top of page

2013 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

TIFT_LOGO-eng.png

მაკა ვასაძე


2013 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი


თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013 წლის 19 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საერთაშორისო პროგრამაში (19.09.-5.10) გამოცხადებული სპექტაკლებიდან, მინიმუმ ოთხი, მსოფლიოში სახელგანთქმულ, თანამედროვე, საკუთარი სათეატრო ენის მქონე რეჟისორებს ეკუთვნოდათ: რობერ ლეპაჟი, სილვიუ პურკარეტე, მაია კლეჩევსკა, პიპო დელბონო. ეს ის სახელებია, რომლებიც დღეს თანამედროვე სათეატრო მიმართულებებს ქმნიან. ამათ გარდა, სულმოუთმენლად ველოდი კომპანია Gეკოს და ამით ლაჰავის ახალი ნამუშევრის ხილვას. 3 წლის წინ, მისმა `შინელმა~ (გოგოლის მიხედვით) წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. 2013 წლის ფესტივალის კონცეფცია ეკა მაზმიშვილმა ამგვარად ჩამოაყალიბა: `წელს ჩვენ წარმოგიდგენთ სპექტაკლებს, რომელიც თანამედროვე ადამიანის და სამყაროს ერთგვარი `სნეპ-შოტია~, კადრი _ რომელიც ასახავს ყველაფერს, რასაც დღეს ადამიანი განიცდის, რაზეც ოცნებობს, რასაც ცდილობს და რისკენაც მიილტვის; კადრი, რომელიც ბევრ დამოუკიდებელ ნაწილად იყოფა და ჩვენ კი მისი მთლიანობაში აღქმისას, ხშირად ყურედღებიდან გვრჩება შესაძლებელია ყველაზე მთავარი~.
საერთაშორისო პროგრამაში, ძირითადსა და Nეწ-ში, 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის 22 სათეატრო დასი და კომპანია მონაწილეობდა: კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, დანია, ისრაელი, ფინეთი, რუსეთი, სომხეთი. წერილში გთავაზობთ უცხოური პროგრამის იმ სპექტაკლების მიმოხილვას, რომლებიც  ალბათ, არასდროს დამავიწყდება. მოკლედ შევეხები იმ რეჟისორთა დადგმებს, რომელთა ნახვას დიდი ინტერესით ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ, მათი ხილვის შემდეგ, იმედგაცრუებული დავრჩი.
კომპანია Eხ Mაცჰინა, კანადა, `მთვარის შორი მხარე~
რობერ ლეპაჟის, 1994 წელს, შექმნილმა დასმა Eხ Mაცჰინა, თბილისში, რუსთაველის თეატრში, მისი სახელგანთქმული სპექტაკლი `მთვარის შორი მხარე~ წარმოადგინა. კომპანია Eხ Mაცჰინა საშემსრულებლო ხელოვნების, კინემატოგრაფიის, ვიდეოხელოვნების, მულტიმედიის შერწყმის გზით ქმნის გამომსახველობითი საშუალებების, სათეატრო ენის ახალ ფორმებს. `მთვარის შორი მხარე~ კვლევა-ძიების ერთ-ერთი შედეგია. ვიდეოინსტალაციებით, კინემატოგრაფიული და თოჯინური თეატრის ხერხებით გაჯერებული მონოსპექტაკლის პრემიერა 2000 წელს შედგა. დედის გარდაცვალებით გამძაფრებულ სულიერ, თუ ფიზიკურ, სიმარტოვის შეგრძნებაზე მოგვითხრობს სპექტაკლ-პერფორმანსის გმირი. ტექსტის ავტორი და რეჟისორი რობერ ლეპაჟი 2007 წლამდე თავად თამაშობდა, შემდეგ კი ივ ჟაკი შეიყვანა სპექტაკლში. მუსიკალური გაფორმება ლაური ანდერსონს ეკუთვნის. საკმაოდ სიტყვამრავალი წარმოდგენა, რომელშიც ტექსტს უდიდესი როლი ეთმობა, წლების განმავლობაში არაერთხელ გადაკეთდა. რეჟისორმა ბევრი რამ ამოიღო, შეამცირა და წარმოდგენა უფრო კომპაქტური, დახვეწილი გახადა. სპექტაკლში ოსტატურად არის შერწყმული ფილოსოფია და ფორმის თვალსაზრისით _ დახვეწილი ტექნიკური გადაწყვეტები.
