თეატრალური იმერეთი 2021

ლაშა ჩხარტიშვილი

პოსტპანდემიური „თეატრალური იმერეთი 2021“

 

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომელიც უკვე მეთორმეტედ იმართება, 2020 წელსაც ჩატარდა პანდემიის პერიოდში. მაყურებელი საფესტივალო სპექტაკლებს მესხიშვილის თეატრის ეზოში, სახელდახელოდ მოწყობილი „მწვანე თეატრის“ პარტერიდან ადევნებდა თვალს. პანდემიის დასასრულს კი ფესტივალი ტრადიციულად მესხიშვილის თეატრში „შევიდა“ და 2021 წლის „თეატრალური იმერეთი“ მასპინძელმა თეატრმა გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით „სიმართლე“ გახსნა.

იმერეთის მხარეში სამი პროფესიული დრამატული თეატრია, რომლებიც პანდემიის პერიოდში არ გაჩერებულა, არ შეუწყვეტია კომუნიკაცია მაყურებელთან და რეგულაციების დაცვით, ყოველი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში წარმოდგენებს მართავდა. ჭიათურის თეატრმა ამ პერიოდში არაერთი ახალი წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს, მათ შორის, აკაკი წერეთლის ლექსების მიხედვით მამუკა ცერცვაძის რეჟისურით განხორციელებული სპექტაკლი „რაც არ იწვის, არ ანათებს“, რომელიც ჭიათურის თეატრმა აკაკის სახლ-მუზეუმში, სხვიტორში წარმოადგინა. ეს არ იყო ერთადერთი პრემიერა, რომელიც პანდემიის პერიოდში შესთავაზა მაყურებელს ჭიათურის თეატრმა.

პანდემიის პერიოდში მესხიშვილის თეატრმა ღია ცის ქვეშ თეატრის ეზოში ახალი სათეატრო სივრცე „მწვანე თეატრი“ გახსნა, სადაც დრამატული თეატრის წარმოდგენების, პოეზიის საღამოებისა და კონცერტების გარდა, 2020 წლის „თეატრალური იმერეთი“ ჩატარდა. ამავდროულად მესხიშვილის თეატრმა რამდენიმე პრემიერა მოამზადა, რომელთა ნაწილიც უკვე იხილა მაყურებელმა, ნაწილის პრემიერა კი სეზონის დახურვამდეა დაგეგმილი.

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის  სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი პანდემიის პერიოდში რამდენიმე ახალ სპექტაკლზე იმუშავა და მათგან ერთი, ახალი წარმოდგენა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ რეჟისორ გიორგი კავილაძის რეჟისურით იმერეთის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში წარმოადგინა. ზესტაფონის თეატრი ხშირად აძლევს საშუალებას ახალგაზრდა რეჟისორებს თავიანთი შემოქმდებითი იდეების რეალიზაციისთვის. ახალგაზდებთან მუშაობა ახალი გამოცდილებაა დასისთვის და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. ეს თანამშრომლობა ხშირად წარმატებულიც არის და წარუმატებელიც, მაგრამ ყოველ პროექტში იგრძნობა ზესტაფონის თეატრის დასის მზაობა ექსპერიმენტებისთვის.

პირველი საფესტივალო დღე კომედიური ჟანრის სპექტაკლით „სიმართლე“ (ფლორიან ზელერის კომედიის მიხედვით) დაიწყო. დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი პროფესიულ წრეებში სამართლიანად მიჩნეულია ისეთ რეჟისორად, რომელიც განსაკუთრებულად მუშაობს მსახიობთან. ეს მისი სარეჟისორო მოღვაწეობის ერთ-ერთი ღირსებაა. ეს თვისება კარგად ჩანს მის სპექტაკლში „სიმართლე“, რაც მესხიშვილის თეატრის მსახიობთა: სოფო ჩირაძის, ნინო ჭოლაძის, დათო როინიშვილისა და გიორგი შალამბერიძის მიერ შესრულებულ როლებზეც აისახა. ზელერის სიტუაციების კომედიის თემა სიყვარული და ორმხრივი ღალატია: მეგობრისა და მეუღლის. ცოლ-ქმრის ორი წყვილი ყველაფერს ტყუის და ამიტომაც მეტაფორულად ჰქვია სპექტაკლს „სიმართლე“, რომლის მსვლელობისას ეტაპობრივად იკვეთება მოღალატეები და შესაბამისად ცხადი ხდება რა არის სიმართლე. მესხიშვილელთა სპექტაკლი არ ეხმაურება ზოგადსაკაცობრიო თემებსა და იდეებს, ის არტისტული ოინებითა და ფანდებით მაყურებლის გასამხიარულებლად შექმნილი წარმოდგენაა ყოფითი სცენებით, ამიტომაც არ გვეკეკლუცება რეჟისორი და არც მხატვარს თეო კუხიანიძეს გამოუჩენია თავი განსაკუთრებული მეტაფორული სცენოგრაფიის შექმნით სპექტაკლისთვის (როგორც მას სჩვევია ხშირად). სპექტაკლის ღერძი ჩახლართული (მაგრამ მაინც იოლად გამოსაცნობი) სიუჟეტი და მსახიობთა ანსამბლია, რომლებიც დასამახსოვრებელ, სახასიათო ტიპაჟებს ქმნიან. მაყურებელი ნაცნობ მსახიობებს ცნობს, მაგრამ მათ ხედავს განსხვავებულ ამპლუაში, განსხვავებული მეტყველების მანერით და თამაშის ხერხით. მსახიობები გროტესკისა და ვოდევილური იუმორის გამოყენებით ეკეკლუცებიან მაყურებელს, რომელიც არ იშურებს რეაქციებს მაშინაც კი, როცა ის საჭირო არ არის.

გიორგი კავილაძის მიერ ზესტაფონის თეატრში დადგმული „სამანიშვილის დედინაცვალი“ ნაწარმოების ტრადიციული წაკითხვის მორიგი მცდელობაა, სადაც კლდიაშვილის სამყაროს მრავალწახნაგოვნება კი არ არის წარმოჩენილი, არამედ მისი ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციის გამოცდილება და ტრადიცია. რეჟისორი იყენებს ტრადიციულ მიდგომას და ხერხებს, ახდენს მწერლის ტექსტის ილუსტრირებას და არა მის ინტერპრეტირებას, ამიტომაც მაყურებელი საექსპოზიციო ნაწილში თვალს ადევნებს გაწელილ და დაუსრულებელ ბეკინა (ბადრი ტაბატაძე) და პლატონ (გიორგი გლოველი) სამანიშვილების დიალოგს. შესაძლოა, ეს ეპიზოდი გაწელილი და ოდნავ მოსაწყენიც კი საერთოდ არ მომჩვენებოდა ოსტატურად რომ გათამაშებულიყო იგი. ავტორის ტექსტს მთხრობელი (ზურა აბესაძე) კითხულობს, რომელთანაც ზოგჯერ კომუნიკაციას ამყარებენ და დიალოგში შედიან პერსონაჟები. რეჟისორი იყენებს თეატრალური პირობითობის ხერხს (სათამაშო ცხენების გათამაშება) იმის პარალელურად, როცა სცენაზე ნამდვილი ჩალის ზვინები დგას (მხატვარი ანანო დოლიძე). ვფიქრობ, რეჟისორმა და მსახიობებმა კონკრეტულ შემთხვევებში ტექსტის სცენაზე გადმოტანისას არ გაიაზრეს ის. მაგალითად, როცა კირილეს (თემურ კიკნაველიძეს) მიმართავენ ყმაწვილოო, მაყურებელი ვერ გრძნობს ირონიას, არადა კირილეს როლის შემსრულებელი ვერაფრით თავსდება ყმაწვილის ასაკობრივ ზღვარში. ასეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, დეტალები რეჟისორისა და მსახიობების მიერ დამუშავებული არ არის. პათეტიკურად და ზედმეტი თეატრალურობითაა გადაწყვეტილი პლატონის სიზმრის ეპიზოდი, რასაც კიდევ უფრო „აფუჭებს“ ლურჯი მოციმციმე შუქი. სასიამოვნო იყო, რომ ზესტაფონის თეატრის „სამანიშვილის დედინაცვლის“ სცენურ ინტერპრეტაციაში შეინიშნება ქალური სოლიდარობა ელენესა (ნინო აბესაძე) და მელანოს (ნინიკო აბესაძე) შორის. მსახიობთა თამაშიც გამორჩეულია, რადგან ისინი არ სცილდებიან ბუნებრიობას, უშუალობას, გულწრფელობას, ამიტომაც არიან მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები დამაჯერებლები. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი გლოველის მიერ ოსტატურად შექმნილი პლატონ სამანიშვილის მხატვრული სახე, რომელიც არ სცდება ზომიერების საზღვრებს არც დიალექტის და არც საუბრის მანერის თვალსაზრისით. მსახიობის მიერ ნაჩვენები ემოცია კი გულწრფელია და რეალისტური. გიორგი გლოველი თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც ყველა როლში საინტერესოა, რაც არ უნდა იგრძნობოდეს, რომ მის გვერდით რეჟისორი არ დგას, რომელიც მას ზუსტ ამოცანას მისცემს.

