top of page

კოკშეტაუ სათეატრო ხელოვნების ეპიცენტრი პოსტპანდემიურ ყაზახეთში

teatr-640x424.jpeg

კოკშეტაუ - სათეატრო ხელოვნების ეპიცენტრი პოსტპანდემიურ ყაზახეთში

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ბოლო წლებში ყაზახეთის პატარა ქალაქი კოკშეტაუ სათეატრო ხელოვნების ერთგვარ საერთაშორისო ცენტრად იქცა, რომელიც თავს უყრის საუკეთესო თეატრებს ყაზახეთიდან და ასევე ახლო საზღვარგარეთიდან, ამავდროულად აწყობს ლაბორატორიულ სამუშაოებს, სადაც მომავალი, ან უკვე პროფესიონალი არტისტები ხვეწენ და ავითარებენ საკუთარ პროფესიულ ოსტატობას, იმაღლებენ კვალიფიკაციას, აფართოებენ სანაცნობო პროფესიულ წრეს, რომელიც ხელს უწყობს ახალ ურთიერთობებს და შესაბამისად საფუძველს უყრის ახალ პროექტებს, კოპროდუქციებს, ერთობლივ ნამუშევრებს. კოკშეტაუს რუსული დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ბეიბეტ ბახტიგერეევი ერთ-ერთი წარმატებული და მაღალი რანგის მენეჯერია კულტურის სფეროში ყაზახეთში, რომელმაც დააფუძნა „ლაბორატორია“ და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეარტ კოკშე“, რომელიც უკვე მესამედ იმართება. ბეიბეტ ბახტიგერეები ამავდროულად აკმოლის მხარის რუსულ დრამატულ თეატრსაც წარმატებით ხელმძღვანელობს. პანდემიის პერიოდშიც კი თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია და მრავალი პროექტი განახორციელა.

2021 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის „თეარტ კოკშე“ მოულოდნელად დახვეწილი, აკადემიური, მრავალფეროვანი პროგრამა შეირჩა (განსაკუთრებით, ეს შესამჩნევია გასული წლების ფესტივალების პროგრამის ფონზე). პანდემიის პერიოდში ფესტივალის ორგანიზატორები თეატრებს ჩასაფრებულები ადევნებდნენ თვალს და საუკეთესო ნამუშევრებს აგროვებდნენ ფესტივალისთვის.

მესამე ფესტივალი 2021 წლის 4 ოქტომბერს კოკშეტაუს რუსული დრამატული თეატრის ფოიეში საზეიმოდ გაიხსნა. შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ აკმოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გამოჩენილი სათეატრო მოღვაწეები, ჟიურის წევრები და ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებმაც საზოგადოებას წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გააცნეს.

საფესტივალო პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, წარმოდგენილი პროგრამა ფორმის და ჟანრობრივი თვალსაზრისით არ არის ერთფეროვანი. აერთიანებს როგორც თოჯინების თეატრებს, ისე დრამატულს, ასევე კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიას, წარმოდგენილი სპექტაკლები ფარავს ჟანრთა მრავალ პლანსა და მიმართულებას. შესაბამისად, ფესტივალზე თავი მოიყარა თანამედროვე თეატრების თანამედროვე რეპერტუარის თანამედროვე სპექტაკლებმა.

ფესტივალის გახსნის და პირველი საფესტივალო წარმოდგენის პატივი დედაქალაქის ნურსულთანის რუსულ აკადემიურ დრამატულ თეატრს ერგო, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესულად მზარდი თეატრია ყაზახეთში, არა მხოლოდ რეპერტუარის და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, არამედ შემოქმედებითი რესურსის სწორად შერცევის და ათვისების თვალსაზრისითაც. მისი დირექტორი აიბოლატ ჟაუდირი ორიენტირებულია თეატრის მუდმივ განვითარებასა და პროგრესზე, ეს სწრაფვა კი თეატრის მუშაობასა და რეპერტუარზეც აისახება.

კოკშეტაუში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, გორკის სახელობის რუსულმა დრამატულმა თეატრმა მარტინ მაგდონას „ბალიშის კაცუნა“ წარმოადგინა. ცხადია, რეჟისორ იგორ სედინის ინტერპრეტაცია განსხვავებული და ორიგინალური იყო აქამდე განხორციელებული სხვა სპექტაკლებისგან, მაგრამ რეჟისორის ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ და „ორიგინალურობამ“ ბევრი ვერაფერი მოუტანა თეატრს, რადგან ჩვენ ვნახეთ მარტინ მაგდნას პიესის მოკლე შინაარსი, სქემატური სიუჟეტი, რომელსაც აცოცხლებდნენ არტისტები ფრაგმენტულად და ის დაცლილი იყო ყოველგვარი ფსიქოლოგიური სიღრმისაგან, აზრისაგან, შინაარსისაგან, რამაც სპექტაკლის გმირებს გამოაცილა ქცევისა მოტივაცია. სპექტაკლის მთავარი პრობლემა ისიც, არის რომ რეჟისორი ვერ კონცენტრირდა ერთ კონკრეტულ პრობლემაზე და ერთბაშად რამდენიმე პრობლემის გაშლას შეეცადა. სპექტაკლში არ არის დაკონკრეტებული არც დრო, ეპოქის ერთგვარი მიქსი მეტად ეკლექტურია, ვიდრე ის გვაფიქრებინებს იმაზე, რომ პრობლემა ყველა ეპოქაში არსებობს. მიუხედავად ჩამოთვლილი პრობლემებისა, სპექტაკლი მხატვრული ხარისხით მაინც გარკვეულ სიმაღლეზე დგას, რაც დასის პროფესიონალიზმის დამსახურებაცაა.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ვადიმ ხალიკოვის (ტუპოლსკი) და დმიტრი მაშტაკოვის (არიელი) სცენური დუეტი, ისინი არა მხოლოდ კარგი სცენური პარტნიორები არიან, არამედ პროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ ჩასწვდნენ პერსონაჟის ქმედების მოტივაციას, სულის სიღრმეს და ხასიათს, ამ გზით წარმოაჩინონ გმირი სრულყოფილად. არანაკლებად ეფექტურია პოლინა ხარლამოვა (დედა), რომელიც ეპიზოდური როლის მიუხედავად ახერხებს წარმოაჩინოს გმირისთვის დამახასიათებელი თვისებები. სცენასა და მაყურებელს ერთმანეთისგან რკინის ჯებირის მსგავსი მონუმენტური კონსტრუქცია ყოფს, რომელიც სტატიკურია და არ მოძრაობს. მას ფუნქცია არ აქვს სპექტაკლში, რეჟისორის მეტაფორული ჩანაფიქრი, ორი სამყაროს (მაგდონას და ჩვენი) გაყოფის თაობაზე, არ იკითხება და არ მუშაობს, სამაგიეროდ ამბავი, რომელიც თამაშდება ჩვენს წინ, ჩვენი სამყაროა, ჩვენი რეალობა, რაც არ უნდა ვეცადოთ მისგან გაუცხოებას.