კოსმოსით დაინტერესებული, მთვარზე გაფრენის ოცნებით შეპყრობილი ფილიპე განმარტოებულად ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ტელევიზიით მოისმენს, რომ კოსმოსში, დედამიწაზე ცხოვრების შესახებ, დაშიფრული ინფორმაციის გაგზავნას აპირებენ. ცხადდება კონკურსი საუკეთესო ვიდეოფილმის გამოსავლენად. ფილიპე, საკუთარი ცხოვრების მაგალითზე, იწყებს დედამიწელთა შესახებ ფილმის გადაღებას. სულიერი და ფიზიკური მარტოობის ტკივილს, გაუსაძლის მდგომარეობას სწორედ ვიდეოფილმის გადაღება უმსუბუქებს. არსით მონუმენტური და იმვდროულად ძალიან ინტიმური, ერთმანეთთან გაუცხოებული, ორი ძმის ისტორია ოსტატურადაა გადახლართული `ცივი ომის~ პერიოდში, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებული შეჯიბრის ამბავთან. მეცნიერები დედამიწელებისათვის უხილავ მთვარის ნაწილს, მახინჯ მხარეს უწოდებენ. ფილიპეც თავის ძმას მახინჯ ანარეკლს უწოდებს. ივ ჟაკი, სპექტაკლში რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს. მათ შორისაა ცნობილი საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, შეიძლება ითქვას ფილიპეს კუმირი.
ივ ჟაკის ქმედება, თამაში გასაოცრად ბუნებრივია. ეს ერთი შეხედვით ლაკონიური სპექტაკლი მრავალშრიანი და სიღრმისეულია. სპექტაკლში გამოყენებულია ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული, ტექნიკური აღჭურვილობა. ერთმანეთს ერწყმის მაღალტექნოლოგიური სტილი და ლეპაჟის, შეიძლება ითქვას, ბავშვური ფანტაზია. გასაოცარია, ყოფითიდან კოსმიურ განზომილებაში გადასვლის ტექნიკური თუ გამომსახველობითი, მიგნებები. მონოსპექტაკლში ლეპაჟი სხვა პერსონაჟის _ თანამოსაუბრის, თუ ოპონენტის ყოფნის ეფექტს ქმნის. სინამდვილეში, ამ სხვას მაყურებელი ვერ ხედავს, უკეთეს შემთხვევაში ესმის მხოლოდ ტელეფონით გაცემული პასუხები. ლეპაჟის რეჟისურაში, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთმანეთში იხლართება. სარეცხიმანქანის ლიუკი უცბად გარდაიქმნება კოსმიური ხომალდის ილუმინატორად, საუთაო მაგიდა ხან ველოსიპედად, ხან სავარჯიშო ტრენაჟორად, ხან კოსმონავტების საწრთვნელ ცენტრიფუგად და ა. შ. კარადიდან, რომლშიც ფილიპე გარდაცვლილი დედის ტანსაცმელს ინახავს, უცებ თოჯინა-კოსმონავტი გადმოდის და სცენაზე დამოუკიდებლად მიაბიჯებს. სხვა ეპიზოდში კი, იგივე კოსმონავტი-თოჯინა, ლიუკ-ილუმინატორიდან შემოფრინდება სცენაზე და დედად გარდასახული ფილიპეს ხელებში აღმოჩნდება. თოჯინა-კოსმონავტი ახალდაბადებულ ბავშად, ლიფტის კარი - კოსმოსში გასასვლელ კარად, გარდაიქმნება და ა.შ. ფინალში მაყურებლი ჰაერში მოლივლივე ფილიპეს ხედავს _ უწონადობის, გამაოგნებელი და ულამაზესი სცენა თამაშდება. ეფექტი, არეკვლის პრინციპით, სცენაზე გრძელ კონსტრუქციაზე დამაგრებული სარკის დახრით მიიღწევა და ისევე გაორებულია, როგორც ფილიპესთვის ერთმანეთში გადახლართული პატარა ბინა და კოსმიური სამყარო. სარკეში უწონადობა აისახება, ხოლო თავად პესონაჟი სცენის ფიცარნაგზე `ფართხალებს~. გამომსახველობით საშუალებებს რობერ ლეპაჟის ფილოსოფიური და ამავე დროს, დახვეწილი იუმორით აღსავსე ტექსტი ამდიდრებს. ტექსტს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მაყურებლისთვის, ვინც ინგლისური ენა არ იცის და ტიტრებზე უხდებოდა თვალის დევნება, შეიძლება ძნელად აღსაქმელი ყოფილიყო. 
სპექტაკლი ადამიანის მარტოობაზე, უახლოეს ადამიანთა გაუცხოებაზე, ოცნებასა და გრძნობაზე, პრაგმატიზმსა და იდეალიზმზეა. ყველაფრის მიუხედავად, ლეპაჟის ფინალი მაინც ოპტიმისტურია. კონკურსში ფილიპეს გადაღებული ვიდეომასალა იმარჯვებს, მის ნამუშევარს კოსმოსში აგზავნიან. კაცს, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს უმართლებდა, ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდება...