საკონკურსო პროგრამა ხარაგაულის 120 წლის თეატრმა თანამედროვე ქართველი დრამატურგის რეზო კლდიაშვილის ხასიათების კომედიით „იმერული რეკვიემი“ გახსნა. რეზო კლდიაშვილის პერსონაჟები უკვე მრავალი წელია წარმატებით ცოცხლობს თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრის სცენაზე (რეჟისორი ირაკლი გოგია). პიესის გმირები შეიყვარა მაყურებელმა, რომლებიც ჩვენი თანამედროვენიც არიან და სევდითა და იუმორით სავსენიც. რეზო კლდიაშვილის ლირიკული ხასიათების კომედია არ გახლავთ კლასიკური პიესა თავისი სტრუქტურითა და აგებულებით, ის სათეატრო ტექსტს მიეკუთვნება ეპიზოდებითა და პერსონაჟთა განწყობა-ხასიათებით. ამიტომაც მასში მწყობრი სიუჟეტური განვითარება არ უნდა ვეძიოთ, რადგან დრამატურგი სიუჟეტის დეკონსტრუქციას მიზანმიმართულად მიმართავს. მისთვის მთავარია გმირები, ხასიათები, ფრაზები, რომლებიც ხატავენ სამყაროს სურათს. დრამატურგის ამ ჩანაფიქრს იზიარებს რეჟისორი ირინა ჩხეიძე, რომელიც წარმოდგენაში ამავდროულად, მთავარ - შურა ექთნის როლსაც ასრულებს. რეჟისორი ძირითადად პიესის ეპიზოდებს მიყვება, თუ არ ჩავთვლით, სპექტაკლის ილუსტრაციულ არავერბალურ დასაწყისს, რომელიც ვფიქრობ, განსაკუთრებულს არაფერს მატებს სპექტაკლს, ვინაიდან მსახიობები ამ არავერბალურ მოძრაობებში მსახიობები ამოცანების (მიზნების) გარეშე მოქმედებენ, ან ეს ამოცანები არ იკითხება. სპექტაკლის მთავარი ღირსება კი რეზო კლდიაშვილის გმირებია, ტიპაჟები, რომლებიც ირინა ჩხეიძემ ხარაგაულის თეატრის მსახიობებთან ერთად მიმზიდველ, საინტერესო გმირებად აქცია, რომლებიც არა მხოლოდ თანაგრძნობას და მხარდაჭერას იწვევენ მაყურებელში, არამედ ხატავენ საზოგადოების სურათს, ადამიანების ხასიათებს, რომლებისგანაც შედგება ჩვენი საზოგადოება თავისი დადებითი თუ უარყოფითი ნიშნებით, თვისებებით. ირინა ჩხეიძე გვერდს არ უვლის რეზო კლდიაშვილის მიერ სათეატრო ტექსტში ჩადებულ კოდირებულ სოციალურ-პოლიტიკურ აქცენტებს, რომლებიც სამწუხაროდ, ყველა დროში აქტუალურია, განსაკუთრებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, 30 წლის მანძილზე ჩვენში ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ყველა ყველას და ყველაფერს ყიდის, ღალატობს, ებრძვის, მაგრამ უყვართ კიდეც. სწორედ, ამაზე დაგვაფიქრებს სპექტაკლის ავტორები, ოღონდ, როგორც ეს რეზო კლდიაშვილს ჩვევია: - სულ სიცილ-ხარხარში გვაპარებს ჩვენს სისუსტეებს, მანკიერებას და ფინალში, რეჟისორი ირინა ჩხეიძე ამღერებს გიჟებად შერაცხულ საზოგადოებას „სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო!“ თენგიზ აბულაძის ფილმიდან „მონანიება“ და აი სწორედ, მაშინ, როცა ფარდა იხურება, მაყურებელი იწყებს ფიქრს და გაანალიზებას იმის, რაც ნახა, რაც გადახდა, რაზეც ბევრი იცინა... სპექტაკლში დასამახსოვრებელ ტიპაჟებს ქმნიან მსახიობები: ირინა ჩხეიძე (შურა ექთანი), ლია ჭიპაშვილი (კაბირია), ვასილ კიკნაძე (ვალოდია), მაია ბერაძე (პისტი), ბათუ კიკნაძე (როსტომი), ლუიზა კიკნაძე (ტატიანა), დავით ჭყოიძე (გულთმისანი), ირმა სხილაძე (კლავდია), ბექა ხიჯაკაძე (სამუელა). თითოეული მათგანი ჯამში ქმნის ანსამბლს, ხატავს თვითმყოფად პერსონაჟს, არ უკარგავენ დრამატურგს ჩანაფიქრს და სცენაზე აცოცხლებენ გმირებს, რომლებიც იუმორთან ერთად სევდასაც გვრის მაყურებელს. რეჟისორმა ზუსტად ჩაავლო რეზო კლდიაშვილის პიესის ტრაგიკომიკურ ჟანრს და ჟანრის პრინციპების დაცვით მოიტანა სათქმელი მაყურებლამდე. ამას მოწმობდა დარბაზის რეაქციებიც, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ხარაგაულის თეატრის მსახიობებმაც შეიტანეს.

