისხმობ კუბოს, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში კუბოა, მაგრამ მალევე იქცევა ახალგაზრდა ქალბატონების ტკივილის გამოხატვის პედისტალად. შემდეგ სასიყვარულო სარეცლად, სხვებისგან დასამალ ოთახად თუ სხვა. კარგი მიგნებაა წითელი ლაქით დასვრილი თეთრი ნაჭერი, რომელიც სიმბოლურად ქალწულობის დაკარგვას აღნიშნავს, თუმცა აქ ერთგვარ რეციდივთან გვაქვს საქმე, რადგან გიორგი კაშია ამ ხერხს თავის წინა სპექტაკლ „ირინეს ბედნიერებაშიც“ მიმართავს. კუბოსთან დაკავშირებით აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლზე, რომელიც მე ვნახე მოულოდნელი შემთხვევითობა მოხდა. კერძოდ, იგი დავარდა. მსახიობებმა იმდენად კარგად გაამართლეს შექმნილი მოცემულობა, რომ წარმოდგენის დასრულების შემდეგ, გადამოწმებაც კი დამჭირდა ეს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული თუ არა.
საერთოდ, ვფიქრობ, მსახიობები დაკისრებულ როლს საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პიესის სირთულეს. სპექტაკლში ზეინაბ დვალიშვილი ბერნარდას, ნინი ურუმაშვილი ადელას, ანუკა შარია მარტირიოს, მაშიკო თვალაბეიშვილი მაგდალენას, ნინა შონია ამელიას, სალომე ჭაფოძე ანგუსტიასის, ელენე ქურთიშვილი პონსიას, მარიამ მღებრიშვილი მოსამსახურის, ვატო სანიკიძე კი ბოშა პეპეს როლებს ასრულებენ. ბოლოდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ ვატოს სანიკიძეს უსიტყვო როლი ჰქონდა და ასრულებდა პერსონაჟს, რომელიც პიესაში საერთოდ არ ჩანს, მხოლოდ სხვა პერსონაჟების საუბრით ვიგებთ მისი არსებობისა და ქმედებების შესახებ. მისმა გამოჩენამ კი თითქოს იგი უფრო რეალური კი არა, არამედ პირიქით, უფრო იდუმალი გახადა. ჩნდება კითხვა, საერთოდ არსებობს ბოშა პეპე თუ ოთხ კედელშუა გამოკეტილი გოგონები სიგიჟის კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდნენ.
პიესაში ცხადად არის გამოხატული მაგდალენას აგრესიაც, ადელას, მარტირიოსა და ანგუსტიასის დამოკიდებულებები კაცების და კერძოდ, ბოშა პეპეს მიმართ. ამელია კი ამ მხრივ ბევრს არაფერს ამბობს. გიორგი კაშიამ ამ ფაქტს საინტერესო გამართლება მოუძებნა და იგი მოსამსახურის საყვარლად წარმოგვიდგინა. ნინა შონია და მარიამ მღებრიშვილი საკმაოდ თავისუფლად წარმოადგნენ თამამ სცენას, რაც, ჩემი აზრით, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან აქ ყველაზე კარგად ჩანს რამდენად ერთხმად მოქმედებენ ისინი და რამხელა რწმენა აქვთ საკუთარი თავის, ერთმანეთის და რეჟისორისა.
ზეინაბ დვალიშვილი კარგად ათამაშებს მკაცრი, დესპოტი, მტკიცე ქალის როლს. მისი ყოველი სიტყვა მამაკაცური ძალით არის გაჟღენთილი და არ აჩენს ეჭვს, რატომ ეშინიათ მისი და რატომ ემორჩილებიან უსიტყვოდ მას. მაგრამ საიდან ჩნდება ეს სიმკაცრე? რით არის განპირობებული ასეთი ასკეტური კარჩაკეტილობა? ყოველთვის ასეთი იყო ბერნარდა თუ ცხოვრებამ ასწავლა ჭკუა? ამაზე რეჟისორს საინტერესო პასუხი აქვს - ბერნარდა პონსიას დედას მრუშობაში ადანაშაულებს და ეს ყველაფერი მისთვის აშკარად ძალიან პირადულია. უნდა ვიფიქროთ, რომ პონსიაც გარდაცვლილი ანტონიო მარია ბენავიდესის ქალიშვილია. ამაში უფრო მეტად გვარწმუნებს მოახლის ბრალდება გარდაცვლილის მიმართ. იგი ზიზღს გამოხატავს ბატონის დაუოკებელი ვნების მიმართ და აფურთხებს მის გვამს.