თეატრი ოპოლე, პოლონეთი, `მაკბეტი~
მაია კლეჩევსკას სპექტაკლები გამოირჩევა ორიგინალური გადაწყვეტით, პიესების თავისებური წაკითხვით, სიღრმით, მისთვის დამახასიათებელი სათეატრო ენით, მსახიობთა პროფესიონალიზმით და ა. შ. ვფიქრობდი, ალბათ, როგორ ვნებათაღელვას დაატრიალებს კლეჩევსკა `მაკბეტში~. სამწუხაროდ, მოლოდინმა არ გაამართლა... რას ვიზამთ, ყველა რეჟისორს, გენიალურ, დიდ რეჟისორებსაც აქვთ სუსტი სპექტაკლები. 
`მაკბეტი~ კლეჩევსკამ დაახლოებით 10 წლის წინ დადგა, მაგრამ გათანამედროვების თვალსაზრისით, არ ვიცი რამდენად საინტერესო და აქტუალური იყო მაშინაც, და არის დღესაც, შექსპირის `მაკბეტის~ გადაწყვეტა, როგორც ბანალური, განგსტერული საგისა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ ამას რეჟისორი ირონიით გადმოსცემს. მაგალითად, ყოველ დაძაბულ სცენას თუ ეპიზოდს კლეჩევსკა მეოცე საუკუნის ყველასათვის ცნობილი, პოპულარული მუსიკალური ჰიტებით ასრულებს.
სპექტაკლი შიშით გამოწვეულ ძალაუფლებისაკენ სწრაფვაზეა. ყველაფერში და ყველას ქმედებაში შიში მეფობს. ყველას ყველასი ეშინია... კლეჩევსკას პერსონაჟებს არანაირი სიყვარული, თუ ვნება არ ამოძრავებთ. მათ შორის არც მაკბეტის და ლედი მაკბეტის ურთიერთობებია აგებული სიყვარულსა თუ ერთმანეთისადმი ვნებიან ლტოლვაზე. დაკარგულია პერსონაჟთა _ პიროვნებათა შექსპირული მასშტაბი, ურთიერთობები. პრჟემისლავ კოზლოვსკის მაკბეტი ერთგვარი მაჩოა, რომელიც ჯუდიტა პარაძინსკას ვულგარულ ლედი მაკბეტს საკმაოდ აგდებულადაც კი ექცევა ხოლმე. ამავდროულად, ჟარგონი რომ ვიხმარო, იგი ლედი მაკბეტს `დაჩმორებული~ ჰყავს.
მაია კლეჩევსკამ იმდენად `დაამიწა~ შექსპირის `მაკბეტი~, რომ ძალაუფლების სიმბოლოს _ გვირგვინის ნაცვლად, უგემოვნო ბრჭყვიალა ფეხსაცმელები გამოიყენა, რომელსაც მაკბეტი, გამეფების შემდეგ იცვამს. ესეც, ალბათ, კონცეფციიდან, ირონიული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. დაბალი დონის მაფიოზის ძალაუფლების დამატასტურებელი ატრიბუტიკა ძვირადღირებული, უგემოვნო ბრჭყვიალა ფეხსაცმელებია.
მოულოდნელი იყო აგრეთვე, რომ `ღმერთების დაცემისგან~ განსხვავებით, `მაკბეტში~ კლეჩევსკას ძალადობის ნატურალისტური სცენები თითქმის არა აქვს გამოყენებული. ერთადერთი ასეთი სცენა მაკდაფის ცოლ-შვილის მკვლელობაა.
მოკლედ, იმედგაცრუებული დავრჩი. მოლოდინმა, რომ ვნახავდი უცხოური პროგრამის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლს, არ გაამართლა. საინტერესო, ღრმა, ვნბებით აღსავსე წარმოდგენის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, გათანამედროებული `მაკბეტის~ ერთობ ზედაპირული გადაწყვეტა ვიხილე.
თეატრი რადუ სტანსა, რუმინეთი, `გულივერის მოგზაურობა~
`გულივერის მოგზაურობას~ შეიძლება ვუწოდოთ სრულყოფილი, დიდი ტილო, შთამბეჭდავი, გამაოგნებელი სანახაობა. ეს არის ვიზუალური, გამომსახველობითი საშუალებებით შექმნილი სპექტაკლი, სადაც ვერბალური მხარე მინიმუმამდე დაიყვანა რეჟისორმა. აკი თავადაც აღნიშნა პურკარეტემ, რომ ხშირად სათეატრო ენა, თეატრის გამომსახველობითი საშუალებები სიტყვებზე უფრო კარგად გადმოსცემს სათქმელს. თავისი კონცეფციის გადმოსაცემად კი, სპექტაკლში, სხვადასხვა ფორმა გამოიყენა და გააერთიანა _ დრამატული, მარიონეტების, მუსიკალური, ჩრდილების - თეატრი... ამ ფორმით გვიყვება პურკარეტე ამბავს: რა დაუნდობელი, საზიზღარი არსებაა ადამიანი _ იაჰუ...