ხონის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სახალხო თეატრმა მარია ლადოს „ერთი უბრალო ამბავი“ წარმოადგინა, რომელიც რეჟისორმა დავით ბახტაძემ დადგა. ამ პიესას ქართველი მაყურებელი ავთო ვარსიმაშვილის მიერ გადმოქართულებული ვარიანტით „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ იცნობს, რომელიც თავისუფალი თეატრის გარდა ბევრ ქართულ პროფესიულ თეატრში დაიდგა. პროფესიულ სცენაზე ადაპტირებული პიესა ახლა სახალხო თეატრის რეპერტუარში გაჩნდა. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა ერთი და იგივე პიესას მიყოლებით სხვადასხვა თეატრი დგამს. თითქოს ვირუსივით მოედება ერთი ნაწარმოები მთელ ქართულ თეატრს, რაც ტენდენციად იქცა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეჟისორები ირჩევენ გაცილებით მარტივ გზას, ვიდრე ახალი პიესის მოძიებაა.  ნაცნობი პიესის რამდენიმე სხვადასხვა თეატრში დადგმა არ იქნებოდა შემაშფოთებელი იმ შემთხვევაში, თუ მაყურებელი და პროფესიული კრიტიკა ამ კონკრეტული პიესის სხვადასხვა ინტერპრეტაციას იხილავდა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ ერთი რეჟისორის ექსპლიკაციის სხვადასხვა თეატრებში გაცოცხლების ფაქტებს. 

ხონის თეატრის „ერთი უბრალო ამბავი“ არ გახლავთ დავით ბახტაძის მიერ პიესის განსხვავებული, გამორჩეული სცენური ინტერპრეტაცია. რეჟისურა ამ სპექტაკლში სცენაზე მსახიობთა ორგანიზებით და პიესის თეატრალიზებული კითხვით შემოიფარგლა მხოლოდ, ამიტომაც გარკვეული ეპიზოდები სასკოლო ღონისძიებას დაემსგავსა, რადგან მსახიობთა უმრავლესობას არ ჰქონდა ამოცანა და ისინი უფუნქციოდ დარჩენილები უხერხულად იდგნენ სცენაზე. ეგრეთ წოდებული ლუფთპაუზების დროს, მსახიობები „სიცარიელეს“ ვერ ავსებდნენ. გამოჩნდა, რომ რეჟისორმა მონდომებითა და საკმარისად არ იმუშავა მსახიობებთან, რადგანაც მოვლენების დროს, მათ შეფასებები და რეაქციები არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ იმდენად ხელოვნური იყო, რომ მაყურებელს მათი დაჯერება უჭირდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსახიობებს გააზრებული არ ჰქონდათ ტექსტი, რომელსაც ისინი სცენიდან წარმოსთქვამდნენ, ხოლო მოჭარბებულ ემოციას და დრამატულობას ეპიზოდები პათეტიკურობასა და სცენურ სიყალბეში გადაჰყავდა. მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, გამოიკვეთა რამდენიმე მსახიობის მცდელობა, რომლებიც შეძლებისდაგვარად კვეთდნენ იმ ტიპაჟებს და ხასიათებს, რომელიც პიესაშია. მათ შორის, აღსანიშნავია ვეფხია გულედანი (მეზობელი), დემურ საღარეიშვილი (ლექსო), თინათინ გელენიძე (დიასახლისი)... სახასიათო ტიპაჟის შექმნის მცდელობა ჰქონდა გიორგი ღვაბერიძეს (კოკო), მაგრამ მან კარიკატურული პერსონაჟი შექმნა, რომელიც ამოვარდნილი იყო სპექტაკლის საერთო სტილისტიკიდან. ვფიქრობ, სამომავლოდ ხონის თეატრის მსახიობებს, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და შემოქმედებითი რესურსიც, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ თავიანთი მოღვაწეობით, მეტი გააზრება მართებთ ნაწარმოების, როლების ღრმად გააზრებისთვის და მუშაობა გამომსახველობითი საშუალებების გამრავალფეროვნებისთვის, ვინაიდან დავით ბახტაძის სპექტაკლში ისინი ამ უნარებისგან გამოიყურებოდნენ, როგორც გაძარცვული და დაცლილი.  

ყოველწლიურად იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელი თვალს ადევნებს საჩხერის თეატრის თანმიმდევრულ მუშაობას და რწმუნდება იმაში, რომ გიორგი მეტონიძის ხელმძღვანელობით ამ შემოქმედებითმა ჯგუფმა თავისი თავი არავერბალურ თეატრში იპოვა, სადაც მოძრაობა, ცეკვა და პანტომიმა ერწყმის ერთმანეთს. გიორგი მეტონიძისა და მის გარშემო შემოკრებილი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არც პროფესიულ წრეებში ეპარებათ, თვალშისაცემია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა და ახალი ენის ძიება სხვადასხვა არავერბალური ფორმების შერწყმის გზით. ერთი მხრივ, მოძრაობის სამყაროში ჩაკეტვა გარკვეულწილად ზღუდავს შემოქმედებითი გუნდის თვალსაწიერს, ეს მიჯაჭვულობა აჩენს საშიშროებას შემოქმედებითი ძიების გაყინვის და ავიწროებს გამომსახველობითი საშუალებების და სათეატრო ხერხების არეალს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საჩხერის თეატრს, მიუხედავად იმისა, რომ დასი მოყვარულებით არის დაკომპლექტებული, მოვიაზრებ როგორც პროფესიულ თეატრს, ვინაიდან მათი სპექტაკლების მხატვრული ხარისხი პროფესიული თეატრებისას უტოლდება. ისეთ პატარა მუნიციპალიტეტში, როგორიც საჩხერეა, მაყურებელს ალბათ მეტი მრავალფეროვნება სჭირდება, თეატრი კი პირველ რიგში მაყურებელს უნდა ემსახურებოდეს და მხოლოდ პროფესიული კრიტიკის გულის მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

გიორგი მეტონიძის სპექტაკლს საფუძვლად დაედო თომას ელიოტის მცირე ლექსი „ფუტურო ადამიანები“, რომელმაც რეჟისორს მისცა იმპულსი აეგო გარკვეული ამბავი, შეეთხზა ისტორია და გადმოეცა განცდა-განწყობები ჯოჯოხეთსა და სამყაროს აღსასრულზე (რაზეც ინტენსიურად საუბრობენ სცენიდან ქართველი და უცხოელი რეჟისორები განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში). აპოკალიფსის თემა საგრძნობლად აქტუალურ თემად იქცა ხელოვნებაში, რაც პანდემიითა და ადამიანების თვითიზოლაციით არის განპირობებული. როცა გიორგი მეტონიძის სპექტაკლს ვუყურებდი, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ სპექტაკლის ავტორი იცნობს არა მხოლოდ ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესს, არამედ მსოფლიო სათეატრო ტენდენციებს არავერბალური თეატრის სამყაროში. ინფორმაციის ფლობის კვალი და მისი გაზიარება-გადამუშავება კარგად ჩანს მის სპექტაკლებში, განსხვავებით ფესტივალში მონაწილე ბევრი რეჟისორისგან.

გიორგი მეტონიძე მუდმივად კოლაბორაციაშია ლიკა დარბაიძესთან, რომელიც გემოვნებიან, შესაბამისად, მაღალი მხატვრული ხარისხის მუსიკალურ პარტიტურებს არჩევს საჩხერის თეატრის სპექტაკლებისთვის და რაც ყველაზე მთავარია: ზუსტად უსადაგებს და უქვემდებარებს კიდეც მუსიკას სიუჟეტს, რომელზედაც გიორგი მეტონიძე აშენებს მოქმედებას, მოძრაობას (ქორეოგრაფი ბუბა სავანელი). „ფუტურო ადამიანები“ ასოციაციური სპექტაკლია, რომელიც მაყურებელს წარმოსახვის და ამბის მისეული ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდა მსახიობები: მარიამ ტაბატაძე, ცოტნე ჭუმბურიძე, საბა მაჭარაშვილი, ლანა ბახტურიძე, ნოდარ გურასაშვილი, ნინიკო ჭიღლაძე, ბუბა სავანელი, გია ჩხაიძე და თავად რეჟისორი გიორგი მეტონიძე ასრულებენ საკმაოდ რთულ ქორეოგრაფიულ პარტიტურას, ქმნიან ხასიათებს და ტიპაჟებს.