„ხვალ იყო ომი“ (სცენური ინტერპრეტაცია ბორის ვასილევის მოთხრობის მიხედვით), რომელიც დოსტოევსკის სახელობის სემეის რუსულმა დრამატულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა, ერთ-ერთი დახვეწილი, გამართული და ორიგინალური სპექტაკლი იყო ფესტივალზე, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა რაჩა მახატაევმა დადგა. რაჩა მახატაევმა უკვე მესამედ იმუშავა სემეის თეატრის დასთან, რეჟისორის სათეატრო ენა და სტილი უკვე გასაგები და ორგანულია სემეის თეატრის დასისთვის, მათ შორის, კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა ნდობის ფაქტორი. ურთიერთპატივისცემამ და ნდობამ მსახიობებსა და რეჟისორს შორის დადებითი შედეგი გამოიღო და მაყურებელმა ნახა სრულიად განსხვავებული ხელწერის (დოკუმენტურ-ვერბატიმული) სპექტაკლი, რამაც არა მხოლოდ რეჟისორის ფართო შემოქმედებითი დიაპაზონი წარმოაჩინა, არამედ სპექტაკლში მონაწილე მსახიობებისაც. რეჟისორი რაჩა მახატაევი ტრადიციულად ერთ მხატვართან ილშად ვილდანოვთან მუშაობს, მათი ტანდემი არაერთხელ წარმატებასთან არის დაკავშირებული, ასე მოხდა სპექტაკლის „ხვალ იყო ომი“ შემთხვევაშიც. სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის მაყურებელმა ნახა, გამოირჩევა არაკლასიკური თხრობის მანერით დადგმული სპექტაკლი, სადაც სცენოგრაფია თვალს არ გჭრის და ის რეჟისურის შემადგენელი კომპონენტია, როგორც მსახიობები, რომლებიც აცოცხლებენ წარსულ ეპოქას. ამასთანავე წარმოჩინდა, რომ სემეის თეატრის მსახიობები გარდა იმისა, რომ კარგად მღერიან, ასევე ფლობენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის უნარებსაც. მსახიობთა თამაშში იგრძნობა ანსამბლურობა და სცენური პარტნიორობის მაღალი ოსტატობა. სპექტაკლი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულზე (სტალინის ეპოქაზე) მოგვითხრობს, გამოირჩევა მისტიციზმით, უაღრესი პირობითობით, სადაც არა მხოლოდ მსახიობთა მიერ როლების შესრულებისას არის მიღწეული უკიდურესი პირობითობა, არამედ რეკვიზიტების გამოყენებისას, რომელთა მულტიფუნქციური დანისნულება აქვთ. აღმოჩნდა, რომ ყაზახეთის ერთ-ერთი რეგიონულ თეატრს ხელს არ უშლის იყოს თანამედროვე თეატრის ტენდენციების ავანგარდში, რადგან მათი ნამუშევარი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ მთავარი გეოგრაფია კი არ არის, არამედ გააცნობიერო რა არის ჩვენი დროის თეატრის დანიშნულება და იცოდე როგორ აუწყო ფეხი თანამედროვე თეატრის გამოწვევებს ისე, რომ არ დაკარგო კავშირი წარსულთან და შექმნა ახალი, რითაც საინტერესო იქნები თანამედროვე მაყურებლისთვის.

ორიგინალური ნამუშევარი შემოგვთავაზა აქთუბეს თოჯინების სახელმწიფო თეატრმა - ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“. პროზის სცენაზე გადატანა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნოდარ დუმბაძე ის ავტორია, რომელიც კარგად ერგება თეატრს, თუმცა თოჯინების თეატრები, დრამატულისგან განსხვავებით, იშვიათად დგამენ მის ნაწარმოებებს. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ნოდარ დუმბაძის პროზით, რომელიც ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ თემებს ეხება, დაინტერესდა ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო თოჯინური თეატრი, რომელიც ლიდერია ცენტრალურ აზიაში ასეთი ტიპის თეატრებს შორის. ინსცენირების ავტორი ელენა ლოშკინა ფაქტობრივად არ შორდება დუმბაძის მოთხრობის პირველწყაროს და მიჰყვება სიუჟეტს. რეჟისორმა ანტონ ზაიცევმა კი ორიგინალურად გააცოცხლა გმირები, რომლებსაც ფრაგმენტებისა და დეტალების სახით გვამცნობს. სცენაზე ვხედავთ ხის ჭიშკარს, რომლის გახსნისთანავე სულ სხვა სამყაროში ხვდება მაყურებელი. პერსონაჟებს მაყურებელი ფრაგმენტულად აღიქვამს, ჯერ მხოლოდ ფეხების მოძრაობას ვხედავთ, ზოგჯერ ხელებს, იშვიათად გმირთა სახეებს და ზოგჯერ ჩრდილების გამოყენებით მათი სხეულის ფიგურებს. ერთადერთი ვინც მთელი სპექტაკლის მანძილზე სრულად ვხედავთ ეს მთავარი პერსონაჟი ძაღლია, უფრო სწორად თოჯინა, რომელიც საოცრად მეტყველი, მგრძნობიარე და დინამიკურია (მხატვარი ასია კურმანალინა) და გამორჩეული ოსტატობით აცოცხლებენ მსახიობები: ალია სალიტოვა და დაულეტ ბალაპანოვი. სპექტაკლში მუდმივად იცვლება ვიზუალი, გამომსახველობითი საშუალებების სიუხვით გვაოცებს რეჟისორი და მხატვარი, თუმცა ხშირად ვაწყდებით გარკვეულ ხარვეზებს, მაგალითად, როდესაც მებუფეტე (დაურენ რისბეკოვი) მდუღარე წყალს გადაასხამს ძაღლს, თოჯინა მხოლოდ ხმით გამოხატავს ამ მოვლენას, ჭრილობების მოშუშებამდე და მანამდეც ძაღლს რაიმე გარეგნული ან შინაგანი ცვლილება არ ეტყობა, რაც ვფიქრობ, უნდა ჩანდეს, სამაგიეროდ ძალიან ეფექტური სცენაა წყლიდან ამოსული ბედნიერი ძაღლის თოჯინა, რომელიც იფერთხავს ტანს. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მომენტია სპექტაკლში და გამომსახველობითი საშუალების თვალსაზრისითაც ძალზედ ორიგინალურად გადაწყვეტილი. სპექტაკლში ხშირად ისმის ქართული ტექსტიც და სიმღერაც, რომელიც ავთენტურისგან გვარიანად დაშორებულია, მუსიკალური გაფორმება (დინა ნიაზოვა) ხელს არ უწყობს განწყობის შექმნას, არც ატმოსფეროს ქმნის და არც იმ მოვლენების თანმიმდევრულია, რომელიც სპექტაკლის მიმდინარეობისას ჟღერს. სპექტაკლში გამორჩეული ადგილი უჭირავს სცენოგრაფიას, რომელიც მხოლოდ სპექტაკლის ვიზუალურ სამყაროს ქმნის, არამედ კონცეპტუალურსაც. მხატვარი იყენებს რამდენიმე პლანს, რომელიც სივრცეში კი არ იშლება, არამედ ერთ კონკრეტულ სიბრტყეზე ქვემოდან ზემოთ. მსახიობები მშვენივრად ხატავენ ტიპურ პერსონაჟებს, მაგრამ მათ ინდივიდუალიზმი აკლიათ, რაც თოჯინების თეატრებში დამკვიდრებული კლიშეებისა და შტამპების დამსახურებაა, რომელიც დავიწყებას უნდა მიეცეს (პოსტსაბჭოთა სივრცის თოჯინების თეატრების უმრავლესობაში) და მაყურებელს უნდა ესმოდეს ჩვეულებრივად, რეალისტურად წარმოთქმული ტექსტი, და არა ხატოვნად, ენისმოჩლექით, ზედმეტი თეატრალურობით... აქთუბეს თოჯინების სახელმწიფო თეატრის ნამუშევარი „ძაღლი“ მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, მაინც პროფესიულ სიმაღლეზე დგას, რომელიც შემოქმედებითი ძიებით, ახალი ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების მიგნებებით არის დაინტერესებული.