სრულიად ახლებურად გაიაზრა და დაგვანახა სილვიუ პურკარეტემ ჯონატან სვიფტის (ოთხნაწილიანი) რომანი. სათქმელის გასამძფრებლად მან მწერლის სხვა ნაწარმოებებიც გამოიყენა. მაგალითად, ჩვილი ბავშვების დაუნდობელი მოკვდინების, მათი ხორცის ტაფაზე აშიშხინების და ჭამის სცენა, რომელმაც შეძრა, სული ამოუტრიალა მაყურებელს, რეჟისორს აღებული აქვს  ნოველიდან `მოკრძალებული მოსაზრება, როგორ ავარიდოთ ირლანდიის ღარიბ ოჯახებს ტვირთი _ შვილები~. სცენაზე ღარიბი, ორსული ქალები არიან. ზოგი იქვე მშობიარობს, ზოგი ფეხმძიმედაა და ამასთანავე, ყოველ მათგანს, 2-3 ბავშვი ხელში, ან ზურგზე მოკიდებული, ან იღლიაში ამოჩრილი ჰყავს. სცენაზე შემოაგორებენ მორგძო, მორგში არსებულ მსგავს მაგიდებს და მწკრივში აწყობენ. დედები ბავშვებს ფულზე ცვლიან. ჩვილებს ამ მაგიდებზე გროვებად აწყობენ. შემოდის ყასაბი დიდი დანით ხელში. იღებს ჩაქუჩს, არჩევს ბავშვებს და ამ ჩაჩუქით კლავს. ცოცხალ თევზს, მომზადების წინ, თავს რომ უჭეჭყავენ ხოლმე, ზუსტად ისე. ყასაბი აათლის და ცეცხლზე ააშიშხინებს ჩვილი ბავშვის ხორცს, გასაინჯად აწვდის სცენაზე მყოფ მოზარდს, რომელიც სვიფტი-გულივერის ბავშვობის განსახიერებაა. უცებ სცენის სიღრმეში ორი უზარმაზარი ვირთხა ჩაივლის. შემდეგ, ისინი მეორე მხრიდან შემოდიან სცენაზე, მოზარდს უახლოვდებიან, ამ ხორცს ართმევენ და მიირთმევენ. რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ ადამიანი-იაჰუ ვირთხაზე ამაზრზენი არსებაა. ვირთხები კვდებიან, მათი ტყავიდან კი ადამიანები გამოძვრებიან. ეს ეპიზიდი, ისევე როგორც მთელი სპექტაკლი, რეალურის, სიურეალისტურის, სიზმრისეულის ზღვარზეა გაკეთებული. რაღაც მომენტში გგონია, რომ ეს ყველაფერი მოზარდის კოშმარული სიზმარია. 
საოცრად ეფექტურია ჩრდილების თეატრის პრინციპით გაკეთებული ეპიზოდი, რომელშიც მაყურებლის თვალწინ ჩაივლის, გულივერის ჯუჯებთან და შემდეგ გოლიათებთან მოგზაურობის სცენები. ასევე შთამბეჭდავია ბორდელის ეპიზოდი, რომლის მთავარ ლამაზმან კორინას ყველაფერი ხელოვნური აქვს. აქ რეჟისორმა ცოცხალი მსახიობები მარიონეტებს შეურწყა _ მსახიობთა თავები და მარიონეტთა სხეულები. 
რეჟისორის კონცეფციით სცენაზე გათამაშებული ამბავი მოხუცებული, გონებრივად დეგრადირებული, ინვალიდის ეტლში მყოფი ჯონატან სვიფტის, მისი გმირის _ გულივერის და მოზარდის (რომელიც სვიფტის ბავშვობის, უცოდველობის სიმბოლოს განსახიერებაა) მონათხრობია. სპექტაკლის დასაწყისში სავარძელში ჩაბრძანებული სვიფტი გადაშლის წიგნს და ის-ისაა უნდა დაიწყოს თხრობა, რომ უკნიდან სულიერად დაავადებულთა თავშესაფრის ბინადარი ქალები მიეპარებიან და თავში ჩასცხებენ ნიჩაბს. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი სიურეალისტური ხილვები. პირველი, რაც მას ელანდება, თავისივე ბავშვობაა. სცენაზე ჩნდება ხის ცხენზე ამხედრებული მოზარდი. პურკარეტე ძირითადად დაეყრდნო `გულივერის მოგზაურობის~ მეოთხე ნაწილს `ჰუიჰნჰნმების ქვეყანაში მოგზაურობას~, რომლის ბინადარნი ჭკვიანი, კეთილშობილი ცხენები და ამაზრზზენი, ცხოველის მსგავსი ადამიანი-იაჰუები არიან.  მოქმედების დაწყებამდე, მაყურებელთა დარბაზში შესვლისას რეჟისორმა სცენაზე ცხენის ფორმაში გამოიწყობილი ქალები განალაგა. სპექტაკლი კი, სცენაზე ცოცხალი ცხენის ჩატარებით იწყება.