გიორგი მეტონიძე სპექტაკლში „ფუტურო ადამიანები“ გამომსახველობითი საშუალებების ფართო პალიტრას იყენებს: სიტყვას, ვოკალს, პლასტიკას. ამ საშუალებებით კი ქმნის მისტიკურ განწყობას და მითოსურ სამყაროს. მსახიობ-შემსრულებელთა საშუალებით იქმნება სამყარო, რომელიც წარმოაჩენს სამყაროს უფერულს, უსახურს, ვინაიდან საზოგადოებამ დაკარგა ფასეულობები და ადგას დეგრადაციის გზას. სპექტაკლში ვხვდებით მოდერნიზებულ გალობას, მიზანსცენებში გაცოცხლებულ ფერწერულ ტილოებს, ნაცნობ ეპიზოდებსა და სილუეტებს. ეპიზოდები ერთმანეთს რეფრენისებური ეპიზოდით ენაცვლება, რომელიც ვოკალურ ხერხშია გადაწყვეტილი და განსაკუთრებულ მისტიკას, ემოციურობას და ხიბლს სძენს წარმოდგენას. განსაკუთრებით მომხიბვლელები იყვნენ: ვოკალისტი - დარეჯან დარბაიძე, მხლებლები: ელგა გუგუნავა და ბადრი ბერიძე.  დარეჯან დარბაიძის თვითმყოფადი ვოკალი გამორჩეულ ფერს სძენდა სპექტაკლს.

ბაღდათის თეატრმა ოთარ ბაღათურიას პიესა „მეფე ლირი თავშესაფარში“ წარმოადგინა, რომელიც მესხიშვილის თეატრის მსახიობმა ავთანდილ სახამბერიძემ დადგა. მსახიობის მიერ დადგმულ სპექტაკლებს ყოველთვის ეტყობა მსახიობის ხელი, რომელიც უფრო მეტად ხასიათების გამოკვეთაზეა ხოლმე ორიენტირებული, ვიდრე რეჟისურულ მიგნებებსა და სცენურ მეტაფორებზე. სიმართლე ვთქვათ, ოთარ ბაღათურიას პიესა არც იძლევა რეჟისორული გამომგონებლობისა და ინტერპრეტირების საშუალებას, ამიტომაც განსაკუთრებული მოლოდინი არც მქონია. თუმცა ველოდი მრავალფეროვან სახე-ტიპაჟებს, მაგრამ სამწუხაროდ, წარმოდგენა სიტყვა-სიტყვით მიყვებოდა პიესას და მთლიანობაში ის თეატრალიზებულ კითხვას უფრო ჰგავდა, ვიდრე მსახიობები თავიანთი პერსონაჟებით ცხოვრობდნენ სცენაზე. ამიტომაც იყო გაუცხოება არა მხოლოდ პარტერსა და სცენას შორის, არამედ პარტნიორთა შორისაც. თუმცა რამდენიმე მსახიობი მაინც გამოიკვეთა და გახდნენ დასამახსოვრებლები, მათ შორის, დოდოს როლის შემსრულებელი ლელა ჭრელაშვილი და ანიკოს როლის შემსრულებელი ეთერი დევიძე, რომელიც უსიტყვო მოქმედებით, მხოლოდ შინაგანი ემოციით, მიმიკით გამოხატავდა პერსონაჟის ტრაგიზმს, რაც თანაგანცდას იწვევდა მაყურებელშიც. სახასიათო ტიპაჟს ქმნიდა მაგდა გერაძე - ჟურნალისტი, რომელმაც გამოაცოცხლა სპექტაკლის ფინალური ეპიზოდი თავისი თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ბევრი მოვლენა ხდება დასამახსოვრებელი მხოლოდ ეს პერსონაჟები და მათი შემსრულებლები იყვნენ. ამ სამეულს ემატება გიორგი სახამბერიძე („ის“), გამართული მეტყველებითა და თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი მანერებითა და მეტყველების სტილით. ბაღდათის თეატრის სპექტაკლს „მეფე ლირი თავშესაფარში“ აკლდა სცენური ურთიერთობები პარტნიორებს შორის, არ იყო ხილული განწყობა და გრძნობათა ბუნება, მსახიობთა თამაშს ეტყობოდა ხელოვნურობა და სიმძიმე. სცენაზე იქმნებოდა ქაოსი, რომელსაც ხელს უწყობდა ზაზა კილასონიას მუსიკალური თემები, რომლებიც არც ფონს ქმნიდა და არც განწყობას გამოხატავდა იმ კონკრეტული მოვლენების, რაც სცენაზე ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში მაყურებელმა ნახა ოთარ ბაღათურიას პიესის ტექსტის სცენური ილუსტრაცია.

თერჯოლის თეატრი, რომელიც ტრადიციულად მონუმენტური და  ანსამბლური სპექტაკლებით გამოირჩეოდა, წელს ფესტივალზე კამერული წარმოდგენით სლოვომირ მროჟეკის ცნობილი პიესით „ემიგრანტები“ წარსდგა, რომელიც პროფესიონალმა რეჟისორმა, ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. მამუკა ცერცვაძე ერთ-ერთი საინტერესო რეჟისორია ქართულ თეატრში, მაგრამ ვფიქრობ, სპექტაკლის წარმატებაში გადამწყვეტი როლი აკისრია პიესის ზუსტად შერჩევას და იმ არტისტულ რესურს, რაც კონკრეტულ თეატრშია. მაყურებელმა იხილა მორიგი თეატრალიზებული კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ დეკორაციით ატმოსფერო შექმნილია, ამ სივრცეს ორი მსახიობი მხოლოდ ფიზიკურად „ავსებს“ და ისინი ვერ ქმნიან ვერც სანახაობას და ვერც ანალიტიკურ დიალოგს. თავი იჩინა სასცენო მეტყველების ისეთმა პრობლემებმა, რომელთა გადაჭრაც მუშაობის შედეგად შესაძლებელია, თუმცა, როგორც ჩანს მსახიობებს ამ პრობლემის გადაჭრაზე არ უმუშავიათ. (ორივე მსახიობს დიმა არეშიძესა და ზვიად მაკარაძეს, ჰქონდათ ლან-ის არასწორად წარმოთქმის პრობლემა).

პრობლემა, რომელიც მამუკა ცერცვაძემ წამოჭრა თერჯოლის თეატრის სცენიდან უაღრესად აქტუალურია. პიესაში დასმული მწვავე პრობლემები, რომელიც ტექსტებში ვლინდება მაინც აღწევს მაყურებლამდე და აფიქრებს არა მარტო ემიგრაციაში მყოფ ადამიანთა სულიერ მდგომარეობაზე და კრიზისზე, არამედ ადამიანის დეგრადაციაზე. მაყურებელი ადეკვატურად აღიქვამდა პერსონაჟთა ქცევებს, მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. მაყურებელი ტაშს უკრავს იმ გადაწყვეტილებას, როცა გმირები მატერიალურ კეთილდღეობაზე ამბობენ უარს და პრიორიტეტს უფრო მნიშვნელოვან ღირებულებებსა და ფასეულობებზე აკეთებენ. ამ თვალსაზრისით, სპექტაკლმა თავისი ფუნქცია შეასრულა და მაყურებელი დააფიქრა კიდეც ადამიანის რაობაზე, მის ფუნქციასა და მოვალეობებზე.