„26 წერტილი“ დოკუმენტური ტრაგედიაა, რომელიც ქალთა ბანაკის ბინადრების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ალჟირის სახელით იცნობს. საბჭოთა რეპრესიების ქალთა ბანაკი ქალაქ კოკშეტაუსთან შედარებით ახლოს არის, სწორედ ამიტომაც კოკშეტაუს რუსული დრამატული თეატრი შეეცადა შეექმნა სპექტაკლი „ალჟირის გმირებზე“. სპექტაკლზე და ტექსტზე რეჟისორმა შამილ დიკანბაევმა იმუშავა კოკშეტაუს თეატრის მსახიობებთან ერთად, რომლებიც ახალგაზრდული შემართებით, ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმითა და პროფესიის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ეს არის დასი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, ძიებისკენ და ეს მისწრაფება ვლინდება არა მხოლოდ სპექტაკლებში, რომელშიც ისინი იღებენ მონაწილეობას, არამედ ფესტივალის მსვლელობისას, როდესაც ინტერესით ადევნებენ თვალს სხვათა შემოქმედებას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება, თვალსაწიერის გაფართოება. დოკუმენტურ მასალებზე მომზადებული ვერბატიმული სპექტაკლი, რომელიც გაჯერებულია ფიზიკური თეატრის ელემენტებით კოკშეტაუს რუსული დრამატული თეატრის ახალ ექსპერიმენტულ სივრცეში „არტპლატფორმა“ თამაშდება, რომელიც თეატრის სარდაფში მდებარეობს. ამ კამერულ სივრცეში, რომლის კედლებიც წითელი აგურითაა ნაშენი, ზედმიწევნით ესადაგება სპექტაკლის ატმოსფეროს და მოცემულობა სპექტაკლის სცენოგრაფიის ავთენტური ნაწილი ხდება. სპექტაკლი ფაქტობრივად ოთხი ნაწილისაგან შედგება: პროლოგი, პირველი და მეორე ნაწილი, და ეპილოგი. პროლოგში თეატრის შესასვლელთან პიონერი გვხვდება (დენის იუკალო), რომელიც თან ართობს მაყურებელს, თან წესრიგს ამყარებს და თან მიუძღვება სივრცისკენ. ის ერთგვარი წამყვანია სპექტაკლის, მოდერატორი, რომელიც კურირებს დასს და მაყურებელს, მასვე გამოვყავართ სარდაფიდან და მიგვაცილებს სცენისკენ, პარალელურად კი მითითებებს იძლევა. ვფიქრობ, რეჟისორის ამოცანა მსახიობისადმი სხვა რამ უნდა ყოფილიყო, თუნდაც მას მოვემზადებინეთ ტრაგიკული ისტორიების მოსასმენად, ან თუნდაც მოგვქცეოდა მაყურებელს ბრუტალურად, როგორც საბჭოთა მილიცია ექცეოდა რეპრესირებულებს ან მათ ოჯახებს, რათა შექმნილიყო განწყობა და მაყურებელს თავადაც ეგრძნო ეპოქის სიმკაცრე და უსამართლობა. 9 მსახიობი ოსტატურად, გულწრფელად, პროფესიონალიზმით, უშუალოდ, ხელოვნურობის გარეშე მოგვითხრობს საკუთარ ისტორიას. ისინი კი არ გარდაისახებიან, არამედ არიან გამტარები პერსონაჟად ქცეულ რეალურ გმირებსა და მაყურებელს შორის. მიუხედავად ასეთი მიდგომისა, მსახიობების მიერ მოთხრობილი და წაკითხული (ზოგჯერ გათამაშებულიც კი) ისტორიები იმდენად ემოციურად მოქმედებს მაყურებელზე, რომ დამსწრე საზოგადოება კი არ წარმოიდგენს, არამედ ხედავს მათ ტკივილსა და განცდას, რაც ამ გმირმა ქალებმა, ან კაცებმა გადაიტანეს, გამოიარეს სტალინური რეპრესიების დროს. აკმოლის რუსულმა დრამატულმა თეატრმა (დირექტორი ბეიბეტ ბახტიგერეევი, მთავარი რეჟისორი ოლგა ლუცივა) სწორად გათვალა სპექტაკლის აუდიტორია: ახალგაზრდობა, რომელსაც მხოლოდ სმენია სტალინის ეპოქაზე, მის სისასტიკესა და არაჰუმანურობაზე. სპექტაკლის საშუალებით კი მაყურებელი იძენს ცოდნას და გარკვეულ გამოცდილებას თეთრი საფლავის- ალჟირის შესახებ. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მაყურებელი ტრადიციულ სათეატრო დარბაზს უბრუნდება, სადაც მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის იმართება კონცერტი. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება ადრეული საბჭოთა პერიოდის ესტრადა, რომელსაც მსახიობები შესანიშნავად ასრულებენ. ამით რეჟისორს სურდა ორი პარალელური სამყაროს ჩვენება, მათი, ვისაც ბავშვობა სტალინმა წაართვა, ისე როგორც მშობლები და საზოგადოება, რომელიც კონცერტებით იღებს სიამოვნებას და ერთობა. საბჭოთა ხელისუფლების ქმედებათა ეს კონტრასტულობა შესანიშნავად ცოცხლდება სპექტაკლის მესამე ნაწილში. მეოთხე ნაწილში ფოიეში გამოსულ მაყურებელს ინსტალაცია ხვდება, სადაც იმ გმირების ფოტოებს ვხედავთ, ვისზეც მოგვითხრობდა სპექტაკლი.

