top of page

თეატრალური ფესტივალის დღიურები იქიდან „სადაც სიცოცხლის სამოსახლოა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

518406715_1051975990451756_6939399108279330848_n.jpg

ლელა არაბიძე

თეატრალური ფესტივალის დღიურები იქიდან „სადაც სიცოცხლის სამოსახლოა“

 

კლასიკოს ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს არც ერთი პიესა არ დაუწერია, მაგრამ ის არის ავტორი, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად იდგმება ქართულ თეატრში. ყველას უყვარს ზურიკელა, ყველა ტირის ოლღა ბებიას ფინალურ ეპიზოდზე, ყველა სულმოუთქმელად ელის როგორ დამთავრდება „მე ვხედავ მზეს“ - იქნებ ხატიას თვალი აეხილოს? აკი მზეს უკვე ხედავს... ყველას სჯერა, რომ მდინარე კელასურის შესართავთან იანგული დაბრუნდება და სოხუმის ქუჩებს ჯემალოს ხმამაღალი ყვირილი შეაზანზარებს: „იანგული დაბრუნდა დეიდა ნინა, იანგული დაბრუნდა!“ ყველას გვიყვარს თავზეხელაღებული ბოშები და გვასევდიანებს უცნაური ძაღლი, ყველას, ყველას უყვარს დუმბაძე, სიკეთით, ჰუმანიზმით, ნოსტალგიითა და სევდით სავსე მისი შემოქმედება. „სიცოცხლის სამოსახლო“ - ლიტერატურიდან თეატრში ისე ადაპტირდა, რომ  დღეს ქართული სცენა, ქართული თეატრი წარმოუდგენელია ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გარეშე.

5 ივლისს, ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალმა აიღო სტარტი. წელს საიუბილეო წელია - ათი წლის წინ გურიაში, ოზურგეთის ალექსანდე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნა ნოდარ დუმბაძის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთის თეატრისა და ნოდარ დუმბაძის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, რომ ათი წლის წინ, მის იდეას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, დღეს ოზურგეთის ფესტივალი უცხოურ დასებს მასპინძლობს, აქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი, ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ტარდება არა დედაქალაქში, არამედ რეგიონში. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის თეატრი ხდება ქართული თეატრის ცენტრი, ფესტივალში მონაწილე ქართული დასები ხვდებიან უცხოურ დასებს, რაც საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. წელს ფესტივალმა უმასპინძლა 15 ქართულ და 6 უცხოურ დასს, პროფესიულმა ჟიურიმ კი პრიზები გასცა შესაბამისი ნომინაციების მიხედვით, ტრადიციულად, საფესტივალო დღეები 14 ივლისს ემთხვევა, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს - 14 ივლისი ყოველთვის მწერლის სახლ - მუზეუმში სპეციალური აქტივობებით აღინიშნება. ეს ფესტივალი უკვე ტრადიციაა, ტრადიცია კი უცვლელია - ყოველ წელს გურიაში, ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი პროგრამა, ყოველ წელს უფრო მეტი სტუმარი და უფრო მეტი მაყურებელი, ყოველ წელს უფრო დიდი დღესასწაული. უცვლელია ფესტივალის ნიშაც - ქართული პროზა სცენაზე.

5 ივლისს ფესტივალი რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლით „მსხვერპლნი“ გაიხსნა, დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მსხვერპლი“ მიხედვით ინსცენირება თავად რეჟისორს - გიორგი კაშიას ეკუთვნის - თუმცა დადგმაში გვხვდება გარკვეული ჩანართები მწერლის სხვა ნაწარმოებებიდანაც, „ასე რავა უნდა წახდეს კაცი“ ეს სიტყვები გასდევს ლაიტმოტივად სპექტაკლს, სადაც მრავაწახნაგოვან გარემოში - სხვადასხვა სცენები პარალელურ სივრცეებში თამაშდება, სიღატაკე, ფლიდობა, გაიძვერობა, ფარისევლობა და კდლიაშვილის აზნაურების მარადიული სევდა - ამ გარემოში უნდა გადარჩე - რაც თითქმის შეუძლებელიც კია, დადგმაში გამოვარჩევდი ფეფენას როლის შემსრულებელს - მანანა აბრამიშვილს, მსახიობი წარმოგვიდგენს გაუბედურებულ ქვრივს, რომელიც შვილზეა ჩაბღაუჭებული და ეგოისტურად ზრუნავს მასზე, რძალს მტრად თვლის, მტრულ გარემოს ქმნის გარშემო და ისიც რასაკვირველია მსხვერპლია, მსხვერპლია ნიკა (ბუკა თორლორდავა), ონისიმე (დავით კვირცხალია), სოფიო (ნინო ასრენიშვილი), მარკოზა (ირაკლი მაჭარაშვილი), ესმა (ნანა ლორთქიფანიძე), ვასილი (მიხეილ არჩვაძე), დავით კარუგდელიძე (ედმონდ მინაშვილი), ნატალია (რუსუდან მაყაშვილი), ელისაბედი (მანანა გამცემლიძე), ფინალურ სცენაში კი, როდესაც ამ  მოცემულობის მთავარი მსხვერპლი  პატარა და ლამაზი მარინე (მარიტა მესხორაძე) თვითმკვლელობას გადაწყვეტს, გარემო და ატმოსფერო გაფიქრებინებს, რომ  ყველა დანარჩენი პერსონაჟი ისედაც უკვე მკვდარია, ან კი როგორ უნდა იცოცხლო ისეთ ქვეყანაში, სადაც „ყოველი კაცი წამხდარია...“