პურკარეტე აპოკალიფსურ სანახაობას იმედის სხივით ამთავრებს. საკუთარ თავთან გაუცხოებული სვიფტი-გულივერი შეერთდება წმინდასთან, სუფთასთან, თავის ბავშვობასთან. იაჰუებს მოზარდის სიმპათიის მოპოვება სურთ, მაგრამ ბუნებიდან გამომდინარე, თან ათასგვარ საზიზღრობას სჩადიან. ბოლოს კი, თითქოს წარსულჩამოშორებულები, გაშიშვლებულები რჩებიან მის წინაშე. მოზარდი თეთრიალქნიან გემებს მოასრიალებს სცენაზე. ზოგიერთი იაჰუ ცდილობს გაჭყლიტოს, გაანადგუროს ეს გემები, მაგრამ მხოლოდ ერთის, თუ, ორის გადათელვას შეძლებენ. სცენაზე ინვალიდის ეტლში მყოფი სვიფტი ბღავის _ არ მინდა ვიყო იაჰუ, არ მინდა ვიყო ადამიანი... თეთრებში გამოწყობილი მოზარდი მას მუხლებში უჯდება, ეხუტება და თან ამშვიდებს  _ ის ხარ, რაც ხარ, ვერ გაექცევი იმას, რაც ხარ... გამჭვირვალე კედლის მიღმა კი ცხენი ჩნდება, რომელიც ბალახს ძოვს.
კომპანია Gეკო, დიდი ბრიტანეთი, `დაკარგული~
ფესტივალის პროგრამაში გამოცხადებულ სპექტაკლებს შორის, 2009 წელს `შინელით~ მოხიბლული თბილისელი მაყურებელი, ალბათ, ყველაზე მეტად, კომპანია Gეკო-ს `დაკარგულის~ ხილვას ელოდა. 2001 წლიდან მოყოლებული ამით ლაჰავმა და კომპანიამ “Gეკო” 6 წარმატებული სპექტაკლი დადგა (მონაწილეობდნენ ბევრ საერთაშორისო ფესატივალში). მათ რიცხვშია `დაკარგულიც~. 
სპექტაკლის მთავარი გმირი ლილი საკუთარი თავის ძიებაშია. იმისდამიუხედავად, რომ ცდილობს ცხოვრების მდინარებას არ ჩამორჩეს _ იმუშაოს, გაერთოს მეგობრებთან, ჰყავდეს შეყვარებული, გათხოვდეს _ იგი სულ უფრო მეტად განიცდის სულიერ სიმარტოვეს. შიგადაშიგ მის გონებაში უეცარი დენის დარტყმის მსგავსად წარსულის, ბავშვობის მოგონებები კინოკადრებივით გაიელვებს ხოლმე. რეჟისორმა თითქოს უბრალო, მაგრამ ამავე დროს ზუსტ ვიზუალურ გამოხატულებას მიაგნო. შავ ჩარჩოში ჩასმულ კინოფირის კადრში ცოცხლედება ლილის მოგონებები. ლილის ჯერ ხმები ესმის, ბავშვის ხმა, ლუღლუღი ესპანურ ენაზე. სცენის სიღრმეში კადრი ჩაივლის _ პატარა ბავშვი (მარიონეტი) მღერის, მას დედა ეალერსება. ვიზუალურ ეფექტს, სიტუაციის მიხედვით, ტონალობაში ცვალებადი განათება ამძაფრებს. რეჟისორი თანდათან ლილის წარსულის, ბავშვობის სხვადასხვა ეპიზოდს გვიჩვენებს. ხანდახან წარსულის მოგონებები ლილის გონებაში დაზიანებული, ბუნდოვანი კადრის სახეს იღებს. ამ შემთხვევაში ლაჰავი, კინოფირის გადახვევის პრინციპით, თავიდან იწყებს კადრების ჩვენებას. ლილი თითქოს ცდილობს რაღაც მთავარი, მნიშვნელოვანი გაიხსენოს, რაც დაეხმარება გაერკვეს საკუთარ თავში. მოაწესრიგოს გარესამყაროსთან, მეგობრებთან, ქამართან, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა. ამ მოგონებებიდან ცდილობს ლილი საკუთარი პიროვნების შექმნას, აგებას. ლილის წარსული და აწმყო ცხოვრების სცენები ერთმანეთშია გადახლართული. დასაწყისში წარსული შორსაა, მაგარამ თანდათან უახლოვდება და თითქოს ერწყმის მის აწმყოს. კინოფირის შავ ჩარჩოში ჩასმული კადრები სცენის სიღრმიდან ნელ-ნელა წინ მოიწევენ. ხანდახან რეჟისორი გამსხვილების კინოეფექტსაც მიმართავს. მაგალითად, კადრში ლილის მშობლები და მეგობრები არიან. შორი კადრიდან, ლილის დედა, მაყურებელთან უფრო დაახლოებულ კადრში გადადის. ლილის მშობლების ურთიერთობის გახსენება ნელ-ნელა ცენტრალურ ადგილს იკავებს. სწორედ ეს მოგონება აიძულებს ლილის გადააფასოს თავისი ცხოვრება. ამ რთული ძიების გზაზე ლილის დამხმარე ჰყავს, რომელსაც თავად რეჟისორი ამით ლაჰავი