 მეორე საფესტივალო დღე აქთუბეს დრამატულმა თეატრმა თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ზვავი“ წარმოდგენით დაასრულა. სპექტაკლი სცენაზე თამაშდება, კამერულ სივრცეში, ოთხივე მხრიდან მაყურებელია განთავსებული, მსახიობებს თითქოს სამოქმედო სივრცეც არ აქვთ, ისე როგორც მაყურებელს არ რჩება ამოსუნთქვისთვის სივრცე. სპექტაკლის დაწყების წინ მსახიობები მაყურებელს ურიგებდა პატარა ფურცლებს, რომელზედაც ეწერა: „სიჩუმე - ეს არის ხმაური, რომელსაც მივეჩვიეთ“, რეჟისორის ეს განაცხადი უპირისპირდება პიესის კონცეფციას, რადგან მთავარი არსი იმაშია, რომ მოქმედება სიჩუმეში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა რეჟისორის მეირამ ხაბიბულინის სითამამე და შემოქმედებითი თავხედობა მისასალმებელიც კი არის, რადგან ის გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ კონცეპტს, მაგრამ რეჟისორი მისსავე შემოთავაზებულის ერთგული როდი რჩება და მსახიობები ამ წესს არღვევენ. სპექტაკლი ხან სიჩუმის, ხანაც ხმაურის თანხლებით მიმდინარეობს. სპექტაკლი ყოფით პლანში თამაშდება, მაგრამ სცენოგრაფია მეტაფორულია, ესეც მეორე კონტრასტი, რომელსაც ამ კონკრეტულ დადგმაში ვხვდებით. სცენის ცენტრში ხე დგას, რომელზედაც ჩამოკიდებულია ერთმანეთთან თითქმის დაუკავშირებელი ნივთები: ტელევიზორი, პიანინო, სათლები, ქოლგები... რეჟისორის ჩანაფიქრი მისსავე ჩანაფიქრად რჩება და ის არ იკითხება, სცენოგრაფის აბლაიხან ამანჟოლის მიზანი მაყურებლამდე ვერ აღწევს. რაც შეეხება კოსტიუმებს, პერსონაჟებს თითქმის ყველას ერთნაირად აცვიათ, გამონაკლისი ბაბუაა, რომელიც ისედაც განსხვავდება ოჯახის სხვა წევრებისაგან, მაგრამ მას თანამოაზრეც ჰყავს, შვილიშვილი, ბიჭი, რომელიც ფაქტობრივად ამ სიუჟეტის გმირია, მას განსხვავებულად არ აცვია. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ აცვიათ ყველას ერთნაირად, თუ პერსონაჟთა ხასიათები ერთმანეთისგან განსხვავდება? ესეც მესამე პრინციპი, რომელიც თავად დამდგმელმა ჯგუფმა დაარღვია. წაუკითხავი და გაუთამაშებელი ბევრი რამ რჩება ამ სპექტაკლში, მათ შორის, რატომ იკეთებენ ყურსასმენებს მაშინ, როცა ბაბუა იწყებს ლაპარაკს, პირველად ეს გასაგებია, რადგან უხუცესს საპროტესტო გამოსვლა აქვს და ამის მოსმენა შეშინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას არ სურს, მაგრამ ეს პრინციპი ბოლომდე არ არის შენარჩუნებული.

ახალგაზრდა რეჟისორი მეირამ ხაბუბულინი მრავალჯერ შეეცადა მაყურებელთან შემხებლობითი, პირდაპირი ინტერაქტივის დამყარებას სხვადასხვა გზით (ვარდისფერი სათვალეების დარიგება, მაყურებელთან სკამების გაცვლა და ა.შ.), მაგრამ ეს ინტერაქტივიც გაუთამაშებელი რჩება, რადგან მსახიობებს არ აქვთ ზუსტი ამოცანები, მიზნები, ზუსტად განსაზღვრული დავალება... რაც შეეხება მსახიობებსა და მათი თამაშის მანერას: სპექტაკლის პროგრამაზე მითითებულია, რომ აქთუბეს თეატრი ფსიქოლოგიურ დრამას წარმოგვიდგენს, თუმცა ამ ჟანრში მსახიობები არ მუშაობენ და თამაშის სტილით, მეტყველების მანერით უფრო ყოფით თეატრს უახლოვდებიან, რადგან ისინი პერსონაჟთა განცდებს არა შიგნიდან, არამედ გარეგნულად აჩვენებენ. ფსიქოლოგიური დრამის პრინციპი მაშინაც ირღვევა, როცა ერთ-ერთი მსახიობი სპექტაკლის მეორე ნაწილში მაყურებელს უცხადებს (ბრეხტის ეპიკური თეატრის პრინციპებით), რომ ახლა ფარსი გათამაშდება, მაგრამ სპექტაკლში, მსახიობთა თამაშის ხერხებში არაფერი იცვლება. მსახიობთაგან შესრულების თვალსაზრისით გამოირჩევიან: მაქსიმ ვინსი (ახალგაზრდა კაცი), ტატიანა კინჟიბაევა (ექთანი) და არტიომ მოსკალენკო (საზოგადოების თავი). ისინი სახასიათო ტიპაჟებს და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან. მსახიობები გრძნობენ ატმოსფეროს, პერსონაჟთა ხასიათს და მათი ქმედების ტრაექტორიას. ვფიქრობ, „ზვავი“ საინტერესო გამოცდილება იქნება თეატრისთვის, რომელიც აჩვენებს იმ სუსტ მხარეებს, რომლის გამოსწორებას შემდგომი პროექტების განხორციელებისას შეეცდება აქთუბეს თეატრი.