ფესტივალზე „მსხვერპლნი“ არ იყო გიორგი კაშიას ერთადერთი სპექტაკლი, აქვე, ზუგდიდის თეატრმა წარმოადგინა მის მიერ დადგმული დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ინსცენირების ავტორი - ალექსანდრე ქოქრაშვილი), იმერეთი, შემოდგომის აზნაურები - მძაფრი რეალობა, მძიმე ცხოვრება, შენიღბული საზოგადოება, ორნაქმარევი და უშვილო დედინაცვალი, უდანაშაულო ბავშვი, რომელიც ქონებაში (აბა, რომელი ქონება?) ეცილება პლატონს, მსახიობების მიერ დინამიურად, სიცილ - ხარხარში მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, რომ არავინ შეიცოდა ბეკინა, არავინ შეიცოდა პლატონი, და უმძიმესი ფინალი, რომლითაც თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, რადგან მართლაც არაფერი დაუშავებია ბეკინა სამანიშვილის და ელენეს შვილს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დაიბადა... ვფიქრობ, ეს სპექტაკლი გიორგი კაშიას კლდიაშვილთან ჭიდილის ლოგიკური გამარჯვება და იმ მთელი ფილოსოფიის ამოთქმაა, რასაც რეჟისორი   კლდიაშვილის სამყაროსთან მიმართებაში ფიქრობს... ბეკინა - ზრდილი, მშვენიერი, თეთრ სამოსში მოსილი მოხუცი (ზურა ლაშხია), ელენე - მხიარული, დაუდგრომელი ორნაქამრევი და ერთი შეხედვით უშვილო ქალი (მარინა დარასელია), პატიოსანი და ბეჩავი აზნოუშვილი პლატონ სამანიშვილი (გოგი გუგუჩია), შეშინებული და დამფრთხალი მელანო (სალომე ბუღაძე), პრანჭია და ერთობ სევდიანი დარიკო (მზევინარ ჩარგაზია), ჭეშმარიტი შემოდგომის აზნაური, ქეიფის დიდოსტატი კირილე მიმინოშვილი (ანდრია შამუგია) ბრეგაძეები (გიგა აბულაძე, კობა მატკავა) ყველაზე თვითმყოფადი კარმიდამოთი და უუნარო არაფრისმომცემი არსებობით, არისტო ქვაშავაძე (დავით ჩოგოვაძე) მედროვე, ყველა დროში საკუთარ გამორჩენაზე მოფიქრალი... ეს და კიდევ სხვა პერსონაჟები ქმნიდნენ გარემოს, რომელმაც მაყურებელი ჯერ კარგად აცინა, ბოლოს კი დააფიქრა და ცრემლი მოგვარა... აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის გრანპრი სწორედ „სამანიშვილის დედინაცვალს“  ერგო.

6 ივლისს ფესტივალის ფარგლებში, ვფიქრობ, ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული სპექტაკლი ვნახეთ - ბეერ-შევის ფრინჯ თეატრი / ისრაელი ფიზიკური/ვიზუალური თეატრი, დასმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლი“ მიხედვით ორიგინალური მულტიმედია სპექტაკლი „სისხლის კვანძი“ წარმოგვიდგინა, ოზურგეთის თეატრის მცირე სცენა უჩვეულო  გამოსხაველობითი ფორმის სპექტაკლმა დაიკავა, სადაც ძალიან სწორად  და ზუსტად გამოყენებული პროექციის სისტემა გვიყვებოდა ობოლი ქართველი ბიჭის გზასა და მარტოსულობას, ხოლო მსახიობები ორგანულად ირგებდნენ იმერელი ჯულია ბებოსა და გურული ქიშვარდი ბაბუს, მთხრობელისა და თავად პატარა ნოდარის როლებს, მართლაც დაუვიწყარი ბებოს სახე შექმნა ცაჰალა მიხაელმა, მისი ყურებისას კიდევ ერთხელ რწმუნდები თუ რა საოცარი, ინტერნაციონალური პერსონაჟები გამოძერწა ნოდარ დუმბაძემ და როგორ შეიძლება მისი ასე ეთნიკური გმირები და მათი ცხოვრება, სიხარული, სიკეთე თუ ტრაგედია გასაგები იყოს ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომ სისხლისმიერი კავშირის აღქმა  და ძალა იქცეს მოვლენად, გადალახოს ვეება წინააღმდეგობები და პატარა ბიჭი დააბრუნოს იქ - სადაც სისხლის კვანძი მიიყვანს - სპექტაკლში, რომლის სასცენო ადაპტაციის ავტორი და რეჟისორი იოავ მიქაელი იყო, ორიგინალური პროექცია და ვიდეო არტი კი ელი ლევის ეკუთვნოდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ვოკალური ჩანართები (კოპოზიტორი შაი ბენ იაკოვი) ერთიანობაში კი ფიზიკურმა და ვიზუალურმა თეატრმა შექმნა დინამიური, ეფექტური წარმოდგენა და ქართველი მწერლის ნაწარმოების სრულიად ახლებური გააზრება შესთავაზა მაყურებელს.