განასახიერებს. იტალიურ ენაზე მოსაუბრე პერსონაჟი შეიძლება აღვიქვად მოძღვრად, ან ექიმად, ან სულაც უახლოეს სულიერ მეგობრად... სწორედ ეს პერსონაჟი ეხმარება ლილის ღრმად ჩაიხედოს თავის სულში და იქ მოძებნოს მოგონება, რომლის გახსენებასაც ასე ძლიერ ცდილობს. რეჟისორმა ლილის სულის სიღრმეებში ჩაწვდომაც გამოსახა ვიზუალურად. ლილის რენტგენის სურათის შუა ნაწილში განათებული, მომრგვალო ფორმის რაღაც მოჩანს. ლაჰავის პერსონაჟი ამოუღებს ლილის ამ განათებულ ნაწილს, ანუ სულს, ჩაუდებს პატარა ყუთში და ხელში აწვდის. სცენაზე მრავალი ასეთი განათებული ყუთი ჩნდება, რომლებიც შემდეგ თითქოს ერთიანდებიან და ერთ მთლიანობას ქმნიან. ძალიან ეფექტური და გულისამაჩაყუბელია ფინალური სცენა. ლილი, როგორც იქნა იხსენებს, რომ ბავშვობაში მისი სათაყვანებელი, საყვარელი მშობლებიდან ერთ-ერთი ქრება. ქრება მისი ულამაზესი, პროფესიით მოცეკვავე დედა. მან ბავშვობაში დედა დაკარგა. ქვეცნობიერში მიმამული ამ ტკივილის ამოტივტივების შემდეგ, ლილი თავისუფლდება. ავნსცენაზე ლილი, ხოლო სიღრმეში, მაღლა, კადრში ჩასმული დედა ერთად ცეკვავენ... ლილი დედას უყვირის _ დედა მე ვცეკვავ!
ნ. გოგოლის `შინელისგან~ განსხვავებით დრამატურგიული თვალსაზრისით `დაკარგული~ შეიძლება ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ არაჩვეულებრივად არის განხორციელებული ვიზუალურად. მსახიობთა სტილიზებული მოძრაობები, სხეულები უფრო მეტს გამოხატავენ, ვიდრე სიტყვები გეუბნებიან. ლამაზი ცეკვები, კინოკადრის ეფექტის გამოყენება, განათება, მუსიკა _ ეს ყველაფერი ერთიანობაში სიტყვებზე უფრო მეტის მთქმელია. ამ სპექტაკლშიც, `შინელის~ მსგავსად ვერაბალური მხარე მინიმუმამდეა დაყვანილი. ის მცირეოდენი ლაპარაკი კი, რაც არის დარჩენილი, სხვადასხვა ენაზე: იტალიურზე, ფრანგულზე, ესპანურზე, ინგლისურზე, გერმანულზე  მიმდინარეობს. აღსანიშნავია მთავარი როლის _ ლილის შემსრულებლის _ ჯორჯინა რობერსის პროფესიონალიზმი, რომლის თამაშშიც შერწყმულია ფიზიკური მოძრაობის და დრამატული თეატრის მსახიობი.
ემილიო რომანას თეატრი, პიპო დელბონოს დასი, იტალია, `ბრძოლის შემდეგ~
თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი, მწერალი პიპო დელბონო ახალი სათეატრო ენის ძიებაში, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, მუშაობდა, ეცნობოდა მათ ტრადიციებს და ნელ-ნელა ქმნიდა თავისას. 1987 წელს პინა ბაუში გაიცნო, რომელმაც იგი სამუშაოდ მიიწვა ვუპერტალის საცეკვაო თეატრში. პინა ბაუშმა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში უდიდესი კვალი დატოვა. იტალიის ქალაქ მოდენას `ემილია რომანოს~ თეატრის და სილვიო პურკარეტეს დასის ერთობლივი ნამუშევარი `ბრძოლის შემდეგ~ რეჟისორმა მიუძღვნა უსაყვარლეს ადმიანებს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან _ დედას, პინა ბაუშს და სხვებს. 
შიშველი ნაცრისფერი კედლები, სცენის სიღრმეში განლაგებული წითელი სკამები. ისმის ხმაური, ხმები, პერსონაჟები შემოდიან სცენაზე და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს. კოსტიუმები ძირითადად წითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. რეჟისორი სტოპკადრის ეფექტს ქმნის. კედელზე ჩნდება ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული მაზიარებელი კათოლიკე პადრეს ფოტო.Fფოტოს ორივე მხარეს მდიდრული ჭაღებია. სცენაზე კი გაშეშებულან ძლიერნი ამა ქვეყნისა, საერო თუ საეკლესიო მაღალჩინოსნები.