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნათელი, პოზიტიური, სილაღითა და სევდანარევი იუმორით გამორჩეული სპექტაკლი იყო „ის დღე“, რომელიც ტემირტაუს თეატრმა ვლადიმერ დროზდეცკისა და პაველ ავდიუკოვის რეჟისურით წარმოადგინა. პიესა თანამედროვე რუს დრამატურგს იაროსლავ პოლუნოვიჩს ეკუთვნის, რომელშიც თანამედროვეობის ცხოვრება-პრობლემებთან ერთად ბიბლიური ალუზიებიც ბლომად გვხვდება. ეს სპექტაკლი ყველანაირი გემოვნების, მსოფლმხედველობის, ინტელექტუალური რესურსის მქონე მაყურებლისთვისაა გათვლილი. ყველა თავის წილ სიამოვნებას და ახალ ცოდნას მიიღებს ამ სპექტაკლიდან. გარდა იმისა, რომ რეჟისორებმა გამართული, დახვეწილი იუმორითა და კომიკური ელემენტებით გაჟღენთილი სპექტაკლი წარმოგვიდგინეს, გვიჩვენეს მსახიობებთან მუშაობის რეჟისურაში თითქმის გადაშენების პირას მისული - მსახიობთან მუშაობის უნარი, როლების სწორად განაწილების უნარი, რომლის შედეგადაც წარმოჩინდა არა მხოლოდ დასის შესაძლებლობები და რესურსი, არამედ ანსამბლურობა, პარტნიორობის განსაკუთრებული გრძნობა და ხელობის ფლობა. მსახიობთა სრული უმრავლესობა ეპიზოდურ როლებშიც კი ახერხებს პერსონაჟების ხასიათების არა მხოლოდ გამოკვეთას, არამედ მათი იმ ისტორიების და თავგადასავლების მოყოლას, რომელსაც სპექტაკლის მსვლელობის დროს უშუალოდ ვერ ვხედავთ, მათ უბრალოდ ვგრძნობთ...

ტემირტაუს სპექტაკლი „ის დღე“ ნათლად, იუმორითა და სევდით წარმოაჩენს არა მხოლოდ თანამედროვე რუსის, არამედ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების არსის თავისებურებებს, ზოგადად ადამიანებს ამ სამყაროში, რომელთაც უამრავ პრობლემასთან უწევს გამკლავება. სპექტაკლი რამდენიმე სიბრტყეზე თამაშდება. პირველი ეპიზოდი დედისა (ლუდმილა გუუევა) და შვილის, მარიას (ირინა მალჩიხინას) ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიური ყოფითი, რუტინად ქცეული დიალოგით იწყება, რომელიც სინამდვილეში ფილოსოფიურ პოსტულატებზე, ახალი (თანამედროვე, მიმდინარე) დროის გამოწვევებსა და ფასეულობებზე კამათია, ერთგვარი დისკუსია ორ მხარეს შორის. ეს ყოფითი დიალოგი ორ კონკრეტულ პერსონაჟს შორის განზოგადების საშუალებას იძლევა. ამ დედა-შვილის დისკუსიის შედეგად, იწყება მარიას მოგზაურობა მისთვის უცნობ სამყაროში და მიზნის მისაღწევ გზაზე არა მხოლოდ უამრავ წინააღმდეგობას გადაეყრება, არამედ განსხვავებულ ადამიანებს, რომელიც მთავარ გმირს სამყაროს შეცნობაში ეხმარება. ძნელია გამოარჩიო და გამოყო რომელიმე მსახიობი ამ ანსამბლიდან, რადგან თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით მუშაობს თავის თუნდაც ეპიზოდურ როლზე. დასი ერთ ენაზე საუბრობს, მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისას. ეს ერთიანობა და თანამოაზრეობა თვალშისაცემია სპექტაკლის მსვლელობისას. არ შეიძლება არ გამოვყოთ მთავარი როლის, მარიას როლის შემსრულებელი ირინა მალჩიხინა, რომელიც სპექტაკლის ღერძია, მის გარშემო იყრის თავს ყველა პერსონაჟი, მსახიობი ფაქტობრივად არ გადის სცენიდან და ასეთი დატვირთულობის მიუხედავად თვალს ვადევნებთ მისი გმირის გრადაციას, რომელიც საშემსრულებლო ოსტატობის ფლობის ხარჯზე, საშესრულებლო ხერხების მრავალფეროვანი პალიტრის გამოყენებაში გამოიხატება. ასევე აღსანიშნავია ნატალია სნეგიროვა, რომელიც ალიოშას დედას (დეიდა ლიდას) და მართმადიდებელ აქტივისტსაც განასახიერებს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟებს მსახიობი ისე აცოცხლებს, რომ მაყურებელს უჭირს კავშირის აღდგენა მათ შორის. ეპიზოდური როლი აქვს ოლგა ზვერევას, რომელიც ბარმენის როლს ასრულებს, მას მხოლოდ ერთი, მცირე დიალოგი აქვს მთავარ გმირთან, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეუძლებელია მაყურებელს დაავიწყდეს ამ პერსონაჟის მიმიკა და ხასიათი. არანაკლებ მნიშვნელოვან ტიპაჟებს ქმნიან ანასტასია აგაფონოვა (ანჟელიკა), ვალენტინ ბუხონოვი (დეპუტატი), ვლადიმირ ხომუტოვი (როსტისლავი) და სხვები. ზომიერების გრძნობას არ კარგავენ აიდარ მუკაშევი  (იგორი) და რომან გუჟელი (მატვეი), რომლებიც გეის როლებს ასრულებენ სპექტაკლში. ისინი განსხვავებული ტიპაჟები არიან, მაგრამ ტრადიციულად და ტრივიალურად არ უტრირებენ პერსონაჟებს. აქ რეჟისორიც ფრთხილობს და კი არ დასცინის მათ, არამედ მათ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად წარმოაჩენს თავიანთი ღრმა შინაგანი სამყაროთი, ტკივილით, სიხარულით, ბედნიერებითა და უბედურებით. მათ მიმართ არც მაყურებელს უჩნდება პროტესტის გრძნობა, ეს კი რეჟისორის დამსახურებაა, რომელიც მრავალფეროვან სამყაროს - საზოგადოებას ხატავს. ერთადერთი, რაც სპექტაკლის კონტექსტიდან და ესთეტიკიდან ამოვარდნილად, შეუსაბამოდ მომეჩვენა ეს მხატვარ ტატიანა უშაკოვას სცენოგრაფიაა, რომელიც სპექტაკლში ვერ იძენს ვერც იდეურ, ვერც მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას, რასაც ვერ ვიტყვით კოსტიუმებზე, რომელიც მანვე შექმნა. პირიქით, კოსტიუმებით ის გმირების ხასიათების გამოკვეთაში ეხმარება, ხოლო მაყურებელს პერსონაჟის სულიერი სამყაროს ფართოდ აღქმაში.