ფესტივალის პროგრამაში ვიხილეთ ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „მახინჯი ბატის ჭუკი“ (ანდერსენის ზღაპრის მიხედვით), რომელიც რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. სილამაზე განსხვავებულობაშია და ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაში! ესაა სპექტაკლის უმთავრესი თეზა, რომელიც ორიგინალური ფორმით, ეფექტური ხერხებით და უშუალობით არის მოტანილი მაყურებლამდე. ორიგინალურად არის შეფუთული და დამზადებული თავად პერსონაჟები, რომელთაც თოჯინებსაც ვერ ვუწოდებთ. მხატვარმა ილია საჯაიამ სამზარეულოს ინვენტარის დეტალების კომბინაციით შექმნა ფიგურები, პერსონაჟები, რომელსაც პროფესიონალიზმითა და ოსტატობით აცოცხლებენ ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობები: თეა გეგეჭკორი, ჯანეტ ქობულაძე, ნინო შეყლაშვილი, მანუჩარ ბეგალიშვილი,სერგი ზოსიაშვილი, ბაქარ დეისაძე, აბელ სოსელია. მსახიობები არ აცოცხლებენ ერთ რომელიმე კონკრეტულ პერსონაჟს, ისინი პერიოდულად ენაცვლებიან ერთმანეთს პერსონაჟების მოძრაობაში, საუბარში. ისინი ჩვენ არაერთ სპექტაკლში გვინახავს, მაგრამ ამ დადგმაში მათ აჩვენეს ანსამბლურობის განსაკუთრებული უნარი, მაღალი პროფესიონალიზმი და პერსონაჟთა შინაგან სამყაროში წვდომის და მისი მაყურებლამდე წარმატებით მიტანის  უნარები.

ვფიქრობ, საბავშვო თეატრმა მაყურებელს უაღრესად აქტუალური პრობლემის გადაჭრის მისეული ვერსია შესთავაზა არა მხოლოდ პატარებს, არამედ მათ მშობლებს. დამდგმელი ჯგუფი შემოქმედებითად მიუდგა არა მარტო ლიტერატურულ პირველწყაროს, არამედ სპექტაკლის დადგმას, მის მხატვრულ გადაწყვეტას და ფორმას.  შემოქმედებითმა გუნდმა სამზარეულოს აქსესუარებით შექმნეს “სულიერი არსებები” და დახატეს უსულო, მექანიკური, ერთფეროვანი საზოგადოება და ის, ვინც მათ არ ჰგავს სიძულვილის მსხვერპლია. ნებისმიერი განსხვავებულის მიუღებლობა  -  ეს არის სპექტაკლის ძირითადი თემა, რომელსაც ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობები ორიგინალური მხატვრული ფორმით და ხერხებით მოგვითხრობენ და გვასწავლიან, როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა კონფლიქტის გარეშე. ოჯახიდან, ახლობლებიდან, საზოგადოებიდან გარიყული იხვია ჭუკი, რომელიც სამყარომ შვა ისეთი როგორიც ის არის ამ საზოგადოების მიუღებლობის გამო მსხვერპლია, რომელიც მარტო რჩება, მაგრამ როგორც კი იპოვის და მიიღებს და შეიყვარებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ის არის, ხდება ბედნიერი. მთავარ გმირს ღრმა შინაგანი სამყარო გააჩნია, რთულ გზას გადის, მაგრამ მაინც პოულობს ბედნიერებას, რადგან აღმოაჩენს საკუთარ თავს, იპოვის მასში იმას ვინც არის და აღმოჩნდება, რომ ყველაზე ლამაზია, რადგან ის ნამდვილია. ეს იდეა არა მხოლოდ სიუჟეტით არის გადმოცემული, არამედ ვიზუალურადაც თოჯინის მეშვეობით - ჩვენს წინ იბადება ახალი, სრულყოფილი პერსონაჟი, რომელიც ბედნიერებისგან ფრენს და მაყურებელიც მასთან ერთად ბედნიერია.

„თეატრალური იმერეთი 2021“-ის მიმდინარეობის პერიოდში მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. ეჟენ იონესკოს „ორთა ბოდვა“ რეჟისორებმა ლევან სვანაძემ და კოტე აბაშიძემ დადგეს. მასში მესხიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე მონაწილეობენ. წარმოდგენაში, რომელიც 50 წუთს მიმდინარეობს, დრო საერთოდ არ იგრძნობა, რადგან მსახიობები სიუჟეტის და მათ მიერ შემოთავაზებულ თამაშის ხერხში გითრევენ. დამდგმელი ჯგუფი ცნობილი პიესის თავისებურ ვერსიას გვთავაზობენ, რომელიც არ არის აგებული ერთ რომელიმე კონკრეტულ თამაშის სტილსა თუ ჟანრზე, ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოშია მოთავსებული და კომიკურ სიტუაციას არა მსახიობთა თამაში ქმნის, არამედ მათ მიერ სცენაზე შექმნილ-გათამაშებული ამბავი, კონფლიქტის აბსურდულობა. ეჟენ იონესკოს პიესაში მოქმედება ომის ფონზე ვითარდება, ისვრიან გარეთ და „ისვრიან“ ოჯახში, სადაც კონფლიქტი აბსურდულმა კამათმა გამოიწვია. ნამდვილი ომებიც აბსურდული მიზეზებით იწყება და ისეთ ქაოსს იწვევს, რომელსაც აპოკალიფსამდე მიჰყავს სამყარო. ნებისმიერი ომი, ქვეყნებსა და ოჯახის წევრებს შორის რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას ემსახურებოდეს ის, მაინც აბსურდია, ასე იყო ყოველთვის, მათ შორის, პირველყოფილ საზოგადოებაშიც. სწორედ ამიტომ გვხვდება თეო კუხიანიძის სცენოგრაფიაში ალტამირას მღვიმისა და ლასკოს გამოქვაბულის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები და დეტალები. მარიკა სამანიშვილისა და თენგიზ ჯავახაძის გმირებიც პირველყოფილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ და სიყვარულის მიუხედავად ომობენ უმნიშვნელო მიზეზით. ამ საზოგადოებაში ყველა ერთმანეთის დაჭმაზეა, სექსის დროსაც კი (სექსიც კი, რომელიც პარტნიორებს ბედნიერებას და სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, ბრუტალურია). ამიტომაც ისმის ლომთა აგრესიული ბღავილი, რომელთაც მსახიობები მოქმედებებით „ავსებენ“ სრულყოფილი სურათის შესაქმნელად. გარეთ ომში ვიღაც „იმარჯვებს“ და ისმის გამარჯვებულთა აღლუმის ხმა, ამ „ოჯახშიც“ არიან გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, თუმცა ეს ომი არ დამთავრებულა, ის არასოდეს დამთავრდება!