იტალიის გაერთიანების 150 წლისადმი მიძღვნილი ოპერა ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემცირების გამო, არ შედგა. ბალეტი დადგიო შესთავაზეს რეჟისორს. საბოლოოდ კი იშვა დანტე ალიგიერის, ანტონენ არტოს, ფრანც კაფკას, რეინერ მარია რილკეს, ალეხანდრა პიზარნიკის და უოლტ უიტმენის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ტექსტი. ამ აზრთა მდიანრებიდან, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე, ომის საშინელებებზე, ადამიანის ფსიქიკაზე, შეშლილობაზე, გაუცხოებაზე, მონობაზეა, რეჟისორი, ცეკვის, ფიზიკური მოძრაობის, ვერბალური თეატრის და კინო ხერხების გამოყენებით, გასაოცარ სანახაობას ქმნის. წარმოდგენაში ტექსტს, მუსიკას (უმეტეს წილად ვერდის ნაწარმოებები) და ვიზუალურ მხარეს ერთნაირი დატვირთვა აქვთ. სიგიჟისა და სეგრეგაციის თემაზე აგებულ სპექტაკლში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის სიტყვები, სახეები, სიმბოლოები, მეტაფორები. მუსიკა, ვიდეოინსტალიაციების მეშვეობით ხილვებში გადახლართული, მაყურებელს ავსებს ემოციით, მაგრამ აქ, ამ სანახაობაში ლოგიკურ თანმიმდევრობას არ უნდა ეძებდე. რეჟისორმა სპექტაკლში წარმოაჩინა პოლიტიკური, სოციალური და თან ძალიან პირადული თემები. იგი ამხელს მთავრობას, ეკლესიას, ყველას ვინც ადამიანის უფლებებსა და რაც მთავარია თავისუფლებას ლახავს.
პიპო დელბონო ტექსტების გამხმოვანებელია, რომელიც ერთვება ხოლმე მოქმედებაში. რაღაც მომენტებში რეჟისორი და მსახიობები მაყურებელსაც რთავენ ქმედებაში. მძიმე, ემოციურად დატვირთული ტექსტის შემდეგ, რეჟისორი ცდილობს მაყურებლის განმუხტვას სხვადსხვა ირონიულ-კომედიური სცენებით. დედაჩემი სულ მთხოვდა,  _ პიპო ნუ დგამ ასეთ მძიმე სპექტაკლებს, შეიტანე ცოტა მხიარულება და ქრისტიანულ ღირებულებებზე ააგე ისინი. მერის სიტყვით გამოსვლის კომიკურ ეპიზოდს დელბონო დედას უძღვნის. ქალაქის მერი, დიდ საათვალეებიანი და ქერა პარიკიანი სასაცილო ქალბატონი, პოეზიის ფესტივალს ხსნის და გრძელ, გაუთავებელ, უაზრო სიტყვას წარმოთქვამს. ძალიან უნდა თავი მოაწონოს საზოგადოებას. ორი პოეტის მიერ მოკლე, მაგარმ მერის სიტყვაზე არანაკლებ უაზრო ლექსების წაკითხვის მერე, მაყურებელს ფესტივალზე ცეკვით ართობენ. სამი პესონაჟი: დონალდ დაკი, ჯამბაზი და წითელ კაბაში გამოწყობილი ბალერინა თითქოს მექანიკური თოჯინები არიანო, ენერგია რომ ეცლებათ, მათ დასამუხტად, საგიჟეთის სანიტრების ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟები გამოდიან და მომართავენ ხოლმე. 
ბობო, რომელიც თითქმის მთელი ქმედების მონაწილეა და სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებს, პიპო დელბონომ შემთხვევით გაიცნო საგიჟეთის კარის ზღურბლზე. მას მერე ისინი არ შორდებიან. ბობომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და სხვა მხრიდან დამანახა _ გვიყვება რეჟისორი. სხვა თვალით დანახულ სამყაროს, პიპო დელბონო სხვადასხვა ეპიზოდში, ვიზუალურად ასახავს. მაგალითად, გაშიშვლებული, უფლებააყრილი, დამცირებული, დამონებული ქალის როკვა, რომელსაც კედლებს გასწვრივ სკამებზე განლაგებული ადამიანები ხელს კრავენ, არ იცოდებენ, არ ეხმარებიან. ბოლოს აცახცახებული, ნატანჯი ქალი სცენის შუაგულში თითქოს უსულოდ ემხობა. ორი ქალი მაყურებელთა დარბაზიდან სცენაზე ადის, პიპოს გამოელაპარაკებიან, კედელთან დგებიან და იწყებენ გაცხოველებულ ლაპარაკს, იცინიან. რეჟისორს წითელი ვარდების თაიგული გამოაქვს და ავანსცენაზე დებს. ერთ-ერთი პინა ბაუშის მოცეკვავე იყოო _ გვიყვება რეჟისორი, ახლა ცოტა მოსუქდა, მაგრამ არაუშავს, ისევ კარგად ცეკვავსო. _ იცეკვე, იცეკვე, თორემ დავიღუპებით, წამიძახებს ხოლმე პიპო და თავდაც ებმება როკვაში, რომელსაც ჯერ პინას მოცეკვავე იწყებს და შემდეგ კიდევ ორნი უერთდებიან. რეჟისორმა ამ ექსპრესიული, ემოციური ცეკვით გვითხრა, გვაგრძნობინა ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. რაღაც შეგიძლია თქვა სიტყვებით, რაღაც კი მოძრაობაში გადმოსცე. ყველაფერთან ერთად, ეს ეპიზოდი, პიპო დელბონოს პინა ბაუშისადმი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის გამომხატველიც იყო. 