ნამდვილი იმედგაცრუება აღმოჩნდა შიმკენტის თეატრის „ჰამლეტი“, შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი ტრაგედიის დადგმა, რომლის რეჟისორიც ალექსეი შემესი შეეცადა „ჰამლეტის“ კლასიკური, ტრადიციული, ქრესტომათიული ვერსიის შექმნას, უფრო სწორად თეატრალურ ილუსტრაციას, ვიდრე მის სცენურ ინტერპრეტაციას. ილუსტრაციის ხერხი რეჟისორისთვისა და თეატრისთვის აღმოჩნდა მთავარი არა მხოლოდ შექსპირის ტექსტთან მიმართებაში, არამედ მის ფორმაშიც. შესაბამისად, სპექტაკლში ხშირად გვხვდება ისეთი ეპიზოდები, რომელიც დამდგმელმა ჯგუფმა ქორეოგრაფიაში, არავერბალურად გამოხატა. ზოგიერთი სცენის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა, რომელიც ერთგვარ რეფრენად გასდევს სპექტაკლს ორივე მოქმედებაში, ცალკე აღებული ეფექტურიცაა და შთამბეჭდავიც, მაგრამ ის სრულიად ზედმეტი და არაფრის მომცემია თავად სპექტაკლისთვის (ქორეოგრაფი ოქსანა ჩუმაკოვა). თავად სპექტაკლიც ტრადიციული, კლასიკური დრამატული თეატრის ფორმით დადგა ალექსეი შემესმა, არაფერს ახალს, საინტერესოს და განსაკუთრებულს რეჟისორი არ გვთავაზობს, ამიტომაც სცენიდან ნაფთალინის სურნელიც იგრძნობა შიგადაშიგ. ამ განწყობას ხელს უწყობს სცენოგრაფია (სამი დაზგით, რომლის გარეშეც სპექტაკლს არაფერი დააკლდებოდა) და ეკლექტური, გვიანი შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, რომელიც სინამდვილეში უფრო აშორებს თანამედროვე მაყურებელს და ტრაგედიის მოქმედ გმირებს ერთმანეთს. რეჟისორი ცდილობს მაქსიმალურად დაშორდეს დროს და დანიის პრინცის პირადი ტრაგედია და დანიის სამეფოს გამომპალი სისტემის ამბავი მითურ სამყაროში გადაიტანოს, თანამედროვეობისგან საგრძნობლად შორს, ამიტომაც იქმნება სცენაზე ფსევდომისტიკური გარემო, რასაც ხელს უწყობს სისტემატურად სცენაზე მომდინარე კვამლის ეფექტი, რომელიც იმდენად ხელოვნურია, რომ მისტიკურობას მთლიანად აცლის საფუძველს. თავად სპექტაკლიც ზედმეტად თეატრალურია, შესაბამის წარმოდგენის ესთეტიკა მოძველებული, მივიწყებული და თითქმის გადაგვარებულ-გადაშენებული, რომელსაც აცოცხლებს შიმკენტის თეატრი. ძნელია დაადგინო ეპოქა, რომელშიც სპექტაკლში განვითარებული მოვლენები ვითარდება, რადგან კოსტიუმები სხვა დროს მიგვანიშნებს, მოძრაობა და მსახიობთა საუბრის მანერა კი სულ სხვას.

ზემოთ დადგმასთან დაკავშირებით ქრესტომათიული ვახსენე. დიახ, ალექსეი შემესის სპექტაკლი შექსპირის „ჰამლეტის“ სრული ტექსტის მხატვრული ილუსტრაციაა და არა ინტერპრეტაცია,ერთგვარი მონუმენტური ტილო, მხატვრული ღირებულების გარეშე, რომელიც საჯარო სივრცეებში ბევრჯერ შეგხვედრია, მაგრამ გვერდი აგვივლია, რადგან არ გვაღელვებს, რადგან ჩვენზე ზემოქმედებას არ ახდენს, პირიქით, უხერხულობის განცდას ტოვებს. ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი ყოფნა-არ ყოფნის შესახებ, ცალკე აღებული ნომერია, რომელსაც როგორც ლექსს, დეკლამაციურად კითხულობს რახიმჯან კენჟაევი. ახალგაზრდა მსახიობს ჰამლეტის როლის შესრულებისთვის ფაქტურა, სცენური მომხიბვლელობა, პლასტიკა, პროფესიული ოსტატობა უწყობს ხელს, რომელიც ამ როლს ფაქტობრივად ინტუიციაზე დაყრდნობით ქმნის და მისი არტისტული რესურსი არასწორი მიმართულებით არის გამოყენებული. ვფიქრობ, რახიმჟან კენჟაევს, ისე როგორც ოფელიას როლის შემსრულებელს ოლგა ივანოვას (მას დუბლიც ჰყავს ტატიანა მინენკო) აქვთ რესურსი მნიშვნელოვანი მხატვრული სასცენო სახეების შესაქმნელად. სპექტაკლში ყველაზე გულწრფელებიც ისინი ჩანდნენ, ვინაიდან ისინი თავისუფლები იყვნენ სასცენო შტამპებისგან, განსხვავებით კლავდიუსისა და ჰერტრუდას როლების შემსრულებლებისგან. კლავდიუსის როლის შემსრულებელი ანატოლი პეტრიჩენკო მანერულობით, პათეტიკურობით და პოზიორობით ხასიათდება, ხოლო გალინა პეტრიჩენკო (მისი დუბლი ოლესია ჟუკოვა) ამ თვისებებთან ერთად უცნაურ პერსონაჟს ხატავს. მის მიერ შექმნილი ჰერტრუდას სახე - უგულო და უსულო მონსტრს მოგაგონებთ, კლავდიუსზე უფრო საშიშს და დაუნდობელს. საინტერესო იქნებოდა ასეთი გადაწყვეტაც, ეს რომ რეჟისორის მიზანი ყოფილიყო, მაგრამ ეს მსახიობის უნებლიე „მიგნებაა“, პროფესიული უნარების არასრულყოფილად ფლობის შედეგად. ჰერტრუდას საყვარელი კაცი კვდება, ერთადერთი შვილიც და ის ამ ამბავს ისე ხვდება, ვითომც არაფერი მომხდარა (და რა გასაკვირია, რომ მანდ არც ოფელიას სიკვდილი განიცადა და არც ლაერტის), შემდეგ კი მომხდარი მოვლენების შეფასების გარეშე თავს იკლავს. საერთოდ, სპექტაკლის საფინალო ეპიზოდი, მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია კომიკურ ელფერს იძენს, ვიდრე ტრაგიკულს.