7 ივლისი. დამდგმელმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ  ქართველი გენიოსის ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელის“ მოქმედების ადგილად სტრასბურგის სასამართლოს სხდომათა დარბაზი აირჩია, უცნაურია. ვის შეიძლება აღელვებდეს კონფლიქტი, რომელიც ქართველი ზვიადაურისა და ქისტი ჯოყოლას შეხვედრით იწყება? ეს ამბავი საერთაშორისო ორგანიზაციის განხილვის თემაა, ძლიერნი და ჭკვიანნი ამა ქვეყნისანი ცდილობენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა ამაოდ, მათი მცდელობები არასაკმარისია, მათი დახმარება კი მხოლოდ მცირე შეშფოთებაში გამოიხატება, რომელიც სულაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ამქვეყნად ომები და სისხლისღვრა შეწყდეს.... მით უფრო, მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უემოციოდ აგრძელებენ პირობითად „კარამელიზებული მსხლის" მირთმევას, როდესაც გაიგებენ რომ „ზვიადაური მოკლეს" ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი აღარ გვაღელვებს, მხოლოდ შევშფოთდებით ხოლმე. ცოტათი, სულ ერთი ბეწოთი.  „თავს ნუ იკლავო, აბა თუ ერთმაც ურჩია“ - ამბობს აღაზა და მიგვითითებს საზოგადოებაზე, რომელიც სრულიად გულგრილია ადამიანური ტრაგედიებისადმი… წარმოდგენაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური ნაწილი, რომელიც თავად რეჟისორმა გააფორმა და ქოროს სახით  წარმოგვიდგინა ქართული მრავალხმიანი სიმღერების ცოცხალი შესრულებით, სპექტაკლი დმანისის თეატრისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კოპროდუქციაა და ის ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ვნახეთ, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე, ტრადიციულად  საფესტივალო სპექტაკლების ერთ ერთი მასპინძელი იყო,  ამავე სივრცეში ვიხილეთ 8 ივლისს  ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „უმადური“ მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ რომელიც საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ბორჯომის თოჯინების თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა, მხატვარ ვახო ქორიძის შექმნილმა ზღაპრულმა გარემომ, ასი წლის გუდული ბაბუსა და პატარა უჩას მეგობრობამ, დინამიურმა და ემოციურმა თხრობამ მაყურებელი გურიის პატარა სოფელში ამოგზაურა, სადაც გუდული ბაბუს დაბადების დღე აქვს და თან ასი წლის გახდა, თან ამქვეყნიურ ცხოვრებას ემშვიდობება, თან სიცოცხლე გრძელდება უჩას სახით, რომელიც ძალიან დაადარდიანა უფროსი მეგობრის გარდაცვალებამ...

გავიდა შთაბეჭდილებითა და ემოციებით სავსე ათი დღე, არა ერთი პროექტი და კოპროდუქცია დაიგეგმა, ფესტივალის მაყურებელმა წელს მართლაც მეტად მრავალფეროვანი პროგრამა იხილა: მულტი მედია პერფორმანსი, თოჯინური, ლიტერატურული კომპოზიციები, დრამატული სპექტაკლები, ზოგჯერ იცინა, ზოგჯერ გაბრაზდა, ზოგჯერ ცრემლი ღვარა... რასაკვირველია მე  მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლზე ვისაუბრე და ბევრი საინტერესო წარმოდგენა ფარდის მიღმა დავტოვე, 2028 წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან ასი წელი გავა,  შემდეგი და საიუბილეო ფესტივალის ჩატარება სწორედ ამ პერიოდში იგეგმება, ფესტივალისა, რომელიც  გურიაში არ უნდა ჩაქრეს, „ღადარი არ უნდა გაცივდეს“...

bottom of page