გულისამაჩუყებელი, ემოციურად დატვირთული, ადმიანური სიკეთით აღსავსე დასასრული შემოგვთავაზა პიპო დელბონომ. პერსონაჟი, რომელიც მანამადე თეთრი გედის სასიკვდილო ცეკვას ასრულებდა, ერთ-ერთ კარს აღებს, გამოაქვს სკამი, დგამს ავანსცენაზე, შემდეგ ბობო გამოჰყავს სცენაზე და სვამს ამ სკამზე. ბობოს სპექტალში მონაწილე ქალები შემოეხვევიან და ეფერებიან. თითქოს, საგიჟეთში, ჩაკეტილ სივრცეში გატარებული 50 წლის სანაცვლოდ, სიყვარულით, სითბოთი მისგან პატიებას ითხოვენ.  
წლევანდელ ფესტივალზე ძირითად პროგრამაში წარმოდგენილი სპექტაკლები გამოირჩეოდა ახალი სათეატრო ენის ძიებით, ახალი ვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა სათეატრო მიმდინარეობათა შერწყმის მცდელობით. სამწუხაროდ, ნაკლებსაინტერესო იყო პროგრამა Nეწ-ში მონაწილეთა ნამუშევრები. ალბათ, მაინც უნდა აღვნიშნო, ფინეთიდან კალო კოლექტიის (Kალოო ჩოლლეცტივე) ნამუშევარი, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა მხიარული წარმოდგენა `ჩვენი კიდურების ნაწილები~. სპექტაკლი ცირკის, ჯამბაზების შოუს, ცეკვის, კომედიის, სათეატრო ხელოვნების ნაზავს წარმოადგენს. სანახაობა გხიბლავს უშუალობით, ექსცენტრიკულობით.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიზანს - ქართული სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაცია - ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ახორციელებს. დაარსების დღიდან, ეკა მაზმიშვილი და საორგანიზაციო ჯგუფი, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: სპექტაკლების ჩვენება - საერთაშორისო პროგრამა, ქართული შოუქეისი და საერთაშორისო პროგრამა Nეწ; კრიტიკოსთა საერთაშორისო კონფერენციები, სიმპოზიუმები, შეხვედრები; მასტერკლასები, ტრენინგები, ვორქშოფები, გამოფენები. 2013 წ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სიულვიუ პურკარეტეს და კონსტანტინე კირიაკის (პროდიუსერი და მსახიობი, რადუ სტანსას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუმინეთი) შეხვედრა-მასტერკლასი; შეხვედრა-საუბარი ახალგაზრდა, მაგრამ მსოფლიოში უკვე ცნობილ პოლონელ რეჟისორთან მაია კლეჩევსკასთან. კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით და ფესტივალის ხელშეწყობით ორი ღონისძიება ჩატარდა: 2012 წ. საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებულის პრეზენტაცია და ცნობილი ფრანგი რეჟისორის კრისტიან ლამბერ-ვაილდის მასტერკლასი - „თანამედროვე თეატრში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თავისებურები“. 2013 წლის ფესტივალის შედეგად დაიგეგმა არაერთი საერთაშორისო პროექტი. მათ შორის: საქართველოს კვირეული (თეატრი, მუსიკა, კინო) გდანსკში (პოლონეთი) 2015 წ.; 2013 წ. ქართული შოუქეისის პროგრამიდან რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება მინსკში (ბელორუსია) 2014 წ.; ახალგაზრდული დასების ფესტივალი ჩეხოვის ფესტივალთან ერთად 2014 წ.; ბრიტანეთის ახალგაზრდული თეატრის, თბილისის მოზარმაყურებელთა თეატრის და ბაქოს დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი „ალი და ნინო“ 2014 წ.; თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, ბრიტანეთ-საქართველოს ერთობლივი, პროექტი „გალავანი“ (თჰე Fენცე) 2014 წ.; მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი ისრაელში (2014 წ.); სამეფო უბნის თეატრის მიწვევა ირანში (2014 წ.).
დასასრულს, ეკა მაზმიშვილსა და მის გუნდს, მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის საუკეთესო ორგანიზებისათვის და დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელება ვუსურვო.

bottom of page