ფაქტია, რომ შიმკენტის თეატრში მსახიობთა რესურსი ნამდვილად არსებობს, მათ შორის, ჯერ კიდევ გაურყვნელი (ცხადია თეატრალური შტამპებისგან) ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი მხატვრული სახეების შექმნა, მთავარია მათი რესურსი სწორად იქნას გამოყენებული და იყოს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული.

აკმოლას დრამატულმა თეატრმა ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი სპექტაკლი მარტინ მაგდონას „ველური მარტოხელა“ წარმოადგინა. მაგდონას დრამატურგიის განხორციელების ფაქტი თეატრის პროგრესულ და თანამედროვეობაზე ორიენტირებულ სარეპერტუარო პოლიტიკის განხორციელებაზე მიუთითებს. კოკშეტაუს რუსული დრამატული თეატრის მთავარი სცენისგან ოდნავ მოშორებით, ამავე შენობის სარდაფში კიდე ერთი სახელოვნებო სივრცე გაიხსნა, სადაც განხორციელდა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის მარტინ მაგდონას „მარტოხელა დასავლეთი“, რომელიც რეჟისორმა შამილ დიიკანბაევმა განახორციელა. წარმოდგენის ნახვის შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ამ დადგმის ავტორი უდავოდ ნიჭიერი, ფანტაზიის მქონე და მოაზროვნე რეჟისორია, მაგრამ მას არ ჰყოფნის ნებისყოფა მიგნებულის ბოლომდე, სრულყოფილად დამუშავების. მას შეუძლია თანამოაზრეთა ჯგუფის შეკვრა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, მაგრამ მათთან სიღრმისეულად მუშაობა არა, არადა მას ნოყიერი და ენთუზიასტი ახალგაზრდები დახვდა, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ მხატვრულ სახეზე მუშაობა, სიმღერაც და მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც დაკვრა.

რეჟისორი შამილ დიიკანბაევი ერთდროულად შეეცადა მაკდონას პიესის დეკონსტრუქციას და ის სრულიად ორიგინალურ თხრობის სტილს გვთავაზობს, რეჩიტატივს, მუსიკალურ თანხლებას და ტექსტს, დადგმა გაჯერებულია ფიზიკური თეატრისთვის დამახასიათებელი დეტალებით, რაც თხრობის სტილისტიკაში ვლინდება. უშვებს უკიდურეს პირობითობას და არ წყდება რეალობას. კონტრასტის ეს პრინციპი ლოგიკურად თავსდება სპექტაკლის საერთო გადაწყვეტაში. რეჟისორი იყენებს პირდაპირ ინტერაქტივს, მართალია წარუმატებლად, რაშიც ბრალი მსახიობთა გამოუცდელობასაც მიუძღვის. ინტერაქტივი სპექტაკლში საერთოდ არ „მუშაობს“ და არც არაფერს იძლევა სასიკეთოს და საჭიროს სპექტაკლისთვის.

მაკდონას პიესა შემოქმედებითმა ჯგუფმა როკისა და დრამის სინთეზის ფორმით გადაწყვიტა, რომელიც მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს. 4 მსახიობი-მუსიკოსი ბოლომდე ჩართულია სპექტაკლში, როგორც ხილული და თანაც უჩინარი მონაწილეები. მთავარ როლებს სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობები: მადიარ ჟაკიპი (კოულმენი), ჟეკებატირ კამენ (ვალენი), ბატირხან საბირი (მამა უელში) და ჟანა ხომეცი (ჰერლინი) ასრულებენ. თითოეულ მათგანს, როგორც მსახიობს, ჰქონდათ მნიშვნელოვანი ეპიზოდები სპექტაკლში, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ისინი პერსპექტიული მსახიობები არიან, ფლობენ პროფესიულ ოსტატობას და მსახიობისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟანა ხომეცისა და ბატირხან საბირის შესრულება, რომელიც გამოირჩევა უკიდურესი რეალისტურობით, გულწრფელობით, უშუალობით.   

დონ ნიგროს „ცხოველების ისტორიები“ წარმოგვიდგინა ფესტივალზე აქტაუს თეატრმა სახელწოდებით „ველური ისტორიები“, რომელიც რეჟისორმა გულსინა მარგალიევამ დადგა. სპექტაკლი ცხოველთა მონოლოგებსა და იშვიათად დიალოგებზეა აგებული. სპექტაკლის ტემპო-რიტმს და მაყურებელთა ჩართულობას მსახიობთა არათანაბარი ოსტატობა განაპირობებს. ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მონოლოგის მოსმენა საკმაოდ ერთფეროვანია, თუმცა ზოგიერთ მსახიობს ისეთი ისტორია ისეთი ოსტატობით შემოაქვს, რომ მაყურებელი მას ბოლომდე მიჰყვება და თანაუგრძნობს. ვფიქრობ, მხატვარმა მირა ტოკსანბაევამ იმ შემთხვევაში, თუ სურს, რომ თანამედროვე სცენოგრაფების სიაში ჩაეწეროს, ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვეობის მოთხოვნების. ეს ეხება არა მხოლოდ ხედვას, არამედ ტექნიკურ მხარეს, დეკორაციის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მსახიობთაგან საინტერესო ეპიზოდ-მონოლოგ-დიალოგები ჰქონდათ გიულ ზიატოვას (თაგუნა, კატა, ძროხა), მარინა ფედორენკოს (კატა),  ელმირა კერიმბაევასა (ძროხა ოფელია) და მანშუკ ჟაილიბაევას (ძროხა ელიოზა). ამ მსახიობთა ოსტატობამ იხსნა ფაქტობრივად მთელი სპექტაკლი და შემოქმედებითი ჯგუფი, რომელთაც მაღალი ოსტატობით შეასრულეს რამდენიმე როლი. მათ შექმნეს ტიპაჟები და მოგვითხრეს ისტორიები, რომლებმაც ემოციურად ააღელვა დარბაზი.

საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა ეკატერინბურგის (რუსეთი) დამოუკიდებელმა, კერძო სათეატრო კომპანიამ „თეატრი აქ“. ჩვენ ვნახეთ დმიტრი ნაუსტროევისა და კატერინა ვიალიკოვას ერთობლივი ნამუშევარი „თანამგზავრები და კომეტები“, რომელიც რომან კოზირჩიკოვის პიესის ორიგინალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სპექტაკლი თავისი ფორმით ჰიბრიდულია, ერთი მსახიობი ცოცხლად გვიამბობს თავის ისტორიას, რომელსაც ვირტუალურად აცოცხლებენ მსახიობები. ვირტუალური პერსონაჟები, რომლებიც სპექტაკლში ვიდეო პროექტორის საშუალებით შემოდიან, თანაბარ პოზიციაზე არიან სცენაზე, მაყურებლის წინ ცოცხლად მყოფ არტურ საფინი. ახალგაზრდა მსახიობი ერთგვარ რისკზე წავიდა, რომელიც ფაქტობრივად მონოსპექტაკლით წარსდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობს თავისი ისტორიით მაყურებლის შენარჩუნებას. მას ამ პროცესში ხელს უწყობს ვირტუალური პერსონაჟები: დედა - მარინა გაპჩენკო, ანა - კატერინა ვიალიკოვა, ტატიანა - ია შაბლაკოვა და ოლეგი/სერიოჟა - მიხაილ ჩემეზოვი. მსახიობი ხშირად პირველ პირში მოგვითხრობს, ხანაც დიალოგში შედის თავის ვირტუალურ პარტნიორებთან, პიესის პერსონაჟებთან. საინტერესო და საყურადღებო ის არის, რომ ვიდეოპროექციით ნაჩვენებ სცენებში მსახიობები არ ილუსტრირებენ არაფერს, არც ტექსტს, არც მოვლენებს. სამწუხაროდ, არ ვითარდება მთავარი გმირი, მსახიობი ფაქტობრივად უცვლელი განწყობით, ემოციის ერთფეროვანი დოზირებით კითხულობს მონოლოგს. თან ეს მონოლოგი მსახიობის წაკითხული მონოლოგია და ჩვენს მას პიესის პერსონაჟად ვერ აღვიქვამთ.

საინტერესო რეჟისურული ნამუშევარია ანტონ ზაიცევის ალმაათის თოჯინების სახელმწიფო თეატრში განხორციელებული „აბაი-შთაბეჭდილებები“ აბაის ლექსების მიხედვით. ახალგაზრდა რეჟისორი აშკარად გამოირჩევა ფანტაზიის დაუშრეტელი უნარით, გამომგონებლობით, დახვეწილი გემოვნებით, ესთეტიკური აზროვნებით. მისი ნამუშევარი რეჟისორის სპექტაკლს განეკუთვნება, სადაც რეჟისურაა მთავარი კომპონენტი დადგმის და მის წარმოჩენას უწყობს ხელს სპექტაკლის ყველა სხვა კომპონენტი, მათ შორის, მსახიობიც. ანტონ ზაიცევი აბაის სამყაროს წარმოსახვით გადმოსცემს, რომლისთვისაც ის იყენებს როგორც ცოცხალ მსახიობს, ისე თოჯინებს, ან დეტალებს. სპექტაკლი გამოსმახველობითი სასუალებების ხერხების სიუხვით გამოირჩევა, სადაც ერთმანეთის პარტნიორები ხანაც თოჯინებია, ხანაც ადამიანები და ხანაც ორივე ერთად. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქორწილის ეპიზოდი, რომელიც წარმოდგენის ყველაზე ინტერაქტიური, პოზიტიური, მხიარული და ნათელი ნაწილია, ისე როგორც „პეტრუშკას“ სცენა. სწორედ აქ ვლინდება ალმაათის თოჯინების თეატრის მსახიობთა პროფესიული ოსტატობის მასშტაბი, მათი ნიჭიერება და პროფესიონალიზმი, თოჯინას ტარებისა და გარდასახვის ოსტატობა. მთლიანობაში წარმოდგენა მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მისტიკურობის შექმნას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომაც მიაკუთვნებს თავად რეჟისორი დადგმას ფანტასმაგორიის ჟანრს.

2021 წლის, მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „TEART KOKSHE“ ბოლო წარმოდგენა ბიშკეკის საქალაქო თეატრის სპექტაკლს ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ დაეთმო, რომელიც რეჟისორმა ტატიანა ზახაროვამ დადგა, უფრო სწორად ჩეხოვის ტექსტის ადაპტირებული სათეატრო ილუსტრაცია შემოგვთავაზა. ჩეხოვის ცნობილი ნაწარმოების სცენურ ინტერპრეტაციათა ფართო ჩამონათვალში სპექტაკლი ვერცერთი კომპონენტით ვერ დაიმკვიდრებს ადგილს, რადგან ის ფრაგმენტულია, მასში არ ვხვდებით ერთ პროფესიულად გამართულ მიზანსცენასაც კი, ამიტომაც მსახიობები უხერხულად დადიან მხოლოდ, მოძრაობენ, გამოდიან და გადიან სცენიდან ტექსტების წარმოთქმის პარალელურად. დასანანია, რომ ვერცერთი მსახიობი ვერ ახერხებს იმ პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენას, რომელსაც ის ასრულებს, რადგანაც მათ აკლიათ სიღრმე, პერსონაჟთა ხასიათის გააზრება, მოქმედების მოტივაციის დადგენა-გაანალიზება. სპექტაკლის სცენოგრაფი იულდაშ ნურმატოვი საკმაოდ ჩამორჩენილია არა მხოლოდ ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობთ, არამედ თანამედროვე სათეატრო ტექნოლოგიებს და ვერც ესთეტიკურ-მხატვრულ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს მის მიერ შექმნილი პრიმიტიული სცენოგრაფია. ამ ნაკლოვანებათა პარალელურად, ჩვენ ვხედავთ დასს, რომელსაც გააჩნია შემოქმედებითი რესურსი, მაგრამ ის არ არის სწორად რეალიზებული.

მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „TEART KOKSHE“ მუშაობდა საერთაშორისო ჟიური, რომელიც მთლიანად თეატრის კრიტიკოსებით იყო დაკომპლექტებული: ნიაზ იგლამოვი, გლებ სიტკოვსკი, ლაშა ჩხარტიშვილი და სანია კაბდიევა. ეს უკანასკნელი ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ, რომელიც კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ყაზახეთის სექციის პრეზიდენტია. ყოველი სპექტაკლის დასრულებისთანავე ეწყობოდა შეხვედრა დასთან და სპექტაკლების განხილვა. ეს პროცესი იყო საჯარო და ნებისმიერი დაინტერესებული პროფესიული წრისთვის ხელმისაწვდომი. კოკშეტაუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წლიდან წლამდე იკრებს ძალებს, ხვეწს პროგრამას, იხვეჭს ავტორიტეტს, აფართოებს საზღვრებს, ამრავალფეროვნებს ჟანრულ რეპერტუარს, აერთიანებს თეატრებსა და თაობებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს არა მხოლოდ ყაზახური თეატრის განვითარებასა და პოპულარიზაციას, არამედ მისი ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

bottom of page