ტყიბულის თეატრმა ჯონ პრისტლის  „დედის დღე“ წარმოადგინა. სპექტაკლი  რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ დადგა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს პროფესიულ თეატრში მუშაობის. მას არაერთი წარმატებული სპექტაკლი დაუდგამს ქუთაისის თოჯინების თეატრში. ამჯერად, ის დრამატული თეატრის ფორმატის რეჟისორად მოგვევლინა. ამბავი, რომელზედაც ტყიბულის თეატრის მსახიობებმა მოგვითხრო, საკმაოდ დრამატულია და სევდიანი. ისტორია ერთ ოჯახში ვითარდება, სადაც დედა მხოლოდ ოჯახის წევრების მზრუნველობასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაგრამ ოჯახის წევრები ამ დამოკიდებულებას ვერც ხედავენ და ვერც აფასებენ. მაშინ მთავარი პერსონაჟი ექსპერიმენტს მიმართავს და ყველაფერი თავდაყირა დგება. სცენაზე სევდიან ეპიზოდებთან ერთად, კომიკური სიტუიცებიც იქმნება. სასურველი იყო რეჟისორს მეტი ემუშავა მსახიობებთან არა მხოლოდ პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთაზე, არამედ ხმაზე, რადგან მესხიშვილის თეატრის დარბაზმა და სცენამ ტყიბულელი მსახიობების ხმა მთლიანად შთანთქა, რის გამოც მაყურებელს უჭირდა ამბავზე თვალ-ყურის მიდევნება.

წყალტუბოს თეატრმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ორი მოთხრორბის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „სისხლი“ ქრონიკები შემოგვთავაზა, რომელიც დამდგმელმა რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა ერთ სპექტაკლში გააერთიანა და მას „ბადიში“ უწოდა, რაც შვილიშვილს ნიშნავს აჭარულ (შესაძლოა გურულშიც) დიალექტში. წყალტუბოს სახალხო თეატრის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენურ ინტერპრეტაციაში ერთმანეთს მიება ნოდარასა და ზურიკელას დამოუკიდებელი ისტორიები და ის ერთი გმირის ამბად იქცა. დამდგმელმა ჯგუფმა ტრადიციული ხერხებით და ქართულ სცენაზე დამკვიდრებული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციის ტრადიციის დაცვით შემოგვთავაზეს ისტორია, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელს აღელვებს და გათამაშებული, თუ მოსმენილი გულგრილს არ ტოვებს, რაც არ უნდა პროფესიულად გაუმართავი და ლაფსუსებით სავსე იყოს მონოლოგი თუ დიალოგი (შესრულების თვალსაზრისით). წყალტუბოს თეატრის სპექტაკლს ერთი მხრივ ეტყობოდა პროფესიონალი რეჟისორის ხელი, მაგრამ მეორე მხრივ, თვალშისაცემი იყო ის დაუდევრობები, რაც რეჟისორს სპექტაკლის დადგმის დროს გამოეპარა. ფაქტობრივად, უფუნქციო იყო პერსონაჟ-თოჯინების შემოყვანა სპექტაკლში, ეს ხაზი წარმოდგენის მსვლელობის დროს არ ვითარდება, მას არ აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა სპექტაკლში. რეჟისორს გამოეპარა ისიც, რომ სცენაზე მომხდარი მოვლენების დროს სხვა მსახიობებიც დგას და მათ რეაქცია უნდა ჰქონდეთ, ე.წ. „შეფასება“. თუ მსახიობები მოვლენის მიმდინარეობისას სცენაზე დგანან, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ რეაქცია, რადგან ისინი ცვილის ფიგურები არ არიან (რეჟისორის გადაწყვეტით ცხადია). ზოგიერთი მსახიობის შინაგანმა, პირველყოფილმა უშუალობამ და გულწრფელობამ, ნოდარ დუმბაძის ტექსტის სენსიტიურობამ გამოკვეთა რამდენიმე მსახიობი, მათ შორის აღსანიშნავია: ბებიის (ოლღას) როლის ახალგაზრდა შემსრულებელი თეა გეგეჭკორი, ბაბუის (ქიშვარდის) როლის შემსრულებელი ზურაბ ყურაშვილი და ზურიკელას (ნოდარას) როლის შემსრულებელი ნიკოლოზ ჩიხლაძე. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა მსახიობმა თეა გეგეჭკორმა ისე შეასრულა ბებიას როლი, რომ მაყურებელს არ უგრძვნია (შეუმჩნევია) მსახიობის ასაკი. ხანდაზმული, ლირიკული პერსონაჟის ხასიათი მან წარმატებით მოირგო და ფინალურ სცენაში, ზუსტი პაუზებით და ზომიერი ემოციურობით ააღელვა (უფრო სწორად, ააცრემლიანა) მაყურებელი. გულწრფელობითა და უშუალობით გამოირჩეოდა ზურაბ ყურაშვილის ბაბუა. პერსონაჟის სიდინჯე და ემოციის კონტროლი სცენაზე მომგებიანი ხერხი აღმოჩნდა მსახიობისთვის, რომელმაც ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა პარტერში, ხოლო სრულიად ახალბედა მსახიობს ნიკოლოზ ჩიხლაძეს აქვს პოტენცია წარმატებით გააგრძელოს სამსახიობო კარიერა, რადგან მან გამოავლინა ის უნარები და შემოქმედებითი რესურსი, რომელიც პროფესიონალ მსახიობს სჭირდება. სცენური მომხიბვლელობის (ფაქტურის) გარდა, მას აქვს გამართული მეტყველება და ინტონაციის სწორად დასმის უნარი.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის მუნიციპალურმა თეატრმა ფრანგი ავტორის ივ ჟამიაკის „ბატონი ამილკარი“ შემოგვთავაზა. რეჟისორმა ლოლიტა ჯორჯიკიამ სპექტაკლი მაყურებელს „ყველაფრისთვის გადახდილია“ სახელწოდებით წარუდგინა. სამტრედიის თეატრის დასმა სევდიანი და დრამატული წარმოდგენა შემოგვთავაზა, რომელიც მდორედ და მონოტონურად მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ სპექტაკლში ვერც რეჟისორული მიგნებები ვიპოვე, ვერც ორიგინალური სცენოგრაფია და ვერც გამართული ქორეოგრაფიული „ნომერი“. რეჟისორი მოგვევლინა როგორც ტექსტის სცენაზე დადგმის ორგანიზატორი, რაც იმას გულისხმობს, რომ მსახიობები სცენაზე ტექსტებს კითხულობენ მხოლოდ პერსონაჟთა ხასიათების ყოველგვარი გააზრების გარეშე. სწორედ ამის გამო წარმოდგენა თეატრალიზებულ კითხვასაც არ ჰგავდა, რამაც ამბავიც დაკარგა, სიუჟეტი ვერ აღწევდა მაყურებლამდე. ყოველივე ამის გამო წარმოდგენა მოსაწყენ კითხვად იქცა. ხასიათის შექმნის მცდელობა ჰქონდა ნინო ჭახნაგიას (ვირჯინია), მსახიობმა შეძლო პერსონაჟის ხასიათის მიგნება და მისი მაყურებლისთვის ჩვენება. მთავარი როლის შემსრულებელი ლოლიტა ჯორჯიკიამ რამდენჯერმე გამოიცვალა კოსტიუმი (ჭრელ კაბებსა და ტანისამოსში გამოწყობილი გვევლინებოდა ყოველ ეპიზოდში), განსხვავებით სხვა პერსონაჟებისაგან... ვფიქრობ, სამტრედიის თეატრის დასს აქვს შემოქმედებითი პოტენცია, რომელიც არ არის კარგად ათვისებული და მიზნობრივად გამოყენებული, რადგან თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა და სადადგმო კულტურა ამ რესურსის გამოყენებას უშლის ხელს. ეს პრობლემა არა მხოლოდ სპექტაკლში „ყველაფრისთვის გადახდილია“ გამოვლინდა, არამედ თეატრის სხვა წინა დადგმებშიც.