ანგუსტიასის როლის შემსრულებელი, სალომე ჭაფოძე ყველაზე მეტად მიუახლოვდა იმ ასაკობრივ მოცემულობას, რომლის შესრულებაც უწევს. მიუხედავად ასაკისა, ის ყველაზე დაუცველი და სხვის აზრზე დამოკიდებული პერსონაჟია, რადგან მუდმივად ზედმეტად გრძნობს თავს 4 ნახევარდის გარემოცვაში. სწორედ ამიტომ იგი ყველაზე კონკრეტული და ზუსტია აფექტურ ქმედებებში, რომელიც დების ყოველდღიურ, ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენს. ის ხომ სხვებზე გაცილებით დიდი ხანია კერავს და ქარგავს.
მაშიკო თვალაბეიშვილი რიგით მეორე დის როლში გვევლინება. ვერ ვიტყვი, რომ ისიც სალომესავით კარგად ათამაშებს საკუთარ წლოვანებას, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელია მოუსვენარი, წინააღმდეგობით სავსე, ყველაფრის მიმართ პროტესტით განწყობილი შინაბერას როლს. თუ პიესაში მაგდალენა ყველაფერზე ხელჩაქნეული, ყველაფრით დაღლილი ქალია, რომელიც ცინიზმით აღსავსე ელოდება საკუთარ ბედს და ბასრ კომენტარებს ისვრის, სპექტაკლში იგი უფრო ახალგაზრდული, ადელასეული ენერგიით სავსე პერსონაჟად გვევლინება. ვფიქრობ, რეჟისორმა ეს ასაკობრივი “აცდენის” გასამართლებლად გამოიყენა.
მარტირიო კუზიანი, მახინჯი გოგოა. ამ ფიზიკურ ნაკლს ანუკა საკმაოდ კარგად წარმოაჩენს. ეტყობა, რომ ბევრი აქვს ამ კუთხით ნამუშევარი და ამის შეგრძნებას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც არ კარგავს წარმოდგენის მსვლელობის პროცესში. მას ყოველთვის ახსოვს, რომ მხრებზე დიდი “ტვირთი” აწევს და შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არასოდეს ეღირსება სანუკვარი კაცის ალერსი. სწორედ ამიტომ აბარებს გიორგი კაშია ბერნარდას სადავეებს სპექტაკლის ბოლოს მას, სწორედ ამიტომ უნდა იქცეს იგი ბერნარდას ღირსეულ გამგრძელებლად.
რაც შეეხება ადელას, ის ჯერ კიდევ არ არის ისეთ ასაკში, რომ საკუთარი დებივით გაგიჟებული იყოს კაცის შეხებაზე. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა, რაც რეჟისორმა ლიმონების სახით წარმოგვიდგინა. ლიმონების, რომელიც “თავისუფლებასავით მწარეა, მაგრამ გემრიელი”. ადელას კარჩაკეტილობა ყველა სხვა დაზე მეტად აგიჟებს, მას ყველაზე მეტად სწყურია უცხო ჰაერის ჩაყლაპვა, ყველაზე მეტად სურს მჟავე ლიმონის წვენი გასინჯოს და სიამოვნებისგან დაიჭყანოს. გიორგიმ კაშიამ ძალიან კარგად წარმოაჩინა ეს ყველაფერი იმ უბრალო მიგნებით, რომ ნინი ურუმაშვილი კუბოში ჩაწოლამდე ლიმონს ხლეჩს და მის წვენს მთელი არსებით ეწაფება. მისთვის სიკვდილიც ამ თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა, ოთახში გამოკეტვა კი სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ სპექტაკლის ერთ მონაკვეთში კუბო სწორედ მისი ოთახის იმიტაციად გვევლინება.
როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლში პონსიაც ქალიშვილების ნახევარდა უნდა იყოს. ელენე ქურთიშვილი ოსტატურად ასრულებს უბედური, საკუთარ ყოფას შეგუებული მოსამსახურის როლს. ამოღამებული, დასივებული თვალები; მკაცრი, გაწონასწორებული საუბრის მანერა; სიღრმისეულად გააზრებული პოზიცია ბერნარდა ალბას სახლში. ამას ემატება თავისუფლება, რითაც ისიც და ყველა დანარჩენი მსახიობიც წარმოგვიდგება სცენაზე. ეს ყველაფერი კი იმ შედეგის მიზეზია, რასაც მაყურებელი ხედავს.
საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ მსახიობებმა სტუდენტების კვალობაზე ძალიან მაღალ, ზოგადი გადმოსახედიდან კი საკმაოდ ნორმალურ დონეზე წარმოადგინეს სპექტაკლი. გიორგი კაშია კი ნამდვილად ამბობს საკუთარ სიტყვას თანამედროვე ქართულ თეატრში.