ფესტივალის ჩემი ფავორიტი სპექტაკლების სამეულში  (ხარაგაულის თეატრის „იმერული რეკვიემისა“ და საჩხერის თეატრის „ფუტურო ადამიანების“ გვერდით) მინდა მოვიაზრო ვანის სახალხო თეატრის სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“, რომელიც საშემსრულებლო კულტურით, სცენოგრაფიით, მუსიკალური გაფორმებით ნამდვილად იყო წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი „ნათელი წერტილი“. ერთი მხრივ, მისასალმებელი და კარგია რეჟისორ ლაშა ლომჯარიას შემოქმედებითი „სითავხედე“, როცა მან სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ დადგმა გადაწყვიტა, რაც დასისთვის გამოცდილებაცაა და მნიშვნელოვანი გამოწვევაც, ხოლო მეორე მხრივ, გენიალურ ნაწარმოებში იმის ძიება, რაც მასში უბრალოდ არ არის, ფუჭად დაკარგული დრო მგონია. რეჟისორები ხშირად ერევიან ტექსტში, ცვლიან პიესის კონცეფციას, სვამენ ახლებურად დანახულ აქცენტებს, ამატებენ ან აკლებენ პერსონაჟებს - ყოველივე ჩამოთვლილი, ერთგვარ ტენდენციად იქცა. რეჟისორი ლაშა ლომჯარია არ არის ერთადერთი გამონაკლისი თანამედროვე ქართული თეატრის რეჟისორებს შორის, რომელიც ტექსტს უდგება როგორც მასალას სცენური ინტერპრეტაციისთვის, რაც მართებულია, მაგრამ ბევრი რეჟისორი თავის სათქმელს (რისი სრული უფლებაც მას აქვს) იმ პიესაში არ ეძებს, რომელშიც ის უბრალოდ არ არის. ამიტომაც ასეთ წარმოდგენებში იკარგება ლოგიკური ბმა ლიტერატურულ პირველწყაროსა და რეჟისორის გამოგონილ, შეთხზულ სამყაროს შორის. სპექტაკლში აშკარად იგრძნობა რეჟისორის კონცეფციისა და ბეკეტის მსოფლმხედველობის ჭიდილი და მთავარ სათქმელს ფარავს იაფფასიანი, სტერეოტიპული გამომოსახველობითი საშუალებები...

ლაშა ლომჯარიამ, 2019 წელს ვანის თეატრის მსახიობებთან ერთად დადგმული სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტები“ - შემოგვთავაზა, რომელმაც გამართული, სიმართლეზე და გულწრფელობაზე დაფუძნებული, პროფესიულად გამართული, მხატვრული ნაწარმოები გვიჩვენა, რის გამოც ვანის თეატრი საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა და გრანპრი სამართლიანად დაიმსახურა. ამჯერად კი, რეჟისორი მისთვის (შესაძლოა ბევრი მისი თანამოაზრეებისთვისაც) მნიშვნელოვანმა პრობლემებმა გაიტაცა - სექსუალური უმცირესობების თემამ და არა ამ თემის პრობლემებმა, არამედ პირიქით, რეჟისორმა მიზნად დაისახა მათი დაცინვა საკმაოდ გაცვეთილი, სტერეოტიპული ფორმით. რა თქმა უნდა, ხელოვანს ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების (აუცილებელიც კია), ნაწარმოების მისეული ინტრეპრეტაციის, მაგრამ რეჟისორისეული კონცეფცია უნდა ემყარებოდეს მყარ ლოგიკურ საფუძველს, რათა სცენაზე გათამაშებული მოვლენა იყოს დამაჯერებელი და მისი გაზიარება მაყურებელმაც უნდა შეძლოს. ლაშა ლომჯარიასეულ ინტერპრეტაციაში კი, ჩვენ ვნახეთ სექსუალური უმცირესობების დამცირების მცდელობა (მსახიობ მამაკაცთა მიერ დაუსრულებელი ფემინურობის, მანერულობის თამაში და პირიქით, მასკულინური ქალი), მაგრამ სპექტაკლის სიუჟეტურმა ხაზმა (ცხადია ბეკეტისეულმა) და მსახიობთა პროფესიონალურმა, უფრო მეტიც ოსტატურმა შესრულებამ რადიკალურად სხვა სურათი დახატა.

ვანის თეატრის ახალ სპექტაკლში „გოდოს მოლოდინში“ ვლადიმირი (აბელ სოსელია) და ესტრაგონი (ამირან შარაშენიძე) გეი წყვილია. რეჟისორი ორივე პერსონაჟს ხატავს ფემინურ-მანერულ პერსონაჟებად, რაც ისევე სტერეოტიპულია, როგორც ლესბოსელის მასკულინურ ადამიანად წარმოჩენა. სტერეოტიპული მიდგომა კი ნაკლებ დამაჯერებელია, ნაკლები არგუმენტია შეხედულებათა გასაზიარებლად და დასამტკიცებლად. ფემინურობა ან მასკულინობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ. მსგავსი მიდგომა კარიკატურად, ვოდევილის პერსონაჟებად აქცევს ტიპაჟებს და ამ ხერხით იკარგება მიზანი, რომელიც რეჟისორს აქვს ჩაფიქრებული - სექსუალური უმცირესობები წარმოაჩინოს დასაცინ, მახინჯ, სულიერად გაუწონასწორებელ არსებებად, მაგრამ სცენაზე მაყურებელმა სხვა რამ იხილა. აბელ სოსელიასა და ამირან შარაშენიძის მიერ შესრულებული პერსონაჟები მაყურებელში არ იწვევენ აგრესიას, პირიქით მათ შემოაქვთ მხიარულება და გვიჩვენებენ სამაგალითო მეგობრობას, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას. მსახიობები ზედმიწევნით ასრულებენ რეჟისორის ამოცანებს (მოსაბეზრებლად ბევრს იტყლარჭებიან) და მაინც, საბოლოო ჯამში ხატავენ პერსონაჟებს, რომელთაც დაკარგეს იმედი და რწმენა, მაგრამ მათ აქვთ სურვილი იპოვონ ის. ამის გამო მოთმინებით, დიდხანს ელოდებიან გოდოს. ისინი, მიუხედავად მერკანტილური მისწრაფებებისა, მაინც ადამიანურები, მიმტევებლები, ადამიანთმოყვარეები არიან (დაცემული კოკოს წამოყენების ეპიზოდი). ძალზედ ეფექტური იყო კოკოს (სოფო ჩირაძე) და ლაქის (გიგა ბუბუტეიშვილი) პირველი გამოჩენა. ჩაბნელებულ სცენაზე სოფო ჩირაძის გმირი ფარნით შემოდის და ოსტატურად კითხულობს არაკლასიკურ მონოლოგს. მსახიობი ხატავს ძლიერ ქალს, უმოწყალოსა და ბავშვობის კომპლექსებით სავსეს, რომლის წყალობითაც ის მოძალადედ, შეუბრალებელ ადამიანად იქცა. ფინალში კი ვხედავთ მის მეტამორფოზას, ფიზიკურად დაცემულს, მაგრამ  გაადამიანურებულს. სოფო ჩირაძე ზუსტი ინტონაციებით, მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის არტისტული რესურსის სიუხვეს და დიაპაზონს. იგი სულ სხვა, აქამდე ჩვენთვის უცნობ ამპლუაში წარსდგა მაყურებლის წინაშე და რაც მთავარია, წარმატებულად. გიგა ბუბუტეიშვილის გმირი (ლაქი) ფაქტობრივად არ ლაპარაკობს. ეს უტყვი როლი ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი პერსონაჟია სპექტაკლში. გიგა ბუბუტეიშვილი მხოლოდ მოძრაობით და ფაქტობრივად მიმიკებისგან დაცლილი სახით მაინც ახერხებს გმირის ხასიათის, მისი განვლილი ცხოვრების მაყურებლისთვის მიწვდენას. მისი როკვა კი სპექტაკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სპექტაკლში კიდევ ერთი მსახიობი - ერეკლე ბუბუტეიშვილი (ბიჭი) მონაწილეობს, რომელიც წარმოსახვით პერსონაჟად აღიქმება სპექტაკლის დანარჩენი გმირების ცნობიერებაში. სპექტაკლის ცქერისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლაშა ლომჯარიამ შეძლო არტისტული ანსამბლის შექმნა. მსახიობები თამაშისას ჰარმონიას ქმნიან სცენაზე, მათი პარტნიორული დამოკიდებულებები სანიმუშოა და ჯანსაღი.

ვანის თეატრის „გოდოს მოლოდინში“ მოქმედება უდაბნოში მიმდინარეობს. სცენა დაფარულია თეთრი ქვიშით. (მხატვარი თამაზ ნიკოლეიშვილი). რეჟისორისა და მხატვრის მიერ სივრცის ასეთი გადაწყვეტა არა ერთ ასოციაციას იწვევს. უდაბნო, როგორც უკაცრიელი, გამომშრალი სივრცის სიმბოლო,  როგორც დაუსახლებელი ტერიტორია. უდაბნო ბიბლიური სახისმეტყველების მიხედვით, მოიაზრება როგორც უფლისგან მიტოვებული ადგილი, ეშმაკის სამყოფლო, სადაც ქაოსი, უნაყოფობა, ბოროტება სუფევს. უდაბნოში მოღვაწეობა სულიერების დასამკვიდრებლად, ნათლის მოსაპოვებლად, წესრიგის დასამყარებლად უდიდესი მადლია. უდაბნოს წმინდა ადამიანები თავს კი არ არიდებენ, არამედ იღვწიან მის გარდასაქმნელად. უდაბნოს, ასევე, აღიქვამენ სულის შეცნობის, თვითგამორკვევის, ადგილად (იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა. მაცხოვარი 40 დღე იყო უდაბნოში და ეწყვებოდა (ებრძოდა) ეშმაკს). ასე რომ, გრიგოლსა და მის სულიერ ძმებს წილად ხვდათ არაბთაგან გაპარტახებულ, უკაცრიელ ადგილებში აეღორძინებინათ რწმენა და სიცოცხლე, ქალაქად, ანუ მოწესრიგებულ გარემოდ, ექციათ იგი. თუ ამ კონცეფციას მივყვებით, მაშინ გასაგებია რატომ არის განთავსებული უზარმაზარი ჯვარი სცენის შუაგულში, ხის მაგიერ. ვფიქრობ, ვანის თეატრის გარშემო პროფესიონალთა გუნდი გაერთიანდა. მათი სტაბილური თანამშრომლობა კი მომავალში ბევრი წარმატების საწინდარია.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ჭიათურის თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელის მამუკა ცერცვაძის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“ დახურა, რომელიც მულტიმედიური ხერხების დიდი დოზით გამოყენებითაა დადგმული.

„თეატრალური იმერეთი“ საქართველოში არსებულ ფესტივალებს შორის ერთადერთია, რომელიც პროფესიულ თეატრებთან ერთად, სახალხო თეატრებს აერთიანებს, ეს ფაქტი კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. ფესტივალის გუნდს - ლევან როხვაძე (სამხატვრო ხელმძღვანელი), მაია პაქსაშვილი (გენერალური დირექტორი), გელა ძაგნიძე (პროგრამის კოორდინატორი) კი მადლობას ვუხდი მნიშვნელოვანი სათეატრო ფორუმის ორგანიზებისთვის, ხოლო ჟიურის წევრებს: ბაია კოღუაშვილს, გიორგი ყაჯრიშვილს, ნერონ აბულაძეს, გიორგი კიკვაძეს, გია ტყვაცირიას კონსტრუქციული თნამშრომლობისა და პროფესიონალიზმისთვის, მოქალაქეობრივი პოზიციისა და პრინციპულობისთვის.

წლევანდელმა ჟიურიმ პრიზები შემდეგი ნომინაციებში გასცა:

ნომინაცია- საუკეთესო მუსიკალური გაფორმება-  ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისათვის ,,გოდოს მოლოდინში“

ნომინაცია- საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი - ვანის სახალხო თეატრის მსახიობებს სოფიო ჩირაძს, აბელ სოსელიას, ამირან შარაშენიძეს, გიგა ბუბუტეიშვილს - სპექტაკლისათვის ,,გოდოს მოლოდინში“

ნომინაცია- საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის როლი - ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობს ლია ჭიპაშვილს - სპექტაკლისათვის ,,იმერული რეკვიემი“

ნომინაცია-საუკეთესო ქალი მსახიობი - ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობს - ირინე ჩხეიძეს -   სპექტაკლისათვის ,,იმერული რეკვიემი“

ნომინაცია-საუკეთესო სცენოგრაფია საჩხერის სახალხო თეატრის მხატვარს ლია დარბაიძეს,  სპექტაკლისათვის ,,ფუტურო ადამიანები“

ნომინაცია - პოეტური ნაწარმოების ორიგინალური გადაწყვეტა - გადაეცემა საჩხერის თეატრის რეჟისორს - გიორგი მეტონიძეს - სპექტაკლისთვის „ფუტურო ადამიანები“

ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - საჩხერის თეატრის მსახიობს დარეჯან დარბაიძეს - სპექტაკლისთვის „ფუტურო ადამიანები“

ნომინაცია- საუკეთესო დებიუტი- ტყიბულის სახალხო თეატრის მსახიობს ნიკოლოზ დონაძეს, სპექტაკლში „დედის დღე“

ნომინაცია- საუკეთესო დებიუტი- სამტრედიის სახალხო თეატრის მსახიობს ნინო ჭახნაგია სპექტაკლში „ყველაფრისთვის გადახდილია“

ნომინაცია- საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი-ხონის სახალხო თეატრის მსახიობს- თორნიკე კუხალაშვილს, სპექტაკლში „ერთ უბრალო ამბავი“

ნომინაცია- საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი-ხონის სახალხო თეატრის მსახიობს- გიორგი ღვაბერიძე, სპექტაკლში „ერთ უბრალო ამბავი“

ნომინაცია- ორიგინაური სცენური დუიეტი - თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობებს დიმა არეშიძეს და ზვიად მაკარიძეს სპექტაკლში „ემიგრანტები“

ნომინაცია- საუკეთესო ეპიზოდური როლი, ბაღდათის თეატრის მსახიობს ეთერ დევიძეს, სპექტაკლში „მეფე ლირი თავშესაფარში“

ნომინაცია- საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობს ზურაბ ყურაშვილს სპექტაკლში „ბადიში“

ნომინაცია - საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა - რეზო კლდიაშვილს პიესისთვის „იმერული რეკვიემი“

„თეატრალური იმერეთი 2021“ საზეიმოდ დაიხურა მესხიშვილის თეატრში. წელსაც ტრადიციულად გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. პროფესიული თეატრები კი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ბოლო რამდენიმე წელია აღარ მონაწილეობენ, თუმცა მათი პროგრამაში ხილვა მუდამ სიხარულის მომტანია მაყურებლისთვის.